"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტის რეგისტრაციიდან ერთი კვირის თავზე, ახალი, ე.წ. ამერიკული კანონის თარგმანის პარლამენტში წარმოდგენას მედია ისევ პროტესტით დახვდა. ამჯერად, კონკრეტული გზავნილით - არ დაემორჩილებიან არცერთ კანონს და, რომ "ორივე რუსული კანონია". ბიუროს ოთახთან ისევ გააპროტესტეს ინიციატივა და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ამ ყველაფრით მათი გაჩუმება სურს.
"მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე...
ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას...", - წერია მედიაორგანიზაციების განცხადებაში.
"უარი შეურაცხმყოფელი სტატუსის ტარებას"
"ქართული ოცნებიდან" გასულმა და უმრავლესობაში დარჩენილმა "ხალხის ძალის" დეპუტატებმა პარლამენტში კანონპროექტის ორივე ვერსია დაარეგისტრირეს. ორივეს მხარს უჭერს მმართველი პარტია, სულ მცირე, პირველ მოსმენამდე.
პირველი ვერსიით, 25 000-ლარიანი ჯარიმა ემუქრება იმ ორგანიზაციას, ვინც "გავლენის აგენტების" რეესტრში ნებით არ დარეგისტრირდება. მეორე კი, ე.წ. ამერიკული ვერსია, ასევე ჯარიმებს, ან 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
"მომავლის მსჯელობის საკითხია, რა, როგორ და რანაირად მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ აგენტის იარლიყით მუშაობის გაგრძელებას", - უთხრა რადიო თავისუფლებას გამოცემა "ნეტგაზეთის" რედაქტორმა დათო ქოქოშვილმა. იგი დარწმუნებულია, რომ ბევრი ორგანიზაცია, ვინც ამ კანონის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, პროექტით გათვალისწინებული სანქციების მიუხედავად, უარს იტყვის რეგისტრაციასა და "აგენტის შეურაცხმყოფელი სტატუსის ტარებაზე".
"არა მხოლოდ ჯარიმების გამო, ისედაც არსებობს მედიების და ორგანიზაციების დახურვის საფრთხე, რადგან ამ კანონის მიღება პირველი ნიშანია იმისა, რომ რაღაცები იცვლება და რუსეთშიც ასე დაიწყო. იქაც გამჭვირვალობის არგუმენტი ჰქონდათ, თუმცა ნელ-ნელა შეზღუდეს და, საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობს რუსეთში".
"მგონია, პროტესტი შედეგს გამოიღებს"
კანონპროექტის მიხედვით, თუ ის კანონად იქცა, მედიის თუ სხვა ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, სახელმწიფო მაინც დაარეგისტრირებს მათ სპეციალურ რეესტრში და დამატებით, სოლიდურად დააჯარიმებს, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
"სტუდია მონიტორის" რედაქტორი, მაია მეცხვარიშვილი შიშობს, საბოლოოდ, ყველაფერი იქამდე მივა, რომ დამოუკიდებელი მედია აღარ იარსებებს საქართველოში:
"ზუსტად ეს უნდა ამ ხელისუფლებას და ამიტომ აპირებს ამ კანონის მიღებას. რაც მოხდა რუსეთში, რეალურად იმის გაკეთებას აპირებს. ჩვენ პირველ რიგში ვის ვემსახურებით? სასოწარკვეთილი, უფლებაშელახული ადამიანები მოდიან, რათა თავიანთ პრობლემებზე ისაუბრონ, ჩვენ გავაშუქოთ ის და საბოლოოდ, მივიტანოთ ხელისუფლებამდე.
შესაბამისად, საზოგადოება აუცილებლად კარგად გააცნობიერებს იმ საფრთხეს, რაშიც აღმოჩნდება თითოეული ადამიანი, თუკი დამოუკიდებელი მედია აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში. ეს თითოეულ მათგანს დაარტყამს და არ გაჩერდება მხოლოდ ორგანიზაციებზე, საბოლოოდ ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება, როგორც რუსეთში მოხდა. მგონია, რომ ჩვენი პროტესტი, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს".
"გამოხატვის თავისუფლება საფრთხის წინაშე"
პროტესტს და ბოიკოტს რეესტრში დარეგისტრირებაზე უერთდება გამოცემა OC-Media. მისი დირექტორი, მარიამ ნიკურაძე, ამბობს, რომ ყველას გააზრებული აქვს მოსალოდნელი სანქციები - ერთ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმა და მეორე კანონპროექტის დამტკიცებისას - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პარალელურად, იგი საკუთარი მედიაორგანიზაციის საფრთხისგან დასაცავად, რეგისტრაციის ადგილის სხვა ქვეყანაში გადატანასაც განიხილავს.
"ჩემს ორგანიზაციაში უკვე ვფიქრობთ, სომხეთში ხომ არ გადავეწეროთ, იქ ხომ არ გადავრეგისტრირდეთ იმიტომ, რომ რა იცი, მომავალში რა სახით შეიძლება ეს კანონპროექტი შეგვხვდეს? რადგან რეგიონალური მედიაორგანიზაცია ვართ, ჩვენ ვაშუქებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე ჩრდილო კავკასიას. ამ ქვეყნებიდან, ფაქტობრივად, სომხეთი დარჩა, სადაც ასე პირდაპირ ზეწოლა არაა მედიაზე. ახლო პერსპექტივისთვის, პირველი იდეა ეს არის. თუმცა არ მინდა ჯერ ამაზე ისე ვიფიქრო, რომ აი, უკვე გადავეწეროთ და ა.შ. იმედია, აქამდე არ მივალთ.
თუკი აქამდე ვნერვიულობდით ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ახლა უკვე გამოხატვის თავისუფლება დგას საფრთხის წინაშე. მე იმის იმედი მაქვს, რომ ის 250 ორგანიზაცია, ვინც მოაწერა ხელი, ერთსულოვანი იქნება და არავინ შეასრულებს. იმედია, ყველას ერთიანად არ დაგვხურავენ, თუმცა არ გამოვრიცხავ".
"მზად არიან თუნდაც პატიმრობისთვის"
ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ დღევანდელი განცხადება ერთ-ერთი დადასტურებაა, რამდენად სწორ ღირებულებებზე დგას ქართული მედია:
"თუკი 10 წლის განმავლობაში რუსეთმა ეს ეტაპობრივად გააკეთა, 10 დღე დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, ძალიან ნათლად დაგვენახა, რომ მთავარი მიზანია ადამიანების დაპატიმრება, ქვეყნიდან გაძევება და დამოუკიდებლად მუშაობაში ხელის შეშლა.
დღეს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არცერთი ჟურნალისტი, არცერთი მედიამენეჯერი, რომელსაც დღეს ხელისუფლების კონტროლს მიღმა აქვს მუშაობა გადაწყვეტილი, არ აპირებს დაირქვას ჯაშუში. დღეს ჟურნალისტები და ორგანიზაციები მზად არიან თუნდაც პატიმრობისთვის. მათი განაცხადი, რომ ემსახურებიან ქართულ საზოგადოებას, ქართული საზოგადოების ინტერესებს, არის ყველაზე მაღლა".
"ესაა დასაწყისი"
კანონპროექტის რომელიმე ვერსიის მიღების შემთხვევაში, "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრში დარეგისტრირების ბოიკოტზე საერთო განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია არასამთავრობო სექტორს. თუმცა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ადასტურებენ, რომ არც ისინი გეგმავენ რეგისტრაციას, თუკი ასეთი ვალდებულება ექნებათ მიღებული კანონით.
ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ორგანიზაციებს შორის და მის დაწესებულებაშიც არ განხილულა ამ ეტაპზე, ვიდრე კანონი მიღებული არაა:
"არ გვიმსჯელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს. შემდეგ ვნახოთ. ეს პროტესტი, რაც არსებობს მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს და საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონს. იყო საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაც და ესაა დასაწყისი".
პირველი ვერსიით, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდეს:
- ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა).
ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
მეორე კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტებად" ითვლებიან:
- ის, ვინც "უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის" "ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში";
- "უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას";
- მედიასაშუალება, თუ "ფინანსდება ან კონტროლდება უცხოური ძალის მიერ".
ამ კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალაა" უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი პირი ან იურიდიული გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს.
მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების ჯგუფმა "უცხოურ აგენტებზე" კანონპროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. მისი პარლამენტში რეგისტრაციის მოახლოებისას, ინიციატივას მალევე საჯაროდ დაუჭირეს მხარი "ქართული ოცნების" ლიდერებმა.
კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
"ხალხის ძალის" განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიას შეაფასებინებენ და ივნისის ბოლომდე ერთ-ერთ მათგანს დაამტკიცებენ. თუმცა, ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კანონპროექტები პირველი მოსმენით მიღებული ექნებათ.
უმრავლესობის დეპუტატებს უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".
ასევე ნახეთ ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზესაქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე საუბრისას ხელისუფლებას ევროკავშირის 12 პრიორიტეტი შეახსენა და თქვა, რომ ეს ინიციატივა რეკომენდაციებთან "შეუთავსებელია".
ასევე ნახეთ შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან - ჰერჩინსკი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე