ჟიული შარტავა, პერსპექტიული, გამოცდილი საბჭოთა მოხელე, 1993 წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. სამ თვეში რუსეთმა აფხაზეთი დაიკავა.
ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ შარტავას ბოლომდე სჯეროდა, რომ ქართველებს და აფხაზებს მხოლოდ ერთად ყოფნა გადაარჩენდათ.
Your browser doesn’t support HTML5
„შეხვედრებიდან ნაწყენი და გაფითრებული მოდიოდა ხოლმე, მაგრამ არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, გულისწყრომა ხმამაღლა გამოეხატა. ყოველთვის ამბობდა, ქართველები და აფხაზები ერთ მხარეს ვართო“, - იხსენებს ვახტანგ ყოლბაია, ის მაშინ შარტავას მოადგილე იყო.
ომის ბოლო დღეებში, როცა აფხაზეთს უკვე ხელისუფლებაც ტოვებდა, ჯარიც და მოსახლეობაც, ჟიული შარტავამ უარი თქვა გამოსულიყო მინისტრთა საბჭოს შენობიდან, რომელიც სოხუმის ცენტრში დღემდე დამწვარი დგას.
მაშინ მასთან ერთად 50-მდე კაცი დარჩა: აფხაზეთის მთავრობის წევრები, აპარატის თანამშრომლები, პირადი დაცვა და ე.წ. ავღანელების ბატალიონის მებრძოლები.
ზაზა მუშკუდიანი მაშინ უბრალო ჯარისკაცი იყო, 21 წლის ბიჭი. ის იხსენებს, რომ 27 სექტემბრის დილით შარტავამ თათბირი ჩაატარა.
„მერე დერეფნებში ლაპარაკობდნენ, რომ მინისტრთა საბჭოს დატოვებას ჟიული შარტავა არაფრით თანხმდებოდა, ეს საქართველოს ციტადელიაო. ბატალიონის ხელმძღვანელი გურამ ჯანიაშვილი ითხოვდა, შენობიდან გავსულიყავით, რადგან სამი მხრიდან ალყაში ვექცეოდით. ზედა სართულებზე ხანძარიც კი გაჩნდა.
შარტავა უარზე იდგა, მოსახლეობა ჯერ კიდევ სოხუმში იყო, სანაპიროზე გაბმულად მიდიოდა ხალხი მერხეულისკენ, - იხსენებს ზაზა მუშკუდიანი, - მინისტრთა საბჭოს შენობის წინ მოშიშვლებული მოედანია, იქ გასვლას ვერავინ ბედავდა. ამიტომ ჯანიაშვილმა გადაწყვიტა, თავად გასულიყო პირველი, შემდეგ დანარჩენები უნდა გავყოლოდით სირბილით. ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყვეტილიყო. ვინც არ უნდა დაეცეს, ვინც არ უნდა მოკვდეს, არ უნდა გავწყვიტოთო.
დავიწყეთ გადარბენა. მაგრამ სროლა აგვიტეხეს და "ჯაჭვი" მაინც გაწყდა. რამდენიმე ადამიანი გარეთ აღმოვჩნდით, დანარჩენები შიგნით“.
ისინი, ვინც შიგნით დარჩნენ, საბოლოდ მინისტრთა საბჭოს შენობიდან გამოვიდნენ და მოწინააღმდეგეს ჩაბარდნენ. ზოგს ადგილზევე გაუსწორდნენ, უმეტესობა მანქანებში ჩატენეს და მერე დახვრიტეს, მათ შორის თავად ჟიული შარტავაც. მეორე დღეს საკუთარ სოფელში ჩააკითხეს და იქ მოკლეს აფხაზეთის მთავრობის კიდევ ერთი წევრი სუმბატ სააკიანი.
ასევე ნახეთ ხიდაშელი-ვოლსკის შეხვედრა: „ოცნება“ „ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში გარღვევას“ ელოდება?„არ აპატიეს, რომ ქართველების მხარეს იყო, მოკლეს და ქალაქის ცენტრში ათრიეს“, - ამბობს ვახტანგ ყოლბაია და იმ ხალხს იხსენებს, რომლებიც 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად დახოცეს: - „აფხაზეთის მთავრობის წევრი რაულ ეშბა; ყველასთვის ცნობილი გურამ გაბესკირია; მამია ალასანია; თენგიზ აბსაძე... იმ კადრში, სადაც გაბესკირია თავის ცნობილ ფრაზას ამბობს - "არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ", - რაულ ეშბაც ჩანს. ერთმა ხელის დარტყმა დაუპირა ხელშეკრულ კაცს და ისეთი სახით შეხედა...
მიხეილ კოკაია, ახალგაზრდა მეცნიერი, ჟიულის თანაშემწე იყო და ბოლომდე მასთან დარჩა. არიკ შენგელია - ადრეც მუშაობდა მთავრობაში, არც კი ვიცოდი, თუ ასე თამამად შეხვდებოდა სიკვდილს. კობა მირზაშვილი - კადრებშიც ჩანს, წააქციეს და ფეხით სცემდნენ;
ავთანდილ დეკანოიძე, დაცვის უფროსი იყო, ზრდილობიანი, შესანიშნავი გარეგნობის ადამიანი, ბოლომდე გვერდში ედგა ჟიულის; ჯუმბერ ბეთაშვილი - მთელ თბილისს და მთელ აფხაზეთს უყვარდა. მისი სახელი ახლა ერთ-ერთ სკოლას ჰქვია...“
ასევე ნახეთ ჟიული შარტავას ბოლო სექტემბერივახტანგ ყოლბაიას მონაცემებით, 1993 წლის 27 სექტემბერს მინისტრთა საბჭოს აღებისას ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს 49 ადამიანი, მათგან 25 „ავღანელების ბატალიონის“ წევრი იყო.
ბესიკ ბერიანიძე, „ავღანელების ბატალიონის“ უფროსის მოადგილე, იხსენებს, რომ მათი ჯარისკაცები ომში თავდაპირველად მოხალისეებად წავიდნენ, შემდეგ კი ისინი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას დაუქვემდებარეს. უმეტესობა ადრე ავღანეთში იბრძოდა, გამოცდილები იყვნენ და ამიტომ ყველაზე სახიფათო დავალებებზე უშვებდნენ. ბოლო დავალება მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვა იყო.
„რამდენი ხანიც შეეძლოთ, უძლებდნენ. შემდეგ რაც მოხდა, ის კადრები ყველას გვაქვს ნანახი. რომ გამოვიდნენ, მანქანებში ტენიდნენ და სხვადასხვა ადგილას მიჰყავდათ დასახვრეტად“, - ამბობს ბესიკ ბერიანიძე.
„იმდენი რამეა გასახსენებელი, ჭაღარა გამიჩნდა მაგაზე ფიქრით, - ჰყვება ზაზა მუშკუდიანი, - ჩვენ გვყავდა ერთი მებრძოლი მერაბ ნიქაბაძე, წვერით და დიდი ჯვრით დადიოდა და ამის გამო მამაოს ვეძახდით.
მერე ვნახე, ერთი ყაბარდოელი ჰყვებოდა, რომ მერაბმა მას სთხოვა, თქვენ მომკალით, თვითმკვლელობის უფლებას ჩემი რწმენა არ მაძლევსო. თითქოს დაჰპირდა ეს ყაბარდოელი, გაგიყვანო. მაგრამ აქედან უკვე იკარგება მისი კვალი, აღარ ჩანს არსად.
ბესო სოფრომაძე ორჯერ ავღანეთში იყო დაჭრილი, ორჯერ - აფხაზეთში, მაგრამ მაინც ჩვენთან იყო. მხიარულს და ყურებპარტყუნას "ბასტი-ბუბუს" ვეძახდით.
ივანე ეკიზაშვილი და გიორგი ქავთარაძე შედარებით უფროსები იყვნენ, მათ "პაპა" შევარქვით“...
ჟიული შარტავა აფხაზეთიდან თბილისში მალევე გადმოასვენეს. დანარჩენი 48 კაციდან, ნაწილის საფლავების მოძიება წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით მოხერხდა, თუმცა არა ყველასი. გადმოსვენების შემდეგ, დაღუპულები თბილისის ძმათა სასაფლაოზე ან საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა 1993 წელს სოხუმში, მინისტრთა საბჭოში ტყვედ აყვანილთა და შემდგომში დახვრეტილთა სია:
- ჟიული შარტავა
- გურამ გაბესკირია
- მამია ალასანია
- თენგიზ აბსაძე
- ნუგზარ ავჭალელი
- ბადრი ბაღათურია
- ლევან ბერაძე
- ბადრი ბერუაშვილი
- ალექსანდრე ბერულავა
- ჯუმბერი ბეთაშვილი
- კახა ბოსიკაშვილი
- ვახტანგი გეგელაშვილი
- ომარ გიგოლაშვილი
- დათო გოჩიაშვილი
- ზურაბ დობორჯგინიძე
- ავთანდილ დეკანოიძე
- გია დოლიაშვილი
- ივანე ეკიზაშვილი
- რაულ ეშბა
- დათო ზურაბაშვილი
- გოჩა თათრიშვილი
- თემურ ირემაშვილი
- მერაბ კვინიკაძე
- ვასო კობაური
- მიხეილ კოკაია
- მამუკა ლაშხია
- ფრიდონ მახარაძე
- გოჩა მაჩაიძე
- კობა მირზაშვილი
- ზურაბ (ზვიადი) ნადარეიშვილი
- გოჩა ნარიმანიძე
- თამაზ პაპიაშვილი
- მამუკა რუსიტაშვილი
- სუმბატ სააკიანი
- ბესო სოფრომაძე
- შოთა ფაჩუაშვილი
- ალექსანდრე ფარცვანია
- ვახტანგ ფარცვანია
- გიორგი ქავთარაძე
- გია (გიორგი) ქათამაძე
- ხვიჩა შალვაშვილი
- ელგუჯა შარტავა
- არიკი შენგელია
- ნუგზარი ჭუჭულაშვილი
- დიმიტრი ჭურღულია
- თამაზ ხარბედია
- ნოდარ ხახიაშვილი
- თემურ ჯორბენაძე
- ჯენერ ჯიჯიეიშვილი