ბოლო კვირა რთული გამოდგა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში: გალში ხუთმხრივი შეხვედრა ჩაიშალა, ცხინვალი ჟენევის ფორმატის გადახედვას მოითხოვს და მუდმივად პრეტენზიებს აყენებს.
Your browser doesn’t support HTML5
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმირ არლანის, განცხადებით, გალში ხუთმხრივი შეხვედრების განახლების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქართული მხარე მზად არ არის კომპრომისისთვის. გალში, “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე აფხაზურ მხარეს არლანი ხელმძღვანელობს. 27 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალის შეხვედრა დატოვეს იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე აღარ განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თემა, ვლადიმირ არლანმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის საკითხი ჯერ კიდევ ამ გაზაფხულს დაისვა და ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ მსგავსი დოკუმენტი უარყოფითად იმოქმედებდა მათ შორის მოლაპარაკების პროცესზე. არლანის თქმით, აფხაზური მხარისთვის ოთხოზორიას მკვლელობის თემა დახურულია.
უმჯობესია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო ზუსტი კომენტარების გაკეთება...ირაკლი ანთაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება გამოყენებულ იქნა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის და მათ ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამოღება“. ირაკლი ანთაძის თქმით, ეს მოთხოვნა მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რადგან პრიორიტეტული საკითხია გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულება. ანთაძე მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის ჩაშლაზე საუბარი:
„უმჯობესია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო ზუსტი კომენტარების გაკეთება“.
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი არ შეესაბამება ამოცანებს, რომლებიც ამ ფორმატის წინაშე დგას. ითხოვს რა დღის წესრიგიდან ამოიღონ გამოთქმა „და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“, ის განმარტავს:
„ჩვენ და ჩვენი კონტრპარტნიორები და მათი დასავლელი მფარველები ამ ფრაზას განსხვავებულად აღვიქვამთ, ამიტომ ასეთი ფორმულირება აღარაა სავალდებულო და ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია“.
მურატ ჯიოევი დასძენს, ცხინვალისთვის უსაფრთხოების გარანტს რუსეთის სამხედრო ძალები წარმოადგენს, საქართველოსთვის კი „სხვა ძალები“, ამიტომ ამ საკითხის ერთ პუნქტში გაერთიანებას არ ვეთანხმებითო.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების უკან რუსეთის ხელისუფლება დგას და ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი შეცვალოს. ბენდიანიშვილის აზრით, ფორმატის სრული გაუქმება კრემლის ინტერესში არ შედის.
„ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება არის აბსურდული. პირდაპირ უკავშირდება რუსეთის გეგმას, რომ გავლენა მოახდინოს ჟენევის ფორმატზე. სულ მთლად ჩაშლაზე, არ მგონია, იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ გარკვეულწილად რუსეთის ინტერესებშიც არის საერთაშორისო ფორმატში საქმიანობა, თუმცა ეს წარმოდგენილი კონფიგურაცია, რაც დღეს არის, მისთვის არის მიუღებელი“.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ გალის „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრის ბედი შესაძლოა ჟენევის დისკუსიის ფორმატმაც გაიზიაროს, რადგან, მისი აზრით, რუსეთს თავიდანვე ხელს არ აძლევდა ეს ფორმატი. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ფორმატი შედეგიანი არ იყო, არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკების სივრცე მხარეებისთვის უნდა დარჩეს.
მე არ გამოვრიცხავ, რომ გალის შეხვედრის ანალოგია განმეორდეს ჟენევაში. პრინციპში, ჟენევის ფორმატზე რომ გითხრათ, განსაკუთრებული რეზულტატურია, რასაკვირველია, არაა, მაგრამ თავისთავად არის გარკვეული პლატფორმა, რაც მხარეებისთვის საჭირო იყო...მამუკა არეშიძე
„პრინციპში, ის, რომ ჟენევის ფორმატი არ აწყობს რუსულ მხარეს, ეს ჩანდა ყოველთვის. ეს იყო იძულებითი მონაწილეობა, რაც განპირობებული იყო დასავლეთის შესაბამისი მიდგომით და გაეროს მიდგომით და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის ეძებდნენ მიზეზს, რომ რაღაცნაირად ამ ფორმატიდან თავი დაეღწიათ. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ გალის შეხვედრის ანალოგია განმეორდეს ჟენევაში. პრინციპში, ჟენევის ფორმატზე რომ გითხრათ, განსაკუთრებული რეზულტატურია, რასაკვირველია, არაა, მაგრამ თავისთავად არის გარკვეული პლატფორმა, რაც მხარეებისთვის საჭირო იყო. იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მხარეები ერთმანეთს თავის პოზიციას აცნობდნენ. პრევენციის ფორმატი, რაც თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდათ მათ შემქმნელებს, ვერ მივიღეთ, რადგან მუდმივად ხდება გატაცებები,მკვლელობები - იგივე ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის შემთხვევა და, საბოლოო ჯამში, ფორმატმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, თუმცა მაინც უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მხარეები ერთმანეთს დაელაპარაკონ“.
პარალელურად, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია, სადაც ტერიტორიული პრეტენზიები უკვე დაფიქსირდა. ბიბილოვის ხელისუფლება ქარელის რაიონში კოდა-ჭვრინისის მონაკვეთის საკუთარ ტერიტორიაზე მოქცევას გეგმავს. გარდა ამისა, ისინი პრეტენზიას ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთ ოსეთის მიწებზეც გამოთქვამენ, რაც თრუსოს ხეობას და კობის ქვაბულს ნიშნავს.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამოქვეყნებას კი მკაცრი რეაქცია მოჰყვა როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პეტრ გასიევმა ოსურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარლამენტში უკვე დევს კონონპროექტი - „სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია, გიორგი სანაკოევის სახელით“, რომელიც 1992 წელს მოკლეს. გასიევის თქმით, წლის ბოლომდე ეს სია მზად იქნება და მასში მოხვდებიან საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ოსი ხალხის გენოციდში მონაწილეობდნენ.
კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ უკვე შექმნა დიდი აზრთა სხვადასხვაობა. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო ოსური მხრიდან კონტრნაბიჯების გადადგმაც, რადგან 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ორივე მხრიდან მრავალი ადამიანი დაიღუპა. ერედვისა და ძარის ტრაგედიებს ოსური საზოგადოება დღემდე მტკივნეულად იხსენებს, ამიტომ, ექსპერტის აზრით, ეს სია ნდობის აღდგენას ხელს უშლის.
გალის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები 2012 წლის აპრილშიც ხანგრძლივი დროით შეჩერდა. მაშინ აფხაზურ ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის იმდროინდელი ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის, განცხადება არ მოეწონა აფხაზეთში არსებული კრიმინალური მდგომარეობის შესახებ. სადამკვირვებლო მისიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აღდგენილიყო და ეს მხოლოდ ტიშკევიჩის საქართველოდან წასვლის შემდეგ მოხერხდა. 10 ივლისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ შეხვედრა რთული იქნება, რადგან მთავარ საკითხად ტატუნაშვილის საქმე განიხილება და ამას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც დაემატება. ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, გალის მსგავსად, ერგნეთის შეხვედრაც ჩაიშალოს და ჟენევის ფორმატიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.