ისტორიული სიმართლე, წარსულის გააზრება, სამართლიანობა, საბჭოთა რეპრესიების დროს გამქრალი სახელების დაბრუნება, ხსოვნა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი, სამეცნიერო კვლევებისთვის უსაფრთხო გარემო, დემოკრატია და ა.შ., - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც არაერთი ათეული წელია მუშაობს რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული საზოგადოება „საერთაშორისო მემორიალი“. ყველა ეს საკითხი და „მემორიალის“ საქმიანობა რუსეთის მოქმედი ხელისუფლების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. „საერთაშორისო მემორიალის“ ბრძოლა როგორც ისტორიული მეხსიერებისათვის, ასევე ადამიანის უფლებებისათვის, წინააღმდეგობაში მოდის კრემლის ოფიციალურ იდეოლოგიასთან. როგორც ჩანს, დაპირისპირება კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რადგან 11 ნოემბერს „საერთაშორისო მემორიალმა“ მიიღო შეტყობინება რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოდან იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურატურა სარჩელით მოითხოვს ორგანიზაციის ლიკვიდაციას „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ განმეორებითი დარღვევების გამო. სასამართლო სხდომა 25 ნოემბერს არის დანიშნული.
„მართმევენ მეხსიერებას, ხსოვნას...“
83 წლის ცნობილმა რუსმა მწერალმა, დრამატურგმა და მხატვარმა, ლუდმილა პეტრუშევსკაიამ პირდაპირი კავშირი დაინახა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს უწყებას, რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელსა და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების იმ იდეოლოგიას შორის, რომელიც საბჭოთა წარსულის გაკეთილშობილებას ისახავს მიზნად. „"მემორიალის" წართმევა - მეხსიერების, ხსოვნის წართმევაა“, - განაცხადა მწერალმა და, პროტესტის ნიშნად, უარი თქვა 2002 წელს მიღებულ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდებაზე.
„მე ახლა "მემორიალს" მართმევენ - მსჯავრდებულთა და დახვრეტილთა ხსოვნას; სატვირთო მანქანების ქვეშ ჩაგდებულთა და შიმშილით დახოცილთა, ბანაკიდან ბანაკში გადაყვანისას გზაზე გაყინულთა ხსოვნას; ლუბიანკასა და კოლიმაში წამებით გატანჯულთა ხსოვნას; ქუჩებში, ვაგონებსა და მძვინვარე მილიცია-პოლიციაში ჩაკლულთა ხსოვნას; შეთითხნილ, ცრუ საქმეებზე დაპატიმრებულთა ხსოვნას; ხელისუფლებისთვის საშიში ათასობით პატიმრის ხსოვნას! დაე, აღძრან ჩემ წინააღმდეგ საქმე პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო. უარს ვამბობ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდებაზე, რომელიც პუტინმა გადმომცა 2002 წელს...“, - დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ლუდმილა პეტრუშევსკაიამ, რომლის თქმითაც, „მეხსიერება - როგორც ჩანს, სახიფათო რამეა ამჟამინდელი ხელმძღვანელობისათვის, პუტინისთვის, რადგან აკრძალვას აპირებენ. ალბათ, მე და ჩემს შვილებსაც აგვკრძალავენ. ჩემს წიგნებსა და პიესებს. მაგრამ მეხსიერება!..“
ლუდმილა პეტრუშევსკაია თვითონაც რეპრესირებულთა ოჯახიდანაა. გასული საუკუნის 30-იანი წლების ტერორს მისი ოჯახის ოთხი წევრი შეეწირა.
ირინა შჩერბაკოვა, საზოგადოება „საერთაშორისო მემორიალის“ გამგეობის წევრი, ამბობს, რომ „მემორიალი“ გამონაკლისი არ არის და, რომ რუსეთში მთელი სამოქალაქო საზოგადოება განიცდის საშინელ ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან:
„ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელია. ჩვენი საქმიანობა - ბრძოლა ისტორიული მეხსიერებისა და რეპრესირებულთა ხსოვნისათვის, წინააღმდეგობაშია დღევანდელ, ოფიციალურ იდეოლოგიასთან, მცოცავ რესტალინიზაციასთან, სტალინის, როგორც დადებითი პერსონაჟის, გმირის დაბრუნებასთან“.
„საერთაშორისო მემორიალში“ დარწმუნებული არიან, რომ საქმე აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, განადგურდეს ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური რეპრესიების კვლევებითა და ადამიანის უფლებების დაცვით. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურა ასევე ითხოვს ორგანიზაციის ისეთი განყოფილებების ლიკვიდაციას, როგორიცაა არქივი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი.
ლიკვიდაციის საბაბი
რუსეთის პროკურატურის სარჩელში ნათქვამია, რომ „საერთაშორისო მემორიალი“ „უხეშად არღვევს მოქალაქეთა უფლებებს“, რადგან „სისტემატურად მალავს ინფორმაციას "უცხოელი აგენტის" ფუნქციების შესრულების შესახებ“.
რუსეთის გენერალურ პროკურატურას არგუმენტის სახით მოტანილი აქვს იმ ადმინისტრაციული ჯარიმების ჩამონათვალი, რომლებიც დაეკისრა ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელობას 2019-20 წლებში გამოქვეყნებულ მასალებზე სავალდებულო ტოქსიკური ეტიკეტის - „უცხოეთის აგენტის“ არარსებობის გამო.
„პროკურატურის არგუმენტი დაგვირგვინებულია კაფკიანური თეზისით, რომ ეტიკეტის არარსებობა არღვევს როგორც მოქალაქის უფლებას, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, ასევე ბავშვთა უფლებებს, რადგან რუსეთის კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვები დაცული არიან ინფორმაციისგან, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მათ მორალურ და სულიერ განვითარებაზე, რაც გარანტირებულია რუსეთის კონსტიტუციით“.
12 ნოემბერს მსგავსი სალიკვიდაციო საჩივრის შესახებ მოსკოვის საქალაქო სასამართლოდან შეტყობინება მიიღო უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმაც“, რომელსაც ასევე ედავებიან სავალდებულო მარკირების - „უცხოეთის აგენტის“ იგნორირებას. მეტიც, უფლებადამცველ „მემორიალს“ ასევე ედება ბრალი იმაში, რომ „ცენტრის მასალებში შეინიშნება ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამამართლებელი ლინგვისტიკური და ფსიქოლოგიური ნიშნები“.
რუსეთის ხელისუფლება თითქმის ათი წელია იყენებს რეპრესიულ კანონმდებლობას „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც სპეციალურად შეიქმნა 2012 წელს სამოქალაქო აქტივიზმისა და კრიტიკოსების, მათ შორის, უფლებადამცველი ჯგუფების სივრცის თვითნებურად შეზღუდვის მიზნით. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ კანონს „შემზღუდავს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი „დამოუკიდებელი ჯგუფების დემონიზებაა“.
„მემორიალის“ შესაძლო ლიკვიდაციას გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ უზენაეს სასამართლოში საჩივრის შეტანის თაობაზე.
„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ ყურად არ იღო ევროპის საბჭოს არაერთგზის მოწოდება უცხო აგენტების შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე. "საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაცია დამღუპველ დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია“, - განაცხადა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, რომელმაც მოუწოდა რუსეთის მთავრობას, „გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“.
რა ნიშნავს „მემორიალის“ ლიკვიდაცია
რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთი საყრდენის, როგორიცაა „მემორიალი“, ლიკვიდაცია ახალი რუბიკონია თავისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფო კამპანიაში, - ასე ფიქრობს რუსი უფლებადამცველების დიდი ნაწილი.
„"საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაცია, რასაც რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. საბოლოოდ ჩამოიგლიჯეს ნიღბები და თუ მოსამართლე დაეთანხმება გენერალურ პროკურატურას, ეს იმას ნიშნავს, რომ დავბრუნდით ტოტალიტარულ სახელმწიფოში. გაანადგურო ყველაზე ცნობილი საგანმანათლებლო და უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ამცნობდა და ამცნობს სიმართლეს სტალინისა და საბჭოთა პერიოდის რეპრესიების შესახებ, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: რუსეთს და მის ხელისუფლებას აღარ სურთ დემოკრატიის იმიტაცია და ა.შ. აღიარებს, რომ უბრუნდება ტოტალიტარიზმს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“, - განაცხადა ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა და ჟურნალისტმა, ზოია სვეტოვამ.
რუსმა მწერალმა, ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა, ანდრეი მალგინმა ირონიულად შენიშნა, „მემორიალის“ განადგურების შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ კანონი სტალინური რეპრესიების ხსენებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ, რაც არავის გაუკვირდებაო.
„ვიკიპედიაშიც დარჩება. საზოგადოება "მემორიალი". დააარსა ანდრეი სახაროვმა. დახურა ვლადიმირ პუტინმა“, - განაცხადა ანდრეი მალგინმა იმის მინიშნებით, რომ 1989 წელს, როცა ორგანიზაცია „მემორიალი“ დაფუძნდა, საპატიო თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ცნობილი დისიდენტი, აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი.
ოლეგ ორლოვმა, „საერთაშორისო მემორიალის“ გამგეობის წევრმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაცია ასრულებს რუსეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, თუმცა, როგორც ჩანს, თავის დაცვისათვის ეს ძალისხმევა არ კმარა.
„ისინი ცდილობენ აკრძალონ "საერთაშორისო მემორიალი", რომელიც აერთიანებს ბევრ ორგანიზაციას როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: უკრაინაში, გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში. ბოლო ორი წლის განმავლობაში "მემორიალზე" მზარდი ზეწოლა ხორციელდებოდა. იგულისხმება არა მხოლოდ პროკურატურის ქმედებები, იყო ასევე "მოიერიშეების" თავდასხმები, გამოძიების საბოტაჟი, თავდასხმების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი და ა.შ. ასევე კეთდებოდა სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული რეპორტაჟები ჩვენ შესახებ, უპირველეს ყოვლისა, მასალები ისეთ არხებზე, როგორიცაა РЕН-ТВ, НТВ, "Россия-24", "Россия-1", თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული მასალები. ჩვენ ირგვლივ იქმნებოდა მტრობის ატმოსფერო და ისეთი პირობები, რომ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც სჯერა ამ არხებისა, მტრებად ჩავეთვალეთ“, - განაცხადა ოლეგ ორლოვმა.
„მემორიალის“ სასამართლო 25 ნოემბერისთვის არის დანიშნული, მანამდე კი გროვდება ორგანიზაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები და ვრცელდება პეტიციები: „ხელები შორის მემორიალიდან“, „მივითხოვთ უცხოეთის აგენტის შესახებ კანონის გაუქმებას“ და ა.შ. საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებენ ისეთი ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა:
- Amnesty International
- Civil Rights Defenders
- Front Line Defenders
- Human Rights Watch
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი - EHRAC
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია - FIDH
- ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - NHC
„მემორიალი“ და საქართველო
ბევრი უფლებადამცველი და მკვლევარი, რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მიიჩნევს, რომ „მემორიალის“ ლიკვიდაცია - ეს იქნება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისათვის გამოტანილი მძიმე განაჩენი. ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანიც ამბობს, რომ აუწონავია „მემორიალის“ ღვაწლი როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის შესაწავლაში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სწორედ „მემორიალის“ მომზადებულია უზარმაზარი ბაზები, საბჭოური რეპრესიების დოკუმენტების კრებულები, ტომეულები, არქივებიდან ამოღებული წყაროები, რეპრესიების მსხვერპლთა საოჯახო არქივების კომპლექტები, ზეპირი ისტორიები, საგანმანათლებლო პროგრამები, სასკოლო საგანმანათლებლო კონკურსები და ა.შ.
ირაკლი ხვადაგიანის თქმით, „საერთაშორისო მემორიალთან“ პარტნიორობით, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ ამზადებს სტალინური ბანაკებიდან მამების მიერ შვილებისთვის გამოგზავნილ წერილებზე აგებულ გამოფენას.
„ვთარგმნით წერილებს, ჩვენი მასალებითაც ვაპირებთ შევსებას. სავარაუდოდ, თებერვალში ან მარტში ვუმასპინძლებთ გამოფენას, თუმცა ამ გამწვავების გამო გვიწვევს გარკვეული ცვლილებების შეტანა სამზადისში“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ლოგიკურად მიიჩნევს პუტინის რუსეთში „მემორიალის“ ტიპის ორგანიზაციების დევნას:
„როცა ხელისუფლება ღიად იწყებს მიბრუნებას ტოტალიტარიზმისკენ, მსგავს ორგანიზაციებს ყოველთვის მიზანში იღებენ. ამ პროცესის ნაწილია "უცხოეთის აგენტის შესახებ" მიღებული საკანონმდებლო ნორმა, რის გამოც მუდმივად უწევდა "მემორიალს" სასამართლოებში სიარული, ჯარიმების გადახდა და ე.წ. ტიტუშკების თავდასხმების მოგერიება. "დიდებული საბჭოთა წარსული" - ეს არის თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიის დღის წესრიგის ნაწილი. დიდება, ძლიერება, მსოფლიო დომინაცია, რაც მაშინ იყო, პრაგმატულად სჭირდება მოდერნიზებულ იმპერიულ იდეოლოგიას. ვინც ამას ხელს უშლის, ვინც პარტიულ-ჩეკისტური მემკვიდრეობის დაგმობას და დაძლევას ცდილობს, ის მიუღებელი აქტორია ამ რეჟიმისთვის, რომელიც ყველა საშუალებით უსწორდება მას“.
გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ IDFI და „მემორიალი” წლებია თანამშრომლობენ - განსაკუთრებით, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების შესწავლის საკითხში, რაშიც „მემორიალს” უდიდესი გამოცდილება გააჩნია.
„საზოგადოება "მემორიალის" წინააღმდეგ მიმართული შეტევა აშკარა შურისძიების აქტია ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი ორგანიზაციის მიმართ და მიზნად ისახავს იმ მძლავრი ხმის ჩახშობას, რომელიც 30 წელზე მეტია, დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით და უმაღლესი ხარისხის კვლევის მეშვეობით, ამხელს საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივ სისტემას“, - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ხვადაგიანის ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მოვიდა დრო, როცა საბოლოოდ უნდა გაფორმდეს „მემორიალის“ ლიკვიდაცია, რაც მართლაც დიდი დარტყმა იქნება როგორც ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, ასევე მკვლევრებისთვის, თუმცა, როგორც იგი ვარაუდობს, რუსეთის მთავრობა ვერაფერს უზამს იმას, რაც აქამდე გააკეთა „მემორიალმა“ და კიდევ:
„წნეხის და ტერორის მიუხედავად, ადამიანები მაინც გააგრძელებენ მუშაობას, კვლევას, რადგან ორგანიზაციებს ქმნიან არა ქაღალდები, საბუთები და ა.შ., არამედ ადამიანები. შესაბამისად, "მემორიალი" სხვა ფორმით გააგრძელებს მუშაობას. არსებული ბაზებიც, ალბათ, დაზღვეული ექნებათ და გადაარჩენენ, თუმცა, რა თქმა უნდა, "მემორიალის" ლიკვიდაცია მკაფიო სიგნალია, რომ მაქსიმალურად სწვდებიან ყელში ყველას, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობს“.