ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ბოლო წლებში იშვიათად ჩნდებოდა ხალხში, ნამდვილი საჯარო პოლიტიკოსივით დაიწყო მოქცევა.
28 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი დაღესტანში გაემგზავრა, სადაც „ღირსშესანიშნაობები“ დაათვალიერა და დერბენტის მოსახლეობას გაესაუბრა ქუჩაში.
29 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს ფორუმში, სადაც მან ტრიგონომეტრიული ფორმულებით აჭრელებულ ინტერაქტიურ ეკრანზე უცნაური არსების სიფათი მიახატა, რითაც იქ მყოფი ხალხი „აღაფრთოვანა“.
არადა, კოვიდის პანდემიის დაწყების შემდეგ, პუტინი ყოველთვის გაურბოდა პირისპირ შეხვედრებსა და ხალხმრავალ შეკრებებს. საზოგადოებრივი ადგილები, რომლებსაც ის იშვიათად სტუმრობდა, როგორც წესი, ყოველთვის იხურებოდა შემთხვევითი გამვლელებისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, ალექსანდრ სლადკოვმაც თქვა, რომ პუტინთან შეხვედრის წინ რამდენიმედღიან კარანტინში ამყოფეს. რუსი პოლიტოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის მეტამორფოზი პირდაპირ კავშირშია „ვაგნერის“ სამხედრო ამბოხთან, რომელმაც მას უდავოდ დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა.
„ვლადიმირ პუტინმა აჩვენა სისუსტე და შიში, აჩვენა, რომ მართლა შეეშინდა პრიგოჟინის“, - ამბობს ანდრეი კოლესნიკოვი - პოლიტოლოგი და „ნოვაია გაზეტას“ ყოფილი შეფ-რედაქტორი, რომლის თქმითაც, პუტინმა ასევე შეცდომა დაუშვა, როცა დაწვრილებით ჩამოწერა პრიგოჟინის ბუღალტერია, რომლის მიხედვითაც, ხალხის სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის ფული დაიხარჯა ვაგნერის შექმნა-შენახვასა და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, სამხედრო ამბოხზე:
„გასაგები გახდა, რატომ არის გასაიდუმლოებული ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების მესამედზე მეტი. ეს თანხები მიდის კერძო არმიის შენახვაზე. თანაც რანაირი კერძო არმია გამოდის, თუკი ბიუჯეტიდან ფინანსდება?ხელისუფლების ისეთივე ორგანოა, როგორიც თავდაცვის სამინისტრო, როსგვარდია, პროკურატურა... თანაც პუტინმა მადლობა გადაუხდა იმ ხალხს, რომლის მართვაც ჯერ კიდევ შეუძლია.
ის აჩვენებს, რომ ყველა რუსეთელის კი არა, ФСБ-ს, თავდაცვის სამინისტროს, საგამოძიებო კომიტეტის, პროკურატურის, როსგვარდიის, ტელევიზიების პრეზიდენტია. დანარჩენი მას არ აინტერესებს. სხვებისთვის არსებობს კანონი, ავტორიტარული მართლმსაჯულება, რეპრესიები... ეს სურათი კიდევ უფრო მეტად ანგრევს პუტინის, როგორც ძლიერი ხელმძღვანელის იმიჯს“.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კოლუმნისტისა და ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის ავტორის ნატალია გევორქიანის თქმით, პრიგოჟინი აღმოჩნდა ომში ჩართულთაგან ერთადერთი, რომელმაც ხმამაღლა უთხრა პუტინის რეჟიმს, თუ ბრძოლის უნარი არ გქონდათ, რატომ დაიწყეთ ომიო:
„ვნახეთ, რომ სისტემა სუსტია და არ მუშაობს, რომ პუტინი მშიშარაა, რაც ადრეც გასაგები იყო, მაგრამ ახლა პირდაპირი მტკიცებულებები მივიღეთ. ჩვენ გავიგეთ, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში, ელიტა უბრალოდ ჩაჯდება თვითმფრინავში და დაითესება, რომ პუტინისთვის პერანგს არავინ შემოიხევს.
პრიგოჟინისგან მივიღეთ მტკიცებულებები მსხვერპლთა რაოდენობის (მხოლოდ ბახმუტის აღება 20 000 რუსის სიცოცხლე დაჯდა) და ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვხვდებით, რომ პრიგოჟინს მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ „ვაგნერის“ მეთაურებმა“.
პრიგოჟინს ერთხელაც არ უხსენებია პუტინის გვარი, თითქოს სამიზნეშიც მხოლოდ პუტინის გარემოცვა (და არა თვითონ პუტინი) ჰყავდა ამოღებული, მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ ხელქვეითის (პრიგოჟინი „ვაგნერის“ შექმნამდე ძირითადად „პუტინის მზარეულის“ სახელით იყო ცნობილი) ამბოხმა ჩრდილი მიაყენა ვლადიმირ პუტინის რეპუტაციას.
აშკარა გახდა, რომ ყოვლისშემძლე „ცარი“ ვერ აკონტროლებს ჭკუიდან გადასულ გოპნიკს, რომელმაც მთელი მსოფლიოს დასანახად აიღო როსტოვი, შეიყვანა ქალაქში ტექნიკა, ფაქტობრივად დაატყვევა თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყოველივე ამას გავლენა არ მოეხდინა საზოგადოებრივ განწყობასა და პუტინის რეიტინგზე.
მართალია, რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები გვაჩვენებს პუტინის რეჟიმის 86%-იან მხარდაჭერას, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ვაგნერის მოსკოვზე ლაშქრობისას არ გამართულა კონსტიტუციური წყობის დამცველთა მიტინგები, არ გამოჩენილან მოხალისეები, რომლებიც წინ აღუდგებოდნენ მოსკოვზე მიმავალ პრიგოჟინს. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, უფრო პირიქით, ხალხი „ვაგნერის“ მეთაურს ხვდებოდა ოვაციებით.
წარუმატებელი ომის პირობებში პუტინისთვის ფიზიკური გადარჩენის ტოლფასია ამბოხით მიღებული რეპუტაციული ზიანის შემცირება.
სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს პუტინის გასვლა ხალხში, რაც რუსეთის პრეზიდენტს წლებია არ გაუკეთებია კოვიდინფექციის თუ სხვა შიშების გამო. ახლა კი ყველამ ნახა ხალხში ჩამდგარი „საჯარო პოლიტიკოსი“, რომელიც არა მხოლოდ ფოტოს იღებს და ეხუტება თავის ხალხს, არამედ ზოგიერთს კოცნის კიდეც.
„ადამიანი, რომელიც ამდენი წელი გაურბოდა ცოცხალი არსებების მიახლოებას, მოულოდნელად მიდის შემთხვევით გამვლელთან და კოცნის!“ - პუტინის ამგვარი საქციელი არაბუნებრივად მიაჩნია ყოფილ საბჭოთა მზვერავ სერგეი ჟირნოვს, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ყველა მსგავს სარისკო საჯარო აქტივობებში არა პუტინი, არამედ მისი ორეული მონაწილეობს, მისი აზრით, ასე იყო ორიოდე დღის წინ, როცა დაღესტანში გოგონას აკოცა და ასე იყო 2023 წლის თებერვალში, როცა მინუს 18 გრადუსზე გავიდა ლუჟნიკის სტადიონზე 75 ათასი ადამიანის წინაშე და ლამის ყველას ხელი ჩამოართვა და ჩაეხუტა.
„რა თქმა უნდა, რეალურ პუტინს იქ ახლოსაც კი არ ჩაუვლია, - ამბობს სერგეი ჟირნოვი, რომლის თქმითაც, პუტინის რეჟიმი „ასეთ ცირკს“ ერთი, მარტივი მიზეზის გამო აწყობს: მათთვის სულერთი არ არის სოციოლოგია, მათ მაინც სჭირდებათ საზოგადოებრივი აზრი. ისინი მუშაობენ თავიანთ ელექტორატზე, მავან საბჭოთა ნოსტალგიის მქონე ბებია-ბაბუებზე.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის სრულიად ცხადია, რომ პუტინი ასეთ ბრბოში არ შევა, მაგრამ საუბარია მრავალი წლის განმავლობაში პროპაგანდისგან დაზომბებულ ადამიანებზე“.
თუმცა რუსი ისტორიკოსი ალექსანდრ შტეფანოვი ფიქრობს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ, როგორიც გადატრიალების მცდელობაა, არაა გამორიცხული, რომ პუტინს მართლა გადაედგა ასეთი ნაბიჯი.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დერბენტში ნამდვილად იმპროვიზაცია იყო. პუტინს მართლა ეშინია, რომ რაღაცით დაავადდება, გარემოცვასაც ეშინია...
მას ამ მხრივ ნამდვილად უფრთხილდებიან, ყველა ეს ამბავი კარანტინზე ნამდვილია, მაგრამ ადამიანები ზოგჯერ უგულებელყოფენ წესებს, რომლებსაც თავად ქმნიან. ანალოგია უამრავია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხალში გაერიოს, ნებისმიერ პოლიტიკოსს“, - ამბობს ალექსანდრ შტეფანოვი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმირ მილოვის თქმით, რუსეთში შექმნილი მდგომარეობის სირთულის ხარისხზე მეტყველებს ის, რომ მოსკოვს ჩეჩნეთის ომების დროსაც კი არ დაუკარგავს მსხვილ ქალაქებზე კონტროლი. არადა, როსტოვი რუსეთის სიდიდით მე-11 ქალაქია.
„ამან შეძრა ხალხი, ბევრი დარწმუნდა, რომ რასაც პუტინი აშენებდა - სტაბილურობას და უსაფრთხოებას 25 წლის განმავლობაში, მსგავსი არაფერი არ არის. ყველა ხვდება, რომ პუტინის სანაქებო სტაბილურობის ფასი გროშია და, რომ პუტინთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრება აღარ იქნება, - ამბობს ვლადიმირ მილოვი, - ადრე პუტინი ითვლებოდა პრობლემის გადამჭრელად, ადამიანად, რომელსაც ასე თუ ისე შეეძლო ყოფილიყო არბიტრი, ეკონტროლებინა ვითარება, ახლა კი რუსეთის ხელისუფლებაშიც და პუტინის ნომენკლატურაშიც უკვე ყველა მიხვდა, რომ სინამდვილეში მეფე შიშველია.
თუ მას სერიოზულად დაუპირისპირდება ვინმე, ის უძლური იქნება, მისი არმია და ძალოვანი სტრუქტურებიც ვერაფერს გააკეთებენ“.
ვლადიმირ მილოვის თქმით, ცხადი გახდა, რომ პუტინს თავისი პოზიციების დაცვა მარტივად არ შეუძლია, რადგან მას არ აქვს საკმარისი ფიზიკური ძალები, ჯარი და სპეცსამსახურები ქვეყნის მთელი ტერიტორიის გასაკონტროლებლად.
ახლა, პუტინს როგორც არასდროს ისე სჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რის თვალშისაცემი შემცირების შეჩერებასაც ცდილობს იგი საჯარო აქტივობებითა და ე.წ. ხალხში გასვლით, თუმცა, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი დიმიტრი ალპეროვიჩი ვარაუდობს, პუტინი განწირულია:
„პუტინი, ჩემი აზრით, ხორცს ასხამს თავის ყველაზე უარეს კოშმარს: ემსგავსება თავის წინამორბედს, ბორის ელცინს, რომელიც თავისი მმართველობის ბოლო წლებში სულ უფრო სასაცილო ხდებოდა როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე რუსების თვალში. ვფიქრობ, პოტენციურად მას ასეთივე მომავალი ელის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი ახლავე დაკარგავს ძალაუფლებას, მაგრამ დროთა განმავლობაში, ელიტები, სპეცსამსახურები, გუბერნატორები და სხვები უბრალოდ შეწყვეტენ კრემლისგან ნებართვის აღებას და გააკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ“.