რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირველი სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა უკრაინაზე. ბაიდენს უფრო ფართოდ არ უხსენებია რუსეთის სამეზობლო, და კერძოდ - საქართველო, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც, უკრაინის მსგავსად, რუსეთის მიერ არის დარღვეული. ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული დიდი იმედების ფონზე, ეს ფაქტი საქართველოში აღიქვეს უსიამოვნო სიგნალად, რომელსაც თბილისის მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოჰყვეს.
- რატომ მხოლოდ უკრაინა და არა საქართველოც?
- რამ განაპირობა საქართველოს თანდათანობითი გაქრობა რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული მთავარი პრობლემების ჩამონათვალიდან?
- რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?
თეთრი სახლის თანახმად, ბაიდენმა პუტინს „ნათლად განუმარტა“, რომ შეერთებული შტატები „მტკიცედ იმოქმედებს საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთის იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ (აშშ) ან ჩვენს მოკავშირეებს“.
რუსეთის დამაზიანებელ ქმედებებზე საუბარი კი ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო. მის ჩამონათვალში ნახსენები არ არის საქართველო.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. მან ასევე წამოსწია შეშფოთების გამომწვევი სხვა საკითხები და მათ შორის - SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმა, ცნობები ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის (მათი მკვლელობისთვის) რუსეთის მიერ დაწესებული ჯილდოების შესახებ, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის მოწამვლა“ - ვკითხულობთ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმაც და განხილული თემებიდან დამატებით ყურადღება გაამახვილა რუსეთის უსაფრთხოების ძალების შემაშფოთებელ მოპყრობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
- თეთრი სახლი იტყობინება ასევე, რომ მიმდინარე კვირაში პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით დაუკავშირდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ერთ-ერთ საკითხს ორივე შემთხვევაში ისევ უკრაინა წარმოადგენდა.
- მაგალითად, ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი „შეთანხმდნენ , რომ ერთობლივად იმუშაონ საერთაშორისო პოლიტიკის ერთობლივ პრიორიტეტებზე - ავღანეთის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათვლით“.
ასევე ნახეთ დაბრუნებული ამერიკა და მოლოდინები საქართველოში
ჯო ბაიდენის ახალ ადმინისტრაციას განზრახული აქვს, რომ აშშ-ს მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, აგრესიული ქმედებებისთვის უპასუხოდ არ დატოვოს რუსეთი, გააძლიეროს ტრანსატლანტიკური კავშირები, განამტკიცოს ნატო და მეტი ყურადღება დაუთმოს მოკავშირეთა ინტერესებსაც.
ამ გეგმების გათვალისწინებით და კიდევ იმ ფაქტის გამო, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თავი მოიყარეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კარგად მცოდნე მაღალი თანამდებობის პირებმა, საქართველოსაც მეტი იმედი გაუჩნდა. თუმცა ვლადიმირ პუტინთან ჯო ბაიდენის პირველი სატელეფონო საუბრის შინაარსმა საქართველოში ბევრს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ იმედების გამართლებას მეტი მუშაობა სჭირდება.
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს სულაც არ გაჰკვირვებია, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ერთად საქართველო არ უხსენა, რადგან, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ხშირად არის ხოლმე გამოტოვებული დასავლეთის ქვეყნების ლიდერების საჯარო განცხადებებსა თუ სხვადასხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტებში.
„(სატელეფონო საუბრის დროს) კონკრეტული სახელმწიფო რომ არ დასახელებულიყო, ვიტყოდით, რომ ზოგად კონტექსტში ყველაფერი მოიაზრება; მაგრამ როდესაც უკრაინა (ამ განცხადებაში) ცალკეა გამოტანილი, ხოლო საქართველო არ არის ნახსენები, ეს, ბუნებრივია, მძიმედ აღსაქმელი და შესაგუებელი ფაქტია...
ჩვენ სადაც ყველაზე მეტად დავაკელით ხელი, არის ის, რომ ქვეყანას პრაქტიკულად აღარ აქვს საგარეო პოლიტიკის განაცხადი და განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში... მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში დაეფუძნა იმას, თუ როგორ შეაფასებენ მოსკოვში ჩვენს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს. ასეთი ინერტული, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი, უაქცენტებო საგარეო პოლიტიკა საქართველოს არასოდეს ჰქონია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოს საკითხის უკანა პლანზე გადაწევა დიდწილად სწორედ რუსეთის არგაღიზიანებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია. საგანგებო ყურადღების დამსახურებისთვის კი, საგანგებო აქტიურობაა საჭირო.
„დღეს მსოფლიოში იმდენნაირი სადარდელი და მოსაგვარებელი პრობლემა აქვთ, საქართველო მუდმივად მეხსიერების მწვერვალზე ვერ ეყოლებათ... ამის ერთადერთი შანსი მაშინ არის, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და, თუკი სულ თვალში ეჩხირები და არ აძლევ იმის საშუალებას, რომ ოდნავადაც კი მიავიწყდე შენს მეგობარ ქვეყნებს“ - გვეუბნება ხიდაშელი.
ასევე ნახეთ ზალკალიანი პომპეოს ვიზიტზე: გვინდა ეკონომიკური თანამშრომლობა იმ დონეზე ავიდეს, როგორც თავდაცვაარას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ახსენა უკრაინა და არ ახსენა საქართველო?
ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, იან კელისაც მიმართა. ელჩმა გვიპასუხა, რომ სატელეფონო საუბრის ძალიან მოკლედ გადმოცემულ შინაარსს არ ჩაუღრმავდებოდა და ჯერჯერობით „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ადმინისტრაციამ იგნორირება გაუკეთა საქართველოს“.
„მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ახლა გვყავს პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, რომლებიც იმაზე უკეთესად იცნობენ საქართველოს და მის გამოწვევებს რუსეთიდან, ვიდრე რომელიმე მათი წინამორბედი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას იან კელიმ.
ასევე ნახეთ როცა ერთი პარტია მთელი ქვეყნისთვის განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკასრუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს საკითხი საერთაშორისო დისკუსიის დღის წესრიგიდან რომ ქრებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს ლაპარაკობდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
ოპონენტები ხელისუფლებას ძალიან ხშირად აკრიტიკებენ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე არასათანადო აქტიურობისა და პარტნიორული ურთიერთობების არასათანადოდ გამოყენების გამო. რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში კი, ხშირად იხსენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის გარიჟრაჟზე გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
ოპონენტების ნაწილის კრიტიკა ეფუძნება იმ ფაქტებსაც, რომ საქართველო არ შეუერთდა ყირიმის საკითხის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ძირითად სანქციებს და მიხეილ სააკაშვილთან ქიშპობის გამო გაცივდა მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები კიევთან.
ასევე ნახეთ უკრაინა და საქართველო: რატომ არის აუცილებელი ერთად ბრძოლა„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თეონა აქუბარდია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას „სირაქლემას პოზიციას“ ადარებს და თვლის, რომ უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი საქართველო ხელიდან გაუშვებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს.
„საჭიროა, რომ ხელისუფლებამ გაააქტიუროს კონტაქტები ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან და გამოიყენოს ლობისტური რესურსი, რომლის საფასურსაც ჩვენ ბიუჯეტიდან ვიხდით.
აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, როცა უკრაინას მოიხსენიებენ, საქართველოც იყოს ამ კუთხით წარმოდგენილი... აშშ-ში შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა და აუცილებელია მათი გამოყენება, მით უფრო ახლა, როცა რეგიონში რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდა...
მაგრამ ამას პროაქტიული პოლიტიკა ესაჭიროება და არაფერი გამოვა სირაქლემას პოზიციით, რომელიც წლების მანძილზე აქვს ქართულ მხარეს“ - გვეუბნება თეონა აქუბარდია.
ასევე ნახეთ თენგიზ ფხალაძე: ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზული შანსია საქართველოსთვის20 იანვარს, როცა ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართებოდა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აწი უფრო წარმატებით მოხერხდება საქართველოს ოკუპაციის საკითხის მიმართ ამერიკის ყურადღების მიპყრობა.
„ეს ადამიანები, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში მოვიდნენ, კარგად იცნობენ ქართულ-რუსულ ისტორიას, რეგიონის ისტორიასაც და დღევანდელობაც კარგად იციან. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ მათი დარწმუნება არ გაგვიჭირდება, რომ საქართველოს საკითხი იყოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში და ვაიძულოთ რუსეთი, რომ შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა გაგრძელდეს ამ მიმართულებით“ - გვითხრა სამხარაძემ, თუმცა კონკრეტულად გადასადგმელი ახალი ნაბიჯები არ დაუსახელებია.
ხელისუფლება ოპონენტების შენიშვნებსა და ბრალდებებს, როგორც წესი, უსაფუძვლოდ თვლის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხშირად აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე ჯერ არასოდეს ყოფილა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა საგარეო უწყება ბაიდენსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსს საქართველოს ინტერესების ჭრილში და არსებობს თუ არა გეგმა ჯო ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინის უკეთ რეალიზების კუთხით.
საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.
ასევე ნახეთ რუსეთის მეორედ დამარცხება სტრასბურგში - რა დაადგინა სასამართლომ აგვისტოს ომზე?უწყებამ არც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გვიპასუხა. გვაინტერესებდა - რა გეგმები დაისახა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველომ თავის სასარგებლოდ, ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი.
ექსპერტებისთვის ცხადია, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ეს დოკუმენტი, ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს მრავალი მიმართულებით გამოადგება და მათ შორის,ბაიდენის ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხითაც.
თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ აქტიურობის ფრონტი უკვე უნდა იყოს გაშლილი, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ოკუპაციას ადასტურებს და „შესაძლებელი ხდება, რომ მათ შორის - (ამერიკასთან და ევროკავშირის სახელმწიფოებთან) ორმხრივ ურთიერთობებში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხიც დააყენოს“.