15 იანვარს გადადგა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი. მანამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინციატივით გამოვიდა ერისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში. მედვედევი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაც ეკავა, ყოველთვის მოიაზრებოდა პუტინის ჩრდილში მყოფ პოლიტიკოსად.
ახალგაზრდა დმიტრი მედვედევი დაუთარიღებელ ფოტოზე. ის 1965 წელს დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში. მედვედევი მშობლიურ ქალაქში სწავლობდა და შემდეგ თავადაც ასწავლიდა იურისპრუდენციას.
მედვედევი 1990-იან წლებში მოვიდა პოლიტიკაში. ის ვლადიმირ პუტინთან ერთად მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის ქალაქის მთავრობაში. პუტინისა და მედვედევის ეს ფოტო 2000 წლის 26 მარტს არის გადაღებული. პუტინმა მედვედევი მოსკოვში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა 1999 წელს, როცა თვითონ პრემიერ-მინისტრი გახდა პრეზიდენტ ბორის ელცინის მმართველობისას. მომდევნო წელს მან მედვედევი აირჩია საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელად.
მედვედევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო, „გაზპრომის“ გენერალურ ყრილობას ესწრება 2000 წლის 30 ივნისს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ამ სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
2005 წელს პუტინმა მედვედევი პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა და მას მსხვილი პროექტების განხორციელების უფლებები მიანიჭა. 2007 წლის ამ ფოტოზე მედვედევი გადაღებულია კრემლში, საახალწლო დღესასწაულზე.
პუტინი და მედვედევი მოსკოვში სეირნობისას 2008 წლის 29 თებერვალს. ვინაიდან პუტინს კანონი უკრძალავდა პრეზიდენტის თანამდებობის მესამე ვადით დაკავებას, მან პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე დმიტრი მედვედევი დაასახელა საკუთარ მემკვიდრედ.
დმიტრი მედვედევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ფიცს დებს 2008 წლის 7 მაისს. მომდევნო დღეს მედვედევმა პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რის შესახებაც მან საარჩევნო კამპანიის დროს დადო პირობა. პრესაში ამ წყვილს ზოგჯერ „მმართველ ტანდემად“ მოიხსენიებდნენ.
მედვედევი (მარცხნიდან მეორე) ბელარუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან (მარცხნივ) ერთად სანქტ-პეტერბურგში, ყოფილი საბჭოთა ლიდერების შეხვედრაზე 2008 წლის 6 ივნისს.
რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ხვდება „დიდი რვიანის“ სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე იაპონიაში, 2008 წლის 8 ივლისს. მედვედევი უფრო პროდასავლურ იმიჯს ამკვიდრებდა, ვიდრე მისი წინამორბედი. ამასთან მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.
მედვედევის პრეზიდენტობის პირველი დიდი კრიზისი იყო რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი 2008 წლის აგვისტოში. 2008 წლის 26 აგვისტოს გადაღებულ ამ ფოტოზე ხალხი სოხუმში ზეიმობს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას.
2008 წლის 23 სექტემბერი. ეს ფოტო გადაღებულია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩუკოტკის რეგიონის ქალაქ კანჩალანში.
მედვედევი უშიშრობის ფედერალური სამსახურის (ეფესბე) სპეცდანიშნულების ნაწილების ცენტრში დაღესტანში. 2009 წლის 9 ივნისი.
„მატრიოშკა“ სანქტ-პეტერბურგის ბაზარზე: გარედან მედვედევი - შიგნით პუტინი.
ორი ლიდერი მდინარე ვოლგაზე თევზაობს ასტრახანის მხარეში, 2011 წლის 16 აგვისტოს. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მედვედევმა განაცხადა, რომ გადადგება და პუტინს დაუთმობს „ედინაია როსიას“ საპრეზიდენტო კანდიდატობას. პუტინმა გაიმარჯვა არჩევნებში და 2012 წლის 7 მაისს დაბრუნდა კრემლში, მედვედევი კი იმავე დღეს დანიშნა პრემიერ-მინისტრად.
მედვედევი, რომელიც კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა, ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში 2014 წლის 25 მაისს. ის რუსეთის პირველი ლიდერი იყო, რომელიც ყირიმს ესტუმრა მას მერე, რაც რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა 2014 წლის მარტში.
ხალხი სათამაშო იხვით, მედვედევის სიმდიდრის სიმბოლოთი, სანქტ-პეტერბურგში კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე 2017 წლის 12 ივნისს. მედვედევი ანტიკორუფციული კამპანიის სამიზნედ იქცა მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ქონების შესახებ, სადაც, სხვათა შორის, ფიგურირებდა იხვებისთვის განკუთვნილი სახლი.
2018 წლის 2 სექტემბრის საპროტესტო გამოსვლა საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ. აქტივისტის პლაკატს, რომელზეც გამოსახული არიან პუტინი, მედვედევი და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, აწერია: „ისინი გვატყუებენ.“
მედვედევი და მისი მეუღლე სვეტლანა პრეზიდენტ პუტინთან ერთად ესწრებიან სააღდგომო წირვას მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში. 2018 წლის 8 აპრილი.
მედვედევი ეთამაშება თურქმენულ მეცხვარე ძაღლს, ალაბაის, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვისგან მიიღო საჩუქრად. 2019 წლის 17 ივლისი.
პუტინი და მედვედევი მთავრობის წევრებს ხვდებიან 2020 წლის 15 იანვარს. პუტინმა თავისი ყოველწლიური მიმართვა გამოიყენა და გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით. ამ ცვლილებებმა პარლამენტის უფლებამოსილებები უნდა გაზარდოს 2024 წელს მისი ვადის ამოწურვამდე. რამდენიმე საათში მედვედევი და მისი მთავრობა გადადგნენ.