„ბოლოტნოეს საქმის“ ერთ-ერთი მონაწილე, ილია გუშინი, რომელმაც 2,5 წელი კოლონიაში გაატარა, საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, რის შესახებაც მან Current Time-თან ისაუბრა.
ილია გუშინი ნახევარი წლის წინ რუსეთიდან პრაღაში გადასახლდა, ახლახან კი თბილისში დამკვიდრდა.
ბოლოტნოეს ყოფილი პატიმარი თბილისში ძმასა და მის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. ის პოლიტიკური ემიგრანტია, დისტანციურად მუშაობს და საქართველოდან წასვლას ჯერ არ აპირებს: "საქართველოს რუსებისთვის ძალიან მოსახერხებელი სავიზო რეჟიმი აქვს: წელიწადი ვიზის გარეშე. მერე გახვალ სომხეთში ორი დღით და ისევ წელიწადი შეგიძლია ვიზის გარეშე იყო“, - ამბობს ილია გუშინი.
Your browser doesn’t support HTML5
ილია გუშინი ერთ-ერთია „ბოლოტნოეს საქმის“ 35 აქტივისტიდან. 2012 წლის მაისში ის მონაწილეობდა „მილიონების მარშში“ - საპროტესტო აქციაში ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინაღმდეგ.
ორი წლის შემდეგ სასამართლომ მასობრივი არეულობის მონაწილედ და პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულად ცნო. სასჯელის მოხდის შემდეგ ილია გუშინი მუშაობდა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ციხეში ჩამჯდარი რუსეთი“.
ილია გუშინი საქართველოდან ადევნებს თვალს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, კავშირი აქვს რუს ექსპატებთან და ემიგრანტებთან. მისი თქმით ცნობები რუსეთიდან სულ უფრო და უფრო ნაკლებადაა სანუგეშო: "სამწუხაროდ, ერთადერთი ვარიანტია - სისხლის გუბეები, რადგან ისინი თავისით არ წავლენ, გამიხარდებოდა რომ ვცდებოდე. მათ არა მარტო ხელები აქვს სისხლით მოთხვრილი, მთლიანად სისხლში არიან - რუსების თუ სხვების სისხლში. პუტინი ვინაა? ჩეკისტია. ესენი ძალოვანები არიან. არამგონია ძალოვანები უბრძოლველად წავიდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
არც ილია გუშინი და არც მისი ძმა უახლოეს მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ. მისი თქმით სულ უფრო მეტი თანამემამულე ტოვებს სამშობლოს და ემიგრაცია სახიფათო ხდება.
თუკი ადრე საქართველო რუს ტურისტებს იზიდავდა, ახლა აქ რუსი ემიგრანტებიც ჩამოდიან. ოფიციალური მონაცემებით 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ემიგრანტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. გასულ წელს საქართველო საცხოვრებლად რუსეთის 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ აირჩია.