"რუსეთის მიმართ არამეგობრული აქციები არ წყდება. ზოგიერთ ქვეყანაში წესად აქციას ძალიან უკადრებელი ჩვევა - ნებისმიერ შემთხევაში, უფრო ხშირად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რუსეთის გაკენწვლა. ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ძირეულ ინტერესებს ემუქრებიან, ჩადენილის გამო ინანებენ ისე, როგორც, დიდი ხანია უკვე, აღარ უნანიათ“, - ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ციტატა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 21 აპრილის ყოველწლიური მიმართვა დაამახსოვრდება საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ, „კოლექტიურ დასავლეთს“, რომელიც იყო კიდეც რუსეთის ლიდერის ამ გაფრთხილების მთავარი ადრესატი.
რუსეთის ლიდერის ყოველწლიური მიმართვის საზეიმო ცერემონიას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მთავრობის წევრები, საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები, გუბერნატორები, რუსეთის ფედერაციის სუბიექტები, მათ შორის ანექსირებული ყირიმის, საკანონმდებლო კრების წარმომადგენლები, ტრადიციული კონფესიების ხელმძღვანელები და კრემლის ფავორიტი საზოგადო მოღვაწეები.
ქვეყნის ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრის შემდეგ, თავისი მე-17 მიმართვის ბოლოს, პუტინი 10 წუთის განმავლობაში საგანგებოდ შეჩერდა რუსეთის მიმართ გახშირებულ „პოლიტიკურად მოტივირებულ ეკონომიკურ სანქციებზე“ და გამოთქვა გაფრთხილება რუსეთთან მიმართებით „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შესაძლო შედეგების თაობაზე. „ჩვენ მართლა არ გვინდა ხიდების დაწვა, მაგრამ თუ ვინმე ჩვენს კეთილ განზრახვას აღიქვამს როგორც სისუსტეს ან თავად განიზრახავს საბოლოოდ დაწვას ან საერთოდ ააფეთქოს ხიდები, მან უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი“, - განაცხადა პუტინმა, რომლის ამ სიტყვებს დარბაზში შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
პუტინს, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებს ბელარუსის ამჟამინდელი ლიდერის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა, და ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს, წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლა და მისი პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება, არც რუსეთის პროვოკაციული სამხედრო სამზადისი უკრაინის საზღვართან და არც რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელთა მიერ 7 წლის წინ ჩეხეთის ერთ-ერთი იარაღის საწყობში მომხდარი დივერსიული აფეთქება, რომელსაც გასულ კვირაში ახადეს ფარდა ჩეხეთის სპეცსამსახურებმა.
„მაღალი მოლოდინების“ მიმართვა მასობრივი რეპრესიების ფონზე
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავის ყოველწლიურ მიმართვას, რომელსაც ოფიციოზმა „მაღალი მოლოდინების“ მიმართვა უწოდა, ციხეში მყოფი რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის, ციხიდან გათავისუფლებისა და მისი გადარჩენის მოთხოვნით რუსეთის ქალაქებში დაწყებული არასანქცირებული აქციების ფონზე კითხულობდა.
რუსეთის ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა და პოლიციის გაძლიერებული რაზმებით საგულდაგულოდ გაამაგრა ტერიტორია მოსკოვის „მანეჟის“ ცენტრალური საგამოფენო დარბაზის გარშემო, სადაც სპეციალური საშვებით გადაადგილება შეეძლო მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის მოსასმენად დაპატიჟებულ აუდიტორიას.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, უკვე 21 აპრილის დილიდანვე მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა დიდ ქალაქებში პოლიციამ დაიწყო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავება.
ოთხშაბათ დილით მოსკოვის მეტროს სადგურ „ავტოზავოდსკაიასთან“ დააკავეს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი. ამის შესახებ ცნობა ტვიტერით სობოლის ადვოკატმა, ვლადიმირ ვორონინმა, გაავრცელა. მისი სიტყვებით, სობოლი პოლიციელებმა ტაქსიდან გადაათრიეს და სპეციალურ მიკროავტობუსში ჰყავდათ დაკავებული.
რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში. მისი ადვოკატის, ვერონიკა პოლიაკოვას, თქმით, იარმიშის დაკავება მოხდა გამომძიებლის მიერ შინიდან გასასვლელად ნებადართული 10-11 საათის ფარგლებში.
სობოლი და იარმიში ბრალდებულებად გადიან ე. წ. სანიტარიულ საქმეზე, როგორც იწოდება ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად იანვარში გამართული საპროტესტო აქციები. გამოძიება მათ ადანაშაულებს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევისკენ წაქეზებაში.
ასევე ნახეთ მოსკოვის სასამართლომ შიდა პატიმრობაში დატოვა კირა იარმიში და „სანიტარული საქმის“ სხვა ფიგურანტები21 აპრილს, მოსკოვის გარდა, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სანქტ-პეტერბურგში მოძრაობა „ვესნას“ კოორდინატორების საცხოვრებელ სახლებში.
საბოლოო ჯამში, პოლიციამ ეკატერინბურგში, დონის როსტოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, ირკუტსკში, ხაბაროვსკსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ჩხრეკა ჩაატარა და დააკავა 300-მდე ნავალნის შტაბების წევრი, აქტივისტი და ასევე ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციების გაშუქებას აპირებდნენ.
ასეთი რეპრესიების მიუხედავად, რუსეთის მრავალ ქალაქში მაინც შეიკრიბნენ მოქალაქეები ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, აქციების დაშლას შერჩევითი ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, ნოვოსიბირსკში, სადაც ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში 2 000 კაცი გამოვიდა, პოლიცია არ ჩარეულა აქციის მსვლელობაში. იგივე მოხდა ხაბაროვსკში, ოპოზიციის მხარდამჭერი აქციებით ცნობილ ქალაქში.
სამაგიეროდ, პოლიციამ დაშალა უფრო მცირერიცხოვანი აქციები მაგადანსა და ულან უდეში.
კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის, თანამებრძოლებმა საპროტესტო აქციების 21 აპრილისთვს გამართვა მოულოდნელად გადაწყვიტეს - მას შემდეგ, რაც კოლონიაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება დაადასტურეს მის სანახავად საპატიმროში შესულმა ნავალნის ექიმებმა.
ასევე ნახეთ „მოცდა შეუძლებელია“ - ნავალნის მომხრეები 21 აპრილს აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვასსაპროტესტო აქციებისკენ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდეს ალექსეი ნავალნის თანამერბძოლებმა, ლეონიდ ვოლკოვმა და ივან ჟდანოვმა.
„მოვლენები ვითარდება ძალიან ელვისებურად და ძალიან ცუდად. მეტი დალოდება და გადადება შეუძლებელია“, - განაცხადეს 21 აპრილის მიტინგის იდეის ავტორებმა.
გარდა ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესებისა, „ცუდ განვითარებაში“ ისინი გულისხმობენ რუსეთის პროკურატურის მიერ ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა და მისი შტაბების შეყვანას ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში.
თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. 31 მარტს ნავალნიმ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, და მისი გარემოცვა, როგორც ცნობილია, თავისი სახელით მოხსენიების ღირსადაც არ მიიჩნევს ალექსეი ნავალნის. ადრე პუტინი და მისი პრესმდივანი, პესკოვი, ნავალნის უწოდებდნენ „ბერლინის კლინიკაში მყოფ პაციენტს“ ან „ავადმყოფს“.
ასევე ნახეთ ნავალნის გამოძიებამ ეფესბე დაცინვის საგნად აქცია21 აპრილს თავის ყოველწლიურ მიმართვაში ვლადიმირ პუტინს საერთოდ არ უხსენებია ალექსეი ნავალნი, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს რუსეთის ლიდერს მთელი ევროკავშირი და აშშ, ანუ „კოლექტიური დასავლეთი“.
სამაგიეროდ, პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში ვრცლად ილაპარაკა რუსეთის მიმართ „პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონო სანქციების“ პრაქტიკასა და ცალკეული სახელმწიფოების მცდელობაზე „სხვებს მოახვიონ საკუთარი ნება“. სხვებს შორის პუტინმა, რუსეთის გარდა ახსენა ბელარუსი, უკრაინა და ვენესუელა, თუმცა განსაკუთრებით შეჩერდა იმაზე, რასაც პუტინმა უწოდა სახელმწიფო გადატრიალებისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას მკვლელობის „პირდაპირი მცდელობის ცნობილი ფაქტები“.
„ყველა საზღვარს გადავიდნენ“
საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რომელთა დაცვასაც ის, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ცდილობს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. „ხოლო იმათთვის, ვინც უარს ამბობს შეიგნოს ასეთი ცხადი რამ, არ სურს დიალოგი და აირჩევს ეგოისტურ და ქედმაღლურ ტონს, რუსეთი ყოველთვის გამონახავს გზას საკუთარი პოზიციის დასაცავად“, - განაცხადა მუქარანარევი ტონით ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა დაიჩივლა, რომ „ყოველდღიურობად იქცა პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო სანქციების პრაქტიკა და ცალკეული სახელმწიფოების მცდელობა, სხვებს მოახვიონ საკუთარი ნება“. ამის მაგალითად პუტინმა დაასახელა ცოტა ხნის წინ ბელარუსის სახელმწიფო გადატრიალებისა და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის პირდაპირი მცდელობის გახმაურებული ფაქტები.
ამით პუტინმა მხარი აუბა ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკას, რომელმაც 17 აპრილს განაცხადა, რომ მასზე და მის შვილებზე მზადდებოდა თავდასხმა, რომელშიც შემჩნეული არიან აშშ-ის სპეცსამსახურები.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა აცხადებს, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ თავდასხმას მასზე და მის შვილებზებელარუსის რეჟიმი თავდასხმის სამზადისთან კავშირში ადანაშაულებს ამჟამად პატიმრობაში მყოფ იურას ზიანკოვიჩს, ვიგორ კასტუსევსა და ჟურნალისტ ალექსანდრ ფიადუცს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით.
რუსეთის ლიდერმა კი 21 აპრილს ლუკაშენკაზე თავდასხმის ამბავი განაზოგადა და იგი დაუკავშირა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა, და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოკვლის მიზნით ჩაფიქრებულ შეთქმულებასა და სახელმწიფო გადატრიალებებს.
„როგორც გნებავთ, ისე შეიძლება მოეკიდოთ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს ან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ვენესუელაში. ვიმეორებ, როგორც გინდა ისე შეიძლება მოეკიდო იანუკოვიჩს, რომელიც ასევე შეიარაღებული გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას და კინაღამ მოკლეს. ნებისმიერი შეხედულება შეიძლება გქონდეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ გრიგორევიჩ ლუკაშენკოზე, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებების პრაქტიკა, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირთა პოლიტიკური მკვლელობის გეგმები - ეს უკვე მეტისმეტია. უკვე ყველა საზღვარს გადავიდნენ“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტს არ უთქვამს, თუ „ვინ გადავიდა საზღვარს“, მაგრამ მან ამ კონტექსტში ახსენა „კოლექტიური დასავლეთი“, რომლის მხრიდანაც „დაგმობას“ არ იწვევს ასეთი აღმაშფოთებელი მოქმედებებიც კი. „ამ ყველაფერს თითქოს, უბრალოდ, არავინ არ იმჩნევს, ყველა ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს არაფერი არ ხდებოდეს“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვიდან ცნობილი გახდა ასევე, რომ თურმე ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეები გეგმავდნენ მინსკის ბლოკადას, სახელმწიფო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის საშუალებების ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქის ენერგოსისტემის სრულ გათიშვას, რაც, პუტინის აზრით, ნიშნავს, რომ მზადდებოდა მასირებული კიბერთავდასხმა.
„როგორც ჩანს, დასავლელი კოლეგები ტყულიად როდი ამბობენ უარს რუსეთის მიერ არაერთგზის შეთავაზებულ წინადადებაზე, მოწესრიგდეს საერთაშორისო დიალოგი საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ეს ბევრჯერ შევთავაზეთ. ყველა თავს არიდებს ამ საკითხის თუნდაც განხილვას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა და დასძინა, რომ, მიუხედავად ამისა, რუსეთი ხშირად საერთოდ არ უპასუხებს ასეთ „არამეგობრულ ქმედებებს“ და სურს შეინარჩუნოს „კარგი დამოკიდებულება“ საერთაშორისო ურთიერთობის ყველა მონაწილესთან, მათ შორის იმათთანც, რომელთანაც ბოლო ხანს ურთიერთობა არ გამოდის.
„ჩვენ მართლა არ გვინდა ხიდების დაწვა, მაგრამ თუ ვინმე ჩვენს კეთილ განზრახვას აღიქვამს როგორც სისუსტეს და გულგრილობას, ან თავად განიზრახავს საბოლოოდ დაწვას ან საერთოდ ააფეთქოს ხიდები, მან უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ამ გამოსვლას დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა. განსაკუთრებული ოვაცია და დარბაზის გამოცოცხლება კი მოჰყვა პუტინის მუქარას, რომ მწარედ ინანებენ ნებისმიერი პროვოკაციის ავტორები, რომლებიც რუსეთის „ძირეულ ინტერესებს“ დაემუქრებიან. ისინი „ჩადენილის გამო ინანებენ ისე, როგორც, დიდხანია უკვე, აღარ უნანიათ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა და დაამატა: „მაგრამ იმედია, არავის მოუვა თავში ე.წ. წითელი ხაზის გადაკვეთა რუსეთთან მიმართებით, ხოლო თუ სად გაივლის ეს ხაზი, ამას ჩვენ გადავწყვეტთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში“.
მზერა თოფის სამიზნეში
პუტინის ყოველწლიური მიმართვის ფონია რუსეთსა და „კოლექტიურ დასავლეთს“ შორის უკიდურესად დაძაბული ვითარება, რაც უდაბლეს ნიშნულზე დავიდა მოსკოვის მიერ დასავლეთის არჩევნებში ჩარევის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკრაინის საზღვარზე და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალის თავმოყრის გამო.
ასევე ნახეთ მერკელი, მაკრონი და ზელენსკი რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ძალის თავმოყრა უკრაინის საზღვართანრუსეთი, მთელი თვეა, რომ იტყვიან, თოფის სამიზნიდან აკვირდება ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში. როდესაც კიევი და მისი მოკავშირეები მოსკოვს ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე ჭარბი სამხედრო ძალის გადასროლაში საფუძვლიანად სდებენ ბრალს, რუსეთი აცხადებს, რომ, სინამდვილეში, სწორედ კიევი ამზადებს სამხედრო ოპერაციას სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე კონტროლის დასამყარებლად.
ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფრთხილებაც კი გამოთქვა, რომ „ახალი ომის“ გაჩაღება უკრაინის დაშლით დასრულდება.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, - და მისი ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, - რომ ისინი, ვინც შეეცდება ახალი ომის გაჩაღებას დონბასში, დაშლიან უკრაინას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 31 მარტს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ ლავროვი აცხადებს, რომ დონბასში ახალი ომის გაჩაღება დაშლის უკრაინასაღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განმუხტვისა და ნდობის განმტკიცების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტს დონბასის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა.
ასევე ნახეთ ზელენსკი პუტინს დონბასში შეხვედრას სთავაზობს„ბატონო პუტინ, მე იქ ყოველთვიურად ვიმყოფები. მზად ვარ წავიდე კიდევ უფრო შორს და გთავაზობთ შეხვედრას უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომი მიდის“, - მიმართავს პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი.
კრემლიდან უკრაინის წინადადებას ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია. აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში შექმნილ ვითარებაზე ვლადიმირ პუტინს, როგორც ზემოთ ითქვა, არც 21 აპრილის ყოველწლიურ მიმართვაში დასცდენია სიტყვა.
ამასობაში ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, წუხელ რუსეთის ჰიბრიდულმა ძალებმა ექვსჯერ შეუტიეს უკრაინის დამცველთა პოზიციებს.
მარტის ბოლოდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და ვითარების ესკალაციის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ჯამში, სულ მცირე 12 ჯარისკაცი დაკარგეს.
ასევე ნახეთ ერთადერთი გზა დონბასში ომის შესაჩერებლად18 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ წევრი, დათო შარტავა, დაიღუპა. ამის შესახებ თავის ფეისბუკში ცნობა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, გამოაქვეყნა.
დათო შარტავა 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
მამულაშვილის თქმით, ქართველი მებრძოლი დონბასში სამხედრო დავალების შესრულების დროს რუსული "ჰიბრიდული ძალების" მხრიდან დივერსანტის მიერ ნასროლი ნაღმსატყორცნის ჭურვით დაიღუპა.
ასევე ნახეთ აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე დაიღუპა„ჰიბრიდული ომის“ გარდა, რუსეთი მრავალ ფრონტზე განაგრძობს დიპლომატიურ ომს, რომელიც მანვე წამოიწყო დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით.
21 აპრილს რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ათი თანამშრომელი.
ნოტა ამის თაობაზე აშშ-ის ელჩის მოადგილე ბარტ გორმანს გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისმა პირებმა რუსეთი უნდა დატოვონ 21 მაისამდე, იტყობინება სამინისტრო თავის საიტზე.
ასევე ნახეთ რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდანსაგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ზომას უწოდა საპასუხო ნაბიჯი „ამერიკული მხარის მტრულ მოქმედებაზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოსა და ნიუ-იორკში გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უსაფუძვლოდ გამოაცხადეს არასასურველ პირებად“.
დიპლომატთა მასობრივ ურთიერთგაძევებას ჰქონდა ადგილი ამ დღეებში რუსეთსა და ჩეხეთს შორის.
18 აპრილს რუსეთთან ტრადიციულად ნორმალურ ურთიერთობაში მყოფმა ჩეხეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის დაზვერვის საფარველქვეშ მოქმედი 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც კავშირი უნდა ჰქონდეთ 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან.
ჩეხეთის ამ ნაბიჯს, როგორც კრემლის პროპაგანდა უწოდებს, მოსკოვმა „სარკისებური გადაწყვეტილებით“ უპასუხა: პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი და მათ რუსეთის ტერიტორია 19 აპრილს დაატოვებინა.
ასევე ნახეთ რუსეთმა გააძევა 20 ჩეხი დიპლომატიმაგრამ ჩეხეთი, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადეს ნატომ და ევროკავშირმა, რუსეთს საპასუხო ზომებით დაემუქრა ასეთი „არაპროპორციული“ ნაბიჯის გამო.
21 აპრილს ჩეხეთის პოლიციამ რეიდები ჩაატარა ადგილობრივი გასამხედროებული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის წევრებიც ეჭვმიტანილი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მომქედებებში რუსეთის ჰიბრიდული ძალების მხარეზე მონაწილეობაში.
ჩეხური მედიის თანახმად, დაკავებულია სულ მცირე 5 კაცი. მათ მიმართ გამოძიება ტარდება ტერორიზმის მუხლით.