რუსეთში ხელისუფლება იცვლება ვლადიმირ პუტინის სიკვდილით ან ავადმყოფობით, პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი კი იკავებს მის ადგილს. ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსეთში რეჟიმის ცვლილების ყველაზე სავარაუდო სცენარი, რომელიც ეფუძნება Current Time-ისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტ „სისტემის“ მიერ ექსპერტების გამოკითხვის შედეგებს.
პოლიტოლოგებმა, სოციოლოგებმა და პოლიტიკურმა ჟურნალისტებმა რუსეთიდან, აშშ-დან და ევროპიდან (ჯამში 40-ზე მეტმა) შეაფასეს რუსეთში ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა სცენარის ალბათობა და დაასახელეს, მათი აზრით, პუტინის სავარაუდო შემცვლელი.
კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს არ აქვთ პრეტენზია არც პოლიტიკურ წინასწარმეტყველებასა და არც სოციოლოგიურ კვლევაზე. ეს დასკვნები ასახავენ იმ ექსპერტების განწყობებს, რომლებიც „სისტემამ“ გამოკითხა რუსეთის ხელისუფლების მომავალზე.
კვლევის მეთოდოლოგიისა და მისი მონაწილეების შესახებ მეტი წაიკითხეთ ამ მასალის ბოლოს; თავიდან ჩვენ გეტყვით, რა მოსაზრებებზე შეთანხმდა ექსპერტების უმრავლესობა.
მუქარა "მოულოდნელი ადამიანისგან". როგორ წავა პუტინი
- გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, რუსეთში ხელისუფლების შეცვლის ყველაზე რეალური სცენარი პუტინის სიკვდილია: თითქმის ყველა ექსპერტმა მონიშნა სწორედ ეს ვარიანტი სხვა ვარიანტებთან ერთად. 42 გამოკითხული ექსპერტიდან 8-მ პუტინის სიკვდილი დაასახელა ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ შესაძლო ვარიანტად.
- ნაკლებად აშკარა სცენარებიდან, რესპონდენტებმა აღნიშნეს „სასახლის - შიდაელიტური გადატრიალება“: 23-მა ადამიანმა ეს ვარიანტი დაასახელა სავარაუდო სცენარად, ზოგიერთმა კი - ერთადერთ შესაძლო სცენარად.
- ექსპერტებს არ სჯერათ პოლიტიკური რყევების: რევოლუცია ან სამოქალაქო ომი შესაძლებლად მიიჩნია 5-მა ექსპერტმა. ცოტა უფრო მეტს მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლოა გამოიწვიოს პუტინის სამხედრო დამარცხებამ. მაგალითად, კანადელ ისტორიკოსს იან გარნერს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია რუსეთში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. „კონკრეტული ადამიანის დასახელება, რომელიც ამის გაკეთებას ცდიდა, დროის ფუჭი კარგვაა. თუკი ვინმე შეეცდება გადატრიალების მოწყობას, ეს იქნება სრულიად მოულოდნელი ადამიანი. მაგალითად, ვინ იფიქრებდა ერთი წლის წინ, რომ ევგენი პრიგოჟინი მოაწყობდა შინაგანი ძალაუფლების ძალადობრივ დემონსტრირებას? ამას ვერცერთი ექსპერტი ვერ იწინასწარმეტყველებდა“, - ამბობს გარნერი.
კითხვა, ძალაუფლების შეცვლის გზების შესახებ, რესპონდენტებს სთავაზობდა პასუხის რამდენიმე ვარიანტს, საკუთარი ვარიანტის დამატების შესაძლებლობით. ერთ-ერთმა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ივარაუდა, რომ „პერსონალისტური რეჟიმის“ კრახი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა, როგორებიცაა, მაგალითად, ავარია ატომურ ელექტროსადგურზე ან ჩინეთის ეკონომიკის კოლაფსი. გამოკითხვის კიდევ ერთმა მონაწილემ შესაძლებლად მიიჩნია, რომ პუტინი შეიძლება ავადმყოფობის გამო გადადგეს ან მოხდეს „რბილი“ გადატრიალება.
გვინდა გითხრათ, რომ კითხვარის შედგენისას დაგვავიწყდა პასუხის ერთ-ერთ ვარიანტად ეს ვერსიაც შეგვეთავაზებინა: „ხელისუფლების შეცვლა სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების შედეგად“. არცერთ ექსპერტს ასევე არ დაუშვია, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია რუსეთისთვის. მხოლოდ ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა დატოვა კომენტარი, რომ „ერთ დღეს რუსეთი იქნება თავისუფალი“.
ვინ შეიძლება შეცვალოს პუტინი: კანდიდატები მიშუსტინიდან ხოდორკოვსკიმდე
ჩვენ ასევე შევთავაზეთ ექსპერტებს დაესახელებინათ ადამიანები, რომლებმაც, მათ აზრით, შეიძლება შეცვალონ პუტინი. კითხვა დავსვით არსებული ვითარებიდან გამომდინარე: პრეზიდენტის შეცვლა ხდება ახლა, 2024 წლის ზაფხულში, მიშუსტინის მთავრობაში გადაადგილებების შემდეგ.
ცხადია, ორ, ხუთ და ათ წელიწადში, ხელისუფლებაში სრულიად განსხვავებული ხალხი იქნება, სრულიად განსხვავებული უფლებამოსილებებით.
ექსპერტებმა დაასახელეს გვარები ორ წარმოსახვით სცენარში.
პირველი სცენარი: რუსეთში ხდება ხელისუფლების შეცვლა და პუტინი მონაწილეობს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის არჩევაში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ის თავად ნიშნავს მემკვიდრეს.
დიდი ალბათობით, პუტინი აირჩევს პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს (41 ექსპერტიდან 19-მა ახსენა იგი) ან მის ყოფილ პირად მცველს, ახლა კი პრეზიდენტის თანაშემწეს ალექსეი დიუმინს (ის გაიხსენა 18-მა ადამიანმა). პუტინის ფავორიტების რიგში ექსპერტებმა მესამე ადგილი მიაკუთვნეს მოსკოვის მერს, სერგეი სობიანინს (13 ხსენება).
ორმა ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ პუტინმა შეიძლება მემკვიდრედ აირჩიოს თავისი ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა. კიდევ ერთმა ექსპერტმა ტახტის შესაძლო მემკვიდრედ დაასახელა პუტინის მეორე ქალიშვილი, მარია ვორონცოვა.
მეორე სცენარი: რუსეთში მოულოდნელად იცვლება ძალაუფლება და პუტინი არ მონაწილეობს მემკვიდრის არჩევაში (რადგან, მაგალითად, ის გარდაიცვალა).
ამ შემთხვევაში, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობაც შეთანხმდა მიშუსტინის კანდიდატურაზე: ის დაასახელა 42 ექსპერტიდან 35-მა. 27 ხმით მეორე ადგილზე გავიდა სერგეი სობიანინი.
არცერთ სხვა კანდიდატს არ გამოუწვევია ასეთი ერთსულოვნება. შვიდ ექსპერტს გაახსენდა პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი, ხუთს კი - მედვედევი, ბელუსოვი, დიუმინი და ვიცე-პრემიერი დმიტრი პატრუშევი (ნიკოლაი პატრუშევის შვილი).
საერთო ჯამში, ორივე სცენარში ექსპერტებმა გაიხსენეს პუტინის შესაძლო მემკვიდრის 34 სახელი. „კანდიდატებიდან“ ყველაზე ხანდაზმული, ვალენტინა მატვიენკო უკვე 75 წლისაა. ყველაზე ახალგაზრდაც ქალია: პუტინის ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა ახლა 37 წლისაა.
ერთმა ექსპერტმა მოულოდნელად დაასახელა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი (ამ ბოლო დრომდე მედია აღწერდა მისი ჯანმრთელობის მძიმე, თითქმის ფატალურ მდგომარეობას).
კიდევ ერთმა ექსპერტმა დაასახელა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის გვარი.
ისტორიკოსმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, მომავალ შესაძლო პრეზიდენტად დაასახელა ხოდორკოვსკი, თუმცა იმ დათქმით, რომ თვითონ პუტინს არ მოუწევდა არჩევანის გაკეთება. ხოდორკოვსკი არის ერთადერთი „არასისტემური“ პოლიტიკოსი, რომელიც ექსპერტებმა პუტინის შესაძლო შემცვლელთა შორის ახსენეს.
რუსული პოლიტიკის ექსპერტებიც კი შეუძლებლად მიიჩნევენ პუტინის ხელისუფლების მომავლის წინასწარმეტყველებას, განსაკუთრებით როცა საქმე კონკრეტულ ადამინებს ეხება. „სისტემის“ ჟურნალისტებმა სამი კითხვით მიმართეს 150-ზე მეტ საჯარო ექსპერტს. პასუხები მესამედზე ნაკლებმა დააბრუნა.
თუმცა, იმ ექსპერტებმაც კი, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი სახელების დასახელება, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია და მემკვიდრის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ პუტინი ამჟამად არავის ამზადებს თავის შემცვლელად.
თავად პროგნოზები შეიძლება ეხებოდეს საკმაოდ შორეულ მომავალს. პოლიტოლოგი და სტენფორდის ჰუვერის ინსტიტუტის თანამშრომელი სერგეი სანოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა 2036 წლამდე ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდება, პუტინი წავა ისე, როგორც მოვიდა:
„დანიშნავს მემკვიდრეს, თანაც არა ბუტაფორიულს, როგორც მედვედევი იყო, არამედ რეალურს.
ეს იქნება ახალგაზრდა კაცი, საგარეო პოლიტიკაში ქორი, ხოლო ეკონომიკაში ლიბერალი, მიაჩნია სანოვიჩს: „ეს რომ ახლა მოხდებოდეს, მე ფსონს დავდებდი პატრუშევ უმცროსზე. მაგრამ... დმიტრი პატრუშევი [2036 წელს] 60-მდე წლის იქნება, ე.ი. ვინმე უფრო ახალგაზრდა უნდა იყოს“.
უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო დარწმუნებულია, რომ პუტინის რეჟიმის შესუსტება და კრიზისი შეიძლება მოხდეს თავად პუტინის დაბერების შედეგად. „რეჟიმი თავის ლიდერთან ერთად დაუძლურდება და გაიხრწნება“, - ასკვნის ფესენკო.
2024 წლის ოქტომბერში პუტინი 72 წლის გახდება.
როგორ ჩატარდა გამოკითხვა
გამოკითხვა ჩატარდა 2024 წლის ივნისში ანკეტირების (კითხვარის) მეთოდით. კითხვებს უპასუხეს: ფონდ Free Russia-ს ხელმძღვანელმა ნატალია არნომ, პოლიტოლოგმა დმიტრი ბოლკუნეცმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა პაველ გავლიჩეკმა, პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა, ისტორიკოსმა იან გარნერმა, საზოგადო აქტივისტმა და ანალიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა, სოციოლოგმა სერგეი ეროფეევმა, ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა, ეკონომისტმა ვლადისლავ ინოზემცევმა, ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა, პოლიტოლოგმა მიხაილ კომინმა, პოლიტოლოგმა ფიოდორ კრაშენინინიკოვმა, პოლიტოლოგმა პაველ ლუზინმა, ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა სერგეი მედვედევმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრ მოროზოვმა, პოლიტოლოგმა და ეკონომისტმა დმიტრი ნეკრასოვმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინ პახალიუკმა, ჟურნალისტმა ანდრეი პერცევმა, პოლიტოლოგმა ივან პრეობრაჟენსკიმ, პოლიტოლოგმა სერგეი სანოვიჩმა, პოლიტიკურმა კონსულტანტმა და მკვლევარმა იური ტერეხოვმა, პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ, პოლიტოლოგმა ოლგა ხვოსტუნოვამ, პოლიტოლოგმა ანტონ შირიკოვმა, ბლოგერმა და ისტორიკოსმა ალექსანდრ სტეფანოვმა, ასევე 17-მა სხვა ექსპერტმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს.