ბოლო თვეებში აშკარა იყო, რომ კრემლი ამ ნაბიჯებისთვის ემზადებოდა. რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა ხმები შეზღუდვების მოხსნაზე; რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ აქებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
რა მიზანი აქვს რუსეთს? როგორ პასუხობს თბილისი?
„რუსეთი ცდილობს საქართველოს მოსყიდვასა და უკან, თავის გავლენის ზონაში დაბრუნებას. ჭკვიანური, მაგრამ ამავე დროს სახიფათო სვლაა“, - უთხრა წყარომ ევროკავშირში რადიო თავისუფლებას, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო და ავიამიმოსვლის შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სხვა წარმომადგენლის შეფასებით კი, მოსკოვის მხრიდან „ეს აშკარა და მარტივი პროვოკაციაა“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება 11 მაისს არის მოსალოდნელი.
"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან", - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს სააგენტო "აქცენტი", სადაც ასევე წერია, რომ "მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა".
ანალოგიური იყო ვაშინგტონის გაფრთხილება ორი თვის წინ.
- 2023 წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.
- ასევე თებერვალში, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ საქართველო საავიაციო სექტორში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 10 მაისს თქვა, რომ ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ერთგული დარჩება და არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს.
ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებარუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა Life.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აკრძალვების გაუქმება მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების უარს - ჩართულიყო ომში რუსეთის წინააღმდეგ.
ე.წ. "გავრილოვის ღამის" მეოთხე წლისთავზე, სერგეი გავრილოვი ახლა უკვე რუსეთ-საქართველოს ერთობლივ, შორს მიმავალ გეგმებზე ლაპარაკობს:
„ეს [პირდაპირი რეისები და ვიზების გაუქმება] სურდა ათასობით ქართველს. ეს ხომ ხელს შეუწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების გაფართოებას, სავაჭრო პროცედურების გამარტივებას, მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების განბლოკვას, რომელთა რეალიზებაც რუსეთსა და საქართველოს შეუერთებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ და განამტკიცებს ევრაზიული ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელებს“.
გავრილოვი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოში „დიდ სამამულო ომში“ დაღუპული „წინაპრების საფლავების“ მონახულებას შეძლებს; მანამდე კი ქართველ კოლეგებს "მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისო ასამბლეაზე" ელოდება.
„ეს არის მორიგი ტესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის ამ მტრულ ნაბიჯს და როგორ გაატანინებს რუსეთს თავის მიზანს - აამოქმედოს დამატებითი გავლენის ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომლის შეფასებითაც, რუსეთის გადაწყვეტილება სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ საგარეო კურსს და შესაბამისად, "საფრთხეებსაც ზრდის".
დეპუტატის შეფასებით, რუსეთმა გადადგა „შემხვედრი ნაბიჯი“ „საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდის, სურკოვისეული სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრების მცდელობისა და უკრაინის მიმართ რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივის“ ფონზე.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას
რუსეთის „პროვოკაციულ ნაბიჯს“ მწვავე რეაქციები მოჰყვა როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
საზოგადოების პროდასავლურად განწყობილი ნაწილმა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი ამოძრავებს, სოციალურ ქსელებში გამოხატა პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომელიც მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას - გააუქმოს დაწესებული აკრძალვები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც "გაუადვილებს მოქალაქეებს ყოფით პირობებს“.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ „პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“.
„მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და გაუმარტივებთ მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათ ოჯახის წევრებთან კავშირს“, - თქვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას ასევე ნახეთ საქართველოს არავისთვის უთხოვია რაიმე შეღავათი, ეს მათი გადაწყვეტილებაა - ქადაგიშვილი ფრენების აღდგენაზე
„ეს არის ძალიან ნათელი ნიშანი იმისა, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს და დისტანცირდება დასავლეთისგან. ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების არჩევანია რუსეთთან დაახლოება და ევროპისგან დისტანცირება. ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის“, -უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ.
დიპლომატის შეფასებით, რუსეთი ზეგავლენის ბერკეტებს, მისთვის საჭირო დროს, როგორც წესი, სადამსჯელო პოლიტიკურ ბერკეტებად აქცევს, ეს „არაერთხელ გვინახავს საქართველოსთან თუ მოლდოვასთან მიმართებით“ და „საქართველოს მოქალაქეებსაც უფრო მოწყვლადს ხდის“.
კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის შეფასებით, რუსეთი აჩქარდა, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის რეალური საფრთხე დაინახა და ყველაფერს ცდილობს, რომ ეს არ მოხდეს:
„განსაკუთრებით მარტის აქციების შემდეგ [ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით], როცა საქართველოში ხალხმა ძლიერი ნება გამოავლინა, რუსეთმა დაინახა საფრთხე, რომ საქართველომ შეიძლება მართლა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მიხვდა, რომ მისი ძალისხმევა არ იყო საკმარისი ამ პროცესის შესაფერხებლად. ახლა ეს ნაბიჯი კიდევ ერთი გადმოგდებული „სამაშველო რგოლია“, რომ ეს პროცესი რაიმენაირად შეფერხდეს“. .
ბენდიანიშვილი თვლის, რომ რუსეთი ამით დასავლეთის თვალში საქართველოს დისკრედიტირებასაც ცდილობს, რადგან რუსეთისგან ასეთი „საჩუქრის“ მიღება საერთაშორისო პარტნიორებს შორის არავის გაუხარდება და ეს დაამძიმებს სიტუაციას უკრაინასთან მიმართებითაც, რაც ძალიან ცუდია საქართველოსთვის“.
ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთში უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლების შეზღუდვა მოჰყვეს.
ვისთვის უფრო სასარგებლოა?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის სტატისტიკით, აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა. ახლა კი, უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსეთი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია და მოკავშირეებს სანთლით ეძებს.
„საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას საქართველო აინტერესებს და სჭირდება“, - ეუბნება რუსეთის მედიას ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, არტურ მურადიანი და იმედოვნებს, რომ პირველი რეისები შესაძლოა უკვე მაისში შესრულდეს.
ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, როცა ასობით რუსული ავიაკომპანია ლეგალური სერვისისა და სათადარიგო ნაწილების გარეშე დარჩა, რუსული თვითმფრინავებით მგზავრობა უსაფრთხო აღარ არის და "ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია".
„ყველაფერი ეს მოქცეულია ჩვენი პრინციპული მიდგომის კალაპოტში, რომ თანმიმდევრულად შემსუბუქდეს ურთიერთობებისა და კონტაქტების პირობები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, [ქვეყნებს შორის] დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში“, - განაცხადა 10 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ზახაროვას თქმით, ამიერიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მგზავრობისას მხოლოდ - „უსაფრთხოების ასპექტებისა და წინდახედულების გამოვლენას“ ურჩევენ.
საქართველოში ექსპერტები ხედავენ საფრთხეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლება გაზრდის საქართველოში რუსეთის იმ მოქალაქეების შემოდინებას, რომლებსაც სურთ რომ თავი დააღწიონ სამხედრო მობილიზაციასა და უკრაინაში ომს.
10 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საჯაროდ შეიკრიბოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და 3-თვიანი ვიზები დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს, "რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“.
"ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.