პუტინის პროპაგანდა - უფრო ნაცისტური, ვიდრე საბჭოური?!

ადოლფ ჰიტლერის, იოსებ სტალინისა და ვლადიმირ პუტინის ამსახველი პოსტერი. კიევი. მაიდანი, 2014 წელი

რუსეთში მოქმედებს ავტორიტარიზმის მოდელი, რომელშიც პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თანაც, პუტინის პროპაგანდის სისტემა მკვეთრად განსხვავდება საბჭოთა მოდელისგან.

პოლიტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის პროპაგანდის საფუძვლები არა საბჭოთა წარსულში, არამედ ნაცისტურ გერმანიაშია.

გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანიაში პროპაგანდა იყენებდა მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც საერთო მიზანზე მუშაობდნენ. თუ ფაქტები არ იყო, მაშინ მათ იგონებდნენ.

„ჩვენი მიზანია არა სიმართლე, არამედ ეფექტი“, - ამბობდა მესამე რაიხის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი.

ასეთი პროპაგანდის პირობებში სამყაროს სურათი უკიდურესად გამარტივებულია, ამ სურათში არსებობენ მხოლოდ „ჩვენები“ და „უცხოები“, ნახევარტონებისა და ელფერების გარეშე: „უცხოები“ შეძლებისდაგვარად დემონიზებულები და ამორალურები არიან; „ჩვენები“ საუკეთესო თვისებებით არიან დახუნძლული.

აზრი, რომელსაც პროპაგანდისტი ნერგავს, გებელსის აზრით, მარტივი უნდა იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ იოლად შეაღწიოს ტვინში, ეს აზრი ასევე უნდა იყოს ემოციურად დატვირთული.

რუსეთის პოლიტიკის სპეციალისტისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ბლოგერის, ანდრეი მალგინის თქმით, ემოციაა სწორედ ის, რაც არღვევს პროპაგანდის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლის ჯავშანსაც კი.

ანდრეი მალგინი, რუსეთის პოლიტიკის სპეციალისტი

„ჯვარცმული დონეცკელი ბიჭუნა, რომლის [ამბის] სიყალბე არაერთხელ იქნა მხილებული და, რომელიც მემად იქცა სოციალურ ქსელებში, ისევე როგორც ყალბი მოწმე - „სლავიანსკიდან დევნილი ქალი“, რომელიც ტირილით საუბრობდა ჯვარცმულ ბიჭუნაზე, პუტინის პროპაგანდის მარცხი კი არა, აშკარა წარმატებაა: მათ შეასრულეს თავიანთი როლი ტვინებზე ტოტალურ ზეწოლაში, - ამბობს ანდრეი მალგინი, - თუ შეხვალთ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის ვებსაიტზე, აღმოაჩენთ, რომ არხს არც კი უფიქრია მხილებული სიყალბის წაშლა.

"შეიპყრეს სამი წლის ბავშვი, ბიჭუნა შორტებსა და მოკლე მაისურში და იესოსავით გააკრეს განცხადებების ბოძზე. ერთი აჭედებდა ლურსმანს, ორი აკავებდა და ეს ყველაფერი დედის თვალწინ ხდებოდა".

თითიდან გამოწოვილი ამბავი - ჯვარცმული ბიჭი სლავიანსკიდან - მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟად იქცა. ამ სიუჟეტზე დღემდე იღებენ დოკუმენტურ ფილმებს.

ის ერთგვარ აპოკრიფად იქცა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში დაარსებული პოეტური ორდენის, „კურტუაზულ მანიერისტთა ორდენის“ წევრმა ვადიმ სტეფანცოვმა, რომელიც ახლა „განთავისუფლებული დონბასის“ მეხოტბეა, სიმღერაც კი დაწერა სიტყვებით „უკრაინელი ჯარისკაცი ჯვარს აცვამს ბავშვს“.

პროპაგანდა პუტინის რუსეთშიც ტოტალურია: სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე „ჯვარცმული ბიჭის“ პარალელურად, სხვა ტელევიზიები გადასცემენ სხვა, არანაკლებ შემზარავ სიუჟეტებს:

  • НТВ: „უკრაინელმა სამხედროებმა ნარკოტიკებით გაჭყიპეს რუსი ბავშვი და შემდეგ თავიანთი რაკეტების სამიზნედ აქციეს“.
  • ტელეკომპანია РТР: „უკრაინის სადამსჯელო ძალები ტყვეებს სვასტიკებით დაღავენ და ყურებს აჭრიან“.
  • Рен-ТВ: „დონეცკის მახლობლად იპოვეს 286 ცხედარი. უკრაინის სადამსჯელო ძალებმა ქალები ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი კეფაში გასროლით დახოცეს“.

ეს ყველაფერი „ხდება“ 2014 წლიდან, როცა ჯერ კიდევ ყველა უყურებდა ტელევიზორს. ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ, როგორც ინტერნაციონალის ტექსტშია, გონება დუღდა აღშფოთებისგან.

მალგინის თქმით, პუტინის ჰიბრიდული ომის მთელი რვა წლის განმავლობაში გონება მართლაც დუღდა და ეს ყველაფერი ლოგიკურად გადაიზარდა ნამდვილ, სისხლისმღვრელ ომში, თანაც, პროპაგანდის მიერ დათესილი გზავნილებით, რომ ამ ომის მიზანი არაა იმპერიის გაფართოება ან ყოველივე უკრაინულის განადგურება ან პუტინის რეიტინგის ამაღლება. არა, ესაა სახალხო ომი, სამამულო ომი, ომი სიკეთისა ბოროტებასთან.

რუსული პროპაგანდის მომხმარებლებს ამას ეუბნება თავიანთი ემოციები:

„გებელსმა, რომელიც ამართლებდა სეგრეგაციასა და შემდეგ ებრაელების აუხსნელ გაუჩინარებას, გადაწყვიტა გადაეღო ფილმი სახელწოდებით "ფიურერი ებრაელებს უბოძებს ქალაქს“.

1945 წლის ზამთარში დასრულებულ ამ ფილმს პროპაგანდისტული ფუნქციის შესრულება აღარ შეეძლო და ის აღარ აჩვენეს. მარიუპოლის შესახებაც უკვე გადაღებულია ფილმები, რომლებსაც რუსეთის ფედერალურ არხებზე უჩვენებენ დოკუმენტური კადრების სახით: ამჟამინდელი ფიურერი უბოძებს ქალაქს მარიუპოლის მოსახლეობას და პირადადაც კი ჩადის ახალი მიკრორაიონის სანახავად.

ერთმანეთს ენაცვლებიან სცენები: დონეცკის ანგელოზთა ხეივანი კულტურისა და დასვენების პარკში (რომელიც ბანდერელების მიერ ჯვარცმული ბავშვების სახელობისაა); ახალმოსახლეები, რომლებსაც შინაურულად შეუარა პუტინმა - ყველაზე ადამიანურმა ადამიანმა“.

ასევე ნახეთ როგორ ქმნის რუსეთში პროპაგანდა Gen-Z-იდან საზარბაზნე Z-ს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ავტორი წიგნისა „ეს არ არის პროპაგანდა. მსოფლიო ომის ქრონიკები რეალობასთან“, პიტერ პომერანცევი ამბობს, რომ ჰიტლერის მმართველობის პერიოდსა და დღევანდელ რუსეთში მომუშავე პროპაგანდას შორის ბევრი განსხვავებაა, თუმცა პარალელების გავლება მაინც შეიძლება:

„სრულიად განსხვავებული სისტემები და სრულიად განსხვავებული იდეოლოგიებია. მაგრამ საინტერესოა, რომ სიღმისეული ფსიქოლოგიური მექანიზმები ძალიან მსგავსია.

მეორდება ძალიან საინტერესო რაღაცები.

მეორდება სიტყვები მასობრივ იდენტობაზე, ხელისუფლებასთან, ლიდერთან იდენტიფიკაციაზე; სადიზმის დამცირების კომპენსაციაზე, ქალებთან დაკავშირებული ძალიან უცნაური რიტორიკის აშკარად გამოყენებაზე როგორც ნაცისტებთან, ასევე პუტინთან.

ნახეთ როგორ საუბრობს რუსული კულტურა და პუტინი უკრაინაზე, როგორც დედაზე, მერე ის მეძავია, სხეულს ჰყიდის, მერე კონკიაა, მერე უნდა გააუპატიურონ - ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების რიტორიკაა.

ვფიქრობ, ეს არის ის, რაც აკავშირებს ყველა ავტორიტარულ და ძალადობრივ პროპაგანდას“.

მწერალი და ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი

ლოგიკასა და გონიერებაზე აპელირებით გამკლავება რთული იქნება, - მიაჩნიათ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტებს, რადგან რუსული პროპაგანდის მომხმარებელმა დიდი ხანია დაივიწყა ბოძზე მილურსმული ბიჭუნაც, მოჭრილი ყურებიც და პროპაგანდის მიერ შეთხზული სხვა დეტალებიც, მას ფაქტები საერთოდ აღარ სჭირდება.

პუტინის პროპაგანდის მსხვერპლის გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია, რადაგან იგი ამბობს: „მე უბრალოდ ვიცი ეს!“

„პროპაგანდის თეორეტიკოსები ამას "შინაგან კომფორტულობას" უწოდებენ, - ამბობს ანდრეი მალგინი, - "შინაგანი კომფორტულობა" - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის არაა პროპაგანდის მსხვერპლი, რომ მხოლოდ ისაა ერთადერთი და სწორი აზრების მატარებელი.

"პროპაგანდა კარგავს ძალას, როგორც კი ცხადი ხდება", - წერდა გებელსი. ყველა ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად მივიდა დასკვნებამდე. ცოტა ადამიანს აქვს შინაგანი კომფორტულობის დანგრევის უნარი. თუ პროპაგანდა წარმატებულია, მილიონობით ადამიანი ერთდროულად რჩება შინაგანი თავდაჯერების მდგომარეობაში.

სცადეთ გაარღვიოთ იგი თქვენი მხილებებით, ეგრევე ამუშავდება თავდცვის ინსტინქტი: "თავი დამანებეთ". თქვენ ვერ აუხსნით რიგით ობივატელს, რატომ არის პუტინის მიერ გაჩაღებული ომი დანაშაულებრივი.

ობივატელს ეს ომი მართლა სამართლიან, სამამულო ომად მიაჩნია. მას სჯერა, რომ გამოსავალი არ იყო, რომ "ჩვენ თუ არა მათ, მაშინ ისინი ჩვენ", რომ "ჩვენ ყველას ვძულვართ, მაგრამ ჩვენ მათზე მაგრები ვართ!", რომ "ჩვენს ბიჭებს ბრძოლის ველზე ხოცავენ საზიზღარი ბანდერელები, ნეონაცისტები და საერთოდ ისინი ჩვენს ქალაქებს ბომბავენ და ამას ჩვენ არ ვაპატიებთ".

რიგითი ობივატელი იქით იყოს, ასეთ ბოდვებს იმეორებენ კულტურის მოღვაწეები, უნივერსიტეტების პროფესორები, ისინი, ვისაც ადრე ჭკვიან, დამოუკიდებელ ადამიანებად მიიჩნევდნენ“.

„ხალხიც კარგი ვინმეა!“

პუტინის რეჟიმისთვის ხელსაყრელი შაბლონების შექმნისას პოლიტიკურმა მანიპულატორებმა გაითვალისწინეს საზოგადოების ცნობიერების თავისებურებები, ზედაპირზე ამოიტანეს ის, რაზეც ცოტა ხნის წინ ხმამაღლა საუბარი უხერხული იყო, რაც იმალებოდა და განიხილებოდა არა საჯაროდ, არამედ ვიწრო ოჯახურ ან მეგობრულ წრეში.

ფედერალური ტელევიზიების ეკრანიდან იხუვლა ღია ფაშისტურმა, რასისტულმა, ჰომოფობიურმა და მიზანთროპიულმა გამოსვლებმა, რაც შეუძლებელი იყო ჯერ კიდევ ოცი წლის წინ.

„თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მთელი ეს ფაშიზმი ხალხისთვის არავის მოუხვევია თავზე, ის უკვე იყო მათში. თვლემდა. მხოლოდ გაღვიძებაღა იყო საჭირო.

სიძულვილის თესლი ნაყოფიერ ნიადაგში ჩავარდა.

ხშირად მოგვისმენია: პუტინი ყველაზე დიდი არამზადაა, მაგრამ ხალხიც კარგი ვინმეა.

ამ თემას არ განვავითარებ, ეს თემა საკმარისზე მეტად აქვს განვითარებული დიდ რუსულ ლიტერატურას დაწყებული სალტიკოვ-შჩედრინიდან, გოგოლიდან, ლესკოვიდან.

გიცდიათ ხალხისთვის აგეხსნათ ხელისუფლების სიმდაბლე და სისაძაგლე? შეაგროვეთ ფაქტები და დეტალურად უამბეთ კორუფციაზე, ფუფუნებაში ჩაძირული უფროსობისა და მათი სასახლეების შესახებ? გამოვიდა რამე? არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

ჯერ ერთი, ისინი ხომ უფროსები არიან, მათ ჩვენგან განსხვავებული ცხოვრება ეკუთვნით. და მეორეც, ჩვენი ხალხიც ქურდბაცაცაა. სხვაგვარად ცხოვრებას მიჩვეული არაა.

დაუმტკიცებთ ხალხს, რომ არჩევნები გაყალბდა? დიდი ამბავი, ამბობს ხალხი, როდის ყოფილა სხვაგვარად? რაც უფრო სერიოზულ არგუმენტებს ვიშველიებთ ფიურერისა და ხალხის გამიჯვნის მცდელობაში, მით უფრო მეტად დუღაბდებიან ისინი“, - ამბობს ანდრეი მალგინი.

ვლადიმირ პუტინი ბრეჟნევის ორდენებით მიმართავს ხალხს -კოლაჟი

თანამედროვე რუსეთში საზოგადოებას ხელი მიუწვდება სიმართლეზე, იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ყველა იმ სისასტიკეზე, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინაში.

„ეს არაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი, - ამბობს პიტერ პომერანცევი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, - შექმნილია ბარიერები, მაგრამ მათი გადალახვა ძალიან იოლია.

საკითხი სრულიად განსხვავებულია: ხალხს არ სურს, იცოდეს!

იმის გაგებაა მნიშვნელოვანი, რატომ არ უნდათ სიმართლის ცოდნა, რატომ ირჩევენ ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრებას, როდესაც სიმართლე ხელის გაწვდენაზეა“.

„დავცინოთ პუტინს“

ანდრეი მალგინის თქმით, პუტინის რუსეთის პროპაგანდა და მისი მრავალმილიონიანი მომხმარებელი შეეჩვივნენ და ლამის შეეზარდნენ ერთმანეთს.

„იცით, რამ დაანგრია ბრეჟნევის და უფრო ადრე ხრუშჩოვის რეპუტაცია? რამ და მათზე სიცილი დაიწყეს.

არ არსებობდა ინტერნეტი, ტელევიზია და გაზეთები ბელადებს ბრძენსა და გულისხმიერ ადამიანებს უწოდებდნენ - ხალხი კი მათზე ხარხარებდა.

არავის უთქვამს ხალხისთვის, რომ სიმინდზე უნდა გაეცინათ, მაგრამ ისინი იცინოდნენ, ანეკდოტებს ჰყვებოდნენ. ბრეჟნევსაც დასცინოდნენ, მათ შორის კბილების უხეირო პროთეზის გამო.

თვრამეტი წელი იმეფა, ბევრად ნაკლები, ვიდრე პუტინმა, მაგრამ ბოლოს ყველას ყელში ამოუვიდა ორთქლზე მოხარშული ჭარხალივით. კარიკატურად იქცა.

კი, პუტინი სისხლიანი ტირანია. კი, იმპერიალისტია. კი, გამოუსწორებელი ქურდი და ბანდიტების თავკაცია. ოღონდ სერიოზული მსჯელობა გვერდზე უნდა გადავდოთ, სასაცილო მხარით უნდა მივაბრუნეთ ხალხისკენ, უნდა ვაქციოთ ანეკდოტების გმირად და დაცინვის საგნად.

განა ის სასაცილო არაა? განა სასაცილო არაა ეს თმაშეღებილი, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და პლასტიკური ქირურგიით დამახინჯებული არსება? ჰა-ჰა-ჰა ! ის ხომ კლოუნია. უბრალოდ იჭაჭება და იბღინძება.

პუტინი სასაცილოა არა იმიტომ, რომ დაბალია, არამედ იმიტომ, რომ ცდილობს შარვლიდან ამოხტომას და თავის გოლიათ ატლანტად მოჩვენებას.

სასაცილოა იმიტომ, რომ მშიშარაა, რომელიც ცდილობს გამოიყურებოდეს მტკიცე და უშიშარ მამაკაცად, იმიტომ რომ ოჯახურ ფასეულობებზე ქადაგებს, მაგრამ ცოლთან ერთად არ ცხოვრობს“.

ანდრეი მალგინის თქმით, ასეთი მიდგომა - მკაფიოდ და მარტივად პუტინის წარმოჩენა სასაცილოდ, იოლად მიაღწევს პროპაგანდის მომხმარებელთა ტვინებამდე.

შედარებით რთულად უყურებს საკითხს პიტერ პომერანცევი, რომლის თქმითაც, რუსეთის მოსახლეობის პროპაგანდისტული ბანგისგან დახსნას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება:

„არსებობს გერმანიისა და იაპონიის გამოცდილება, სადაც გარკვეული ცვლილებები მოხდა ტოტალური მარცხებისა და საგანმანათლებლო სისტემების ტოტალური ცვლილების შემდეგ.

ვფიქრობ, ცვლილებები რუსეთშიც უნდა დაიწყოს საგანმანათლებლო სისტემიდან და ოჯახებიდან. გერმანიაში ცდილობდნენ ამის გაკეთებას.

ამას მრავალი ათწლეული დასჭირდა, ეს იყო არაპირდაპირი გზა.

ფსიქოლოგიური დენაციფიკაციის პირველი მცდელობები ძალიან ზედაპირული იყო, მხოლოდ 1960-იან წლებში დაიწყო სერიოზული მუშაობა. მაგრამ ეს მხოლოდ ტოტალური, სრული დამარცხების შემდეგ მოხდა. და ვინაიდან რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი, სრული მარცხი - "1945 წლის გერმანია" - ნაკლებად სავარაუდოა.

ჩემი აზრით, პრიორიტეტი უნდა იყოს ამ პროპაგანდის მოწყვლადი ნაწილების პოვნა, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს უკრაინის გამარჯვება ომში და შემდეგ იმ ქვეყნების დაცვა, რომლებიც რუსეთის ირგვლივ მდებარეობენ. რა მოხდება რუსეთის შიგნით... ყველაფერს ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მთავარია მეზობლების დაცვა“.