პუტინის პრესმდივნის ქალიშვილი ევროპის პარლამენტში მუშაობს

ელიზავეტა პესკოვა

ავტორები: გრიგორი ჟიგალოვი, ჯერაჩინა ტუხინა, რიკარდ იოზვიაკი

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ქალიშვილი ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ხელი თავისუფლად მიუწვდება ევროკავშირის ბევრ დოკუმენტზე.

ქალბატონი პესკოვა ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პიროვნების შვილი, მაგრამ, როგორც სტუდენტს, მას სხვა ახალგაზრდებთან შედარებით ნაკლები უფლებები არ აქვს საიმისოდ, რომ სტაჟირება გაიაროს სწავლის ფარგლებში.

ელიზავეტა პესკოვა, კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, 21 წლის შვილი, სტაჟირებას გადის ევროპის პარლამენტის ფრანგ წევრთან, ემერიკ შოპრადთან, რომელმაც 2014 წელს საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას.

პესკოვას სახელი ფიგურირებს შოპრადის ევროპის პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

შოპრადმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პესკოვა მისი გუნდის წევრია.

„ქალბატონი პესკოვა ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პიროვნების შვილი, მაგრამ, როგორც სტუდენტს, მას სხვა ახალგაზრდებთან შედარებით ნაკლები უფლებები არ აქვს საიმისოდ, რომ სტაჟირება გაიაროს სწავლის ფარგლებში“, - მოიწერა შოპრადმა ელექტრონულ წერილში.

მან დასძინა, რომ პესკოვა ამჟამად არ მუშაობს რუსეთში არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანიებისთვის.

„შესაბამისად, საქმე ვერ გვექნება ინტერესთა კონფლიქტთან ჩემი, როგორც ევროპის პარლამენტის წევრის, უფლებამოსილებების ხორცშესხმის პროცესში“, - ამბობს შოპრადი.

ემერიკ შოპრადი არის ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი. ის, ამავდროულად, ნაწილია ევროკავშირ-რუსეთის საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციისა.

ემერიკ შოპრადი

ის ერთ-ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი იყო მოსკოვის მიერ ადმინისტრირებულ რეფერენდუმზე ყირიმში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში სამხედრო ძალით მოახდინა ნახევარკუნძულის უკრაინისგან ანექსირება.

შოპრადმა მაშინ რეფერენდუმს „გამართლებული“ უწოდა, რაც წინააღმდეგობაში მოვიდა ევროკავშირის პოზიციასთან. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამ რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივი ძალის არმქონედ მიიჩნევდა და ამ რეზოლუციას 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფის, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, სანდრა კალნიეტე, ამ ფაქტს „სამსახურებრივ გულგრილობად“ მიიჩნევს

2015 წლის ბოლომდე შოპრადი მარინ ლე პენის მემარჯვენე პარტიაში, „ეროვნულ ფრონტში“, შედიოდა და ამ პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი იყო ევროპის პარლამენტში, თუმცა შემდეგ შოპრადმა მარინ ლე პენის გარემოცვა ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და დამოუკიდებელი ევროდეპუტატი გახდა. მოგვიანებით ის შეუერთდა სხვა მემარჯვენე-პოპულისტურ ჯგუფს, „ევროპა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (EFDD), რომლის შემადგენლობში ასევე შედიან იტალიური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ და ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია (UKIP).

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ევროპის პარლამენტის რამდენიმე წევრს, რომლებმაც თქვეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთის მაღალჩინოსნის ნათესავის პარლამენტში მუშაობაზე.

ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფის, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, სანდრა კალნიეტე, ამ ფაქტს „სამსახურებრივ გულგრილობად“ მიიჩნევს - „ეს ევროპის პარლამენტის უსაფრთხოების ზოგადი წესების დარღვევაა“, აცხადებს ის.

პიატრას აუშტრიავიჩიუსი, რომელიც პარლამენტში ლიბერალურ ჯგუფს წარმოადგენს, პარლამენტში პესკოვას მუშაობას უწოდებს ძალიან დიდ სირცხვილს: „მიჭირს დავიჯერო, რომ კრემლის ხელია ევროკავშირის ინსტიტუტების ჯიბეებსა და გულში“.

სტაჟიორისთვის გადასახდელ თანხას თავად პარლამენტარი ადგენს. მას დაახლოებით 25000 ევრო აქვს თვეში იმისათვის, რომ თავისი აპარატის თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს. სტაჟიორის მაქსიმალური ხელფასი 1600 ევრომდეა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პესკოვას წარმომადგენელსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს ევროპის პარლამენტში მის მუშაობას.

როგორც სტაჟიორს, პესკოვას აქვს შეუზღუდავი წვდომა ევროპის პარლამენტის შენობებზე როგორც ბრიუსელში, ისე სტრასბურგში. მას შეუძლია დაესწროს კომიტეტებისა და სხვა ჯგუფების სხდომებს. პესკოვას ხელი მიუწვდება როგორც ევროპის პარლამენტის შიდა საინტერნეტო ქსელზე, ისე თავისი პარლამენტარის პარტიის შიდა ქსელზე.

ევროპის პარლამენტში სტაჟიორებს ხელფასს პარლამენტარები უხდიან თავ-თავიანთი ბიუჯეტებიდან, რომელსაც ევროკავშირის გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ. გაურკვეველია, რა თანხას იღებს პესკოვა ან, საერთოდ, თუ იღებს რაიმე ჯამაგირს.

სტაჟიორისთვის გადასახდელ თანხას თავად პარლამენტარი ადგენს. მას დაახლოებით 25000 ევრო აქვს თვეში იმისათვის, რომ თავისი აპარატის თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს. სტაჟიორის მაქსიმალური ხელფასი 1600 ევრომდეა, თუმცა დეპუტატებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟიორები ხელფასის გარეშე აიყვანონ აპარატში.

პესკოვა ერთ-ერთია რუსეთის პოლიტიკური ელიტის არაერთ შვილს შორის, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ცხოვრობენ ან სწავლობენ. ამის გამო კრემლს ბევრი კრიტიკოსი ფარისევლობაში სდებს ბრალს.

დმიტრი პესკოვი

მისი მამა პუტინის პრესმდივნად თითქმის ორი ათწლეულია მუშაობს. რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია მისი სიმდიდრისა და ფუფუნების სიყვარულის შესახებ.

პესკოვა აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას. მას 80 000-მდე მიმდევარი ჰყავს ინსტაგრამზე, სადაც, როგორც წესი, თავის გლამურულ ცხოვრების სტილზე წერს და ამბობს, რომ მოსკოვში, პარიზსა და ბრიუსელში ცხოვრობს.

სოციალურ მედიაში არ არის ევროპის პარლამენტის შენობაში გადაღებული მისი ფოტოები, თუმცა პესკოვას ატვირთული აქვს ბრიუსელის ღირსშესანიშნაობებთან გადაღებული რამდენიმე სურათი.