პუტინის „ნაციონალისტური ინტერნაციონალის“ მორიგი კრახი

საბჭოთა ეპოქაში ბოლშევიკები კომუნისტური ინტერნაციონალის საშუალებით ცდილობდნენ ევროპული დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრას. დღეს კრემლი ცდილობს, „ნაციონალისტური ინტერნაციონალის“ საშუალებით ებრძოლოს ევროკავშირს. ლე პენი, სალვინი და ევროპის სხვა ნაციონალისტ-პოპულისტებიც დგანან კრემლის შემნახველი სალაროს წინ რიგში ჩამწკრივებული და მოუთმენლად ელიან სარკმლის გაღებას. ზოგჯერ - როცა კრემლის სალაროს სარკმელს ფარდა ეხდება - ისინი თავს იღბლიანად თვლიან; ზოგჯერ კი (უბედობას რა ვუთხარი!) ფარდა არა სალაროს, არამედ მათ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეხდება, რაც ნაციონალისტ-პოპულისტებს მძიმე ვითარებაში აყენებს. ასე იყო გუშინ ავსტრიაში, ასე შეიძლება მოხდეს დღეს იტალიაში.

რა ბედი ელის მატეო სალვინისა და მის პარტიას მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა იგი კრემლის სალაროს წინ ხელგაწვდილი დააფიქსირეს? ამის შესახებ ვესაუბრეთ პარიზში ალბერტო ტოსკანოს, იტალიელ ჟურნალისტს, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს.

ჯერ კიდევ 20 თებერვალს იტალიური ჟურნალი L'Espresso წერდა სალვინის მცდელობაზე, ევროპარლამენტში არჩევნებისათვის მოსკოვისგან მიეღო დაფინანსება. გუშინ უკვე ამერიკულმა გამოცემა Buzzfeed-მა, გამოაქვეყნა იმ შეხვედრის აუდიოჩანაწერის ტექსტი, რომელზეც L'Espresso საუბრობდა ხუთი თვის წინ... იტალიური კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას სხვა ქვეყნების მიერ. რა ემუქრება სალვინის?

ალბერტო ტოსკანო

მოსკოვის სასტუმრო მეტროპოლში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა შეხვედრას სალვინის მარჯვენა ხელსა და კრემლის წარმომადგენლებს შორის. ამ შეხვედრაზე იტალიელები რუსებს 52 მილიონ ევროს სთხოვდნენ. საბოლოოდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, ტრანზაქცია ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია საკმარისი სამხილი არსებობდეს სალვინის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად. ჩემის აზრით, სალვინისთვის ეს პოლიტიკური პრობლემა უფროა, ვიდრე იურიდიული. პოლიტიკურია, ვინაიდან ეს ეპიზოდი ნეგატიურად იმოქმედებს სალვინის ელექტორატზე. თუმცა არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისია, როგორც ეს ავსტრიაში მოხდა ე.წ. იბიცა-გეიტის შედეგად.

როგორ ხსნით სალვინის პროპუტინიზმს? იგი იდეოლოგიურია, თუ სალვინი უბრალოდ უპრინციპო პოლიტიკოსია, რომელიც მზადაა ევროპის მთავარი მტრის საშუალებითაც კი დააფინანსოს საკუთარი პოლიტიკური პარტია?

სალვინის სტრატეგია ძალიან მარტივია - მას უნდა, დაანახვოს იტალიელებს, რომ მისი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება კლასიკური იტალიური პარტიების პოლიტიკისგან. იმისათვის, რომ იტალიურ პოლიტიკურ ელიტას გაემიჯნოს, სალვინი ჩრდილო კორეასაც კი ეწვია ოფიციალური ვიზიტით. რაც შეეხება პუტინს - ვინაიდან მეორე

ვლადიმირ პუტინისა და მატეო სალვინის შეხვედრა. 2014 წ. 17 ოქტომბერი.

მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ტრადიციული პოლიტიკა იყო პროევროპული და პროამერიკული, სალვინი ცდილობს, ზუსტად საწინააღმდეგო გააკეთოს. ამ მხრივ პუტინი იდეალური პერსონაჟია მისთვის. ამასთან ერთად სალვინის იმედი აქვს, რომ პუტინისგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას. თუმცა ამით არ ამოიწურება რომის და მოსკოვის ალიანსი: იტალიას ძალიან ეშინია, რომ ლიბიის ტერიტორიიდან ემიგრანტების ახალი ტალღა წამოვა იტალიისკენ. რუსეთს კი ბევრი ბერკეტი მოეპოვება ლიბიაში. აი, ერთი კვირის წინ რომში პუტინის ბოლო ვიზიტისასაც სალვინისა და პუტინის საუბრის ძირითადი თემაც ლიბია გახლდათ.

განიხილავთ თუ არა პუტინის მოკავშირე სალვინის ევროპის ყველაზე დიდ შიდა პრობლემად?

ევროპას ბევრი პრობლემა აქვს და სალვინი მათ შორის უკანასკნელი არაა. ზოგადად, ევროპის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის უუნარობაში, გამოიმუშაოს ერთიანი სტრატეგია პუტინის რუსეთის მიმართ. ხელისუფლებაში სალვინის მოსვლამდეც ევროპაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა სუფევდა ამ საკითხის გარშემო. აქედან გამომდინარე, სალვინი ამ ევროპული პრობლემის სიმპტომი უფროა, ვიდრე მიზეზი.

როგორ ხსნით ზოგადად სალვინის პოპულარობას იტალიელებში? კაცმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მღეროდა „ძაღლებიც კი გარბიან, როცა აყროლებული ნეაპოლელები მოდიან“, დღეს სიტყვა „ნეაპოლელები“ შეცვალა სიტყვა „ემიგრანტებით“ და მისი პარტია ნეაპოლშიც კი პოპულარული გახდა.

უკვე ათწლეულებია, რაც იტალიის პოლიტიკაში გამეფებულმა კორუფციამ პოლიტიკური ელიტის სრული დისკრედიტაცია მოახდინა. ვერც ერთი სისტემური პარტია ვერ გადაურჩა ამ ფენომენს. იტალიელები სრულიად განხიბლული არიან იმ პარტიებით, რომლებიც ბოლო ათწლეულებში მართავდნენ ქვეყანას. მათ სწყურიათ, ნახონ ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იქნება უფრო ეფექტიანი, უფრო მერიტოკრატიული და, რაც მთავარია, ნაკლებად კორუმპირებული. ამიტომ ისინი ეძებენ ხსნას ახალ სახეებში: გუშინწინ ეს იყო კომიკოსი ბეპე გრილო, გუშინ - ლუიჯი დი მაიო, დღეს ესაა მატეო სალვინი...

მოდით ევროპარლამენტის არჩევნებზე ვისაუბროთ: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტოლოგი პოპულისტების „ცუნამიზე“ საუბრობდა, მათ ვერ მიაღწიეს დიდ წარმატებას... არც „ნაციონალისტების ინტერნაციონალი“ ჩამოყალიბდა ევროპარლამენტში, ხოლო სალვინისა და მარინ ლე პენის მიერ შექმნილი ე.წ. „იდენტური“ ჯგუფის ზეგავლენა გადაწყვეტილებებზე ნულის ტოლფასია...

„ნაციონალისტების ინტერნაციონალი“ ოქსიმორონია და ის ვერც ჩამოყალიბდებოდა. მე არც პოპულისტების ე.წ. ცუნამის მჯეროდა, თუმცა ბევრი ვაიპოლიტოლოგი გვაშინებდა აპოკალიფსური პროგნოზით. არჩევნებამდე სალვინის პარტიას ევროპარლამენტში ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა და ისიც კი დაკარგა. ასე რომ, ამ არჩევნების შემდეგ მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი.

სალვინის პოპულარობის პიკმა უკვე ჩაიარა?

როგორც სალვინი, ისე მარინ ლე პენი, არსებული შიდაევროპული პრობლემების ნაყოფია და ისინი იარსებებენ მანამდე, სანამ ეს კრიზისი გაგრძელდება. და მომავალში მათი პოპულარობაც კრიზისის სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული. თუმცა განსხვავებებიც არის ამ ორ ფენომენს შორის: საფრანგეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა არჩევნების მაჟორიტარული სისტემით და, აქედან გამომდინარე, ლე პენიც აქ პოლიტიკური მარგინალის როლში დარჩება. იტალია კი საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც დეპუტატების უდიდეს ნაწილს პროპორციული სისტემით ირჩევენ. ეს კი ნიშნავს, რომ სალვინის პარტია კოალიციური მთავრობის კონტექსტში გააგრძელებს იტალიურ პოლიტიკურ ველზე აქტიური როლის თამაშს.