მას შემდეგ პუტინი ხან პრეზიდენტია, ხან კი - პრემიერ-მინისტრი. რვაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ მან 2008-2012 წლებში ნომერ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, რადგან კონსტიტუციით მესამე ვადით მმართველობის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, მან მოგვიანებით ცვლილება შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მისცემდა, ახალი, ექვსწლიანი ვადით გამხდარიყო პრეზიდენტი და 2030 წელს ისევ შეძლებოდა კენჭისყრა.
რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში - რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე ბოლო არ უჩანს - მასობრივი სიკვდილი და ნგრევა მოიტანა. ეს ომი პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრავს.
მკვდარია ასობით ათასი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე. მილიონობით უკრაინელი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. რუსეთი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ომის გასაპროტესტებლად ან გაწვევისგან თავის ასარიდებლად.
ომის შემდეგ პუტინმა განსაკუთრებით გააძლიერა თავდასხმა განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ. სკოლებსა და კულტურულ დაწესებულებებში უფრო აქტიურად დაიწყეს ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის დანერგვა. მიიღეს უმკაცრესი კანონები, რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს რუსეთის მიმართულება მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები გაცილებით დიდია, ეს ომი მხოლოდ ერთ-ერთი სისხლიანი ეტაპია, რომელიც პუტინის ეპოქას განსაზღვრავს. რადიო თავისუფლება რამდენიმე მნიშვნელოვან მათგანს გაგახსენებთ:
საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები
პუტინი ერთი თვეც კი არ იყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, როდესაც რუსეთი შეაძრწუნა სასიკვდილო აფეთქებების ნაკადმა, რომლებმაც 1999 წლის სექტემბერში 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ათასზე მეტი დაჭრა. მთავრობა აფეთქებებში ჩეჩენ ბოევიკებს ადანაშაულებდა, თუმცა პასუხისმგებლობა თავდასხმებზე არავის აუღია.
თავდამსხმელებმა როგორღაც შეძლეს რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება ან მოპოვება, გადატანა სულ სხვადასხვა ქალაქში და მათი იმდენად პროფესიონალურად განთავსება, რომ მთლიანი შენობები ჩამოინგრა. გარდა ამისა, 22 სექტემბერს, რიაზანში უცნაური ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთ კორპუსში საეჭვო მოწყობილობა იპოვეს და გააუვნებელყვეს, ადგილობრივმა პოლიციამ კი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფესბეს) თანამშრომლები დააკავა. ეფესბეს დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს იყო ანტიტერორისტული სასწავლო ოპერაცია, თუმცა კითხვები დღემდე რჩება.
ასევე ნახეთ სიკვდილი, გადატრიალება თუ სამხედრო დამარცხება - როგორ წავა პუტინიაფეთქებების დამოუკიდებელ გამოძიებაში ჩართული რამდენიმე ადამიანი - მათ შორის ეფესბეს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო და სახელმწიფო დუმის დეპუტატები იური შჩეკოჩიხინი და სერგეი იუშენკოვი - რამდენიმე წელიწადში მოკლეს. პირველი დაბომბვიდან ოცი დღის შემდეგ პუტინმა მეორე ჩეჩნეთის ომი დაიწყო ფართოდ გავრცელებული შიშისა და ბრაზის ფონზე.
ჩეჩნეთის მეორე ომი
ჩეჩნეთის მეორე ომი ოფიციალურად 2000 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა შემდგომი საგანგებო მდგომარეობა ძალაში დარჩა 2009 წლის აპრილამდე, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მუდმივი დაპირისპირების ფონზე.
სხვადასხვა შეფასებით, 50 000 - 80 000 მშვიდობიანი მოქალაქე, ბოევიკი და რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბრძოლების დროს, რომლებსაც ზოგჯერ განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი ჰქონდა. 2007 წლის ანგარიშში Amnesty International-მა განაცხადა, რომ დაიღუპა 25 000 მშვიდობიანი მოსახლე, ათასობით კი დაკარგულად ითვლება. ჯარისკაცთა დედების დამოუკიდებელმა კომიტეტმა 2005 წელს დაადგინა, რომ დაახლოებით 14 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩეჩნური წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვები მეტისმეტად მცირეა და რეალობას არ ასახავს.
ასევე ნახეთ რამზან კადიროვი შვილებსა და გარემოცვას შორის - ვის დარჩება ჩეჩნეთი?პუტინმა რეგიონის ხელმძღვანელად ყოფილი სეპარატისტი მებრძოლი რამზან კადიროვი დააყენა. მას ეს თანამდებობა 2007 წლიდან უჭირავს. მას შემდეგ, წლების განმავლობაში, აქტივისტებმა, რეპორტიორებმა და მსხვერპლებმა უამრავი მტკიცებულება გაავრცელეს, რომლებიც მას აკავშირებს ადამიანის უფლებების ფართო დარღვევებთან, მათ შორის მკვლელობებთან რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, გატაცებებთან, წამებასა და ლგბტ თემის დევნასთან. პუტინი აგრძელებს კადიროვის მხარდაჭერას და ბრალდებები მის წინააღმდეგ მთავრობას არ გამოუძიებია. ომის დროს პუტინმა დაიწყო რუსული ფედერალიზმის დემონტაჟი და მისი ეგრეთ წოდებული ძალაუფლების ვერტიკალის შენება.
კურსკის ჩაძირვა
2000 წლის 12 აგვისტოს ატომური წყალქვეშა ნავი "კურსკი" აფეთქდა და ჩაიძირა რუსეთის პირველი დიდი საზღვაო წვრთნების დროს ათწლეულის განმავლობაში. გემზე მყოფი 118 მეზღვაური დაიღუპა, თუმცა 23 თავდაპირველ აფეთქებებს გადაურჩა და კიდევ ექვსი საათის განმავლობაში იცოცხლა.
პუტინი იმ დროს მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიით. მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპულების ახლობლები ამბობდნენ, რომ მას ამ კრიზისის დროს სოჭში დასვენება არ უნდა გაეგრძელებინა. რუსეთის სამხედროები და მთავრობა ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს უცხოეთის დახმარებაზე გადამწყვეტი პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში.
ჩაძირვის შემდეგ პუტინმა სერიოზულად დაიწყო რუსული მედიის კონტროლის ქვეშ მოქცევა. 2001 წლის შუა პერიოდისთვის, ოდესღაც ძლიერი NTV მოექცა დე ფაქტო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ერთი წლის შემდეგ კი ოლიგარქის საკუთრებაში მყოფი ტელევიზია ORT სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პირველ არხად გადაკეთდა.
„ნორდ-ოსტის“ მძევლების კრიზისი
2002 წლის 23 ოქტომბერს, 50-მდე შეიარაღებული ჩეჩენი შეიჭრა მოსკოვის დუბროვკის თეატრში, მიუზიკლ „ნორდ-ოსტის“ წარმოდგენის დროს და ასობით ადამიანი აიყვანა მძევლად 57 საათის განმავლობაში. თავდამსხმელები ჩეჩნეთიდან რუსული ძალების გაყვანას ითხოვდნენ. დაპირისპირების დროს პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და 912 მძევლიდან 300-მდე გაათავისუფლეს.
26 ოქტომბრის დასაწყისში სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ თეატრში მას შემდეგ, რაც დარბაზში აეროზოლური საანესთეზიო საშუალება გაუშვეს. მოგვიანებით რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქიმიური ნივთიერება ოპიოიდ ფენტანილზე იყო დაფუძნებული. პუტინის მთავრობამ განაცხადა, რომ დაიღუპა 132 მძევალი და 40 ტერორისტი, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში 200-მდე მძევალი დაიღუპა - ბევრის სიკვდილის მიზეზი კი ის იყო, რომ შენობიდან უგონო მდგომარეობაში გამოყვანის შემდეგ სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. მოგვიანებით მოსკოვის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მხოლოდ ერთი მძევალი იყო დაღუპული.
მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ვერ დაიცვეს მძევლები გაზის ზემოქმედების შედეგებისგან, ასევე უსაფრთხოების ხარვეზების გამო, რამაც მძიმედ შეიარაღებული ტერორისტების ავტობუსს დედაქალაქში შეღწევის საშუალება მისცა.
ასევე ნახეთ ტერაქტები - პუტინის მმართველობის ნაწილი
ბესლანის სკოლის ალყა
2004 წლის 1 სექტემბერს, სასწავლო წლის პირველ დღეს 30-ზე მეტმა თავდამსხმელმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მდებარე სკოლაში 1100 მოსწავლე, მშობელი და პერსონალი მძევლად აიყვანა. მძევლების უმეტესობა ჩახუთულ, ხალხმრავალ დარბაზში 52 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.
3 სექტემბერს, შუადღისას, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა გაისმა და სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ორმხრივი სროლის შემდეგ რუსეთის უშიშროების ძალებმა შენობის შტურმი დაიწყეს ტანკებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით. რამდენიმესაათიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, ბოევიკების დაახლოებით ნახევარმა გაქცევა მოახერხა.
პუტინი შემთხვევის ადგილზე ხანმოკლე ვიზიტით 4 სექტემბერს ჩავიდა, თუმცა დაღუპულთა ოჯახებს არ შეხვედრია. ხელისუფლების განცხადებით, დაიღუპა 334 მძევალი, მათ შორის - 186 ბავშვი.
ამის შემდეგ მთავრობა მორიგჯერ გააკრიტიკეს უსაფრთხოების ხარვეზების გამო, რამაც ტერორისტებს თავდასხმის განხორციელების საშუალება მისცა. ოპონენტები აცხადებდნენ, რომ შტურმი ცუდად იყო მომზადებული და მთავრობამ საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალი არ გამოყო.
თავდასხმის შემდეგ, პუტინის მთავრობამ მიიღო ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული კანონმდებლობა, რომელიც, ოპონენტების აზრით, პოლიტიკური განსხვავებული აზრისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის აქტივიზმის შესაზღუდად გამოიყენეს.
პუტინმა ასევე შეასუსტა დემოკრატია - გააუქმა რეგიონული ლიდერების პირდაპირი არჩევა, მოახდინა საკანონმდებლო სისტემის რეორგანიზაცია, რათა მმართველ პარტიას, „ერთიან რუსეთს“ მოეპოვებინა კონტროლი პარლამენტზე და გაეძლიერებინა სახელმწიფო კონტროლი მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე.
ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლა
ალექსანდრ ლიტვინენკო, "ეფესბეს" ყოფილი ოფიცერი, რომელიც კრემლს დაუპირისპირდა, ლონდონში 2006 წელს, მწვავე რადიაციული მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ის მოწამლული იყო პოლონიუმ-210-ით, რომელიც ლონდონის ძვირადღირებულ სასტუმროში სასმელში გაურიეს ანდრეი ლუგოვოიმ, "ეფესბეს" ყოფილმა ოფიცერმა და სახელმწიფო სათათბიროს ამჟამინდელმა წევრმა და დმიტრი კოვტუნმა - კგბ-ს ყოფილმა ოფიცერმა.
44 წლის ლიტვინენკო მკაცრად აკრიტიკებდა პუტინს, ადანაშაულებდა მას "მაფიოზური სახელმწიფოს" შექმნაში. დაწერა ორი წიგნი, სადაც რუსეთის უშიშროების სააგენტოს ადანაშაულებდა 1999 წლის კორპუსების აფეთქებების ორგანიზებაში. მოწამვლამდე რამდენიმე კვირით ადრე მან განაცხადა, რომ პუტინმა გასცა ბრძანება ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში, პუტინის დაბადების დღეს, მოსკოვში მოკლეს.
ასევე ნახეთ ნავალნი, ნემცოვი, ბერეზოვსკი, პოლიტკოვსკაია... პუტინის კრიტიკოსები, რომლებიც მოკლეს ან გარდაიცვალნენ საეჭვო ვითარებაშიმიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა საზღვარგარეთ ჩადენილი პირველი მკვლელობა, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების აგენტებთან აკავშირებდნენ, ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულად, რადგან მკვლელებმა დატოვეს რადიოაქტიური კვალი ნატოს წევრი ქვეყნის დედაქალაქში. როგორც ჩანს, ეს იყო წინამორბედი რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მომაკვდინებელი ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობისა ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 2018 წელს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი პასუხისმგებლად ცნო ლიტვინენკოს სიკვდილზე და მოსკოვს 100 000 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა. რუსეთის უშიშროების ძალები მოგვიანებით მოწამვლის სხვა მცდელობებსაც დაუკავშირეს, როდესაც კრემლი შიდა პოლიტიკური მტრების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების - ალექსეი ნავალნის და ვლადიმირ კარა-მურზას მკვლელობას ცდილობდა.
სერგეი მაგნიტსკის სიკვდილი პატიმრობაში
2009 წლის ნოემბერში, 37 წლის იურისტი სერგეი მაგნიტსკი 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ არ აწვდიდნენ სამედიცინო დახმარებას, სცემდნენ და აწამებდნენ. მაგნიტსკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ჩინოვნიკები სდევნიდნენ, რომლებსაც ის 230 მილიონი დოლარის საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებდა. ელა პამფილოვამ, იმ დროს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარემ, მაგნიტსკის სიკვდილს "მკვლელობა და ტრაგედია" უწოდა.
2012 წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო მაგნიტსკის აქტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუს ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დამრღვევებად ითვლებიან. მსგავსი კანონები ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამაც მიიღო. მოსკოვმა საპასუხოდ აშშ-ის მოქალაქეებს რუსი ბავშვების შვილად აყვანა აუკრძალა. მაგნიტსკის სიკვდილი განიხილება მნიშვნელოვან ეტაპად რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებაში. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმი დაიპყრო და ომი წამოიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს.
MH17-ის ჩამოგდება
2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების რეისი 17 (MH17). დაიღუპა 298-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უარყო მონაწილეობა ინციდენტში და დაადანაშაულა უკრაინელი სამხედროები, 2016 წელს ამომწურავმა საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსული საზენიტო სისტემით, რომელიც ინციდენტის დღეს ჩამოიტანეს რუსეთიდან და მაშინვე ნაჩქარევად დააბრუნეს უკან.
ნიდერლანდების სასამართლომ, სადაც MH17-ის ფრენა დაიწყო, 2022 წელს დაუსწრებლად გაასამართლა სამი რუსი და უკრაინელი ბოევიკი და დაადგინა, რომ იმ დროს ბოევიკების ძალებს რუსეთი აკონტროლებდა. ჰოლანდიელმა პროკურორმა თქვა, რომ „არსებობს ძლიერი მინიშნებები იმაზე, რომ ბუკის მიწოდება სეპარატისტებისთვის [პუტინმა] გადაწყვიტა“.
MH17-ის კატასტროფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოების დამუხტვაში უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, კრემლის მიერ კონტროლირებადმა მედიამ და სოციალური მედიის არხებმა განავითარეს და დაასრულეს ის, რაც ცნობილი გახდა, როგორც „სიყალბის პროპაგანდის მოდელი“, რომლის მიზანია არა ხალხის რამეში დარწმუნება, არამედ დაბნეულობისა და ბუნდოვანების დათესვა. „რუსული პროპაგანდა ართობს, აბნევს და თავგზას ურევს აუდიტორიას“, - წერდნენ Rand Corporation-ის მკვლევრები 2016 წლის კვლევაში.
ბორის ნემცოვის მკვლელობა
2015 წლის 27 თებერვალს, ყოფილი ვიცე-პრემიერი და წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი კრემლის მახლობლად, ხიდზე მოკლეს. ნემცოვი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტერი იყო, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ აგრესიას ხმამაღლა აკრიტიკებდა და ამზადებდა მოხსენებას (რომელიც მოკავშირეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულეს), სადაც დეტალურად იყო აღწერილი რუსეთის ჩართულობის მასშტაბი დონბასის ომში. 2017 წლის ივნისში ხუთი ჩეჩენი მამაკაცი გაასამართლეს მისი მკვლელობისათვის თუმცა, ისევე, როგორც პოლიტკოვსკაიას და კრემლის სხვა ოპონენტების მკვლელობის შემთხვევაში, ბრძანების გამცემი არასოდეს გამოუვლენიათ. ნემცოვის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი - რომელმაც ერთი დღით ადრე საჯაროდ შეაქო საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი, როგორც "ნამდვილი რუსი პატრიოტი" - ღირსების ორდენით დააჯილდოვა "პროფესიული მიღწევებისთვის, საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და მრავალწლიანი გულმოდგინე შრომისათვის“.
ნემცოვის მიმდევრებმა მოკლული პოლიტიკოსის არაფორმალური მემორიალი მოაწყვეს ხიდზე, სადაც ის მოკლეს, თუმცა პოლიცია და უცნობი პირები მას რეგულარულად ესხმიან თავს და მის დემონტაჟს ცდილობენ.
ასევე ნახეთ “რუსეთში ოცნება აღარ არსებობს” - ინტერვიუ ბორის ნემცოვის ქალიშვილთან
კემეროვოს სავაჭრო ცენტრის ხანძარი
2018 წლის მარტში დასავლეთ ციმბირის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა - აქედან ნახევარი ბავშვები იყვნენ. რუსეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრში სახანძრო გასასვლელები ჩაკეტილი იყო, სიგნალიზაცია - გამორთული, მშენებლობის დროს კი უამრავი რეგულაცია დაირღვა.
ასევე ნახეთ კემეროვოში ხანძრის შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი ახალ პოსტზე დაინიშნა
ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების მუშაკებს „აკლდათ საჭირო აღჭურვილობა და უნარები“ ვითარებასთან გასამკლავებლად. პუტინი მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ეწვია შემთხვევის ადგილს და პირობა დადო, რომ „ყველა, ვინც დამნაშავეა, დაისჯება“. ათ ადამიანს, მათ შორის სავაჭრო ცენტრის თანამფლობელს და კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების ყოფილ მინისტრს, პატიმრობა მიუსაჯეს გაფლანგვის, თაღლითობის, დაუდევრობისა და მექრთამეობის ბრალდებით. პუტინის ოპონენტების აზრით, პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური უთანხმოების მოსპობამ და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებამ რუსეთი დაუცველი გახადა რეალური ტერორისტებისაგან და ისეთი კატასტროფებისაგან, რომლებსაც კორუფცია და დაუდევრობა იწვევს.
ალექსეი ნავალნის სიკვდილი ციხეში
რუსი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 2024 წლის ნოემბერში ციხეში გარდაიცვალა პუტინის მთავრობის მიერ მრავალწლიანი დევნისა და შევიწროების შემდეგ. მისი ქვრივი და ბევრი მხარდამჭერი მიიჩნევენ, რომ მის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია. პოლიტიკოსი 2021 წლის იანვარში, რუსეთში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ის საზღვარგარეთ მკურნალობდა ნერვული აგენტით მოწამვლის გამო, რაშიც პუტინს და "ეფესბეს" ადანაშაულებდა. 2021 წლის ივნისში მისი ანტიკორუფციული ფონდი და მისი რეგიონული ოფისების ქსელი "ექსტრემისტულ ორგანიზაციებად" გამოცხადდა. თავად ნავალნი ტერორისტად და ექსტრემისტად შერაცხეს 2022 წლის იანვარში. მისი ბევრი წამყვანი თანამოაზრე ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააქციეს.
ასევე ნახეთ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე. ნავალნის გზა ფოტოებშინავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსულ ოპოზიციას ლიდერი აღარ ჰყავს და ხშირადაა ჩაფლული განხეთქილებებსა და შუღლში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთში აღარ დარჩა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ეტაპზე პუტინისათვის რეალური გამოწვევის წარდგენა შეუძლია.
2023 წლის ივნისში პუტინის მთავრობას პრობლემა სხვა მხრიდან გაუჩნდა - ათასობით „ვაგნერელმა“, ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით, ხანმოკლე აჯანყება მოაწყო, მცირე ხნით ხელში ჩაიგდო დონის როსტოვი და მოსკოვისკენ დაიძრა. სიტუაცია სწრაფად განმუხტა და წესრიგი აღდგა. პრიგოჟინი და „ვაგნერის“ თანადამფუძნებელი დმიტრი უტკინი ორი თვის შემდეგ დაიღუპნენ, როდესაც მათი პირადი თვითმფრინავი მოსკოვის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. „ვაგნერთან“ დაკავშირებული სოციალური მედია ირწმუნებოდა, რომ თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ისინი პუტინმა მოკლა.
თავდასხმა „კროკუსზე“
2024 წლის 22 მარტს ოთხი შეიარაღებული პირი თავს დაესხა მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზს. დაიღუპა 145 ადამიანი, 500-ზე მეტი კი - დაიჭრა. ეს იყო ყველაზე დიდი ტერორისტული ინციდენტი რუსეთში 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყის შემდეგ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თუმცა ბევრი რუსი ოფიციალური პირი, მათ შორის პუტინი და მედიის წარმომადგენლები მტკიცებულებების გარეშე აცხადებდნენ, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო უკრაინის მიერ, აშშ-ის დახმარებით. ამ ბრალდებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "აბსურდი" უწოდა.
ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს7 მარტს შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთი, რომ "ექსტრემისტები" გეგმავდნენ თავდასხმას დედაქალაქში. Washington Post-ი 2 აპრილს იტყობინება, რომ აშშ-ის გაფრთხილება კონკრეტულად ახსენებდა Crocus-ის საკონცერტო დარბაზს. თავდასხმამდე სამი დღით ადრე, როგორც ჩანს, პუტინმა უარყო გაფრთხილებები, როგორც "პროვოკაციული განცხადებები", რომლებიც "პირდაპირ შანტაჟს და ჩვენი საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის განზრახვას ჰგავს". საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ აშშ-ის გაფრთხილება იყო „ზედმეტად ზოგადი“.