პუტინი, ცინი, ჯეიმს შაფერი - უკვდავების მაძიებლები

ის, რომ ადამიანის ცხოვრება სიკვდილით მთავრდება, ყველაზე უეჭველი და „გადამოწმებული“ ფაქტია, მიუხედავად ამისა, ყველა ეპოქაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გარდაუვალ დასასრულს გაქცეოდნენ - უკვდავებისთვის მიეღწიათ.

რადიო თავისუფლებამ უკვდავების მაძიებელთა თანამედროვე და ისტორიულ მაგალითებზე გადახედა.

უკვდავების ხე, მარადიული ახალგაზრდობა, ჯადოსნური ელექსირი - ზღაპრებისა და მითების საყვარელი თემაა, მაგრამ არა მხოლოდ. დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან - თანამედროვეობით დამთავრებული, ბევრი ეძებდა და ეძებს საშუალებას, რომელიც სიკვდილს დაამარცხებს. მეცნიერები ორგანიზმის დაბერების შეჩერების და გაახალგაზრდავების გზებს იკვლევენ; იგივეს ცდილობენ ფსევდომეცნიერებიც.

კრემლის პროექტი დაბერების წინააღმდეგ

„ჰო, რა თქმა უნდა, ახლა ამ ბებრუხანების [იგულისხმება რუსეთის ხელისუფლება] გარდა მეტი საზრუნავი არავინ გვყავს. ანუ ახლა [ომის დროს] ყველაფერი უნდა მივაგდოთ. ეს ცინიზმი ძალიან შემაწუხებელია“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ექიმმა კრემლის დავალებაზე - დაბერების წამალი გამოიგონონ.

რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მეცნიერებსა და მკვლევრებს სთხოვს: შეიმუშაონ სამედიცინო პროდუქცია, რომელიც შეანელებს უჯრედების დაბერებას, გაახანგრძლივებს თავის ტვინის გამართულ მუშაობას და გააძლიერებს იმუნურ სისტემას დაბერების დროს.

ეს იდეა პუტინს მისმა ახლო მეგობარმა, ფიზიკოსმა მიხაილ კოვალჩუკმა მიაწოდა. კოვალჩუკი ხელმძღვანელობს გენეტიკის კვლევის ცენტრს, რომელშიც პუტინის არაღიარებული ქალიშვილი, მარია ვორონცოვაც მუშაობს.

კოვალჩუკი ხშირად ლაპარაკობს ფსევდომეცნიერულ და შეთქმულების თეორიებზე, მაგალითად, 2015 წელს თქვა, რომ „უცხოური ელიტები“ ცდილობენ „ევოლუციური პროცესი“ დაიქვემდებარონ და „მოსამსახურე ხალხის ქვესახეობა“ შექმნან.

გარდა ამისა, კოვალჩუკი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ დასავლეთი ქმნის ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც მხოლოდ სლავების წინააღმდეგ მოქმედებს.

Your browser doesn’t support HTML5

ვლადიმირ პუტინის ექიმები. ერთი გამოძიების ისტორია

უკვდავება რადიაციით

პუტინი ერთადერთი არ არის, ვისაც რუსეთში უკვდავება სურს. 2013 წელს მოსკოვში დააკავეს კოლეჯის პედაგოგი, რომელიც თავის ახლობელს რადიაციით ასხივებდა, სჯეროდა, რომ რადიაციამ ადამიანი შესაძლოა უკვდავი გახადოს.

მისი სახლიდან 15 კილოგრამამდე რადიაქტიური ნივთიერება ამოიღეს. როგორც თავად განმარტა, მის მოსაპოვებლად საგანგებოდ დადიოდა ჩერნობილში.

უკვდავი ბავშვი

რა მოხდება, თუკი ადამიანს არ ეტყვი, რომ ის მოკვდავია? ბუდიზმი გვიყვება, რომ მისი დამფუძნებელი სიდჰართა გაუტამა სწორედ ასე გაზარდეს. მან არაფერი იცოდა ადამიანური ტანჯვის შესახებ, სანამ მამისეული სასახლიდან გარეთ არ გავიდა და რეალობა არ დაინახა.

ეს ისტორია შესაძლოა მე-20 საუკუნეშიც განმეორებულიყო, როდესაც 30-იან წლებში ამერიკელმა ჯეიმს შაფერმა ოსტატ მეტაფიზიკოსთა სამეფო საძმო დააარსა. საძმოს უკვდავების სჯეროდა და გადაწყვიტეს ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. კუნძულზე შეისყიდეს სასახლე, სადაც „უკვდავი ბავშვი“ ჯინ გონტი უნდა აღეზარდათ. ხუთი თვის ცისფერთვალება და ქერა ჯინი დედამ შაფერს გადასცა, რადგან თავად მისი გაზრდის საშუალება არ ჰქონდა.

გოგონა სასახლეში გადაიყვანეს და ძიძები მიუჩინეს. ჩანაფიქრი ასეთი იყო, ჯინისთვის არავის არასდროს არ უნდა გაემხილა სიკვდილისა და ავადმყოფობის შესახებ. მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონოდა. ეჭამა მხოლოდ ვეგეტარიანული საჭმელი. ჯეიმს შაფერს სჯეროდა, რომ პოზიტიური გარემო გოგონას უკვდავს გახდიდა.

ექსპერიმენტი მალევე ჩაიშალა, 15 თვის შემდეგ დედამ ბავშვი უკანვე მოითხოვა, ჯეიმს შაფერი კი დააპატიმრეს.

იმპერატორის ბრძანება

უკვდავების ელექსირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ჩინელი იმპერატორები ეძებდნენ.

ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდი ჩვ.წ.აღ-მდე 221-210 წლებში მეფობდა. უკვდავების წამლის მისაგნებად მან ექსპედიციებიც კი მოაწყო. ეძებდა ოსტატებს, რომლებსაც ამ ელექსირის დამზადება შეეძლოთ.

სააგენტო Xinhuanet წერს, რომ ჩინეთის ცენტრში, ხუნანის პროვინციაში აღმოჩენილია ხის ფირფიტები, რომლებზეც იმპერატორის ბრძანება წერია. ცინ შიხუანდი მოითხოვდა, სიცოცხლის ელექსირი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეძებნათ. იქვეა მაშინდელი ადგილობრივი მმართველების საპასუხო გზავნილებიც, საიდანაც ჩანს, რომ ბრძანებამ იმპერიის ყველაზე შორ წერტილებშიც კი მიაღწია.

ბევრი ისტორიკოსი ცინ შიხუანდს მიიჩნევს ტირანად, რომელმაც მილიონობით მიწათმფლობელი დაიმონა და აიძულა, ჩინეთის კედელი, ასევე მისი უზარმაზარი სასახლე და მავზოლეუმი აეშენებინათ.

იმის გამო, რომ მის მოკვლას ხშირად ცდილობდნენ, სიცოცხლის ბოლო წლებში იმპერატორი ხალხსაც გაურბოდა და საკუთარ გარემოცვასაც. უზარმაზარ სასახლეში განდეგილივით ცხოვრობდა.

გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ. 210 წელს, 49 წლისა.

ასევე ნახეთ პუტინს სიბერის დამარცხება სურს - კრემლმა რუს მეცნიერებს დავალება მისცა

ვამპირი ქალი უნგრეთიდან

ელიზაბეტ ბატორი - სერიული მკვლელი უნგრეთიდან. ელიზაბეტი მე-14-მე-15 საუკუნეების ფეოდალი იყო. მას და მის ხელქვეითებს ექვსასამდე ადამიანის სასტიკად წამება და მკვლელობა ბრალდებათ. დახოცილი ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოოდ ელიზაბეტს ცხოვრების ბოლომდე შინაპატიმრობა მიუსაჯეს. დაისაჯნენ ხელქვეითებიც.

ელიზაბეტ ბატორის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდაა გავრცელებული, მათ შორის ისიც, რომ ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ელიზაბეტი ქალწულების სისხლით სავსე აბაზანაში ბანაობდა. თუმცა, ეს ვერსია ისტორიკოსებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ, რადგან ელიზაბეტის თანამედროვე წყაროებში ამაზე არაფერია ნათქვამი.

ელიზაბეტ ბატორის ისტორიით არის შთაგონებული ირლანდიელი მწერლის აბრაჰამ სტოკერის ცნობილი რომანი „დრაკულა“.

არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების“

7 იანვარს საქართველოს პატრიარქმა, საშობაო ეპისტოლეში სიკვდილის შიშზე ისაუბრა, იმაზე, რომ ეს შიში ადამიანის დაცემული ბუნებიდან მოდის და ამგვარი ადამიანი მუდმივად ეძებს საშუალებას, როგორმე სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.

„ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).

ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა ... ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძნობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების“, - წერია ეპისტოლეში.

ეპისტოლეს გავრცელების შემდეგ საქართველოში მსგავსებების ძიება დაიწყეს - ვინ იგულისხმებოდა ტექსტში.