პუტინი ცდილობს, ტრამპის გამარჯვებას გულგრილად შეხვდეს

ტრადიციული რუსული ხის თოჯინა, რომელზეც გამოსახულია ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი

როდესაც გაირკვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მას მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა მიულოცა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინი არ ჩქარობდა.

კრემლის ვებსაიტზე, სადაც, როგორც წესი, მსგავსი ცნობები ქვეყნდება ხოლმე, ამერიკის არჩევნებიდან მეორე დღეს მხოლოდ ის ეწერა, რომ პუტინმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ატომური ენერგიით მომუშავე ყინულმჭრელის საზეიმო გაშვებაში. ყინულმჭრელი „ჩუკოტკა“ რუსეთის როლის ერთგვარი სიმბოლოა არქტიკაში, სადაც ის რესურსების მხრივ ეპაექრება შეერთებულ შტატებს და სხვებს.

სიგნალი ისედაც სრულიად ნათელი იქნებოდა, თუმცა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ის კიდევ უფრო დამარცვლა და დაწერა, რომ ყინულმჭრელის გაშვება „უფრო მნიშვნელოვანი“ იყო რუსებისთვის, ვიდრე აშშ-ის არჩევნები. ეს იყო პუტინის, კრემლისა და სახელმწიფო მედიის მცდელობის ნაწილი, რათა წარმოეჩინათ რუსეთი და მისი მთავრობა, როგორც გულგრილი ამერიკული კენჭისყრის შედეგების მიმართ.

შეერთებული შტატების არჩევნების შედეგზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 ნოემბერს, გვიან საღამოს, სოჭში გამართულ ვალდაის ფორუმზე, რამდენიმესაათიანი რემარკების მერე გააკეთა და არაოფიციალურად მიულოცა ტრამპს.

პუტინმა ტრამპი შეაქო და აღნიშნა, რომ „გამბედაობა გამოიჩინა“, როდესაც ივლისში მასზე თავდასხმა სცადეს. ასევე, პუტინმა თქვა, რომ ტრამპის განცხადებები მოსკოვთან ურთიერთობის „აღდგენის“ სურვილისა და „უკრაინის კრიზისის“ - ანუ 2022 წელს რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის - დასრულების შესახებ, „სულ მცირე, ყურადღების ღირსია“.

სოჭში გაკეთებული კომენტარები ადასტურებს დამკვირვებელთა შთაბეჭდილებას, რომ გულგრილი დამოკიდებულება სინამდვილეში ნიღაბი იყო.

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი

ვარაუდობენ, რომ კრემლი უფრო ტრამპის გამარჯვებას გულშემატკივრობდა, რადგან ეს ეჭვქვეშ დააყენებდა უკრაინისადმი აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერას. შესაძლოა პუტინს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მცირე უპირატესობით გამარჯვებაც აძლევდა ხელს, რასაც შესაძლოა გამოეწვია ქაოსი ამერიკაში, თუ ტრამპი და მისი მხარდამჭერები შედეგს არ აღიარებდნენ.

ფიქრობდნენ, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებდა, „უკრაინის მხარდაჭერა, რომ აღარაფერი ვთქვათ გაფართოების პერსპექტივებზე, საფრთხის ქვეშ დადგებოდა, ევროპა პანიკაში ჩავარდებოდა და ნატოს ალიანსი შესუსტდებოდა“, წერს რუსეთის ბრიტანელი მკვლევარი მარკ გალეოტი.

„თუმცა, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ისინი ელოდნენ, რომ ტრამპის მხარდამჭერები გაყალბებაზე ალაპარაკდებოდნენ და შემდგომი ბრალდებები და გამოწვევები ახალი ადმინისტრაციის პარალიზებას გამოიწვევდა“, - უთხრა გალეოტიმ ბრიტანულ პრესას 6 ნოემბერს.

პუტინი, რომელსაც უყვარს დასავლეთის დაცინვა და თავისი იმედების, გეგმებისა და მოტივების საიდუმლოდ შენახვა, სექტემბერში ამტკიცებდა, რომ ის ჰარისს ემხრობოდა. ეს კომენტარი იყო კრემლის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი, რათა არ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინი და მისი მთავრობა ტრამპის გამარჯვებას იმედოვნებდნენ.

აშშ-ში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ტრამპი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

ივლისის ბოლოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გამოსვლისას, სამხედრო დამკვირვებელმა დმიტრი დროზდენკომ ტრამპს უწოდა „ღრმა სახელმწიფოს მონა - მას არ შეუძლია რამის გაკეთება, მას არ აქვს ძალა - ასეა მოწყობილი ამერიკა“.

„2016 წელს, უმეტესწილად, ჩვენ ვნებიანად გვიყვარდა ტრამპი“, - თქვა კომენტატორმა კრემლის მხარდამჭერი ტელეწამყვანის ვლადიმირ სოლოვიოვის ინტერნეტარხზე ივნისში.

„გვყავდა ადამიანები, რომლებიც ტრიპტიქებს ხატავდნენ: ტრამპი, [ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ] ლე პენი და [პუტინი]. აბა, რა მივიღეთ საბოლოოდ?“

როგორც კი ტრამპმა გაიმარჯვა, კრემლის მომხრე კომენტატორებს შორის ტონი უფრო ოპტიმისტური გახდა.

მაგრამ 6 ნოემბერს საღამოს შოუში სოლოვიოვმა მაყურებელს მოუწოდა, ზედმეტი ენთუზიაზმი არ გამოეჩინათ.

„ჩვენ არ გვჭირდება აურზაური. არ უნდა ვიყოთ ძალიან ბედნიერი და არ უნდა ვიზეიმოთ“, - თქვა მან. „ინტერესით უნდა დავაკვირდეთ რა ხდება და გონივრული დასკვნები გამოვიტანოთ“.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე აღნიშნა.

Your browser doesn’t support HTML5

Russian Media Gleeful At Trump Win, But Kremlin Says No Plans To Congratulate Victor (Video)

7 ნოემბერს პესკოვმა უარყო რუსულენოვანი მედიასაშუალების Vyorstka-ს ინფორმაცია, რომელიც დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა ტრამპს „ნაცნობების მეშვეობით“ მიულოცეს.

პუტინმა შეიძლება საბოლოოდ ოფიციალური მილოცვა მაინც გაგზავნოს, თუმცა არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მან ეს არ გააკეთა სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად.

პირველ რიგში, პუტინმა ამერიკის დემონიზაცია მოახდინა და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი, შიდა აუდიტორიისთვის, წარმოადგინა როგორც ცივილიზაციური ბრძოლის ნაწილი აგრესიული და მორალურად გაკოტრებული დასავლეთის წინააღმდეგ.

ამ კონტექსტში, პუტინს სურს არ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობის იმედი აქვს, ან აპირებდეს დათმობებზე წავიდეს ნებისმიერ სადავო საკითხზე - მაგალითად, უკრაინის ომზე - ხელისუფლებაში მყოფ ტრამპთან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამცავი სამოსით ეწვია კოვიდ-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოს მოსკოვის გარეუბანში. 2020 წლის 24 მარტი.

დისტანციის ჩვენების სურვილი, ალბათ, კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პუტინს პანდემიის დროს ფარულად გაუგზავნა COVID-ტესტირების აღჭურვილობა და, რომ მათ რამდენჯერმე უსაუბრიათ მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დატოვა - რასაც ტრამპის კამპანია უარყოფს.

კრემლის სიფრთხილე შეიძლება ასევე ასახავდეს გაურკვევლობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიციას დაიჭერს ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიმართ.

ტრამპი და მისი თანამებრძოლი, ჯეი დი ვენსი აკრიტიკებდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისათვის ათობით მილიარდი დოლარის იარაღისა და სხვა დახმარების გამოყოფის გამო. კრემლში იმედოვნებენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა შემცირდება, ეს კი რუსეთს უზარმაზარ უპირატესობას მიანიჭებს ბრძოლის ველზე.

ტრამპს არაერთხელ უთქვამს კამპანიის დროს, რომ არჩევის შემთხვევაში ომის დასრულებას ძალიან სწრაფად მოახერხებდა, რამაც კიევს და მის მხარდამჭერებს შიში გაუჩინა, რომ ამერიკამ შესაძლოა ხელი შეუწყოს შეთანხმებას, რომელიც კიევისთვის ძალიან არახელსაყრელი იქნება.

თუმცა ტრამპს ცოტა თუ უთქვამს იმის შესახებ, როგორ აპირებს მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას. ამგვარად, პუტინს ჯერ არ უჩვენებია, რომ მზად არის რაიმე მოლაპარაკებებისათვის, თუ ეს კრემლის პირობებით არ ჩატარდა.

კრემლის პირობები კი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს რუსეთის სრულ კონტროლს უკრაინის ხუთ რეგიონზე, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად მოსკოვს ოკუპირებული არა აქვს, და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სამუდამო ვეტოს.

ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას