„პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა ვალდაის სადისკუსიო კლუბში სერიოზულ შესწავლას საჭიროებს, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კონფერენციის დასრულების შემდეგ, - ეს არის მოვლენა, რომელსაც, ალბათ, მოგვიანებით გააანალიზებენ, რომელსაც შეისწავლიან, მრავალჯერ წაიკითხავენ და გადაიკითხავენ“. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პუტინის მიერ 27 ოქტომბერს გამოთქმული მოსაზრებები არანაირ სიახლეს არ შეიცავდა. მაინც რა თქვა პუტინმა მოსკოვში გამართული კონფერენციის დასკვნით შეხვედრაზე, რომელიც 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა?
ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის კონფერენცია, რომელიც 2004 წლიდან იმართება რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით, წელს მოსკოვში შეიკრიბა (24-27 ოქტომბერი) მყვირალა თემით: „სამყარო ჰეგემონიის შემდეგ: სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასათვის“.
ტრადიციის მიხედვით, კონფერენციის მონაწილეებს (ექსპერტებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და დსთ-დან) წელსაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც ილაპარაკა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე, ეკონომიკური სანქციებით გამოწვეულ დანაკარგებზეი, უკრაინაში შეჭრის (ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის) მიზნებსა და სხვაზე.
ვლადიმირ პუტინს ასევე ჰკითხეს ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთის მტრების ჯოჯოხეთში, ხოლო რუსების სამოთხეში მოხვედრის შესახებაც, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა ამავე ფორმატის შეხვედრაზე ილაპარაკა 2018 წელს.
ოხ, ეს დასავლეთი!..
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, ვრცელი სიტყვისა და კიდევ უფრო ვრცელი დისკუსიისგან შედგებოდა. ტრიბუნასთან მდგომმა პუტინმა უკრაინის ნაცვლად, ძირითადად, მხოლოდ დასავლეთზე ილაპარაკა.
პუტინის თქმით, ბოლო წლებსა და განსაკუთრებით ბოლო თვეებში სწორედ დასავლეთმა გაამწვავა ვითარება. პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთი დაბრმავებულია თავისი ხანგრძლივი უპირატესობით და, რომ დასავლეთს არაფერი აქვს მსოფლიოსათვის შესათავაზებელი, გარდა იმისა, რომ „შეინარჩუნოს თავისი დომინირება“.
პუტინის თქმით, ყველა განსხვავების გამარტივება და წაშლა დასავლეთის არსი გახდა. „ლიბერალური იდეოლოგია ისე შეიცვალა, რომ ვერ იცნობთ. ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი და კრიტიკა ცხადდება პროპაგანდად და "კრემლის ინტრიგებად"“, - განაცხადა პუტინმა, რომლის აზრით, დასავლეთი ყველას მეორეხარისხოვან ადამიანად თვლის.
პუტინმა გაიხსენა ყასემ სოლეიმანი - ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ალ-ყუდსის მეთაური, რომელიც 2020 წელს ბაღდადის მახლობლად დაიღუპა აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად და, რომელიც, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებით, „ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა“.
„ყოველგვარი მორიდების გარეშე, აიღეს და მოკლეს სოლეიმანი, ირანელი გენერალი. სხვა სახელმწიფოს მოხელე მოკლეს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და თქვეს: "დიახ, მოვკალით". რას ჰგავს ეს? სად ვცხოვრობთ?“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 8 თვეა ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სოფლებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქუტრას - ელექტროსადგურებს, წყალსაცავებს.
ომი - რუსეთის სიკეთის წყარო
ვლადიმირ პუტინმა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ახსენა უკრანასთან ომი, გამოიყენა შეჭრის წინ მოფიქრებული ტერმინი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და ევფემიზმი „უკრაინის მიმართულება“, სადაც, მისი სიტყვებით, ყველაფერი დაიწყო დასავლეთის მიერ ინსპირირებული 2014 წლის მოვლენებითა და მაიდნით, რის გამოც უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა და, საბოლოო ჯამში, დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხარჯები. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ზარალს, რომელიც დაკავშირებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან. მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ. არის ეკონომიკური ზარალი, მაგრამ არის უზარმაზარი შენაძენიც. რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, გრძელვადიან პერსპექტივაში, მინდა ამას ხაზი გავუსვა, რუსეთისა და მისი მომავლის საკეთილდღეოდ ხდება”, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
პუტინის თქმით, შენაძენია ის, რომ რუსეთის ეკონომიკა და ბიზნესი, რომლებიც დასავლეთზე იყვნენ დამოკიდებული, ახლა დამოუკიდებლად მუშაობას სწავლობენ, ხოლო დასავლური კომპანიები, მისი თქმით, თურმე უკან, რუსეთში დაბრუნებაზე ოცნებობენ.
რა უნდა პუტინს უკრაინაში?
ამ კითხვის პასუხად პუტინმა კვლავ ჩამოთვალა გახუნებული მიზეზები: ნატოს გაფართოება, კიევის უარი მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, ვითარება დონბასში... მან ასევე თქვა, რომ 2014 წლის მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ რუსეთს „რაღაც უნდა გაეკეთებინა“ დონბასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს „რაღაც“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია იყო, რასაც უკრაინაში შეჭრამდე კატეგორიულად უარყოფდა.
2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის მცდელობა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 143-მა ქვეყანამ.
მტრის ვერდაფასება?
შესაძლოა რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინა, როგორც სამხედრო მოწინააღმდეგე? - პუტინმა ამ კითხვასაც უარყოფითად უპასუხა.
„არა, ჩვენ ვხედავდით რაც ხდებოდა, - თქვა პუტინმა, - უკრაინის ხელისუფლება რვა წლის განმავლობაში ქმნიდა საკმაოდ ძლიერ თავდაცვით ზღუდეებს დონბასის ტერიტორიაზე. რაც მეტი დრო გავიდოდა, მით უარესი იქნებოდა ჩვენთვის“.
პუტინის თქმით, მალე თავდაცვის ეს ზღუდეები იქნებოდა არა მხოლოდ დონბასის გარშემო, არამედ ყოველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით და, შესაბამისად, რუსეთისთვისაც „სრულიად განსხვავებული ვითარება“ შეიქმნებოდა.
პუტინს ცხადია, არც დასავლეთი დავიწყებია. მისი თქმით, რომ არა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება, რომ არა დასავლური შეიარაღება და დასავლეთში უკრაინელი სპეციალისტების გადამზადება, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
ისევ „ერთი ხალხი“?
პუტინთან შეხვედრის მოდერატორმა, ჟურნალისტმა ფიოდორ ლუკიანოვმა რესპონდენტს მის „საყვარელ საკითხზე“ - რუსეთის ისტორიაზე საუბრის შესაძლებლობაც მისცა, როცა იკითხა: კვლავ მიაჩნია თუ არა პუტინს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია?
ვლადიმირ პუტინმა მოკლე კონსპექტის სახით გაიმეორა ის, რაც უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების წინ თქვა და მერეც არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ხელოვნურად შეიქმნა, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და, რომ ჯერ ლენინმა, ხოლო შემდეგ ხრუშჩოვმა ხელოვნურად შეაკოწიწეს იგი. პუტინმა ტრადიციულად ახსენა კიევის რუსეთი და სტეფან ბანდერა, ვის მიმდევრებსაც, რუსული პროპაგანდის მიხედვით, ებრძვის რუსეთის არმია უკრაინაში.
კომიკური სიტუაცია შეიქმნა „ერთ ხალხზე“ საუბრის დროს, როცა წამყვანმა დაზუსტება ითხოვა: გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომი, ერთი ხალხის ნაწილებს შორის?
„კი, ნაწილობრივ ასეა“, - თქვა პუტინმა და „მოულოდნელად“ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტორობა იკისრა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი, რეალური, სერიოზული გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
გეგმის მიხედვით, მაგრამ რომელი გეგმის მიხედვით?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი რეგულარულად აცხადებენ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რა გეგმაზეა საუბარი?
პუტინმა კვლავ გაიმეორა ყბადაღებული „დონბასის დახმარება“.
კიევისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსული არმიის სწრაფი უკანდახევისა და ხერსონში უკრაინელი სამხედროების მძლავრი შეტევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი მაინც განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაში დასახული მიზნები - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „გათავისუფლება“ მიღწეულია.
„ერთი გეგმა და მიზანი გვქონდა - დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება“, - თქვა პუტინმა, თუმცა არაფერი უთქვამს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიტანილი სარაკეტო თუ სახმელეთო იერიშების შესახებ, რომლებსაც ათასობით ადამიანის, მათ შორის ბავშვებისა და სამოქალაქო პირების სიკვდილი მოჰყვა, არაფერი უთქვამს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიასა და ამ რეგიონებში რუსული არმიის მძიმე დანაკარგებსა და უკან დახევაზე.
ბირთვული მუქარა
შეხვედრაზე გაიჟღერა ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხმაც, თუმცა კითხვა ისე დაისვა, თითქოს უკრაინა ამზადებს „ბირთვულ პროვოკაციას“, რომელიც რუსეთმა უნდა აღკვეთოს ან, რომელსაც რუსეთმა უნდა უპასუხოს.
„ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, მსოფლიო მუდამ იქნება ბირთვული კატასტროფის ზღვარზე“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა და კვლავ უკრაინისა და დასავლეთის ბრალეულობაზე გააბა საუბარი.
„ატომური საფრთხეების შესახებ აურზაური პრიმიტიულია, - თქვა პუტინმა, რომელმაც 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გამოიყენებს „მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის ბირთვულ იარაღს, თუ საფრთხე დაემუქრება რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას“. მაშინ პუტინმა გააფრთხილა ყველა, რომ მისი სიტყვები „ბლეფი არ იყო“.
სულ ახლახან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე ალაპარაკდა რადიოლოგიური იარაღის („ბინძური ბომბის“) გამოყენების საფრთხის შესახებ. კიევსა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში სერგეი შოიგუს ამ სიტყვებშიც, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა დაინახეს.
თუმცა პუტინმა ამ შემთხვევაშიც ხელი დასავლეთისკენ გაიშვირა და თქვა, რომ დასავლეთი ეძებს დამატებით არგუმენტებს რუსეთთთან დასაპირისპირებლად და სურს გავლენა მოახდინოს რუსეთის მოკავშირეებსა და ნეიტრალურ ქვეყნებზე.
პუტინმა ასევე „გიჟები“ უწოდა მათ, ვინც ამტკიცებს, რომ რუსული ჯარები ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მან ახსენა „ბინძური ბომბიც“.
„სწორედ მე მივეცი მითითება შოიგუს, დაერეკა ყველა კოლეგისათვის და გაეფრთხილებინა ისინი „ბინძური ბომბის“ შესახებ, - განაცხადა პუტინმა, - ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე, ამას აზრი არ აქვს არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით“.
პუტინმა კიდევ ერთხელ შეახსენა კონფერენციის მონაწილეებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა, ამერიკის შეერთებული შტატებია.
აღარ ეჩქარება სამოთხეში?
კონფერენციის მსვლელობისას გაიხსენეს პუტინის მიერ 2018 წელს ნათქვამი სიტყვები ბირთვული ომის შედეგების შესახებ, რომ რუსეთის მტრები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ, რუსეთი და მისი მომხრეები კი - სამოთხეში.
„ბევრი ანერვიულდა, როცა გაიხსენა თქვენი განცხადება, რომელიც აქ, ამ ღონისძიებაზე გაკეთდა ოთხი წლის წინ, რომ ჩვენ ყველანი სამოთხეში მოვხვდებოდით. ხომ არ გვეჩქარება, არა?“ - ასეთი იყო შეხვედრის მოდერატორის კითხვა, რომელსაც პუტინმა დუმილით უპასუხა, თუმცა წამყვანი არ მოეშვა და ჩაეძია: „ჩაფიქრდით, ეს უკვე საგანგაშოა“.
„სპეციალურად ჩავფიქრდი, რათა შემეშფოთებინეთ”, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ვალდაის კონფერენციაზე პუტინის გამოსვლის კომენტირებისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი გამოსვლა შეიძლება ზოგადად შეფასდეს, როგორც „ფროიდისეული წამოცდენა“.
„ადამიანი, რომელიც შეიჭრა უცხო ქვეყანაში, მოახდინა ტერიტორიების ანექცია და მოაწყო გენოციდი - ადანაშაულებს სხვას... საერთაშორისო სამართლისა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევაში? ერთი სიმართლეა: ვინც ქარი დათესა, ქარიშხალს მოიმკის. ქარიშხალი მოდის“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა.