პუტინი მეოთხედ

ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია კრემლში

7 მაისს ვლადიმირ პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ინაუგურაციის ცერემონია ზუსტად შუადღეს დაიწყო: პუტინი კრემლის პირველ კორპუსში განთავსებული თავისი სამუშაო კაბინეტიდან ჯერ კრემლის დიდ დარბაზს ეწვია, შემდეგ დარბაზების ანფილადის გავლით ანდრიას დარბაზში შეაბიჯა, სადაც ფედერაციის საბჭოს დეპუტატების, სახელმწიფო სათათბიროს წევრებისა და რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების თანდასწრებით, დადო ფიცი და წაიკითხა მიმართვა.

„ჩემ მოვალეობად და მთელი ცხოვრების აზრად მიმაჩნია გავაკეთო ყველაფერი რუსეთისთვის, მისი აწმყოსა და აყვავებული მომავლისათვის, ჩვენი დიდებული ხალხის ზრუნვისათვის, რუსეთის თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. გარწმუნებთ, რომ, როგორც აქამდე, ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის მთავარი მიზანი კვლავ იქნება ხალხისა და მამულისთვის მსახურება. ჩემთვის ეს უპირველესია“, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ კიდევ რამდენი წელი აპირებს „ხალხისა და მამულისთვის“ სამსახურში ყოფნას.

ჩემ მოვალეობად და მთელი ცხოვრების აზრად მიმაჩნია გავაკეთო ყველაფერი რუსეთისთვის, მისი აწმყოსა და აყვავებული მომავლისათვის, ჩვენი დიდებული ხალხის ზრუნვისათვის, რუსეთის თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის...
ვლადიმირ პუტინი

66 წლის ვლადიმირ პუტინს 16 წელი გატარებული აქვს საბჭოთა კა-გე-ბე-ში, რომელიც დატოვა 1991 წელს ვიცე-პოლკოვნიკის ჩინში. პოლიტიკური კარიერა კი დაიწყო 1994 წელს, როცა საბჭოთა კავშირის კა-გე-ბეს თადარიგის 42 წლის ვიცე-პოლკოვნიკი პეტერბურგის მთავრობის თავმჯდომარის, ანატოლი სობჩაკის, მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი 1996 წელს გადაიყვანეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის ჯერ მოადგილედ.

1999 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ვლადიმირ პუტინი თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ გამოაცხადა.

ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის ერთპიროვნული მმართველია. მმართველობის წლებით პუტინი დაეწია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს ლეონიდ ბრეჟნევს, რომელიც 18 წელი მართავდა საბჭოთა კავშირს.

ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია კრემლში

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩევა. შესაბამისად, თუ ვადის ამოწურვამდე დარჩება, 2024 წლისათვის ვლადიმირ პუტინი, მმართველობის წლებით, დაეწევა სადამ ჰუსეინს (24 წელი) და სულ რაღაც ერთი ვადით ჩამორჩება იოსებ სტალინს (30 წელი).

ვლადიმირ პუტინი რუსეთის მმართველების ღირსეული მემკვიდრეა. ივანე მრისხანე რუსეთის 50 წლის განმავლობაში მართავდა, პეტრე პირველი - 42 წელი, მიხეილ რომანოვი კი - 32 წელი.

აქცია ლოზუნგით „ის არ არის ჩვენი მეფე“

შემთხვევით არაა, რომ 5 მაისს, რუსეთის ფედერაციის 27 ქალაქში გაიმართა პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ის არ არის ჩვენი მეფე.“ საპროტესტო აქციის მსვლელობისას პოლიციამ 1597 ადამიანი დააკავა.

გარწმუნებთ, რომ, როგორც აქამდე, ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის მთავარი მიზანი კვლავ იქნება ხალხისა და მამულისთვის მსახურება. ჩემთვის ეს უპირველესია...
ვლადიმირ პუტინი

„ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკვლევით, რუსეთის მოქალაქეების 47 პროცენტი ვლადიმირ პუტინის მთავარ წარმატებად ქვეყნისათვის ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებას მიიჩნევს.

გამოკითხულთა ყველაზე ხშირი საყვედურები (45%) კი უკავშირდება სოციალურ პრობლემებსა და შემოსავლების უსამართლო განაწილებას.

მესამედი უკმაყოფილოა რუსეთის მმართველის უუნარობით გაზარდოს ხელფასები და პენსია. მთლიანობაში „ლევადას ცენტრის“ დაკვირვებით, 2015 წლიდან იზრდება რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მიუთითებენ პუტინის წარუმატებლობებზე, მაშინ როცა წარმატებების აღნიშვნის მაჩვენებელი მცირდება.