„პუტინი თავიდანვე „ჭიანი ვაშლი“ იყო“ – ინტერვიუ რეჟისორთან, რომელმაც პუტინის შესახებ ორი ფილმი გადაიღო

ფესტივალ Artdocfest-ის პრეზიდენტი, დოკუმენტალისტი ვიტალი მანსკი

ვლადიმირ პუტინის ევოლუცია: როგორ მივიდა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილებამდე? რა შეცდომა დაუშვეს პროექტ „მემკვიდრის“ ავტორებმა? რამდენად რეალურია რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და რამ შეიძლება შეაჩეროს იგი? ამ და სხვა კითხვებს უპასუხა ვიტალი მანსკიმ, დოკუმენტალისტმა, ფესტივალ Artdocfest-ის პრეზიდენტმა, ადამიანმა, რომელმაც ჯერ გადაიღო ფილმი პუტინის საარჩევნო კამპანიის შესახებ „პუტინი. ნაკიანი წელი“, 20 წლის შემდეგ კი გააკეთა კიდევ ერთი ფილმი - „პუტინის მოწმეები“.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ რეჟისორ ვიტალი მანსკისთან

- დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ პირობებში, ომის პირობებში, თითქოს, ყველაზე ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს კინო. 1999 წლის ბოლოს თქვენ შეუდექით დოკუმენტური ფილმის გადაღებას პუტინის საარჩევნო კამპანიის შესახებ, 2018 წელს კი, ნაწილობრივ იმ პერიოდში დაგროვილი მასალიდან ანუ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის PR კამპანიის ამსახველი კადრებიდან, გააკეთეთ კიდევ ერთი ფილმი - "პუტინის მოწმეები". თქვენი, როგორც ავტორის, ამ ფილმების ცენტრალური ფიგურისადმი აშკარად განსხვავებული დამოკიდებულებით (მაშინ და ახლა), ეს ხომ მაინც ერთი საარქივო მასალაა, რამაც შესაძლებელი გახადა ორი ასეთი განსხვავებული ფილმის გაკეთება. პუტინი - მაშინ, 20-ზე მეტი წლის წინ და პუტინი დღეს - ერთი და იგივე ადამიანია?

ვიტალი მანსკი: ვერ გავიზიარებ თეზისს, რომ ეს ორი განსხვავებული ფილმია. პირველ ფილმში იკითხებოდა გარკვეული ირონია იმის მიმართ, რაც მაშინ ხდებოდა, იკითხებოდა ერთგვარი დაძაბულობით... იმიტომ რომ, პრინციპში, როცა ეს ფილმი გადავიღე, საკუთარ თავს დავუსვი კითხვები, რომლებიც პირადად მაწუხებდა. უნდა ვთქვა, რომ მე ვერ გადავიღებდი ფილმს „პუტინის მოწმეები“, რომ არ მქონოდა ეს მასალა, ეს საუბრები, ის კამათი პუტინთან, რომლებიც მაშინ ვერ ჩავტიე ფილმში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის ასე, თითქოს ჯერ გადავიღე სააგიტაციო ფილმი პუტინზე და შემდეგ ხელახლა გავახმოვანე და, რომ ადრე კარგი იყო პუტინი, ახლა კი დამზაფრავი მუსიკა დავადე და მივაწერე ტექსტი: „ნახეთ, როგორი ცუდია ის“.

ახლა, დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას - ეს პუტინები ერთმანეთისგნ განსხვავდებიან? დიახ, ზოგადად ძალაუფლება ცვლის ადამიანს და, უნდა ვაღიარო, რომ ცვლის უარესობისკენ. რუსული ძალაუფლების სისტემა, თავისი ბიზანტიური ტრადიციით, ანადგურებს ადამიანს, მაგრამ აქ ასევე აუცილებელია ვაღიაროთ ტოტალური, გლობალური და საბედისწერო შეცდომა იმ ადამიანებისა, რომლებმაც გამოიგონეს პუტინი, ასევე იმათიც, ვინც დაჰყვა იმ პოლიტტექნოლოგიურ კამპანიას, რამაც შესაძლებელი გახადა პროექტ „მემკვიდრის“ განხორციელება. პუტინი თავდაპირველად „ჭიანი ვაშლი“ იყო, მაგრამ, როცა ახალი მოწყვეტილია, ყველა ჭიან ვაშლს არ ემჩნევა, რომ ჭიანია. ჭია შეიძლება შიგნით იჯდეს, არ იყოს ზემოთ ამოსული, თუმცა ამ ვაშლის სიდამპლე იმთავითვე გადაწყვეტილია. რუსული შეუზღუდავი ძალაუფლების წლებში - და რუსული ძალაუფლება სწორედაც რომ ასეთია, უსაზღვრო და მონარქიული, ნამდვილი დრაკონი: არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რაინდი ან მამაცი ჭაბუკიც არ უნდა ავიდეს რუსეთის ძალაუფლების მწვერვალზე, როგორც იმ ცნობილ ზღაპარსა თუ იგავშია, გარდაუვლად იქცევა დრაკონად.

პუტინი, რა თქმა უნდა, გაიხრწნა. სისტემა დაეხმარა ამაში. ცხადია, მისი გახრწნის ფაქტი აშკარა გახდა არა 2022 წლის 24 თებერვალს. ეს უკვე თვალსაჩინო იყო 2008 წელს. მხოლოდ ფორმალურად სხვა გვარის ადამიანმა დაიწყო ომი საქართველოში. ყველას გვახსოვს, რომ მედვედევს არაფერი გაუკეთებია მეთოჯინის პირდაპირი მითითებების გარეშე. ეს ადრეც გასაგები იყო, როცა წყალქვეშა გემი "კურსკი" ჩაიძირა, როცა ხოდორკოვსკი დააპატიმრეს, როცა НТВ დახურეს. უბრალოდ, ამაღლდა ამის გაგების ხარისხი. მუდმივად უმატებდნენ ტემპერატურას და უნდა ითქვას, რომ დღეს რუსეთში, როდესაც უკვე ერთი კვირაა უკრაინაში მიმდინარეობს რუსული არმიის ყველაზე საშინელი ომი, რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ნეტარ ძილშია ჩაძირული. არიან ნაძირლებიც, რომლებიც ხელს აწერენ წერილებს და მხარს უჭერენ კრემლის კურსს. მათ შორის, ჩვენი კოლეგები, დოკუმენტალისტები.

- იმის გათვალისწინებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, ადამიანისთვის, რომელმაც საკმაოდ დიდი დრო გაატარა პუტინთან - თუნდაც 20 წლის წინანდელ პუტინთან - მოულოდნელი იყო 24 თებერვალი? თუ ხვდებით, რა სურს ამ ადამიანს დღეს? ბევრი ამბობს, რომ ის სრულიად მოწვეტილია რეალობას. როგორ ხედავთ?

ვიტალი მანსკი: არა, მე აბსოლუტურად ვადასტურებ, რომ ძალაუფლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პირამიდის მწვერვალზე მყოფი ადამიანი აბსოლუტურად მოწყვეტილია ამ პირამიდის საფუძველს. მას არ ესმის, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ინფორმაცია, რომელიც მასთან მიდის, დიქტატორის შემთხვევაში, ინფორმაციიდან გარდაიქმნება დიქტატორული ოცნებების ერთგვარ მომსახურებად, რეალობიდან იქცევა ფსევდორეალობად, დამახინჯებულ რეალობად.

ახლა რაც შეეხება ჩემს პირად შეგრძნებას თუ წინათგრძნობას, ასეთი რამ რომ არ მქონოდა, 2014 წელს ალბათ რუსეთს არ დავტოვებდი, მაგრამ, მოგეხსენებათ გრძნობებისა და წინათგრძნობების ამბავი - როდესაც საყვარელი ადამიანი ავად არის, განსაკუთრებით, თუ ის ასაკოვანია და უკვე საწოლსაა მიჯაჭვული, - გესმით, რომ ის ვეღარ წამოდგება, ვერ იცეკვებს, ვერ დალევს და ა.შ., მაგრამ მაინც, მისი სიკვდილის მომენტი თქვენთვის მოულოდნელი ხდება. ფატალურობის მიუხედავად, არ გსურთ ამის მიღება. თითქოს სიკვდილი არ არსებობს, მაგრამ შემდეგ მოდის სიკვდილი და შოკში ვარდებით. რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რომ პუტინმა თავისი პოლიტიკა - როგორც საშინაო, ისე საგარეო, ესთეტიკური და ეთიკური - ისე ააგო, რომ პირდაპირ ომისკენ მიექანებოდა, მაგრამ, რასაკვირველია, ძნელი იყო ამის მიღება, ვიდრე ეს ომი არ დაიწყო, ვიდრე პირველი ჭურვები არ ჩამოცვივდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიწაზე. მარსიანელები რომ დაეშვნენ აქ, რიგის მოედანზე კინოთეატრის წინ, ნამდვილად იქნებოდა სიურპრიზი, მაგრამ თუ კრემლის [ჯარები] დაეშვებიან, ვერ ვიტყოდი, რომ გამიკვირდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა: მჯერა, მას შეუძლია ღილაკზე თითის დაჭერა.

- არის რაიმე ძალა - ვინმე ადამიანი, რამე კოალიცია, რომელსაც შეუძლია მისი შეჩერება? Რა არის ეს?

ვიტალი მანსკი: პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეები არიან ვალდებულნი შეაჩერონ ის. დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისია თუნდაც მილიონი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, ალყაში მოაქციონ კრემლი, მშვიდობის მარშით მიადგნენ რეზიდენციას, აიძულონ ეს მამაცი კაცუნა ჩახტეს შვეულმფრენში და გაფრინდეს იქ, სადაც, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, არსად დაჯდომის საშუალებას არ მისცემენ - სულ ეს არის და ეს. ასეთია ყველაზე მშვიდობიანი გზა, ყველაზე მარტივიც და ყველაზე გულწრფელი გამოსავალი სამყაროსთან მიმართებით. შეიძლება ფეისბუკზე უკრაიანის ყვითელ-ლურჯი დროშის ავატარად დაყენება, ცხადია, შეიძლება, მაგრამ უკვე გვიანია. ავატარებით ეს საკითხი ვერ გადაწყდება.

- რუსების პროტესტზე რომ ვთქვათ. ომის პირველ დღეს „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა ჩაწერა მიმართვა, სადაც თქვა, რომ მხოლოდ რუსების ანტისაომარ მოძრაობას შეუძლია ამ ყველაფრის შეჩერება. ამავდროულად, თქვენს ვებსაიტზე, ფილმის "პუტინის მოწმეების" ტექსტის აღწერა მთავრდება მთავარი გმირების ჩამონათვალით: „მიხაილ გორბაჩოვი, ბორის ელცინი, ვლადიმირ პუტინი და რუსი ხალხი, რომელიც, როგორც ყოველთვის, მდუმარებს“ - ამგვარი ფორმულირება გაქვთ გამოყენებული...

ვიტალი მანსკი: გეცოდინებათ, ეს ფორმულირება ჩემი არ არის. ეს ალექსანდრე სერგეევიჩ პუშკინია ... როგორც მდუმარებდა 300 წლის წინ, ახლაც ისე მდუმარებს.

- რას შეუძლია ამის შეცვლა? ამის შესახებ მინდოდა მეკითხა.

ვიტალი მანსკი: პირველ რიგში, მჯერა და ამას პირდაპირ ვამბობ ფილმში "პუტინის მოწმეები", რომ დანაშაულის მდუმარე დაკვირვება მოწმეს თანამონაწილედ აქცევს. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანი, მათ შორის მეც, ვისაც ჯიბეში რუსული პასპორტი აქვს, დანაშაულის თანამონაწილეები ვართ. და ვიდრე ამას ნათლად და მკაფიოდ არ გავიაზრებთ, არაფერი მოხდება, მაგრამ უკვე გააზრებაც აღარ არის ყველაფერი, გააზრებასთან ერთად საჭიროა მოქმედება. ვლანძღავ და ურთიერთობასაც კი ვწყვეტ ჩემს ზოგიერთ კოლეგასთან, რომელიც ახლა, როცა ომია, როცა კატასტროფა ხდება, ცდილობს დაიცვას რუსული ფილმების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის უფლება. მე ვეუბნები: „ბიჭებო, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? რა ჯანდაბის ფილმები ფესტივალებზე?” დღეს უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში, უნდა მიხვიდეთ ხალხთან, უნდა გახდეთ ხალხოსნები, უნდა გააფართოოთ თქვენი შეგრძნებებისა და კატასტროფის გაგების წრე იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ფიზიკურად შეგიძლიათ მისწვდეთ. თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ეს მილიონი, რომელიც უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ეს ხალხი მარტივად არ გამოვა, რადგან ადამიანები კრემლის პროპაგანდით არიან მოწამლული. თქვენ უნდა გამოაღვიძოთ ეს ხალხი, თუ თქვენ თვითონ უკვე გაიღვიძეთ.

- კიდევ ერთი ციტატა მინდა მოვიყვანო თქვენი ფილმიდან. პუტინის სიტყვებია: „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხს სჯეროდეს იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ - ეს არის გულწრფელი პოზიცია, რომელიც ნაკარნახევია, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“. თქვენს ფილმში პუტინი ასევე ამბობს, რომ შემეძლოს თითოეულ მოქალაქესთან პირადად გასაუბრება, ყველას დარწმუნებას შევძლებდიო. ახლა, როცა, თქვენი აზრით, რუსების აქტიურობა ასე მნიშვნელოვანია, პუტინი კი (არ ვიცით, მართალია თუ არა, მაგრამ დავუშვათ, რომ მართალია) ბუნკერში ზის ძალიან ვიწრო წრით შემოფარგლული, რაში არწმუნებს ან ცდილობს დაარწმუნოს რუსი ხალხი და რამდენად გამოუვა ეს?

ვიტალი მანსკი: ახლო წრესთან მისი ურთიერთობის ფოტოები გინახავთ? თავდაცვის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან - ვინ შეიძლება იყოს მათზე უფრო ახლოს ომის დროს? 10-მეტრიანი მაგიდის სიშორიდან ელაპარაკება. ეშინია ხელის ჩამორთმევის. უბრალოდ კოსმოსშია, სადღაც ალფა-კენტავრის თანავარსკვლავედის რომელიღაც პლანეტაზე, საიდანაც სიგნალი დედამიწამდე 350 წლის განმავლობაში მიდის. დაახლოებით ასეთია მისი რეალობასთან ურთიერთობის სიჩქარე.