პარალელები კიდევ უფრო აშკარაა, როცა ამ ორი „ცარის“ მმართველობის ბოლო წლებს ადარებენ: ცენზურის გამკაცრება, უნივერსიტეტების დევნა, ემიგრანტებისთვის ქონების წართმევის მუქარა, დასავლური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. ცნობილია, რომ ნიკოლოზ I-მა ცუდად დაამთავრა - რუსეთი სასტიკად დამარცხდა ე.წ. ლიბერალურ ალიანსთან ომში.
რა ელის პუტინსა და რუსეთს - რა პარალელების გავლება შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ პუტინმა თავისი შორეული წინამორბედის თითქმის ყველა შეცდომა გაიმეორა?
170 წლის წინ...
170 წლის წინ, 1853 წლის ოქტომბერში დაიწყო ყირიმის ომი, რომლის გამომწვევ მრავალ მიზეზთა შორის ისტორიკოსები ასახელებენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მცდელობას, შეენარჩუნებინათ ძალთა ბალანსი ევროპაში, რომელიც, ოსმალეთის იმპერიის დასუსტების გამო, პირველად ირღვეოდა ნაპოლეონის ომების შემდეგ. რუსეთის იმპერატორი ოსმალეთს „მძიმე ავადმყოფს“ უწოდებდა და მისი მემკვიდრეობის გაყოფას მოითხოვდა.
ომის საბაბად იქცა ორი იმპერატორის: ნაპოლეონ III-სა და ნიკოლოზ I-ის გეოპოლიტიკური ამბიციები. ნაპოლეონ III-ს, შიდაპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სურდა წარმოჩენილიყო წმინდა მიწის ქრისტიანული მოსახლეობის მფარველად, შესაბამისად, მან მხარი დაუჭირა კათოლიკეების მცდელობას, მათ კონტროლქვეშ ყოფილიყო ბეთლემის შობის ტაძარი, ნიკოლოზმა კი რუსი თვითმპყრობლებისათვის ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველის როლი მოირგო და მოსთხოვა სულთანს გაეუქმებინა საფრანგეთის ზეწოლით კათოლიკეებისთვის მინიჭებული პრივილეგიები. მიუხედავად პორტას თანხმობისა, შეესრულებინა ყველა მოთხოვნა, მათ შორის წმინდა მიწაზე მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების აღდგენისა, ნიკოლოზმა ვერ მოინელა ერთადერთი უარი: რუსთა იმპერატორს სურდა მიეღო ოტომანთა იმპერიაში მცხოვრები მართლმადიდებლების მფარველის სტატუსი, რაზეც უარი ეთქვა. როგორც ისტორიკოსი ალექსის ტრუბეცკოი წერს, „იმპერატორის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა; ნიკოლოზს ჰქონდა განცდა, რომ სულთანმა მას სახეში გაარტყა“.
რუსეთმა სულთნის ჭკუის სასწავლებლად ჯარები შეიყვანა ოსმალეთის იმპერიის ვასალურ მოლდავეთსა და ვლახეთში, რაც, ისტორიკოსების შეფასებით, ნიკოლოზის საბედისწერო შეცდომა იყო. ინგლისსა და საფრანგეთში რუსეთის დემარში აღიქვეს როგორც პეტერბურგის მცდელობა - დაენაწევრებინა სამხრეთი მეზობელი.
პუტინის მსგავსად ნიკოლოზ პირველსაც შეეძლო ომის თავიდან აცილება, მაგრამ მასაც არ სჯეროდა, რომ მაშინდელი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდნენ. აკი, უთხრა კიდეც საფრანგეთის ელჩს, „ოთხივე ერთად (საფრანგეთი, ინგლისი, ავსტრია, პრუსია) კი მაჯობებდით, მაგრამ ავსტრია და პრუსია ჩემ გვერდით იქნებიანო (რაშიც ასევე მოტყუვდა).
ნიკოლოზ I-ს მოგვიანებითაც შეეძლო ინგლისსა და საფრანგეთთან დაპირისპირების თავიდან აცილება. 1854 წლის იანვარში (ოსმალეთის იმპერიას უკვე გამოცხადებული (1853 წ. 16 ოქტ.) ჰქონდა ომი რუსეთისთვის) მოკავშირეების ხომალდების შავ ზღვაში შესვლის პარალელურად, საფრანგეთის იმპერატორმა ღია წერილით მიმართა ნიკოლოზს და მოლდავეთ-ვლახეთიდან გასვლისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, საფრანგეთი და ინგლისი შავ ზღვას დატოვებენო. საპასუხო ღია წერილში რუსეთის იმპერატორმა ფრანგ კოლეგას ქედმაღლურად მიმართა, „რუსეთი 1854 წელსაც იგივე იქნება, რაც 1812 წელს იყოო“.
თუმცა, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, სწრაფად გაირკვა, რომ რუსეთს, რომელიც მრისხანედ გამოიყურებოდა როგორც საკუთარ, ისე მსოფლიოს თვალში, არ ჰყავდა თანამედროვე არმია და საზღვაო ფლოტი. მისი შეიარაღება მოძველებული იყო, მას არ შეეძლო სამხედრო მომარაგების ორგანიზება რკინიგზის არარსებობის გამო. გარდა ამისა, რუსეთში განუვითარებელი იყო სატელეგრაფო კომუნიკაციები.
რუსეთის ისტორიის მკვლევრისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ფრედერიკ სტარის თქმით, ნიკოლოზ პირველი იყო სულით-ხორცამდე ექსპანსიონისტი, მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მისი სატელეგრაფო კომუნიკაციები არასაკმარისი იყო, მის საველე მეთაურებს არ ჰქონდათ საჰაერო ბურთები სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ხოლო რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ხრახნილლულიანი თოფები, რომლებიც საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჯარების სტანდარტულ შეიარაღებაში იყო. ფრედერიკ სტარი ბევრ საერთოს ხედავს 170 წლის წინანდელ მოვლენებსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას შორის:
„ეს იყო ნამდვილი და ძალიან სერიოზული ომი, - ამბობს ფრედერიკ სტარი, - ეს იყო არა მხოლოდ ერების, არამედ კულტურების შეტაკება. ომის შედეგი რუსეთისთვის ტრაგიკული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ომის წინ რუსეთს ნაპოლეონის ომების შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი არმია ჰყავდა, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველაზე ძლიერად და თანამედროვედ გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ასეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა ტრიუმფალური აღლუმები, რომლებსაც ყველა აღფრთოვანებული უყურებდა. ზუსტად ისევე, როგორც პუტინი აკეთებდა, რომელიც ასევე გაუთავებლად მართავდა აღლუმებს წითელ მოედანზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ, ცხადია, ზედაპირული იყო. ამ დროს ევროპა - საფრანგეთი, ინგლისი და იტალია თავის შეიარაღებაში იღებდა ყველა ტიპის უახლეს იარაღს. ეს იყო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის ერა, რომელიც ნაპოლეონის ომების შემდეგ დაიწყო და, რაშიც რუსეთი არ მონაწილეობდა, რადგან თვითკმაყოფილებას იყო მიცემული. შთაბეჭდილება, რომელსაც რუსეთი და მის ჯარი ახდენდა, ყველაფერი მოჩვენებითი იყო. რუსი სამხედროები თავად ხვდებოდნენ რაც ხდებოდა, მაგრამ რა უნდა ექნათ? არადა, XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპელებმა ყველგან გაიყვანეს ახალი რკინიგზა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ჯარის სწრაფად გადასროლას ყველა მიმართულებით, რუსეთს კი არ გააჩნდა ასეთი შესაძლებლობა. ყირიმში რუსული ჯარების სწრაფად და ადვილად გადაყვანა წარმოუდგენლად რთული იყო. თუმცა არა მხოლოდ ჯარების, არამედ იარაღის შეტანაც: რუსებს არ შეეძლოთ მძიმე იარაღის გაგზავნა ბრძოლის ველზე. ამის გამო მოხდა ის ტრაგედია, რომლის შესახებაც ასე ელეგანტურად დაწერა ლევ ტოლსტოიმ“.
ყირიმის ომმა, რომელიც სამი წელი გაგრძელდა (1853-1856 წწ.), 500 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე და რუსეთის უძლეველობის მითი შეიწირა.
ამერიკელი მკვლევრის თქმით, ისტორიის თვალსაზრისით, ყირიმის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი მომენტი:
- I - ეს იყო აბსოლუტური კოლაფსი რუსული არმიისთვის, რომელმაც ომი წააგო მიუხედავად ჯარისკაცების გამბედაობისა. ეს იყო კოლაფსი რუსი ნაციონალისტებისთვის, რომლებიც ოცნებობდნენ ექსპანსიაზე
- II - ეს იყო პროლოგი რეფორმებისთვის
ისტორიკოსების შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ომის მსვლელობისას (1855 წ.) მოულოდნელად გარდაიცვალა ნიკოლოზ I (ერთი ვერსიით, თავი მოიწამლა), რამაც შესაძლებლობა მისცა ახალ თაობას, მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინათ სახელმწიფო მმართველობაში და დაეწყოთ ეგრეთ წოდებული დიდი რეფორმები. პეტერბურგში მიხვდნენ ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობას. ცხადი გახდა, რომ ნიკოლოზის ეპოქა დასრულდა.
„პარალელი რომ გავავლოთ, საინტერესოა, ახლა რა მოხდება რუსეთში? - კითხვას სვამს ფრედერიკ სტარი, - პუტინი არც ისე ახალგაზრდაა. ვინ შეცვლის მას? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი ბოლოს მოუღებს უკიდურესი შოვინისტების, უკიდურესი ნაციონალისტების, რუსული იდეის, ევრაზიული ოცნების უკიდურესი დამცველების ეპოქას. როდის, ძნელი სათქმელია, მაგრამ აშკარაა, რომ მათი დრო მთავრდება“.
ამერიკელი ისტორიკოსი არ ელოდება ამბოხებას ქვემოდან, მიუხედავად იმისა, რომ, მისი აზრით, რუსეთში ხალხის განწყობა ნელ-ნელა იცვლება.
„უფრო მიზანშეწონილი იქნება საბჭოთა გამოთქმის - "ზედაფენების აჯანყების" - გამოყენება. ახლა ყველას ესმის, რომ არსებობს ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრი: არის ფეესბე, გვარდია, ჯარი... შექმნილ ვითარებაში ყველა მათგანი ცალკე მოვლენაა, თითოეულს აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი მიზნები და ოცნებები. რუსული ტელევიზიაც კი იცვლება. უკიდურესი ფანატიკოსებიც კი, მაგალითად, სოლოვიოვის მსგავსები, ძალიან საინტერესოდ იქცევიან: ერთი მხრივ, სოლოვიოვი ციტირებს გირკინისა და გარდაცვლილი პრიგოჟინის აზრებს, მაგრამ, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ რუსეთის ჯარი საშინელ ვითარებაშია და სვამს კითხვას, რა ვქნათო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ აჩვენებს უკიდურესი ნაციონალისტების გარდაუვალ მარცხს“, - ამბობს ფრედერიკ სტარი.
ამერიკელი ისტორიკოსის თქმით, ასევე ანგარიშგასაწევია გუბერნატორების ფაქტორი, გუბერნატორებისა, რომლებსაც თავად პუტინმა უთხრა, დაკავებული ვარ და გააკეთეთ ის, რაც საჭიროა უკრაინაში გამარჯვების უზრუნველსაყოფადო:
„მიუხედავად პუტინის სისტემის ცენტრალიზაციისა, მან თავად მოახდინა გარკვეულწილად დეცენტრალიზაცია. ეს არის დეცენტრალიზაცია თვითმმართველობის გარეშე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს გუბერნატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. არადა, რუსეთში არიან ზომიერი გუბერნატორები, პრაქტიკული ადამიანები და არიან ძალიან საინტერესო გუბერნატორები, რომლებიც ციხეში სხედან. ამიტომ, თეორიულად, არსებობს ალტერნატიული ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა კრიზისის დროს. ასეთი კონტაქტები, ალბათ, უკვე არსებობს“.
ფრედერიკ სტარის თქმით, პუტინის ეპოქის დასასრულებლად რუსეთის სრული დამარცხება არც არის საჭირო, რადგან ყველა ლიდერი, გუბერნატორი, ბიზნესმენი და თუნდაც არმია - ძველი და სერიოზული დაწესებულება, ფიქრობს მემკვიდრეობაზე და მათ მშვენივრად ესმით, რომ კრემლი უკვე დამარცხდა.
„ატომური იარაღის გამოყენება ნიშნავს რუსეთის არმიის დასრულებას. ამას ყველა ხვდება. შეცვლილია რუსეთის არმიის ფსიქოლოგია, რუსი ოფიცრების ფსიქოლოგია. ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის წინ უსწრებს ფსიქოლოგიური კრიზისი, ფსიქოლოგიურ გადატრიალებას აუცილებლად მოჰყვება პრაქტიკული გადატრიალება. არაა აუცილებელი რუსეთის 100%-იანი განადგურება ბრძოლის ველზე, რათა სისტემის შიგნით გაჩნდეს ოპოზიცია. ამ ვითარებაში ყველაზე ძლიერი ძალა ფსიქოლოგიაა, ფსიქოლოგიის ტრანსფორმაცია კი უკვე დაწყებულია“, - ამბობს ამერიკელი ისტორიკოსი, რომელიც რუსეთის იმპერიის დაშლის შესაძლებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„პირველი, რაც ამ დროს გახსენდება, ჩეჩნეთია. თუმცა შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ რეგიონები და ეროვნული რესპუბლიკებიც მოითხოვენ, სულ ცოტა, დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობას. ნიკოლოზის ეპოქის შემდგომი რეფორმები ორიენტირებული იყო დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის პრინციპზე. ყველა რეგიონი მოითხოვდა მეტ მონაწილეობას მართვაში. ასე გაჩნდა ერობა (ЗЕМСТВО) - ძალიან სერიოზული და წარმატებული ინსტიტუტი. არავინ იცის, რა მოხდება ახლა, მაგრამ მეჩვენება, რომ პუტინის ეპოქის დასასრულის გარდაუვალი შედეგი იქნება დეცენტრალიზაცია და რეგიონებში ნამდვილი თვითმმართველობის მოთხოვნა“.
ცნობილია, რომ ნიკოლოზ I-ის შემდეგ მოსულმა ალექსანდრე II-მ მართლაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები (მათ შორის, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის კუთხით), თუმცა 15 წლის შემდეგ ისიც დაუბრუნდა იმპერიის იდეას: მიადგა არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ ცენტრალურ აზიასაც, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ ალექსანდრე მეორის შემდეგ მოსულმა ალექსანდრე მესამემ საბოლოოდ შეაჩერა რეფორმები.
ხომ არ მოხდება იგივე პუტინის შემდეგ? - ამ კითხვის პასუხად, ფრედერიკ სტარი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ეპოქების სპეციფიკა:
„არ დაგვავიწყდეს, რომ XIX საუკუნეში, ყირიმში დამარცხების მიუხედავად, რუსეთი იყო იმპერია. იმპერია, რომელიც თანაარსებობდა სხვა იმპერიებთან ერთად. იმპერიის იდეა ყირიმის ომის შემდეგ არ მომკვდარა, მხოლოდ გაქრა რამდენიმე წლის განმავლობაში. იმპერიების ეპოქაში რუსეთის იმპერია რომ ყირიმის ომს გადაურჩებოდა, ფაქტობრივად გარდაუვალი ამბავი იყო, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. რუსეთის გარდა ვინ ოცნებობს ძველი გაგებით იმპერიაზე? არავინ! უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ომი არ მიმდინარეობს მხოლოდ ტერიტორიისთვის. ესაა ომი პრინციპებისთვის და ყველა ეს პრინციპი თავად პუტინთან ერთად მოკვდება. ესაა წარსულის სინდრომი. ვინ უნდა ააღორძინოს ან ხელახლა შვას იმპერიული ოცნებები? არ ვიცი... ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ჯარი გააკეთებს. სხვა ვინ? დუგინი? ის არაა ახალგაზრდა, ისევე როგორც მისი იდეები, ევრაზიულობა და ა.შ. - ეს ყველაფერი დაბერებულია. ვინ არიან ახალი დუგინები? არ მგონია, რომ ასეთები საერთოდ არსებობდნენ“.
ამერიკელ ისტორიკოსს ესმის, რომ იმპერიული მსოფლმხედველობა რუსებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი, რასაც წარმატებით იყენებს კიდეც პუტინის სისტემა, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ, პუტინის შემდეგ, გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც რადიკალურად შეცვლის რუსეთის ბედს, - მსგავსად შარლ დე გოლისა, რომელმაც უარი თქვა იმპერიის ალჟირზე და, შესაბამისად, იმპერიის იდეაზე:
„ბნელ XIX საუკუნეშიც მოიძებნენ რეფორმატორები, თანამედროვე და განათლებული ადამიანები, რომლებმაც სერიოზული გავლენა მოახდინეს რუსეთის ბედზე. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობდეს. არ ვიცი, ვინ იქნება დე გოლი რუსეთში, მაგრამ ვინმე ითამაშებს ასეთ როლს, ან შეიძლება იყოს ჯგუფი, ან შეიძლება იყოს ახალი თაობა, შეიძლება იყოს რამდენიმე ლიდერი რეგიონებიდან... არ ვიცი, მაგრამ გარდაუვალია, ვიღაც აუცილებლად შეეცდება ამ როლის შესრულებას“.