19 ივნისს ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (კსდრ) ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
პუტინის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ „ურთიერთდახმარებაზე ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში“. კიმ ჩენ ინმა კი მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობის ახალ, აყვავების პერიოდზე ილაპარაკა და მხარი დაუჭირა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ვლადიმირ პუტინი ფხენიანში ჩაფრინდა 18 ივნისს, მოლაპარაკებების დაწყების წინა დღეს. ვიზიტი ორდღიანი იყო, თუმცა თითქმის ყველა შეხვედრა 19 ივნისს გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო ურთიერთობებში, იური უშაკოვმა, ფხენიანში ჩასვლამდე თქვა, რომ მზადდებოდა ორ ქვეყანას შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და, რომ მოლაპარაკებები ასევე შეეხებოდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში.
როგორც რუსული მედია წერს, „მხარეებმა განიხილეს აკადემიური, კულტურული და ტურისტული გაცვლების გაფართოების, ასევე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის, მათ შორის - მოსკოვი-ნოვოსიბირსკი-ფხენიანის ავიარეისების გახსნის საკითხები“.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, როსკოსმოსის ხელმძღვანელი იური ბორისოვი და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ოლეგ ბელოზეროვი.
დელეგაციებს შორის მოლაპარაკება საათნახევრიანი იყო. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა და კიმმა დამატებით ორი საათი ისაუბრეს ერთი-ერთზე, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია.
ახალი შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. პუტინის თქმით, იგი ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.
ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა კსდრ-ის ლიდერის მიწვევით. თვითონ კიმ ჩენ ინი რუსეთს 2023 წლის სექტემბერში სტუმრობდა. რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში არ ყოფილა 2000 წლის შემდეგ. კსდრ-ს მაშინ დღევანდელი ლიდერის მამა, კიმ ჩენ ირი ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთი კორეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იმყოფება აშშ-ისა და გაეროს სანქციების ქვეშ, იშვიათად მასპინძლობს უცხოელ ლიდერებს.
რუსეთისა და კსდრ-ის ლიდერების მიერ 19 ივნისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩაანაცვლებს:
- 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების წინა ხელშეკრულებას
- 2000 წლის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას
- 2000 და 2001 წლების ფხენიანისა და მოსკოვის დეკლარაციებს
პუტინის მოლოდინი
ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის წინ მადლობა გადაუხადა ფხენიანს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ კორეის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმართ, საკვანძო საერთაშორისო საკითხებში ჩვენთან სოლიდარობას და მზადყოფნას დაიცვას საერთო პრიორიტეტები და შეხედულებები გაეროში“, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ სტატიაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის გაზეთ „ნოდონ სინმუნში“ გამოქვეყნდა 18 ივნისს.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (კსდრ) „ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას. რუსეთი და კსდრ აქტიურად ავითარებენ მრავალმხრივ პარტნიორობას, მათ შორის - ვაჭრობისა და ანგარიშსწორების დასავლეთისგან დამოუკიდებელი და ალტერნატიული მექანიზმების შემუშავების კუთხით“.
„ფხენიანი იყო და რჩება ჩვენს მტკიცე თანამოაზრედ და მხარდამჭერად, რომელიც მზად არის მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს კოლექტიური დასავლეთის სურვილს აღკვეთოს მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე“, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის სტატიაში, რომელიც კორეულ პრესაში გამოქვეყნდა.
რუსეთს იარაღი, ჩრდ. კორეას - ტექნიკური დახმარება
ჩრდილოეთ კორეის წამყვანი ექსპერტი, სეულის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი ლანკოვი გამოცემა „ოკნოს“ ეუბნება, რომ პირველ რიგში, პუტინი ამ ვიზიტიდან ელოდება კორეული ჭურვებისა და მუშახელის მიღებას:
„ვხედავ რამდენიმე სიტუაციურ პროექტს, რომლებიც ორივე მხარისთვის საინტერესოა და რომლებიც, ვფიქრობ, განხორციელდება, - ამბობს ლანკოვი, - პირველი მათგანი, რომლის არსებობას რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, მაგრამ ამავდროულად აქტიურად მიანიშნებს მის არსებობაზე, ჩრდილოეთ კორეიდან ზოგიერთი სახეობის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიღებაა. არ ვარ მზად ვისაუბრო ამ მარაგების კონკრეტულ მასშტაბებზე. შემოვიფარგლები ზოგადი შენიშვნით, რომ ომში არ არსებობს ზედმეტი ჭურვი, მით უმეტეს, თუ ეს ომი გადაიზარდა პოზიციურ, სანგრების ომში. ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის გაყიდვა არის სამხედრო ხასიათის სრულიად ნორმალური კომერციული გარიგება, რომლიდანაც ორივე მხარე მიიღებს იმას, რაც უნდათ: ერთი - ჭურვებს, მეორე - ფულს“.
როგორც BBC წერს, კორეის უნივერსიტეტის უნიფიკაციისა და დიპლომატიის პროფესორ ნამ სონ უკზე დაყრდნობით, ორი ქვეყნის ურთიერთობის მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რა რაოდენობის იარაღს მიაწვდის კორეა რუსეთს. პროფესორის თქმით, მხარეებმა შესაძლოა ასევე მოაწერონ ხელი გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამას, რაც შეიარაღების სისტემებზე ერთობლივ მუშაობაში მდგომარეობს. შესაძლოა ჩრდილოეთმა კორეამ იარაღის სანაცვლოდ მოითხოვოს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე სურსათი და საწვავია. მაგალითად, ჩრდილოეთმა კორეამ 2023 წელს წარუმატებლად გამოცადა სამხედრო მზვერავი თანამგზავრი. არ არის გამორიცხული, რომ ფხენიანმა მოითხოვოს ამ დარგში რუსეთის დახმარება, მათ შორის, თანამგზავრიდან მაღალი გარჩევადობის გადაღებების ტექნოლოგიების ჩათვლით.
პროფესორ ნამ სონ უკის თქმით, ფხენიანი და მოსკოვი, სავარაუდოდ, საჯაროდ ვერ ილაპარაკებენ ბირთვული იარაღის შესახებ, რადგან ამ დარგში თანამშრომლობაზე მძაფრი რეაქცია ექნება როგორც ამერიკას, ასევე ჩინეთს.
რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა - ორივე ქვეყანა სანქციების ქვეშ იმყოფება, შესაბამისად, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ საკითხებს. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია მუშახელი, რომლის დიდ დეფიციტსაც განიცდის რუსეთი, კორეისთვის კი - ფული.
რუსეთმა ასევე განაახლა კორეული ტურისტული ტურები, რომლებიც შეჩერებული იყო კოვიდპანდემიის შემდეგ. აღდგა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლაც. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, 2024 წლის თებერვალ-მაისში ჩრდილოეთი კორეა მოინახულა 400-ზე მეტმა რუსმა ტურისტმა.
კორეული იარაღი
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა უკიდურესად მილიტარიზებულია, რის გამოც ფხენიანის განკარგულებაშია მსოფლიოში ჭურვებისა და რაკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალი, რაც ასე ძალიან სჭირდება უკრაინასთან მსხვილმასშტაბიან ომში ჩაბმულ რუსეთს. ამასთან, იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ინდუსტრია იყენებს ძირითადად საბჭოთა სტანდარტს, მის მიერ წარმოებული საბრძოლო მასალა თითქმის 100%-ით თავსებადია რუსულ შეიარაღებასთან.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა:
- 2023 წლის შემოდგომის ინფორმაციით, 1 მლნ საარტილერიო ჭურვი
- 2024 წლის ივნისისთვის - 5 მლნ ჭურვი
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და საბრძოლო მასალის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხი შედარებით დაბალია. რუსი ე.წ. Z-ბლოგერების თქმით, კსდრ-ის წარმოების ჭურვები სიზუსტითა და სროლის მანძილით ბევრად ჩამოუვარდებიან რუსულ ანალოგებს, ზოგიერთი კი სრულიად გამოუსადეგარია (შესაძლოა სიძველის გამო).
აშშ-ის ცნობით, ჩრდილოეთი კორეა რუსეთისთვის მიცემული ბალისტიკური რაკეტების სანაცვლოდ მოელის, რომ რუსეთი დაეხმარება ფხენიანს სამხედრო (მოიერიშე) თვითმფრინავების, „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების, ჯავშანტექნიკის, ბალისტიკური და სხვა სახის თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაში.
სამხრეთი კორეა, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ასევე შიშობენ, რომ იარაღის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი არა მხოლოდ ეკონომიკურ დახმარებას უწევს კსდრ-ს, არამედ უზიარებს ტექნოლოგიებს ბირთვული, სარაკეტო და კოსმოსური პროგრამების განვითარებისთვის. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა 2023 წლის სექტემბერში პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის შერჩეული ადგილი - კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“. ჟურნალისტების კითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური თანამგზავრების მშენებლობაში, პუტინმა თქვა, რომ სწორედ ამ მიზნით მივიდნენ ისინი კოსმოდრომზე. „კსდრ-ის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი კოსმოსური მიმართულების განვითარებასაც ცდილობენ“, - აღნიშნა მაშინ პუტინმა.
2023 წლის ნოემბერში ჩრდილოეთმა კორეამ წარმატებით გაუშვა ორბიტაზე თავისი პირველი სადაზვერვო თანამგზავრი, რომელმაც, როგორც მოგვიანებით თქვა ფხენიანმა, გადაიღო თეთრი სახლი და ამერიკული სამხედრო ობიექტები. 2024 წლის 27 მაისს ჩრდილოეთმა კორეამ სცადა მეორე თანამგზავრის გაშვება, მაგრამ ფრენის დროს აფეთქდა ხომალდის პირველი საფეხური.
აშშ და უკრაინა პუტინის ვიზიტზე
შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა კსდრ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების და უკრაინისა და სამხრეთ კორეის უსაფრთხოებისთვის შესაძლო შედეგების გამო.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები კვლავაც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ვიზიტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ჯონ კირბიმ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მჭიდრო კავშირები შეშფოთებას იწვევს და არა მხოლოდ ევროპაში.
„პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ადასტურებს მჭიდრო კავშირებს რუსეთსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი და ირანი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება არა რეგიონული, არამედ გლობალურია, - თქვა სტოლტენბერგმა, - და ის, რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელოვანია აზიისთვის, ხოლო რაც ხდება აზიაში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და ეს ნათლად ჩანს უკრაინაში, სადაც ირანი, ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პუტინის ვიზიტზე საუკეთესო პასუხი იქნება „როგორც დიპლომატიური კოალიციის შემდგომი გაძლიერება უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის, ასევე ახალი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინისთვის“.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა მკვეთრად შეამცირა უცხოური მოგზაურობების რაოდენობა. რუსეთი ამჟამად ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, თავად პუტინს კი დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში არ ჩაესვლება, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
რას ნიშნავს მოსკოვისა და ფხენიანის დაახლოება
აშშ-ის გარდა, რუსეთსა და კსდრ-ს შორის გააქტიურებული დაახლოების პროცესი შეშფოთებას იწვევს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა სინ ვონ სიკმა 14 ივნისს სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სეულმა დააფიქსირა დაახლოებით 10 ათასი კონტეინერის ტრანსპორტირება კსდრ-დან რუსეთში. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, კონტეინერებში სავარაუდოდ ჩატვირთული იყო დაახლოებით 4,8 მილიონი საარტილერიო ჭურვი, ორ ლიდერს შორის მიმდინარე მოლაპარაკების საგანი კი, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის მიწოდების შემდგომი გაზრდაა.
დასავლეთის ქვეყნები ასევე ადანაშაულებენ რუსეთს კორეული სამუშაო ძალის გამოყენებაში, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის გაეროს უშიშროების საბჭოს 2017 წლის 2397-ე რეზოლუციასთან (რეზოლუცია ითვალისწინებს ჩრდილოეთკორეელი მუშახელის დაქირავებაზე უარს, მათ სამშობლოში დაბრუნებას).
2023 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა პიოტრ ილიჩევმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შეასრულა ამ რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულებები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, რუსეთის ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, ალექსანდრ მაცეგორამ განაცხადა, რომ შესაძლებლად მიაჩნია „მაღალკვალიფიციური, შრომისმოყვარე და რთულ პირობებში მუშაობისთვის მზადმყოფი“ კორეელი მუშების ჩართვა დონბასის ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების აღდგენის პროცესში. იმავე წლის სექტემბერში, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა ისაუბრა 20-50 ათასი კორეელი მშენებლის მოზიდვის შესაძლებლობაზე.
2024 წლის თებერვლის ბოლოს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი დაადანაშაულა გაეროს რეზოლუციის დარღვევაში კიმ ჩენ ინისთვის გადაცემული ავტომობილ Aurus-ის გამო. ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სეულს ურჩია, „მიკროფონთან მივარდნის ნაცვლად, მიემართა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტისათვის“.
გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანს საერთაშორისო სანქციები დაუწესა 2006 წელს, ჩრდილოეთ კორეის მიერ პირველი ბირთვული გამოცდის შემდეგ. მომდევნო წლებში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარების კვალად, სანქციები რამდენჯერმე გაფართოვდა. ამჟამად, გაეროს სანქციების გამო:
- აკრძალულია იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, საავიაციო და სარაკეტო საწვავის, ბუნებრივი აირის, ლითონების, სამრეწველო აღჭურვილობის, მანქანებისა და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი კსდრ-ში;
- აკრძალულია კსდრ-დან ნახშირის, ზღვის პროდუქტების, ტექსტილის, ელექტრომოწყობილობების, ხის და სხვა ბუნებრივი რესურსების იმპორტი;
- გაყინულია ჩრდილოეთ კორეის მრავალი ფიზიკური და იურიდიული პირის აქტივები;
- შეზღუდულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება კსდრ-სთვის;
- ჩრდილოეთ კორეის ბანკებს ეკრძალებათ უცხოური ფილიალების გახსნა;
- ლიმიტია დაწესებული ჩრდილოეთკორეელი მუშების დაქირავებაზე.