ერთკვირიანი “მთა-მთა გამყოლთა მარათონი 2024” მწვერვალ “კონსტიტუციაზე” (3 170 მეტრი) საქართველოს, უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვით დასრულდა - მთამსვლელებმა ამ სიმბოლური ჟესტით კიდევ ერთხელ საჯაროდ თქვეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ის არასოდეს გახდება რუსეთის ნაწილი.
მარათონი, რომლის ერთ-ერთი მიზანიც, სხვა მიზნებთან ერთად, გამყოლების, მაშველების, სათხილამურო მასწავლებლების და სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების პოპულარიზაცია იყო, ალპინისტურ ექსპედიციაში გადაიზარდა: დაახლოებით 20 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების განწყობა და პროტესტის მუხტი მწვერვალზე აიტანეს.
ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე, სამთო გამყოლი დავით რაქვიაშვილი და სხვები სწორედ ამ ემოციებს გვიზიარებენ და გვიყვებიან, რას ნიშნავს, როცა პროტესტი არის ყველგან, როცა სათქმელი მაშინაც გაისმის, როცა აქციაზე არ დგახარ, მაგრამ საქმის კეთებას აგრძელებ და გულით უერთდები მთავარ მოთხოვნას - წინ ევროპისკენ.