საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეხება. ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთია იმ ცხრა დავალებიდან, რომლის საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს უწყება აგებს პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
ე.წ. ცხრა დათქმიდან მეშვიდეში ევროკომისიამ ჩაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ უწყების შესახებ კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შეცვალოს.
რა იცვლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაში?
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ 9 დეპუტატმა მოამზადა. მისი დამტკიცების შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში გაჩნდება ახალი ჩანაწერები:
- პროკურორების მიერ ჩადენილ ყველა სახის დანაშაულს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამ დრომდე ეს სამსახური პროკურორების მიერ ჩადენილ მხოლოდ სამოხელეო დანაშაულს იძიებდა, ანუ საქმეებს, სადაც პროკურორები მოქალაქეების უფლებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არღვევენ.
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექნება უფლება, ნებისმიერ დროს მოამზადოს და გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ თემებზე, რომელიც ამ უწყების კომპეტენციაა (რ.თ. სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება კანონით აკრძალული არც არასდროს ყოფილა).
- სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადასაყენებლად პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობა ანუ 76 ხმა იქნება საჭირო. გადაყენების საფუძველი ხელმძღვანელის დაკავების ან დაპატიმრების მოთხოვნა შეიძლება გახდეს.
- საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.
- სახალხო დამცველს ექნება უფლება, ამ კომისიაში თავისი წარმომადგენელი კონკურსის გარეშე შეიყვანოს;
- გაიზარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები. ეს ნიშნავს, რომ ახალი ხელმძღვანელის შერჩევა მოქმედის უფლებამოსილების ამოწურვამდე 11-ის ნაცვლად 14 კვირით ადრე დაიწყება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ის წარმომადგენლის, გიორგი დავითურის განმარტებით, კანონპროექტის ავტორებმა „ქართული ოცნებიდან" ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს. საკვანძო საკითხები კი ყურადღების მიღმა მიზანმიმართულად დატოვეს.
რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და რა არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ?
ვენეციის კომისიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონი გასული წლის 18 დეკემბერს შეაფასა. 30-გვერდიანი დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციებს არ მოიცავს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაუსაბუთებლად, ნაჩქარევად და სათანადო განხილვის გარეშე გაუქმდა.
ასევე ნახეთ თუკი კანონი ერთი ადამიანის გამო იცვლებაარასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მანდატით აღჭურვილი უწყება - სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური - 2019 წელს შეიქმნა.
2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ნაჩქარევად მიღებული კანონის საფუძველზე, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა.
„ახლად შექმნილი ორი სამსახურის მიმართ თავისთავად არსებობდა კითხვის ნიშნები მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გაწეულიყო მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნისთვის“, - წერს დასკვნაში ვენეციის კომისია და გასცემს რეკომენდაციას - ხელშეუხებლობის გარანტია გავრცელდეს არა მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, არამედ მის მოადგილეებზეც.
ვენეციის კომისია ანგარიშში ყველაზე დიდ დროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე პროკურატურის გავლენის კრიტიკას უთმობს და უწყების დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
რა გავლენა აქვს პროკურატურას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებამდე სამოხელეო დანაშაულებს საქართველოს პროკურატურა იძიებდა, მათ შორის მაშინაც კი, თუ კანონდამრღვევი - პროკურორი იყო. დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების მიუხედავად, „პროკურატურის ხელი“ არსად წასულა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის ნებართვა (შუამდგომლობა) სჭირდება:
- იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება სჭირდება;
- იმ მოწმის სასამართლოს წინაშე გამოსაკითხად, რომელმაც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარი თქვა;
- 112-დან კამერების ჩანაწერების გამოსათხოვად;
- სხვისი ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების დროს;
„რეალურად, ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის გარეშე შეუძლია ჩაატაროს, ამოცნობაა“, - ამბობს ლონდა თოლორაია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამი წელი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების უფლება მხოლოდ საქართველოს პროკურატურას აქვს, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელს. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას დაასრულებს და საკმარის მტკიცებულებებს შეაგროვებს, ის დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ზედამხედველმა პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, წაიღებს თუ არა საქმეს სასამართლოში. ზედამხედველი პროკურორი იყო კოკა კაციტაძე, ახლა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი.
ვენეციის კომისიაში ფიქრობენ, რომ ბერკეტებს პროკურატურის ხელში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის დაზიანება შეუძლია. ამიტომ მიზანშეწონილია, საპროკურორო უფლებამოსილება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიენიჭოს.
„სურვილის შემთხვევაში პროკურატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფუნქციო ორგანოდ ქცევა შეუძლია“, - ამბობს IDFI-ის იურისტი, გიორგი დავითური და პრობლემის მოგვარების საკუთარ ხედვას გვთავაზობს. მისი არგუმენტები "ქართულმა ოცნებამ" არ გაიზიარა;
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროებითი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება უნდა მინიჭებოდა. ამ უფლებას საგამოძიებო სამსახურის უფროსი მხოლოდ მაშინ გამოიყენებდა, თუ დაინახავდა, რომ პროკურატურა განზრახ აჭიანურებს საქმეს. არცერთი არგუმენტი, რომელიც ამ რეკომენდაციის საპირწონე იქნებოდა, მე არ მომისმენია“.
ლონდა თოლორაიას მიერ გაგზავნილ არც ერთ მოთხოვნაზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო, თუმცა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი მაინც ფიქრობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დევნის დაწყების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
„არ შეიძლება, ერთ უწყებას საგამოძიებო ფუნქციაც ჰქონდეს და დევნისაც. არ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი მონსტრი, რომელსაც ყველაფრის უფლება ექნება. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები ჩნდება“, - ამბობს ლონდა თოლორაია.
სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის ბოლო (2022) ანგარიშით, სისხლისსამართლებრივი დევნა 25 სამართალდამცველის წინააღმდეგ დაიწყო, მათგან მხოლოდ 7-ია ისეთი, რომელიც სამოხელეო დანაშაულში ამხილეს.
საიდან მოვიდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების იდეა
სტრუქტურული დამოუკიდებლობის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაფართოვდა. მთავარი მიმართულება ისევ სამოხელეო დანაშაულების გამოძიებაა, ამას გარდა, უწყება ისეთ საქმეებსაც იძიებს, სადაც სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველია, თუმცა დანაშაული ყოფით ნიადაგზეა ჩადენილი. მაგალითად, თუ პოლიციელს ოჯახში ძალადობაში დასდეს ბრალი, ეს საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ეკრძალება.
კომისიის რეკომენდაციაა, ეს წესი გაუქმდეს და რიგითი პროკურორებისა და სამართალდამცავების გარდა, ამ უწყებამ ზემდგომების დანაშაულებიც გამოიძიოს. „ქართულ ოცნებაში“ ამ რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ რადგან პროკურატურა კონსტიტუციური ორგანოა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.
„მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ორგანოს გამოსაძიებელ საქმეს არ უნდა იძიებდეს უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე სამსახური. ეს გამონაკლისები დაშვებულია და ახლა მიდის მსჯელობა, რომ კიდევ ხომ არ გავაფართოოთ [რ.თ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო მანდატი)“, - თქვა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ამ კონტექსტში ახსენა პირველად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შესაძლებლობა:
„ჩვენ ერთ დღეს დავდგებით, ალბათ, იმის წინაშე და შეიძლება ერთ დღეს მოგვიწიოს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს სამსახურები იყო დროებითი და დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს - პროკურატურას. კონსტიტუციური ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირზე რომ გამოძიებას იწყებ, რა დაზღვევა მაქვს 100%-იანი, რომ უფრო დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო სწორად გამოიძიებს. მაშინ გვჭირდება ამ ორგანოს მაკონტროლებელი „სპეციალური სპეციალური საგამოძიებო სამსახური“. ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე, ამიტომ ეს დასაფიქრებელია“, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის ეს განცხადება ლონდა თოლორაიამ მიიღო მინიშნებად, რომ "ქართული ოცნება" ამ სამსახურის გაუქმებას განიხილავს.
„კანონში უმნიშვნელო ჩანაწერებს აკეთებენ და ქმნიან ილუზიას, რომ სამსახური ძლიერდება. ასე იყანყალებს ეს სამსახური, შემდეგ იტყვიან, არ გაამართლა, რატომ იყოს ცალკე, მოდი, უკან [პროკურატურის დაქვემდებარებაში] დავაბრუნოთო. ეს ფიქრი მათ თავში ტრიალებს, როდის გააკეთებენ, არ ვიცი. ამასთან, მაქვს შეგრძნება, რომ პროკურატურა ვერ შეეგუა და ვერ აიტანა, რომ ამ დანაშაულებს თავად აღარ იძიებს, სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ბერკეტი მნიშვნელოვანი იარაღია ყველა სამსახურის ხელში და არ მიკვირს, რომ დაბრუნება სურთ“, - ამბობს ლონდა თოლორაია.
მოგვიანებით დეპუტატმა თავის განცხადებას „თეორიული მსჯელობა“ დაარქვა და საგამოძიებო სამსახურის დახურვის შესაძლებლობით შეშფოთებული ოპონენტები სპეკულაციაში დაადანაშაულა:
„ტყუილს ავრცელებენ - აქ იყო თეორიული მსჯელობა, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში შეიძლება ერთ დღეს დადგეს საკითხი, რომ ინსტიტუციური დაახლოების თვალსაზრისით პროკურატურას სამოხელეო დანაშაულების გამოძიება უკან დაუბრუნდეს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „ინსტიტუციური შეუთავსებლობის“ პრობლემა აქვს.
„პროკურატურას ნელ-ნელა ეციცქნება საგამოძიებო ფუნქციები. პროკურატურა კონსტიტუციით განსაზღვრული ინსტიტუტია და შემდეგ კანონით ვქმნით რაღაც სხვა ინსტიტუტებს. ეს (გაუქმება) არის თეორიული განსჯის საკითხი. შეიძლება ჩვენ ავიღოთ პროკურატურა და ბევრ ნაწილად დავშალოთ. რამდენად თავსდებადია კონსტიტუციასთან?“, - სვამს კითხვას პაპუაშვილი, რომელსაც IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური პასუხობს.
„პროკურატურის ლეგიტიმაცია, როცა საკუთარი თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს, ბევრად იკლებს. კონსტიტუციის ქვემდგომობა და ზემდგომობა არაფერ შუაშია, მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოს ნდობის მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეს. მან არ უნდა აკეთოს საქმეები, რომელიც ამ ნდობას შეარყევს, მაგალითად, თვითონ არ უნდა იყოს იმ გამოძიებაზე პასუხისმგებელი, რომელიც მისი უწყების დანაშაულს ეხება“.
არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში არ შესულა საქმე, რომელიც პროკურორის დანაშაულს ეხება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს.
„მიჩნდება ეჭვი, რომ ასეთი განცხადებები პროკურატურის გენინსპექციაში შედის, მაგრამ შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიზანმიმართულად არ უგზავნიან“, - ამბობს ლონდა თოლორაია.
ასევე ნახეთ როცა შენს უფლებებს სამართალდამცავი არღვევს - რამდენმა იჩივლა და რამდენი დაისაჯა2022 წლის პირველი მარტიდან ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ უწყების ვალდებულება გახდა რეაგირება ისეთ საქმეებზე, რომელიც პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს ან დისკრიმინაციულია. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულება გახდა.
ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ ეს დანაშაულები ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაუბრუნდეს, რადგან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მთავარი ფუნქცია სამოხელეო დანაშაულზე რეაგირებაა. "ქართულმა ოცნებამ" არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა.