პრობლემები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მიმართულებით

გორის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიას კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა პირობების დაცვით უნდა მოხდეს მგზავრების გადაყვანა, ჯერ არ მიუღია.

მძღოლებმა და კომპანიის თანამშრომლებმა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ზოგადი განცხადება მოისმინეს, ახლა კი უფრო კონკრეტული რეკომენდაციების მიღებას ელოდებიან. გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მგზავრობის საფასური მცირედით გაიზარდოს. კომპანიის ხელმძღვანელის, ზურაბ ჭეჭელაშვილის, განცხადებით, პირველი ერთი კვირა გადასახადი არ გაიზრდება, მაგრამ ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ მგზავრთა ნაკადსა და საწვავის ხარჯზე დაკვირვების საფუძველზე. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა შეზღუდული იქნება მათ შორის დისტანციის დასაცავად. ჭეჭელაშვილი იმასაც ამბობს, რომ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, ფასი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

ასევე ნახეთ საქართველოში 29 მაისიდან აღდგება საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა

სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით მიკროავტობუსებში დაწესებულ შეზღუდვებს თავადვე გააკონტროლებენ. სოფლებში უფრო დიდი მოცულობის ავტობუსებს გაგზავნიან, მაგრამ, ჭეჭელაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებს გარკვეულ ხარვეზებზე თვალის დახუჭვა მაინც მოუწევთ, რადგან სოფლებიდან ნაკადის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება.

ქალაქის მასშტაბით მიკროავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი ღირს, სოფლების მიმართულებით გადაადგილება კი, მანძილის მიხედვით,ლარიდან 2 ლარამდე ფარგლებშია. მგზავრობის საფასურის შესაძლო გაზრდის შესახებ უკვე იციან გორის მცხოვრებლებმა, რომლებიც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ამბავს უარყოფითად აფასებენ.

ხელისუფლება კერძო კომპანიის მიერ ფასთწარმოქმნის პროცესში ვერ ჩაერევა. ასეთი პოზიცია აქვს მმართველ პარტიას და ადგილობრივ ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ წევრი, ლია ჩლაჩიძე, ფიქრობს, რომ ფასი დიდად არ გაიზრდება, რადგან ეს თავად კომპანიასაც დააზარალებს.

ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადეები და ამის კონტროლი სატრანსპორტო კომპანიას ევალება. ასევე ცნობილია, რომ მგზავრები ადგილებს გარკვეული დისტანციის დაცვით დაიკავებენ, დაუშვებელია ფეხზე დგომა, ფანჯრები უნდა იყოს ღია, ასევე დაუშვებელია კონდიცირების ჩართვა და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულ მითითებებს სატრანსპორტო კომპანიები დღე-დღეზე ელოდებიან.