კრემლი ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს (როსავიაციის) ცნობით კი, ტვერში მომხდარ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა, მათ შორის ვერც ის მგზავრი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინის საბუთებით იყო ასული. ცნობილია, რომ პრიგოჟინი, მოგზაურობისას, ხშირად იყენებდა როგორც ორეულებს, ასევე სხვის სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობებს, თუმცა ევგენი პრიგოჟინისა და მისი უახლოესი თანამებრძოლის, დმიტრი („ვაგნერ“) უტკინის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა მედიაორგანიზაციებმა, მათ შორის Telegram-არხმა Grey Zone-ამ, რომელმაც დაწერა:
„რუსეთის გმირი, სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი, ევგენი ვიქტოროვიჩ პრიგოჟინი, დაიღუპა რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად. მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი ის საუკეთესო იქნება!“
რუსეთში თითქმის არავინაა ისეთი, ვისაც არ სჯერა პრიგოჟინის დაღუპვის ამბავი და ვინც თვითმფრინავის აფეთქების უკან ვლადიმირ პუტინის შურისძიებას არ ხედავს. პოლიტიკის ექსპერტებს უფრო დაუჯერებლად მიაჩნიათ ის, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი აქამდე არ იქცა პუტინის შურისძიების ობიექტად. 2023 წლის 23 ივნისის შეიარაღებულმა ამბოხმა, რომელსაც პრიგოჟინი მეთაურობდა, დიდი ზიანი მიაყენა როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ასევე პირადად პუტინის რეპუტაციას, რომელიც, რუსი ანალიტიკოსისა და ვიდეობლოგერის, მაქსიმ კაცის თქმით, განადგურდა არა მხოლოდ ამბოხის დაშვებით, არამედ შიშის საჯარო დემონსტრირებით:
„პუტინი ერთი მხრივ უკიდურესად მშიშარა, მეორე მხრივ კი, სასტიკი და გულღრძო ადამიანია. პუტინმა შური იძია შიშისთვის, რომელიც მან ვერ დამალა კამერების წინ. ორი თვის წინ პუტინი იძულებული იყო მდგარიყო თავის კაბინეტში ისეთი სახით, თითქოს მისთვის საფენების გამოცვლა დაავიწყდათ“.
ასევე ნახეთ „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ კატასტროფის რაიონში ნაპოვნია 10-ვე დაღუპულის ნეშტი - „ინტერფაქსი“
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი ვლადიმირ პასტუხოვიც არაფერ გასაკვირს არ ხედავს ევგენი პრიგოჟინის ასეთ აღსასრულში, ხოლო კითხვას, რომელიც ხშირად დაისმის - რატომ დაიგვიანა (ორი თვით) პუტინის შურისძიებამ - ასე უპასუხებს:
„ასეთია პუტინის სტილისტიკა. აცალა. ორი თვე მისცა საჩალიჩოდ, რაც ცოტა სულაც არ არის. ეს ორი თვე პრიგოჟინი თავხედურად იქცეოდა. არ დაიმალა დახლს ქვემოთ, დაფრინავდა აფრიკაში, საჯარო ადგილებში ჩნდებოდა, განცხადებებს აკეთებდა... ყველა ვარიანტში მაინც მოკლავდნენ, მაგრამ ასე რომ არ მოქცეულიყო, მოკლავდნენ სხვა მეთოდით. რაღაც მოდიფიცირებული ნოვიჩოკით, უცნაური ცხელებით“.
ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, პრიგოჟინი თავხედურად იქცეოდა იმის გამო, რომ მოქმედებდა იმ სამყაროს კანონებით, რომელსაც, პუტინთან ერთად, ეკუთვნოდა.
„ეს არის ზონის კანონები, - ამბობს პოლიტოლოგი, - მართალია, პუტინი არ მჯდარა ციხეში, მაგრამ ზონის მენტალობა აქვს. პრიგოჟინს ესმოდა, რომ კუდის ამოძუება სიკვდილის ტოლფასი იყო. ამიტომ ცდილობდა ეთამაშა მეფის როლი, რითაც ასეთი ხმამაღალი მუსიკა, ვაგნერული ფინალი დაიმსახურა. სხვა შემთხვევაში ჩუმად გაასაღებდნენ“.
პასტუხოვის თქმით, პრიგოჟინი იმთავითვე განწირული იყო, რადგან დაამცირა ცარი: პირველად, როცა აუჯანყდა, ხოლო მეორედ, როცა უარყო კონფლიქტის გადაჭრის პუტინისეული გეგმა: გერასიმოვი და შოიგუ რჩებოდნენ, პრიგოჟინი უბრუნდებოდა მზარეულობას:
„მაგრამ პრიგოჟინი ავარდა, მართლა სამშობლოს მხსნელად წარმოიდგინა თავი და ხელიდან გაუშვა შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლებოდა. ამის მერე დროის ამბავი იყო პრიგოჟინის მოშორება“.
რას იზამს "ვაგნერი"?
როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, „ვაგნერი“ ფაქტობრივად ბოლომდეა განეიტრალებული. 23 აგვისტოს (სავარაუდოდ) დაიღუპა მისი სამი მეთაური, რომლებიც უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დარღვევით, ერთ თვითმფრინავში აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ დიდი ძალისხმევა გასწია ერთ თვითმფრინავში მათ ჩასასხდომად, რაც მინიმუმამდე ამცირებს უბედური შემთხვევის ალბათობას.
პრიგოჟინი, უტკინი, ჩიკალოვი - ამ სამიდან თითოეული სახიფათო იყო კრემლისთვის. ამასთან, როგორც ვლადიმირ პასტუხოვი ამბობს, მათი დაპატიმრება არ შეიძლებოდა, რადგან დაპატიმრება გულისხმობს ცოცხლად დატოვებას, რაც პუტინისთვის უკიდურესად არასასურველია, ვინაიდან, როგორც ჩანს, თავის დროზე ეს ხალხი პუტინის ყველაზე ახლო გარემოცვა იყო.
ასევე ნახეთ „პუტინის მზარეულის“ სისხლიანი მენიუსამხედრო ექსპერტების თქმით, პრიგოჟინი ნამდვილად უყვარდათ „ვაგნერელებს“, მას ასევე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა რუსეთის არმიაში, მაგრამ იმის ვარაუდი, რომ პრიგოჟინისადმი ასეთი დამოკიდებულება და ემოციები რამე სერიოზულ ქმედებაში გადაიზრდება, მათი აზრით, უსაფუძვლოა, რასაც ცნობილი სტრელკოვ-გირკინის უპრობლემო პატიმრობაც ადასტურებს. ყველა რიგით „ვაგნერელს“ არ გაუსწორდებიან: ნაწილს ამნისტიას შესთავაზებენ, ნაწილს - ფულს, ნაწილს კი თვითმფრინავში ჩასმით დააშინებენ.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც დარწმუნებულია, რომ „ვაგნერის“ ისტორიაც დასრულებულია:
„უნდა ესმოდეთ "ვაგნერის" მეთაურებს, განსაკუთრებით მეთაურთა საბჭოს წევრებს, რომ ისინი ყველანი უეჭველად განადგურდებიან. პრიგოჟინის დემონსტრაციული მკვლელობით მათ უთხრეს, რომ გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან ადამიანი, რომელიც მათ გაანულეს 23 ივნისს, პუტინია, რომელიც თავის პირად შურისძიებას ბოლომდე მიიყვანს. ასე რომ, ჩვენ მალე გავხდებით კიდევ არაერთი შედარებით უხმაურო მკვლელობის მოწმე. პრიგოჟინისა და უტკინის გარემოცვის ყველა წევრს სიკვდილის ნიშანი ადევს“.
პუტინის მორიგი მეტამორფოზი?
პოლიტოლოგი ვლადიმირ პასტუხოვი დარწმუნებულია, რომ 23 აგვისტო რუსეთს კიდევ უფრო ნაკლებად სტაბილურ ქვეყნად აქცევს.
„რუსეთში მიდის დევალვაცია, ოღონდ არა რუბლის (ეს ზედაპირული ამბავია), არამედ დიქტატურებისთვის ყველაზე ძვირფასი ვალუტის - ნდობის დევალვაცია. 23 აგვისტოს "თვითმფრინავის ჩამოვარდნის" შემდეგ ეს ვალუტა სულ ცოტა 10-15 პუნქტით გაუფასურდა და თუ ეს ვალუტა უფასურდება, არანაირი სტაბილურობა არ იქნება. ვითარება ისეთია, რომ რუსეთში უკვე შეუძლებელია შიდა კონფლიქტების განმუხტვა არალეტალური ფორმებით“.
ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, აშკარაა, რომ კონფლიქტი მიდის ელიტის შიგნით, სახეზეა სიღრმისეული განხეთქილება გამოსავლის სტრატეგიასთან დაკავშირებული.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საერთაშორისო ნორმებთან დაკავშირებით პუტინს ყველა ზღვარი 23 აგვისტომდეც გადალახული ჰქონდა, უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ომის დანაშაულზე წავიდა. ერთადერთი, ვისთანაც მას გარკვეული შეთანხმება და გარკვეული წითელი ხაზები ჰქონდა, ელიტებია, მათ შორის - სამხედრო-კრიმინალური (კრიმინალურ-ძალოვანი) ელიტები. 23 აგვისტოს ტერაქტით პუტინმა თქვა, რომ წითელი ხაზები აღარ არსებობს და, რომ ყველას ნელ-ნელა გაანადგურებს.
„პუტინი დღეს იმყოფება აბსოლუტური აფექტის მდგომარეობაში, ის ჯერ კიდევ არ გამოსულა აბსოლუტური შიშის მდგომარეობიდან, რომელშიც პრიგოჟინის ამბოხებამ ორი თვის წინ ჩააგდო და, საეჭვოა, რომ ის ამ მდგომარეობიდან როდისმე გამოვიდეს. შესაბამისად, პუტინი თანდათანობით გაზრდის ექსცესების რაოდენობას ელიტებთან მიმართებით, რადგან უკვე ყველაში ეპარება ეჭვი. ასე რომ, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი რუსეთში შინაგანი შფოთისა, დაიწყება ერთმანეთის დასმენები, უცნაური გარდაცვალებები და ა.შ. პუტინი ეცდება ყველა ალტერნატიული ცენტრის განადგურებას. არავის შეუძლია უზრუნველყოს მისი სიმშვიდე, რადგან პუტინი არავის ენდობა“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
23 აგვისტომ ასევე აჩვენა, რომ პუტინთან ერთად, შეუქცევადად შეიცვალა რუსეთი, რომელიც, მაქსიმ კაცის თქმით, სახელმწიფოდან შეიარაღებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად იქცა.
„პრიგოჟინის მკვლელობა პირველი შეკვეთილი მკვლელობა არ არის, რომელშიც აშკარაა სახელმწიფოს როლი, მაგრამ 23 აგვისტოს თვისებრივად განსხვავებული რამ მოხდა: ეს არ იყო ნოვიჩოკით მოწამვლა, არც ზურგში სროლა ხიდზე... ეს იყო ნამდვილი ტერაქტი მოწყობილი საკუთარ ტერიტორიაზე: განადგურება სამოქალაქო თვითმფრინავისა, რომლის ბორტზეც იმყოფებოდნენ არა მხოლოდ ამბოხების მონაწილეები, არამედ სამოქალაქო პირები ეკიპაჟის სახით. ეს იყო ტერაქტი, რომლის ავტორობაშიც ეჭვი არავის ეპარება. ეს სულ სხვა დონეა. სახელმწიფო ბევრ საშინელ რამეს აკეთებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სამოქალაქო თვითმფრინავის საკუთარ ტერიტორიაზე ჩამოგდება, თანაც დემონსტრაციულად, ასეთ რამეს სახელმწიფოები არ აკეთებენ“, - ამბობს მაქსიმ კაცი, რომლის თქმითაც, გასული საუკუნის 90-იან წლებშიც კი რუსეთის სახელმწიფო მოქმედებდა ლეგალური მეთოდებით, ახლა კი, რაც რუსეთში ხდება, ძალიან ჰგავს ორი დანაშაულებრივი დაჯგუფების დაპირისპირებას:
„ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დაიყვანა "ვაგნერის" დონეზე, თავისი თავი კი - პრიგოჟინამდე. გამარჯვებული ბანდის მეთაურის ბრძანებით გააგორეს დამარცხებული ბანდის მეთაური. რუსეთის სახელმწიფო არ არსებობს. არსებობს კარგად შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც აზროვნებს როგორც კრიმინალური დაჯგუფება, იქცევა როგორც კრიმინალური დაჯგუფება და თავის მოწინააღმდეგეს უსწორდება მაფიოზური მეთოდებით“.
პუტინისა და რუსეთის გამართლება სცადა ცნობილმა პროსახელისუფლებო რუსმა პოლიტოლოგმა და პოლიტიკოსმა სერგეი მარკოვმა, რომლის თქმითაც, პრიგოჟინი უკრაინამ მოკლა.
„პუტინისთვის პრიგოჟინი უკვე აღარ იყო პრობლემა. აღარც შოიგუსთვის. მაღალი ხელმძღვანელები შურისძიებით არ არიან დაკავებული, რადგან მათ აქვთ ძალიან ბევრი ნამდვილი პრობლემა და ნამდვილი მტერი ჰყავთ. ეს არის უკრაინის ტერაქტი მიძღვნილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი“.
ასევე ნახეთ ISW: „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო
პუბლიცისტი კონსტანტინ ეგერტი კი დარწმუნებულია, რომ 23 აგვისტოს მთელმა მსოფლიომ იხილა რუსეთის ფედერაციის ათი მოქალაქის საჯარო არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა საჰაერო თავდაცვის საშუალების გამოყენებით.
„პუტინი მტრების მიმართ რეპრესიების თვისებრივად განსხვავებულ მეთოდებზე გადავიდა. შეუძლებელია, რუსულმა ბიუროკრატიამ, რომელიც მართავს ქვეყანას, ვერ დაინახოს, რომ მათი ხელმძღვანელი აღარ არის პრეზიდენტი, რომ მათი ხელმძღვანელი ბანდიტია. პრიგოჟინის მკვლელობამ აჩვენა, რომ პუტინი აღარ არის პოლიტიკური ლიდერი“.
ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და რუსეთის მემარჯვენე ძალთა გაერთიანების ლიდერმა ლეონიდ გოზმანმა, რამდენიმე პუნქტად ჩამოწერა თავისი მოსაზრება იმაზე, თუ რა შეცვალა 23 აგვისტოს ტვერში თვითმფრინავ Embraer Legacy 600-ისა და მისი მგზავრების განადგურებამ:
- პუტინის ძალაუფლება გაძლიერდა. პუტინმა აჩვენა ზედა ათასს, რომ მისი სისუსტე აჯანყების მომენტში და აჯანყების შემდეგ იყო დროებითი, რომ ის მზადაა და შეუძლია დასაჯოს თავისი მტრები.
- პუტინის ძალაუფლების ეს გაძლიერება დროებითია - მხოლოდ მომდევნო სიტუაციამდე, რაც მის სისუსტესა და არაადეკვატურობას გამოავლენს.
- ზედა ათასის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ პირველი პირის ჩანაცვლების აუცილებლობაზე (პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე), ან უარს იტყვიან თავიანთ ზრახვებზე, ან დაასკვნიან, თუ მოქმედებას დაიწყებენ, ბოლომდე უნდა მიაწვნენ. ეს ნიშნავს, რომ ნაზარბაევის ვარიანტის ალბათობა მცირდება, პავლე I-ისა კი იზრდება.
- შიდა დაპირისპირების დროს მკვეთრად გაიზრდება განუკითხაობის დონე. რუსეთის ზედა წრეების წარმომადგენლებმა ნახეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. თუ ვინმესთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, რომ რუსეთში კანონი არ არსებობს (არსებობს მხოლოდ ძალა), ახლა ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.