პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე და ქართული მედიის გამოწვევები

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, შეიძლება ითქვას, მედია საქართველოში რამდენიმე საყურადღებო მაჩვენებლითა და ნიშნით შეხვდა. თუკი თავდაპირველად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ჩავიხედავთ, უნდა ითქვას, რომ, მათი შეფასებით, ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა კვლავაც საკმაოდ პოლარიზებული. ერთ-ერთი უკანასკნელი ანგარიში, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნდა და რომელშიც, ცხადია, ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების შესახებაცაა საუბარი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსი.

Your browser doesn’t support HTML5

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე და ქართული მედიის გამოწვევები

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე და ქართული მედიის გამოწვევები

  • საქართველომ, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია სამი საფეხურით გაიუმჯობესა და 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა.
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი პლურალურია და საკანონმდებლო სივრცე უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მაინც არსებობს რამდენიმე ნეგატიური მიმართულება, რომელიც ხელს უშლის მედიის დამოუკიდებლობას.
  • საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე იქცა იმ თემად, რომლის გამოც, ერთი წელია, საქართველოს ხელისუფლება არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კრიტიკის საგანია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია სამი საფეხურით გაიუმჯობესა და 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა, თუმცა ხშირია მედიამფლობელების მიერ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები. ისევე, როგორც ამ ანგარიშში, კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“, ანგარიშშიც ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი პლურალური და კრიტიკულია და საკანონმდებლო სივრცე უზრუნველყოფს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მაინც არსებობს რამდენიმე ნეგატიური მიმართულება, რომელიც ხელს უშლის მედიის დამოუკიდებლობას. გარდა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე სამ კერძო პროსახელისუფლებო ტელეკომპანიაზე (ტელეკომპანია „იმედი“, GDS და „მაესტრო“). ისინი წერენ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მათი სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეიცვალა.

საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე იქცა იმ თემად, რომლის გამოც, ერთი წელია, საქართველოს ხელისუფლება არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კრიტიკის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, საქართველოში იშვიათია ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წერს, რომ საქართველოს მედიაგარემოსთვის დიდი დარტყმა იყო აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარება. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ნინო რობაქიძე, მედიამკვლევარი, IREX SAFE ინიციატივის ევრაზიის ცენტრის მენეჯერი:

„აფგან მუხთარლის საქმემ ძალიან დააზიანა საქართველოს, როგორც რეგიონში მედიისთვის თავისუფალი კუნძულის, იმიჯი და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა ის შედეგები, რაც ვნახეთ სხვადასხვა არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაციების თუ, მათ შორის, სამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში“.

ნინო რობაქიძე იმასაც ამბობს, რომ გასული - 2017 - წელი იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი მსოფლიოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით და ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 262 ჟურნალისტია დაპატიმრებული.

რაც შეეხება დაღუპულ ჟურნალისტებს, მიმდინარე წელს, მსოფლიოს მასშტაბით, მედიის 32 წარმომადგენელია დაღუპული.

ნინო რობაქიძის თქმით, საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ შედარებით თავისუფალ სივრცეს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა:

საქართველოში ადამიანები უყურებენ ძირითადად ორ მედიასაშუალებას და ორივე მედია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირდება და პოლარიზებულია. თუკი მე, მაგალითად, მომხრე ვარ ერთი პოლიტიკური პარტიის და ვუყურებ და ვუსმენ მეორე მედიასაშუალებას, მე არ მომწონს მისი სარედაქციო პოლიტიკა...
მამუკა ანდღულაძე

„თუ ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონში შევინარჩუნოთ ჩვენი მნიშვნელობა, სწორედ ეს თავისუფლების კუნძული უნდა შევინარჩუნოთ და პირველი ხაზი გადის სწორედ მედიაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა ისეთი კარგი წელი, როგორიც შეიძლებოდა რომ გვქონოდა“.

კიდევ ერთი საყურადღებო მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში მედიის ვითარებას შეეხება, გამოავლინა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მარტში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ. გამოკვლევის შედეგების თანახმად, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოში საკმაოდ მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. ასე ფიქრობს გამოკითხული მოსახლეობის 68 %. ნაკლებია მაჩვენებელი იმ ადამიანებისა (45 %), რომელთა აზრით, დეზინფორმაციას ავრცელებენ რუსული არხები. მამუკა ანდღულაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომლითაც შეიძლება იყოს განპირობებული საზოგადოებაში მედიის მიმართ ნდობის ხარისხის დაბალი მაჩვენებელი. ერთ-ერთი მათგანი, მისი თქმით, შესაძლოა იყოს სწორედ პოლარიზებული მედიაგარემო:

„საქართველოში ადამიანები უყურებენ ძირითადად ორ მედიასაშუალებას და ორივე მედია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირდება და პოლარიზებულია. თუკი მე, მაგალითად, მომხრე ვარ ერთი პოლიტიკური პარტიის და ვუყურებ და ვუსმენ მეორე მედიასაშუალებას, მე არ მომწონს მისი სარედაქციო პოლიტიკა და, შესაძლოა, ვფიქრობდე, რომ ის დეზინფორმაციას ავრცელებს. ამგვარი მაჩვენებელი ასევე მიანიშნებს ჟურნალისტების ეთიკური სტანდარტების პრობლემაზეც, წიგნიერებაზეც. ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ თავიანთი პროფესიონალიზმის გაზრდა. რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი თეზისი, რომელიც არ ეყრდნობა კვლევას, მაგრამ, სავარაუდოდ, ესეც უნდა იყოს ამგვარი შედეგების მიზეზი“.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე წელს 25-ედ აღინიშნება. წლევანდელი დღის მთავარი გზავნილია: „ძალაუფლების კონტროლი: მედია, სამართალი და კანონის უზენაესობა“.