ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ყვავილებს რგავდა, ქველმოქმედებას, პოლიტიკურ აქტივიზმს დაუბრუნდა. „ნასტოიაშჩეე ვრემია“ ჰყვება ყველაზე ღარიბ ექსპრეზიდენტზე, რომელმაც უარი თქვა ძალადობაზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, პრივილეგიებზე და ამით ისტორიაში შევიდა.
ბევრი ლათინოამერიკელი პოლიტიკოსი მსოფლიოში დიქტატურის დამყარებითა და რევოლუციებით გახდა ცნობილი. 89 წლის ურუგვაელი ხოსე მუხიკას ამბავი კი სულ სხვაა. ის ძალაუფლებას არასდროს ჩაჰბღაუჭებია. თითქმის ათი წელია პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ მთელი მსოფლიოს ჟურნალისტების, ბლოგერებისა და დოკუმენტალისტებისთვის საინტერესო რესპონდენტად რჩება. „ურუგვაელ ბრძენთან“ (ხშირად ასე უწოდებენ მას ჟურნალისტები) სალაპარაკოდ ისინი მას მონტევიდეოში, მოცუცქნულ სახლში სტუმრობენ, სადაც მუხიკა ცოლთან ლუსიასთან ერთად ცხოვრობს. ლაპარაკობენ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ ბრძოლაზე, ფუფუნებისადმი გულგრილობაზე...
„ცხოვრება სამყაროს შეცვლას მივუძღვენი. არაფერი გამომივიდა, ერთი ისაა, რომ უსაქმოდ არ ვმჯდარვარ“
2024 წელს მუხიკა ნაწლავის კიბოს მკურნალობდა. შინ დაბრუნებულმა მაშინვე პრესასთან განაახლა ურთიერთობა. „ცხოვრება მსოფლიოს შეცვლას მივუძღვენი, არაფერი გამომივიდა, ერთი ისაა, რომ უსაქმოდ არ ვმჯდარვარ“, „ვთხოვ ცხოვრებას, ცოტა კიდევ მაცალოს ყეფა“, - ეს ციტატები პრეზიდენტის სარკასტული ინტერვიუდანაა.
რაც 89 წლის განმავლობაში ხოსე მუხიკას გადახდა თავს, რამდენიმე ცხოვრებას ეყოფოდა: ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას, ბანკებსა და იარაღის საწყობებს ძარცვავდა, ციხეში იჯდა, კინაღამ შეიშალა, ყვავილები მოჰყავდა, პაციფისტი გახდა, 50 წლის შემდეგ კი შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა.
1985 წელს ურუგვაიში დასრულდა 12-წლიანი სამხედრო დიქტატურა. ამ დროის განმავლობაში სამმილიონიანი ქვეყანა პოლიტპატიმრების რაოდენობით მსოფლიოს ლიდერი გახდა. უფლებადამცველების მონაცემებით, 1973-1985 წლებში პოლიტიკური შეხედულებების გამო 6 ათასამდე ურუგვაელი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. უმეტესობა აწამეს. 197 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რეპრესიების გამო მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი იძულებით წავიდა ემიგრაციაში.
1985 წლის მარტში დემოკრატიული გზით არჩეულმა ურუგვაის პრეზიდენტმა ხულიო მარია სანგინეტიმ ამნისტია გამოაცხადა. ციხეები დაცარიელდა. ახლობლები და გულშემატკივრები ყოფილ პოლიტპატიმრებს როგორც გმირებს ისე ხვდებოდნენ, ეროვნული დროშებითა და პლაკატით: „არ დაგვვიწყებიხართ!“. ყვიროდნენ: „ურუგვაი!“ „ურუგვაი!“. 49 წლის ხოსე მუხიკას დედა შეეგება.
ასევე ნახეთ გულაგის დღიური - ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები გადასახლებიდანციხეში მუხიკამ 13 წელი გაატარა, მათგან 12 - უფანჯრო სამარტოო საკანში, მიწის ქვეშ. სასწაული იყო, რომ არ შეიშალა.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის შემდეგ ის ურუგვაის პრეზიდენტი და თავისი დროის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა.
„არ ვნანობ, რომ ბანკებს ვძარცვავდი“
ხოსე მუხიკა 1935 წელს მონტევიდეოსთან დაიბადა. მამა სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, გაკოტრდა და მალევე გარდაიცვალა. მაშინ პეპე (მუხიკას მეტსახელი) 6 წლის იქნებოდა. დედას რომ დახმარებოდა, თან სწავლობდა, თან მუშაობდა: სხვებს გასაყიდი ყვავილების მოყვანაში ეხმარებოდა. შემდეგ ჰყვებოდა, რომ იაპონელი ემიგრანტებისგან ბევრი რამ ისწავლა. ისინი მის მეზობლად ცხოვრობდნენ.
ხოსე მუხიკა
მუხიკა პოლიტიკით ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა. ეს პერიოდი დაემთხვა დროს, როდესაც ბზარი გაუჩნდა ურუგვაის ტრადიციულ პოლიტიკურ მოდელს, რომლის მიხედვითაც ნაციონალური პარტია და პარტია „კოლორადო“ ხელისუფლებაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ეკონომიკა მძიმე კრიზისში იყო. იზრდებოდა საგარეო ვალები, ინფლაცია, სოციალური უთანასწორობა და სიღარიბე. გაფიცვებსა და პროტესტს პოლიცია და სამხედროები სასტიკად ახშობდნენ.
ურუგვაელმა ახალგაზრდებმა იატაკქვეშ გადაინაცვლეს. კუბის რევოლუციით შთაგონებულმა ამ პროცესმა მთელი ლათინური ამერიკა მოიცვა. 1963 წელს ურუგვაიში გაჩნდა „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა - „ტუპამაროსი“. ხოსე მუხიკა მას შეუერთდა. ბრძოლისთვის საჭირო ფულისა და იარაღის მოსაპოვებლად „ტუპამაროსი“ ბანკებს, კაზინოებსა და იარაღის საწყობებს ძარცვავდა. გაიტაცეს სურსათით სავსე სატვირთო მანქანაც.
მუხიკაც მათთან ერთად იყო ამ საქმეში: „არ ვგრძნობ, რომ შევცოდე ბანკების ძარცვით... მშვენიერი განცდაა, როდესაც ბანკში 45-კალიბრიანი პისტოლეტით შედიხარ. ეგრევე პატივისცემით გეპყრობიან“, - ღიმილით აღიარა პოლიტიკოსმა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2018 წელს მასზე ემირ კუსტურიცამ გადაიღო (El Pepe, una vida suprema).
ძარცვის შემდეგ „ტუპამაროსი“ პოლიტიკოსებისა და მეწარმეების გატაცებაზე გადავიდა. გამოსასყიდს ითხოვდნენ. 1971 წელს გაიტაცეს და მოკლეს დენა მიტრიონე, დაზვერვის ცენტრალური სამსახურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი და თანამშრომელი. ის ურუგვაის პოლიციას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლიდა, მათ შორის - დენით წამების ხერხებსაც.
პეპე მუხიკა ოთხჯერ დაიჭირეს. 1971 წლის სექტემბერში მოხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი გაქცევა ციხიდან. მიწისქვეშა გვირაბით ერთდროულად 106 ადამიანი გაიპარა, მათ შორის მუხიკაც. ამ ოპერაციის მომზადებაში მათ 27 წლის ლუსია ტოპოლანსკი ეხმარებოდათ, „ტუპამაროსის“ წევრი. მუხიკა მან რამდენიმე თვის შემდეგ გაიცნო, როდესაც პეპემ საბუთებისთვის მიაკითხა. „საბუთებს ძალიან კარგად ვაყალბებდი, თანაც ყველანაირს: პირადობის მოწმობებს, საზღვარგარეთის პასპორტებს, მართვის მოწმობებს, სპორტული კლუბების საწევრო მოწმობებსაც კი“, - ჰყვებოდა ტოპალანსკი წლების შემდეგ.
ერთმანეთი შეუყვარდათ. რომანი 1972 წელს შეწყდა, როცა ორივე დააპატიმრეს. მომდევნო 13 წელი შეყვარებულები ცალ-ცალკე ისხდნენ ციხეში, ორივეს სცემდნენ და დენით აწამებდნენ.
ასევე ნახეთ იძულებითი კანიბალიზმი - ფილმ „თოვლის საზოგადოების“ რეალური ისტორიამარტოობის 12 წელი
მუხიკა ორმხრივი სროლის დროს დააკავეს, დაჭრილი იყო. ელენთა ამოაჭრეს. ფილტვის ნახევარი ატროფირებული ჰქონდა. ორგანიზაცია „ტუპამაროსი“ განადგურდა.
ხოსე მუხიკა
ურუგვაის სპეცსამსახურების მონაცემებით, 1972 წელს იატაკქვეშ 15 ათასი ადამიანი მუშაობდა. 1973 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ 10-12 ათასი პარტიზანი ან დახოცეს, ან საზღვარგარეთ გააქციეს. დანარჩენები ციხეში მოხვდნენ. ხოსე მუხიკა, ისევე როგორც „ტუპამაროსის“ რამდენიმე ცნობილი ლიდერი, არ გაუსამართლებიათ. მათ ბრალი არ წარედგინათ. ტუსაღებად ჰყავდათ და მოკვლით ემუქრებოდნენ, თუკი თავისუფლებაზე დარჩენილი რევოლუციონერები ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდოდნენ.
მუხიკა რამდენიმე თვეში ერთხელ ერთი სამხედრო ნაწილიდან მეორეში თვალახვეული გადაჰყავდათ და მიწისქვეშა კაზემატებში ათავსებდნენ. დღის სინათლე წლების განმავლობაში არ უნახავს. სრულ იზოლაციაში იყო. პატიმრობის 13 წლიდან 12 სამარტოო საკანში გაატარა.
2018 წელს ეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი „თორმეტწლიანი ღამე“. ის დაფუძნებულია დოკუმენტურ წიგნზე „მოგონებები კარცერზე“, რომელიც 1987 წელს მაურისიო როზენკოფმა და ჟურნალისტმა ელეუტერიო უიდობრომ დაწერეს. ორივე „ტუპამაროსის“ წევრები იყვნენ, პეპესთან მეგობრობდნენ და სასჯელსაც ერთდროულად იხდიდნენ. ფილმის პრემიერაზე მუხიკამ ჟურნალისტებს უთხრა: „სიკვდილით დასჯის შემდეგ მარტოობა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასჯელია“.
„თორმეტწლიანი ღამე“, ისევე როგორც წიგნი, რომელიც ამ ფილმს საფუძვლად დაედო, დეტალურად აღწერს, რამდენად მტანჯველ პირობებში იხდიდნენ სასჯელს მუხიკა, როზენკოფი და უიდობრო. ცემა, დამცირება, შიმშილი, ვირთხები, არავითარი პირადი ნივთები, არაფერი, რაც საწოლის მსგავსი იქნებოდა. თვეების განმავლობაში ადამიანები მიტოვებულ შენობებში კედლებზე მიჯაჭვული ისხდნენ. ტყვეები უნდა დატანჯულიყვნენ, მაგრამ ეცოცხლათ. „უფრო ადამიანური მათი დახვრეტა იქნებოდა, ვიდრე ასეთი ყოფა“, - ამბობს ფილმში ექიმი, რომელმაც ერთ-ერთი პატიმარი გასინჯა - ჭუჭყიანი, ტილიანი, დაწყლულებული.
ახლობლების შეტანილ ნივთებს დაცვა იტოვებდა. „დღეში ერთ ჭიქა წყალს გვაძლევდნენ. შიმშილს კიდევ მოითმენ, მაგრამ წყურვილს ვერა. უწყლობისგან შინაგანი ორგანოები გტკივა. აქაც შეიძლება გამოსავლის მოძებნა. თუ თუნუქის ქილაში მოშარდავ და ერთ დღეს აცდი, მარილები დაილექება. დარჩენილი სითხე შეგიძლია დალიო, ჩვენ ვსვამდით“, - იხსენებს მაურისიო როზენკოფი.
ის და უიდობრო ხშირად მეზობელ საკნებში ისხდნენ. დროთა განმავლობაში ურთიერთობის გზები მონახეს - მორზეს ანბანი. მუხიკა კი ყოველთვის სრულ იზოლაციაში იყო. ნელ-ნელა გიჟდებოდა, სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები დაეწყო. ეჩვენებოდა, რომ თავში ანტენა ჩაუყენეს. ქრონიკული სტრესის ფონზე ბოდვითი აშლილობის ნიშნები გამოაჩნდა.
გათავისუფლების შემდეგ ჰყვებოდა, რომ მწერებზე, ბაყაყებსა და ვირთხებზე დაკვირვებამ გადაარჩინა. როდესაც მღრღნელები გამოდიოდნენ, პეპე ხვდებოდა, რომ დაღამდა. რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარა დედაც. მას ერთადერთი შვილი არასდროს დავიწყებია და თვეების განმავლობაში ცდილობდა, პაემანი ჩაენიშნა. 13 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შეახვედრეს.
ასევე ნახეთ გზააბნეული აეროპლანი. პირველი საჰაერო გაქცევა სსრკ-დან1980 წელს სამხედრო ხუნტამ სცადა ძალაუფლება რეფერენდუმით დაეკანონებინა. ამისთვის კონსტიტუციაც კი გადააკეთა, მაგრამ დამარცხდა. ურუგვაელების 57-მა პროცენტმა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა. ხალხის მღელვარება მატულობდა და სამხედროები არჩევნების გამართვას დათანხმდნენ.
1985 წელს არჩეულმა პრეზიდენტმა სანგინეტიმ არა მხოლოდ პოლიტპატიმრების ამნისტია გამოაცხადა, არამედ გამოსცა კანონიც, რომლის მიხედვითაც სამხედროები, რომლებმაც დიქტატურის პერიოდში დანაშაული ჩაიდინეს, არ გასამართლდებოდნენ. მას მერე ურუგვაიში ორჯერ შეეცადნენ ეს კანონი რეფერენდუმით გაეუქმებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. თუმცა, რაღაც პროცესები მაინც გაიმართა, მაგალითად, 2010 წელს სასამართლომ 30 წელი მიუსაჯა ხუან ბორდაბერის (1928-2011), რომელიც 1973 წლის გადატრიალებისას პრეზიდენტად აირჩიეს. მან სამხედროების ხელისუფლება აღიარა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში დიქტატორად ჩამოყალიბდა. სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის დამრღვევად, ასევე 10 ადამიანის გატაცებისა და ორი პოლიტიკური მკვლელობის თანამონაწილედ. 2011 წელს ბორდაბერი შინაპატიმრობაში გარდაიცვალა.
1985 წელს ხოსე მუხიკა და ლუსია ტოპოლანსკი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. აღარც დაშორებულან. ოფიციალურად 2005 წელს დაქორწინდნენ. მუხიკას ბევრჯერ უთქვამს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეზე ნანობს - ციხეში გატარებულმა 13 წელმა მათ შანსი წაართვა მშობლები გამხდარიყვნენ.
წყვილი თავს გასაყიდი ყვავილების მოყვანით ირჩენდა. თავისუფალ დროს პოლიტიკურ აქტივიზმს უთმობდნენ.
მუხიკა ამბობს, რომ ციხიდან სხვა ადამიანი გამოვიდა, უარი თქვა შეიარაღებულ ბრძოლასა და შურისძიებაზე. „მარტოობის წლები რომ არა, უფრო უმაქნისი, ზედაპირული და არასერიოზული ვიქნებოდი. წარმატებით დავტკბებოდი“, - უთხრა მან კუსტურიცას. უკვე წლებია პეპე მუხიკას არც ფუფუნება აინტერესებს, არც კომფორტი.
ხოსე მუხიკა ხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს, 2024 წლის დეკემბერი.
1986 წელს მუხიკა პირველად აირჩიეს მონტევიდეოს დეპუტატად. შემდეგ სენატორად დანიშნეს. მესაქონლეობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრიც იყო. 2009 წელს კი 74 წლისა პრეზიდენტი გახდა.
მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა: სიღარიბის დონის დაწევა (18.5 პროცენტიდან 9.7-მდე), ქვეყნის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (6.3%), აბორტებისა და ერთი და იმავესქესიანი ადამიანების ქორწინების ლეგალიზაცია. ასევე მარიხუანის მოყვანისა და გამოყენების ლეგალიზაცია, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის. ურუგვაის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შექმნილიყო სოციალური გეგმა „ერთად“. ამ იდეის განხორციელებაზე ის თავისი ხელფასის 85 პროცენტს ხარჯავდა. საბოლოოდ ამ მცდელობის შედეგად 15 ათას ადამიანს საცხოვრებელი სახლი აუშენეს.
მუხიკა პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის პრინციპული წინააღმდეგი იყო. საკუთარ უბრალო სახლში დარჩა, სადაც არჩევნებამდე ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს. მაღალი კლასის ავტომობილების ნაცვლად, თავისი ცისფერი მანქანით დადიოდა (Volkswagen Beetle, 1987). სოციალური გამოკითხვების მიხედვით, ურუგვაელების 56%-მა მისი მმართველობა დადებითად შეაფასა.
პრეზიდენტობის შემდეგ ხოსე მუხიკა სენატორი გახდა. 2020 წელს, 85 წლისა პოლიტიკიდან წავიდა. ცოლთან ერთად თავის სახლში ცხოვრობდა და სანამ შეეძლო, მეურნეობას მისდევდა, ყვავილებსაც ახარებდა. წლებთან ერთად, მუხიკა პოლიტიკოსიდან ფილოსოფოსად იქცა: მასთან მთელი მსოფლიოდან მიდიან ინტერვიუსთვის, ექსპერტული აზრისთვის, რეპორტაჟისთვის... ყურადღებით აკვირდება მსოფლიო პოლიტიკას. „პუტინის მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია მსოფლიოში, - ამბობდა ის CNN-თან 2022 წელს, - პუტინს საზიზღარი მიზნები აქვს, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპერიული თავდასხმა ნაციაზე [უკრაინელები], რომელთანაც [რუსეთს] არცთუ მარტივი ისტორიული წარსული აკავშირებს“.
ხოსე მუხიკა მეუღლესთან ერთად
ურუგვაის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მთელ თავის ქონებას სიკვდილის შემდეგ ქველმოქმედებისთვის დატოვებს. ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სურს მისი ცხედარი დაწვან, ფერფლი კი სახლთან, სწორედ იმ ადგილას ჩაფლან, სადაც 2018 წელს მანუელო დამარხა, საყვარელი სამფეხა ძაღლი, რომელიც პეპეს მაშინ ჰყავდა, როდესაც პრეზიდენტი იყო.
ასევე ნახეთ ჯონ სტაინბეკი - მეორედ თბილისში: КГБ, დუდუკი, კალამი...