საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს თბილისის მერის მიერ მთავარი ნაძვის ხის ანთება - მაშინ, როდესაც 2 კვირაზე მეტია, იქ საპროტესტო დემონსტრაციები იმართება, - „პროვოკაციაა“.
პრეზიდენტი თბილისის მერ კახა კალაძეს მოუწოდებს, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. 14 დეკემბერსვე გეგმავს „ქართული ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევას.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე აინთება.
ეს ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დგას - ამ ადგილზე ბოლო 15 დღეა, ათასობით ადამიანი იკრიბება „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და ახალ არჩევნებს ითხოვს.
„ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და ხვალ რადგანაც იმართება პარლამენტში პაროდია, უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი“, - განაცხადა 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
პრეზიდენტის თანახმად, „ექიმები ამბობენ, რომ რუსთაველზე შენობების ფასადები და ხეები გაზითაა გაჟღენთილი და სასურველი არ არის ბავშვების მოყვანა“.
ასევე ნახეთ საშიში ნაძვის ხე? - როგორი ჰაერია პარლამენტთან, რატომ დუმან უწყებები
„მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი ეს პროვოკაცია არაფერს არ გამოიწვევს, რადგან ქალაქში პროტესტი ხვალაც იქნება და იქნება მშვიდობიანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მოვლენების შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს დააკისრა:
„თუ ეს პროვოკაცია არაა, რაღა ხვალ? მოდის ბარბარობა [17 დეკემბერს], როდესაც ბევრად უფრო ბუნებრივია [ნაძვის ხის ანთება] და გადაიტანოს. მე ვთავაზობ აქ, ორბელიანის მოედანზე, - სადაც თავად „ბარაკები“ დააყენა, მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტის წინ აპირებდა... მაგრამ რაც უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე, პირადად მასზე იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
მე-16 დღეა, რუსთაველის გამზირსა და თბილისის ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით.
აქცია დაგეგმილია შაბათ საღამოსაც.