პოსტრუსეთი - ერთის ნაცვლად 34 სახელმწიფო?

რუსეთის თავისუფალი ერების ფორუმის მიერ შედგენილი „პოსტრუსეთის რუკა“

აგვისტოს დასაწყისში ტოკიოში ჩატარდა „პოსტრუსეთის თავისუფალ ხალხთა“ მე-7 ფორუმი, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სამხრეთის ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„დამონებულ ხალხთა პრობლემების მსოფლიოს ყურამდე მიტანა“ - ასე ჩამოაყალიბეს მათ შეკრების ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ნაწილია პოსტპუტინური რუსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაშლის დიდი გეგმისა.

„პოსტრუსეთის თავისუფალი ხალხების ფორუმის“ ტოკიოში მასპინძლობის გამო რუსეთის საგარეო უწყებამ იაპონიის საელჩოს მოსკოვში მწვავე პროტესტი გამოუცხადა.

„ფორუმის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში მიჩნეულია არასასურველად, ხოლო მისი წევრების მონაცემები შეტანილია ტერორისტთა რეესტრში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 7 აგვისტოს განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, იაპონურ მხარეს განემარტა, რომ "ტოკიოს ამგვარი ნაბიჯი და იაპონელი დეპუტატების აღნიშნულ შეკრებაში ჩართვა და მათი ხელმოწერების დატოვება ფორუმის შემაჯამებელ დოკუმენტზე, რომელიც შეიცავს რუსეთის სახელმწიფოებრიობის შელახვისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მოწოდებებს, არ შეიძლება ჩაითვალოს სხვაგვარად, თუ არა რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად“.

ტოკიოს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის, მოძრაობა "თავისუფალი ჩერქეზეთის", "დამოუკიდებელი ყუბანის“, ოირატ-ყალმუხი ხალხის კონგრესის, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის, ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს, ნოღაელთა ეროვნული მოძრაობის და ინგუშეთის დამოუკიდებლობის კომიტეტის წარმომადგენლებმა.

ფორუმს სტუმრის სტატუსით დაესწრო იაპონიის წარმომადგენელთა პალატის (პარლამენტის) რამდენიმე წევრი, რომლებსაც, სავარაუდოდ, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი კურილის კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების პერსპექტივა აინტერესებდათ.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტი kavkaz.realii წერს, ფორუმმა მიიღო ე.წ. ტოკიოს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს ითანამშრომლონ „რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაცია-დეიმპერიალიზაციისა და რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის განთავისუფლებისათვის“.

დეკლარაციაში ასევე გამოთქმულია კურილის კუნძულების პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის სურვილი, ხოლო თვითონ კუნძულები დოკუმენტში ნახსენებია როგორც "ოკუპირებული ჩრდილოეთი ტერიტორიები".

პოსტრუსეთის ხალხთა ფორუმის მონაწილეები, ევროპარლამენტი, 2023 წლის 31 იანვარი

იაპონიამდე ფორუმი პოლონეთში, შვედეთში, ბელგიაში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა.

„პოსტრუსეთის თავისუფალ ხალხთა ფორუმს“ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა უკრაინასთან რუსეთის წარუმატებელმა ომმა, რომლის დაწყების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ ბრძოლის გააქტიურებას თავიანთი რესპუბლიკების დამოუკიდებლობისათვის. მალევე, 2022 წლის ივნისში დეპუტატ გონჩარენკოს ინიციატივით უკრაინის უმაღლეს რადაში შეიქმნა ფრაქციათაშორისი ჯგუფი "თავისუფალი კავკასიისთვის". ამის შემდეგ სუვერენიტეტისათვის ბრძოლა გააძლიერეს ჩეჩნეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყალმუხეთის ხალხების წარმომადგენლებმა. მათ შეუერთდნენ ინგუშეთის დამოუკიდებლობის მომხრეებიც.

„პოსტრუსეთის თავისუფალ ხალხთა ფორუმის“ წევრებისთვის საეტაპო მნიშვნელობის გამოდგა 2023 წლის ივლისში ვანკუვერში გამართული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია, რომლის ერთ-ერთ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი კოლონიური იმპერიაა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ძალადობრივ-იმპერიულ და კოლონიალურ ხასიათს, რომელიც სრულად წარმოჩინდა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული ომით და, რაც ასევე გამოხატულია ბელორუსის „რბილ“ ანექსიაში, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაში, მოლდოვაში სეპარატიზმის მხარდაჭერასა და რუსეთის ფედერაციის შიგნით იმ ძირძველი ხალხების ძალადობრივ დაქვემდებარებაში, რომლებსაც უარს ეუბნებიან თანაბარ უფლებებსა და თვითგამორკვევაზე, ხოლო მათ მიწებსა და ხალხებს გამუდმებით ბოროტად იყენებენ - ექსპლუატაციას უწევენ ჰელსინკის შეთანხმებისა და გაეროს წესდების დარღვევით“, - წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

2023 წლის ივლისშივე (22-24 ივლისი) პრაღაში გაიმართა რუსეთის თავისუფალ ხალხთა II ფორუმი, რომელიც „რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციას“ მიეძღვნა. ფორუმმა მხარი დაუჭირა არაძალადობრივი გზით დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღევანდელი რუსეთის შემადგენლობაში შედიან. ფორუმზე „პოსტრუსული სივრცის რუკაც“ განიხილეს, რომელზეც რუსეთი 34 ცალკე სახელმწიფოდ არის დაყოფილი.

ამ რუკაზეა: დამოუკიდებელი ყუბანი, კავკასიის კონფედერაცია (ცენტრით ვლადიკავკაზში), ჩერქეზეთის რესპუბლიკა, დონის რესპუბლიკა, დამოუკიდებელი ყალმუხეთი, დაღესტანი, იჩქერია და სხვა.

ეუთოს დროშები ორგანიზაციის ვენის ოფისთან, 2022 წლის თებერვალი

რუსული პოლიტიკის მკვლევრები შენიშნავენ, რომ სამხრეთ რეგიონებს შორის, რუსეთიდან გამოყოფის მოთხოვნა შესაძლოა გაჩნდეს დაღესტანში, რადგან ამ რესპუბლიკაში ცხოვრობს ახალგაზრდა მრავალენოვანი ერი, რომელიც თავს არ აღიქვამს რუსად ("რუსეთელად"), ისევე როგორც რუსეთის ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ დაღესტანი არ არის მათი ქვეყნის ნაწილი. ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი, რომელიც ეყრდნობა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ ) გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა მხოლოდ 41% აღიქვამს დაღესტანს რუსეთად, ჩეჩნეთს კი - 39%.

„მხოლოდ ეს ფაქტორია საკმარისი იმისათვის, რომ ჩამოთვლილი რესპუბლიკები გახდნენ სეპარატიზმის ცენტრები, - ამბობს პრეობრაჟენსკი, - ჩეჩნეთი დე ფაქტო ახლაც არ არის რუსეთის ნაწილი, თუნდაც იმიტომ, რომ იქ რუსული კანონები არ მოქმედებს. ამ ტერიტორიას აკონტროლებს დიქტატორი, რომლის ძალაუფლება დაფუძნებულია კრემლთან კავშირზე“.

ივან პრეობრაჟენსკის თქმით, რუსეთის დაშლის ცენტრიდანული ტენდენციები შესაძლოა წარმოიქმნას არა რეგიონებში (რუსეთი პოლიციური სახელმწიფოა და სეპარატიზმის ყოველგვარი გამოვლინება სასტიკად ისჯება), არამედ მოსკოვის შეცდომების შედეგად, რამაც შესაძლოა რეგიონულ ელიტებს დამოუკიდებლობის მოთხოვნისკენ უბიძგოს.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი

რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა მითს, რომ ამ ტერიტორიაზე რუსების გარდა სხვა არავინაა, ყველა დანარჩენი ველური და ბარბაროსი ხალხებია, რომელთა მოთოკვა მხოლოდ იმპერიის ძალითაა შესაძლებელია.

ნოღაელების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის ანვარ კურმანაკაევის თქმით, იაპონიაში გამართული ფორუმისა და მსგავსი შეკრებების ამოცანა სწორედაც რომ რუსეთის მიერ აშენებული ამ კედლის გარღვევა და მსოფლიოსათვის მოსკოვის მიერ ოკუპირებული ძირძველი ხალხების გაცნობაა.

კურმანაკაევი დარწმუნებულია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი ეროვნული მოძრაობების აქტივისტები სრულად წარმოადგენენ თავიანთ ხალხებს, რადგან ისინი ინარჩუნებენ კავშირებს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან.

„ერთი გარემოდან ვართ გამოსული, სისხლისმიერი მჭიდრო კავშირი გვაქვს მათთან, - ამბობს ნოღაელთა წარმომადგენელი, - ვახმოვანებთ იმ აზრებს, მისწრაფებებსა და განწყობებს, რაც ჩვენ ხალხებს აქვთ, მაგრამ რუსული რეპრესიული კანონების გამო, რუსეთში დარჩენილებს ეშინიათ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი."

შინაარსების მოლოდინში

თუმცა პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტოკიოში გამართული ფორუმის მსგავს ღონისძიებაში ფაქტობრივად არ მონაწილეობენ რეგიონების ნამდვილი წარმომადგენლები.

„ფორუმის მონაწილეები, როგორც წესი, ემიგრანტები არიან და მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს ცოცხალი კავშირი სამშობლოში დარჩენილ ადამიანებთან, - ამბობს პოლიტოლოგი მიხაილ სავვა, - შესაბამისად, ამგვარი სუსტი კომუნიკაციის გამო, ღრმა და კარგად გააზრებული იდეებიც კი ვერ განხორციელდება, რადგან ეს იდეები არ მოდის საკუთარ მიწაზე მცხოვრები ხალხებიდან“.

რუსეთში მცხოვრები ადამიანებისათვის ასეთ შეკრებებში მონაწილეობა აუცილებლად ციხით დასრულდება. სავვას თქმით, ორგანიზატორებმა უნდა დაიწყონ შინაარსებისა და მოსაზრებების ფართო და გამუდმებული გაცვლა რუსეთში მცხოვრებ ხალხებთან.

„სულ უფრო მეტი ადამიანისათვის, მათ შორის პირველ რიგში რეგიონული ელიტების წარმომადგენლებისთვის, ხდება ნათელი, რომ ომი უკრაინაში არ დამთავრდება პუტინის რეჟიმის ტრიუმფით. ამიტომ დამარცხების უმძიმესი შედეგების მინიმალიზებისთვის უკვე აქედანვე უნდა დაიწყოს მსჯელობა განვითარების ალტერნატიულ ვარიანტებზე“, - ამბობს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი მიხაილ სავვა

რუსეთის დაშლის იდეა მიუღებელია როგორც რუსეთის ხელისუფლებისთვის, ასევე რუსული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც, რომელიც ამტკიცებს, რომ დაშლა გამოიწვევს ახალ ომებსა და სისხლისღვრას. არადა, როგორც სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფალი ინგრიის“ კოორდინატორი პაველ მიზერინი ამბობს, რუსეთის დაყოფის გარეშე თვისებრივად არაფერი შეიცვლება.

„რუსეთის დატოვება მის ამჟამინდელ საზღვრებში, პუტინის რეჟიმის სრული დამარცხების შემთხვევაშიც კი, შეიცავს რევანშის დიდ საფრთხეს. ნებისმიერი „მომავლის მშვენიერი რუსეთი“, რომელზეც ხოდორკოვსკი, ნავალნი და კასპაროვი ოცნებობენ, ისევ ის ძველი რუსეთი იქნება“, - ამბობს პაველ მიზერინი.

ჩერქეზული მოძრაობის „ხასეს“ ხელმძღვანელმა და „სამოქალაქო საბჭოს“ წევრმა იბრაჰიმ იაგანოვმაც რადიო თავისუფლების პროექტ Kavkaz.Realii-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ფორუმები არ უნდა დაემსგავსოს პოლიტიკურ ტურიზმს და, რომ ერთადერთი პლატფორმა, რომელიც ნამდვილად ეფექტიანია, ომში მყოფი უკრაინაა:

”ჯერჯერობით, ფორუმის ორგანიზატორები მხოლოდ ჩივიან და ვერაფერს აკეთებენ ვითარების შესაცვლელად. ეს იწვევს ეროვნული მოძრაობების დისკრედიტაციას, რაც ხელს აძლევს იმ რუს ოპოზიციონერებს, რომლებსაც პუტინის გაშვება მხოლოდ იმისათვის უნდათ, რომ თვითონ დაიკავონ ადგილი იმპერიის სათავეში და არსებითად არაფერი, მათ შორის არც საზღვრები შეცვალონ“.

ამოთქმის შესაძლებლობა

"ჩვენ წარმოვადგენთ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც არსებობდნენ სახელმწიფო წარმონაქმნები და რომლებსაც აქვთ მოსკოვისგან დამოუკიდებელი არსებობის როგორც მოთხოვნილება, ასევე რესურსები. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ესმოდათ არც რუსეთში და არც მის ფარგლებს გარეთ", - ამბობს ოირატ-ყალმუხეთის კონგრესის თავმჯდომარე და ყალმუხური ენის განვითარების ცენტრის ყოფილი დირექტორი არსლანგ სანჯიევი.

ტოკიოში გამართულ ფორუმში მონაწილეობდა კიდევ ერთი ყალმუხი, არქეოლოგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე მარია ოჩირ-გორიაევა, რომლის თქმითაც, რუსეთის ტერიტორიის 70%-ზე მეტი (და ამდენივე რესურსი) ეკუთვნით ეროვნულ რესპუბლიკებს, თუმცა, ამგვარი პროპორციის მიუხედავად, ეს რესპუბლიკები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუტსაიდერები არიან, მათ არ ეძლევათ საშუალება განკარგონ თავიანთი მიწის სიმდიდრე.

„ასეთივეა რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პოზიცია, რომლის გაჟღერება თანამედროვე რუსეთში უბრალოდ სახიფათოა“, - ასკვნის ყალმუხი მეცნიერი.

პოსტრუსეთის თავისუფალი ხალხების ფორუმის საქმიანობა, მათ შორის ისეთი რუკების დაბეჭდვა და გავრცელება, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მართლაც გათანაბრებულია ექსტრემიზმთან და ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.

„პოსტრუსეთის თავისუფალი ხალხების ფორუმი“ და მის მიერ შედგენილი რუკა აღიზიანებს ჩეჩნეთის დღევანდელ მმართველსაც. რამზან კადიროვმა, ვიდრე პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრებოდა ფორუმის მონაწილეებს, იხუმრა, პოსტრუსეთის რუკას ლუკომორიე, ზურმუხტ ქალაქი, სარკისმიღმეთი და ნარნია აკლიაო.