პომპეუსის თუ ნიკოლოზ I-ის ხიდი?

მცხეთის ძველი ხიდი, რომლის ამასწინანდელმა რამდენიმედღიანმა გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, შეუნიშნავი არ დარჩენია არც ერთ მოგზაურსა და მეცნიერს, ვისაც კი საქართველოში ოდესმე უმოგზაურია ან საქართველოს სამხედრო გზაზე გაუვლია.

„მცხეთაში არის ქვის ხიდი, რომლის აშენებას რომაელ მხედართმთავარს, პომპეუსს, მიაწერენ“, - წერდა წლების წინ ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, რომელიც იქვე შენიშნავდა, ზუსტად ამ ადგილზე პომპეუსის ლაშქრობამდეც არსებობდა ხიდიო... მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ნაგებობა, რომელსაც 1926 წლიდან მტკვრის წყალი ფარავს და რომლის ნაშთების ხილვაც ზაჰესის კაშხლის გახსნისას ხდება ხოლმე შესაძლებელი, მაინც ვერ იქნებოდა პომპეუსის აშენებული, რადგან ზუსტად არის ცნობილი, თუ ვინ და როდის ააშენა ეს ხიდი, რომელსაც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-თან უფრო მეტი კავშირი აქვს, ვიდრე სახელოვან გნეუს პომპეუსთან.

მცხეთის ძველი ხიდი მტკვარზე

1826 წელს, ზუსტად 100 წლით ადრე, ვიდრე მცხეთის ძველ ხიდს შეგუბებული მტკვარი დაფარავდა, გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა ედუარდ აიხვალდმა თავის დღიურში ჩაწერა:

ედუარდ აიხვალდი

“რამდენიმე კვირა ტფილისში ყოფნის შემდეგ, 29 აპრილს დავტოვე ის, რათა წავსულიყავი ქუთაისში... მალე ჩვენ მივაღწიეთ მტკვარზე გადებულ მშვენიერ ხიდამდე მცხეთასთან, იბერიის ძველ დედაქალაქთან, საითკენაც ბერძნულ ხანაში დიდი სავაჭრო გზა მოდიოდა... მტკვარი აქ ვიწრო ხეობიდან გამოდის და მძიმე ხმაურით უცბად ფართოდ შლის თავის კალაპოტს. მასზე აგებული ქვის ხიდი აშენებულია ერმოლოვის ბრძანებით. მოგზაურებმა მასზე ტვირთის გადატანაში უნდა გადაიხადონ ბაჟი, რაც მცხეთის ეკლესიის კუთვნილებაა და წლიურად უნდა შეადგენდეს 4 ათას ვერცხლის მანეთს”.

ედუარდ აიხვალდის მიერ აღწერილი ეს ხიდი სულ რაღაც 15 წელიწადში ახალი ქვის ხიდით შეიცვალა. აშენდა ის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი და რომელსაც ახლა მტკვრის მღვრიე წყალი ფარავს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ამ ადგილზე მთავარმართებელ ალექსეი ერმოლოვამდეც მრავალი ასეული წლის განმავლობაში გადებული იყო ხიდი, რომელსაც ხალხი ხან პომპეუსის, ხან მოგვების და ხანაც გორგასლის ხიდს უწოდებდა.

რატომ პომპეუსის?

როგორც მცხეთის ძველ ხიდზე დაწერილი მონოგრაფიის ავტორი, ინჟინერი ნიკო კვეზერელი-კოპაძე წერს, ეს ხიდი დიდი ისტორიული ამბების მოწმეა - მასზე გადაუვლიათ რომაელთა ლეგიონებს, ბიზანტიისა და არაბთა სამხედრო ნაწილებს; მას გაუძლია მონღოლთა, ოსმალთა, სპარსთა და ლეკთა შემოსევებისათვის. ამ ხიდს ახსენებენ ანტიკური დროის ისტორიკოსები: აპიანე (ჩვ. წ. აღ. II საუკუნე), დიონ-კასიოსი (ჩვ. წ. აღ. II-III სს), მოსე ხორენელი და სხვები.

"მცხეთის ძველი ხიდი". ავტ. ნიკო კვეზერელი-კოპაძე

სწორედ აპიანე თავის Historia Romana-ში პირველად ახსენებს კავკასიაში ლაშქრობის დროს მტკვარზე გადებულ ხიდს, რომელსაც, მისი თქმით, პომპეუსი აშენებს ივერიის მეფის, არტაგის, წინააღმდეგ ბრძოლაში.

პომპეუსისა და არტაგის დაპირისპირება ასევე აღწერილი აქვს ბერძენ ისტორიკოსს, დიონ-კასიოსს (ჩვ. წ. აღ. II-III), რომელიც დიდწილად ეწინააღმდეგება აპიანეს ვერსიას რომაელების მიერ ხიდის აშენების თაობაზე, რადგან, კასიოსის მიხედვით, უკვე არსებულ ხიდს გაქცევის წინ წვავს მეფე არტაგი, ხოლო მას შემდეგ, რაც პომპეუსი გადაწყვეტს მტკვრის მეორე ნაპირზე გადასვლას, არტაგი სთავაზობს რომაელ სარდალს ხიდის საკუთარი ძალებით აღდგენას და დაზავებას. პომპეუსი იღებს შეთავაზებას, თუმცა პირობას არღვევს და ბრძოლაში ამარცხებს არტაგს, რომელიც გარბის და გადარჩენის მიზნით წვავს კიდევ ერთ ხიდს, ამჯერად მდინარე არაგვზე.

„დასაბუთებულად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მცხეთის ხიდი, ისევე როგორც ხიდი არაგვზე, პომპეუსის ივერიაში ლაშქრობამდე არსებობდა“, - ამბობს ნიკო კვეზერელი-კოპაძე.

თუმცა რატომღაც მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა აპიანეს მიერ მოთხრობილი ისტორია პომპეუსის მიერ ხიდის მშენებლობის თაობაზე, რაც ერთგვარ კლიშედაც კი იქცა.

მცხეთის ხიდი მდინარე მტკვარზე. ჩანახატი 1825 წ.

„ღართისკარიდან რამდენიმე ვერსში ჩვენ გადავედით მტკვარზე ძველი ხიდით, რომელიც წარმოადგენს რომაელთა ლაშქრობის ძეგლსო“, - ამბობს ალექსანდრე პუშკინი 1829 წელს არზრუმში მოგზაურობის დღიურში. ამავე შეცდომას უშვებს ბარონი ფიოდორ ტორნაუც, რომელიც 1832-1844 წლებში მსახურობდა კავკასიაში და, წესით, კარგად უნდა სცოდნოდა ხიდის ისტორია. „სწრაფად გავიარეთ ფასანაური, ანანური, დუშეთი, ღართისკარი, მცხეთა და რომაული ხიდი მტკვარზე“, - წერს ტორნაუ თავის მოგონებებში.

რატომ გორგასლის?

„ხოლო ვახტანგ განაფართა ხიდი მოგუეთისა ვითარ 60 მხარი ქცევისათვის მას ზედა სპათა“, - ვკითხულობთ XI საუკუნის ისტორიკოსის, ჯუანშერის, „ქართლის ცხოვრებაში“. განაფართა, ანუ ძველი ხედი გადააკეთა, გააფართოვაო. მართლაც, როგორც ნიკო კვეზერელი-კოპაძე ამბობს, ვახტანგ გორგასალმა 20-მეტრიანი ხის მალს დაუმატა დამატებითი კონსტრუქციები და ხიდის სიგრძე გაიზარდა 60 მხარით, ანუ 100-120 მეტრით. გააკეთა ხიდამდე მისასვლელები, რომლებშიც ჩართო თაღოვანი სარკმელები: მარცხენა სანაპიროსთან - ხუთი, მარჯვენასთან - სამი, რათა წყალდიდობის დროს ხიდს სრულად გაეტარებინა მტკვრის მოწოლილი წყალი. ამასთან, ხიდის ცენტრალური ნაწილი კვლავ ხის დარჩა, რადგან ხის მალს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. მტრის მოახლოებისას შეეძლოთ იგი ჩაეშალათ და გზა გადაეღობათ მომხვდურთათვის.

მცხეთის ხიდი. ნიკანორ ჩერენცოვის ჩანახატი

მცხეთის, ანუ, როგორც მაშინ ეძახდნენ, მოგვთა ხიდმა, ამ სახით თითქმის 13 საუკუნე იარსება. 1771 წელს ეს ხიდი უნახავს აკადემიკოს იოჰან გიულდენშტედტს:

„მცხეთიდან ¼ საათი მივდიოდით დასავლეთისაკენ. მივუყვებოდით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა, დაახლოებით ერთ ვერსზე, და გადავედით ხიდზე, რომლის სარგებლობისათვის ერთი მცხეთელი აზნაური იღებდა ბაჟს. ხიდმა ძლივს გაუძლო ჩვენს გადასვლას“.

რუსეთის იმპერიის შემოსვლის შემდეგ საქართველოს სამხედრო გზაზე გადებულმა მცხეთის ხიდმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, აქტუალური გახდა მასზე ზრუნვა როგორც გამაგრების, ასევე გაფართოების სახით.

რატომ ნიკოლოზ I-ის?

1811 წელს მოგზაური კარლ ფრაიგანგი ასე აღწერდა მცხეთის ხიდს: „გვერდებზე აქვს კოშკები, რომლებიც, ალბათ, ძველ დროში თავდაცვისთვის იყო გამოყენებული. ამბობენ, რომ ხიდი ააშენა პომპეუსმა, როცა თავისი ჯარით გაიარა მცხეთაშიო, მაგრამ სიმართლესთან ახლოს იქნება, თუ ვიტყვით, რომ პომპეუსის მოსვლამდე უნდა იყოს აშენებული“.

მტკვარზე გადებული ეს ხიდი აღწერილი აქვს 1833 წელს შვეიცარიელ მეცნიერსა და მოგზაურს ფრედერიკ დიბუა დე მონპერეს:

„მისი შუა ნაწილი ხისა იყო, თაღი, დიდი ხანია, მოშლოდა და თუ მართლაც ეს ხიდი პომპეუსის მიერ იყო აგებული, უნდა ითქვას, რომ მას დიდხანს გაუძლია ბუნების სტიქიისათვის“.

რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I

სწორედ ასეთ მდგომარეობაში იხილა მცხეთის ძველი ხიდი რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა, რომელიც 1837 წელს ეწვია საქართველოს. მიუხედავად ხშირი შეკეთებისა, მძიმე ტვირთების ხშირმა გადატანამ სახიფათო გახადა ხიდით სარგებლობა. საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ამ გზაზე მიმოსვლის სრული შეწყვეტის საფრთხის გამო, გადაწყდა ხიდის საფუძვლიანი განახლება. პეტერბურგში მიმავალმა ნიკოლოზ I-მა, მას შემდეგ, რაც საგულდაგულოდ დაათვალიერა მცხეთის ძველი ხიდი, ახალი ხიდის აშენების განკარგულება გასცა, თუმცა მშენებლობისთვის საჭირო თანხა - 60 ათასი ვერცხლის მანეთი - მხოლოდ 1839 წელს გამოიყო. ამავე წელს თბილისში გამოგზავნეს რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი ფრანგი ინჟინერ-პოლკოვნიკი ტერმინი, რომელმაც, ახალი ხიდის აშენების გარდა, ძველ, დასაშლელად განწირულ ხიდზეც დატოვა მოგონებები:

„ძველი ხიდის მშენებლობას რომაელებს მიაწერდნენ. თუ ჩემ მიერ ნახული ჩვენამდე მოღწეული ხიდის ნანგრევებით ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ რომაელების მიერ აგებული ხიდი იმ დროისათვის უკვე დანგრეული ყოფილა. ჩანს, იგი რეკონსტრუირებული იყო ქართველების ან სპარსელების მიერ“.

ახალი ხიდი ძველის ადგილზე აშენდა. რატომ? თვითონ ინჟინერი ტერმინი ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ჯერ ერთი, მდინარეს აქ ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, მეორე ის, რომ არ იყო დრო მდინარის სხვა ადგილებში გრუნტის გამოსაკვლევად“.

ინჟინერ-პოლკოვნიკ ტერმინის მიერ აგებული ქვის ხიდი მცხეთაში. 1839-1841 წწ.

როგორი იყო ახალი ხიდის პარამეტრები?

ინჟინერმა ტერმინმა ხიდი მნიშვნელოვნად აამაღლა და გააფართოვა: ხიდის სავალი ნაწილის სიგანემ 6,3 მეტრი შეადგინა, ნაცვლად 4,3 მეტრისა. ხიდის ქვეშ, უშუალოდ მდინარეზე, გაკეთდა 23,5 მეტრი სიგანის ქვის კამარა. გარდა ამისა, წყალუხვობისას მეტი წყლის გასატარებლად დამატებული იქნა აგურის ნახევარწრის კამარები: მარცხენა სანაპიროს მხრიდან ორი, 10,7მ და 6,4 მ დიამეტრებით, მარჯვენა სანაპიროს მხრიდან ერთი, 12,8 მ დიამეტრისა. ჯამში, ხიდის მალების საერთო სიგანემ შეადგინა 53,3 მეტრი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ახალი ხიდის მალების ჯამური ფართობი 1,5-ჯერ აღემატებოდა ძველი ხიდის ხუთი მალის ფართობს.

მცხეთის ძველი ხიდი, როცა ზაჰესის წყალსაცავი დაცლილია

ძველ ხიდთან ერთად დაანგრიეს სადარაჯო ციხე-კოშკი, რომლის ქვები მშენებლებმა ხიდის მარცხენა ნაპირის მისასვლელის კონტრფორსების მოსაწყობად გამოიყენეს.

ხიდის შუა საყრდენად გამოყენეს მცირე ზომის ბუნებრივი კლდოვანი კუნძული, რომლის მდებარეობამ განსაზღვრა კონსტრუქციის კუთხური გარდატეხის აუცილებლობა.

ინჟინერ ტერმინის ხიდი 85 წლის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციას, ვიდრე 1926 წელს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურისათვის კაშხალი არ აშენდა და კონსტრუქცია მთლიანად მტკვრის შეგუბებულმა წყალმა არ დაფარა.

მცხეთის ძველი ხიდი (არ ჩანს), როცა ზაჰესის წყალსაცავი სავსეა

1926 წელსვე ძველი ხიდიდან 450 მეტრში აშენდა ახალი რკინის სამმალიანი ხიდი, რომლის არქიტექტორი ი. კარელინი, ხოლო ინჟინერი ბ. მიქელაძეა, თუმცა ვერც ამ ხიდმა და ვერც მომდევნო წლებში მცხეთაში აშენებულმა ვერც ერთმა სხვა ხიდმა დიდება და პირველობა ვერ ჩამოართვა 95 წლის წინ ჩაძირულ ხიდს, რომლის პერიოდული გამოჩენა კვლავაც არავის ტოვებს გულგრილს და რომელსაც ვერც დრომ და ვერც თვით მტკვრის მძლავრმა ტალღებმა ვერ ჩამოარეცხა რომაელი მხედართმთავრის უცნაურად მიწებებული სახელი.