პოლონური სისხლით განმტკიცებული მეგობრობა

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. 9 დღით ადრე მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საბჭოთა კავშირს ზურგში უნდა დაერტყა პოლონეთის ჯარისთვის... თუმცა სტალინი არ ჩქარობდა პოლონეთში შეჭრას. მგელივით ფრთხილი ჯუღაშვილი ცდილობდა პოლონეთში ცხვრის ტყავის სამოსით შესულიყო, რათა დასავლეთის თვალში ოკუპანტის როლში არ გამოჩენილიყო.

3 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ლონდონი და პარიზი ჰიტლერს ომს გამოუცხადებენ, რიბენტროპი ტელეგრამას აფრენს მოსკოვში ერთადერთი თხოვნით - წითელი არმია დაუყოვნებლივ უნდა შეჭრილიყო პოლონეთში. წითელი არმიის პოლონეთში შეჭრით, ჰიტლერს უნდოდა ლონდონ-პარიზისათვის ეჩვენებინა, რომ ვარშავისთვის სამხედრო დახმარება აზრს კარგავდა. 5 სექტემბერს, მოლოტოვის პირით კრემლი ბერლინს უპასუხებს, რომ „პოლონეთში ინტერვენციის დრო ჯერ არ იყო დამდგარი“.

სტალინი არ ჩქარობდა - მისი აზრით, ომში პარიზი და ლონდონი ჩაერთვებოდნენ და კონფლიქტი, სულ ცოტა, ზამთრამდე გაიწელებოდა. სინამდვილეში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება: 8 სექტემბერს გერმანიის მთავარსარდლობა გაავრცელებს კომუნიკეს ვარშავის ხელში ჩაგდების შესახებ. იმავე საღამოს გერმანიის სამხედრო ატაშე მოსკოვში კიდევ ერთხელ გაიმეორებს ბერლინის დაჟინებულ თხოვნას: „ვარშავა აღებულია, პოლონეთის მთავრობა აღარ არსებობს“ და მოსკოვს არანაირი მიზეზი აღარ ჰქონდა პასიური მაყურებლის როლში დარჩენილიყო. საპასუხოდ ბერლინი მოსკოვისგან მხოლოდ მილოცვას მიიღებს სამხედრო მიღწევებისთვის... რაც შეეხება წითელ არმიას, ის ისევ უძრავი რჩებოდა.

სტალინის აზრით, არმიის დაძვრამდე საჭირო იყო პატარ-პატარა საქმეების მოგვარება... პირველ რიგში სტალინს სჭირდებოდა აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების გარანტია - ლონდონ-პარიზთან ომის საშიშროება გამქრალი არ იყო და ჯუღაშვილს ორ ფრონტზე ომის თავიდან აცილება სურდა. დაზავდება რა ტოკიოსთან 15 სექტემბერს, სტალინი (სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა), ყველა საბჭოთა ხომალდს ნავსადგურში დააბრუნებს - ჯუღაშვილს ეშინოდა, რომ პოლონეთში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთის ფლოტი ნამგალ-უროიან ხომალდებზე ნადირობას გამოაცხადებდა.

ამის პარალელურად კრემლის რადიო საბჭოთა მოსახლეობას აუწყებს, რომ... პოლონეთში პროლეტარიატს ექსპლუატატორთა კლასის წინააღმდეგ აჯანყება ჰქონდა დაწყებული (sic)!

16 სექტემბერს, როცა გერმანიის ჯარი მთელ პერიმეტრზე გადაკვეთს მოლოტოვ-რიბენტროპის ხაზს და მადიანად შეუდგება კრემლისთვის განკუთვნილი პოლონური ლუკმის ჭამას, სტალინი ანერვიულდება და პოლონეთში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, რუბიკონის გადაკვეთამდე, ბოლო საქმე იყო მოსაგვარებელი - პოლონეთში შეჭრის ფორმალური მიზეზის მოძებნა... 16-დან 17 სექტემბრის ღამეს, ყველაფერს მიჩვეული კრემლის კედლები, სიურრეალისტური სცენის მოწმე გახდება: სტალინი მოლოტოვთან და ჰიტლერის ელჩ შულენბურგთან ერთად პოლონეთის ელჩისადმი გადასაცემი ნოტის შედგენით იყო დაკავებული. გამთენიისას, 4 საათზე და 40 წუთზე, ნოტას პოლონეთის ელჩ გრჟიმბოვსკის გადასცემენ. „გერმანულ-პოლონურმა ომმა აჩვენა პოლონეთის სახელმწიფოს სიმყიფე. (...) ვარშავა, როგორც პოლონეთის დედაქალაქი, აღარ არსებობს. (...) ეს ნიშანია იმისა, რომ პოლონეთის სახელმწიფომ და მისმა მთავრობამ არსებობა შეწყვიტეს. ამ გარემოებიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს შორის არსებული ყველა შეთანხმება ძალას კარგავს“. ამ ტყუილებითა და ცინიზმით გაჟღენთილ ნოტაზე პასუხად პოლონეთის ელჩი მოლოტოვს შეახსენებს, რომ ნაპოლეონის მიერ მოსკოვის დაკავების მიუხედავად არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია რუსეთის არსებობა...

17 სექტემბერს, დილის 5 საათსა და 40 წუთზე, წითელი არმია სტალინის ყველაზე იდიოტი მხედართმთავრის, გრიგორი კულიკის მეთაურობით შეიჭრება პოლონეთში (1940 წელს სტალინი კულიკს მარშლის წოდებასაც კი მისცემს, ხოლო მოგვიანებით დახვრეტს). მართალია პოლონური მხედართმთავრობა ბრძანებას გასცემს პოლონურ ნაწილებს ისე დაეხიათ რუმინეთ-უნგრეთისკენ, რომ წითელ არმიასთან ორთაბრძოლაში არ შესულიყვნენ, ე.წ. friendly fire-ის გამო კულიკი არც თუ ცოტა სამხედროს დაკარგავს. აი, ამონარიდი საბჭოთა საჰაერო ძალების მეთაურის სახელზე გაგზავნილი ერთ-ერთი ანგარიშიდან: „ჩვენს გაზეთებში ბევრ ბაქი-ბუქსა და ტყუილს ვკითხულობ. მაგალითად, სტატიაა ჩვენს საჰაერო თავდაცვის მეზენიტეებზე, რომლებმაც მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სინამდვილეში მათ ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდეს (...) ალბათ ამ ვაიმეზენიტეებს, რომლების ფოტოც თან ახლავს სტატიას და როგორც გმირები ისე მოიხსენიებიან, მალე დააჯილდოვებენ კიდეც. შენ გადაეცი ნარკომს (თავდაცვის მინისტრი - ლ.ო.) იმ საზიზღრობების შესახებ, რომლებიც აქ ხდება. (...) ტარნოპოლში უარესი ამბავი მოხდა. ჩვენიანებმა 200-მდე ჩვენიანი და მხოლოდ 4 პოლონელი სამხედრო მოკლეს. და ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს ნაწილების არანაირი მართვა, ხოლო ბრძოლის ველზე დისციპლინა ნულია“.

20 სექტემბერს ქალაქ ბრესტში გუდერიანის ტანკისტები სემიონ კრივოშეინის ტანკისტებს შეხვდებიან, რამაც „ნიუ-იორკ ტაიმსს“ უბიძგა დაეწერა: „რუსეთს, პირველი ბრესტ-ლიტოვსკი ტერიტორიების და ხალხის ფასად დაუჯდა. მეორემ კი - მას ღირსება დააკარგვინა“ (საინტერესოა, რატომ ჩათვალა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, რომ ლენინ-სტალინის რუსეთს ოდესმე გააჩნდა ღირსება...).

მოსკოვ-ბერლინის მიერ პოლონეთის განადგურების შემდეგ სტალინი ბერლინში აფრენს მისალოც წერილს, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: “ამიერიდან საბჭოთა და გერმანელი ხალხების მეგობრობა სისხლითაა განმტკიცებული“. აღტაცებული გებელსი სტალინის წერილს ნაცისტების გაზეთ „ფიოლკიშერ ბეობახტერში“ გამოაქვეყნებს.

პოლონურ სისხლზე გამყარებული ურთიერთთავდებობა გრძელდებოდა...