პოლონეთის ხელმეორე გაყოფა და ბალტიისპირეთის ოკუპაციის დასაწყისი

1939 წლის 27 სექტემბერს, სტალინის თხოვნის შედეგად, რიბენტროპი ხელმეორედ ბრუნდება მოსკოვში. ორდღიან მოლაპარაკებებს, 28 სექტემბერს დაასრულებს კრემლში სადილი და დიდ თეატრში „გედების ტბა“ პრიმა-ბალერინა გალინა ულანოვას შესრულებით (მაია პლისეცკაია, ამ საღამოს მოწმე, მას თავის მოგონებებში აღწერს). სტალინ-რიბენტროპის მოლაპარაკებებზე თარჯიმნის როლს ასრულებდა მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი გუსტავ ჰილგერი. გუსტავ ჰილგერი მოსკოვში იყო დაბადებული და მისთვის რუსული ისეთივე მშობლიური იყო, როგორც გერმანული. ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰილგერი დაწვრილებით დააკონსპექტებს მოლაპარაკებების სტენოგრამას. 1991 წელს გერმანულ არქივებში აღმოჩენილი ჰილგერის ჩანაწერები ისტორიკოსების ნადავლი გახდება. პირველი, რაც თვალში გხვდება ამ ტექსტის კითხვისას, ესაა დაუფარავი გულწრფელობა. მაგალითად, რიბენტროპი პირდაპირ უცხადებს სტალინს, თუ როგორ სურდა ჰიტლერს ბრიტანეთთან ალიანსი და რომ მხოლოდ ლონდონთან დიპლომატიური მარცხის შემდეგ გადაწყვიტა ფიურერმა რუსეთისკენ მიემართა მზერა. „ჩვენ, ბოლშევიკები, გერმანიასთან ყოველთვის ისე ახლოს ვგრძნობდით თავს, რომ მთელი მსოფლიო გვაბრალებდა ბერლინის მიერ დაქირავებულ აგენტობას“ - უპასუხებს სტალინი მისთვის ჩვეული ირონიით. შემდეგ კი უფრო სერიოზული ტონით დაამატებს „თუ შემთხვევით ერთ დღეს გერმანია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, საბჭოთა ხალხი მას ყველანაირ დახმარებას გაუწევს, რათა არ დაუშვას მისი მოხრჩობა. საბჭოთა კავშირის ინტერესშია ძლიერი გერმანიის არსებობა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმე გერმანიის ძირს დანარცხებას შეეცადოს“.

მოლაპარაკებების შედეგად სტალინი და რიბენტროპი შეთანხმდებიან ჯუღაშვილისთვის ყველაზე პრინციპულ საკითხზე: ლიეტუვა ხვდებოდა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში. ამის სანაცვლოდ პოლონური ტერიტორიები, რომლებიც დასავლეთ ბუგსა და ვისლას შორის მდებარეობდა, გადადიოდა გერმანიის კონტროლქვეშ. შეთანხმების ეს პუნქტი აჩვენებს, რომ სტალინი, როგორც ჭეშმარიტი მოჭადრაკე, რამდენიმე დარტყმას წინასწარ გაითვლის: ლიეტუვის საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვედრით სტალინი ნაწილობრივ ჭრიდა ლენინგრადის უსაფრთხოების პრობლემას. მეორეს მხრივ, გერმანიასთან დემარკაციის ზოლად აირჩევს რა ბუგს და არა ვისლას, სტალინი დაუბრუნდება ე.წ. კურზონის ხაზს, რომელსაც 1920 წელს შესთავაზებენ საზღვრად ბრიტანელი დიპლომატები დაზავებულ ვარშავასა და მოსკოვს. ამგვარად სტალინი განახორციელებს იმ ტერიტორიების ოკუპაციას, რომლებიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებით და ბელორუსებით იყო დასახლებული. მოკლე ვადაში ეს საშუალებას მისცემს ჯუღაშვილს, მიზეზი მიეცა ჩერჩილისთვის, რომ არ გამოეცხადებინა კრემლისთვის ომი. საშუალოვადიან პერიოდში, თუ გერმანიის საქმე ცუდად წავიდოდა და ლონდონი და პარიზი სტალინს პრეტენზიებს წაუყენებდნენ, ჯუღაშვილს ყოველთვის შეეძლო თავი გაემართლებინა, რომ მან არ დაიპყრო კურზონის ხაზის მიღმა არსებული „არც ერთი მტკაველი მიწა“. სტალინის გათვლა სწორი აღმოჩნდება - კურზონის ხაზზე საზღვრის გატარება ლონდონს და პარიზს არა მარტო გააჩუმებს, არამედ აიძულებს, სთხოვოს პოლონეთის ლონდონში გახიზნულ მთავრობას, მოსკოვისათვის ომი არ გამოეცხადებინა.

ჯუღაშვილი, მგლისთვის ჩვეული სიფრთხილით, ჰიტლერთან გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობაზეც უარს იტყვის. გერმანიის წყალქვეშა ნავებისთვის, რომლებიც ბრიტანულ ფლოტზე ნადირობდნენ, მურმანსკის ნავსადგურში შესვლის უფლება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. გარდა სამხედრო მნიშვნელობისა, გერმანული სამხედრო გემებისათვის ღია საბჭოთა ნავსადგურები ნიშანი უნდა ყოფილიყო ჩერჩილისთვის, რომ ლონდონისათვის გერმანიასთან ომის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მაგრამ სტალინი ცივ უარზე წავა და ამ ეტაპზე ბერლინთან მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობით შემოიფარგლება.

თუმცა 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ტასის განცხადება (რომელიც სავარაუდოდ სტალინის მიერ იყო შედგენილი) დაუფარავი მუქარის შემცველი იქნება:

  1. გერმანულ-საბჭოთა მეგობრობა საბოლოოდ დამყარდა.
  2. ეს ორი ქვეყანა არასდროს დაუშვებს მესამე ძალის ჩარევას აღმოსავლეთ ევროპის საქმეებში.
  3. ორივე ქვეყანას სურს მშვიდობის აღდგენა და ინგლისისა და საფრანგეთის მიერ გერმანიის წინააღმდეგ მართული უაზრო ბრძოლის შეჩერება.
  4. ამასთან ერთად, თუ ამ ქვეყნებში გაიმარჯვებს ომის პარტია, მაშინ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს ეცოდინებათ, როგორ გასცენ მათ პასუხი.

პოლონეთის სახელმწიფოს განადგურების პარალელურად, კრემლი შეუდგება ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციას.

1939 წლის 18 სექტემბერს პოლონური წყალქვეშა ნავი შევა ტალინის ნავსადგურში საწვავის მარაგის შესავსებად. მოლოტოვი გამოაცხადებს, რომ ესტონეთს უნარი არ გააჩნდა, საკუთარი თავი დაეცვა (sic!) და საპასუხოდ 21 სექტემბერს საბჭოთა ფლოტი შეიჭრება ქვეყნის საზღვაო აკვატორიაში, ხოლო წითელი ავიაცია გადაკეტავს ესტონეთის საჰაერო სივრცეს. 28 სექტემბერს მოლოტოვი აიძულებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხელი მოაწეროს „ურთიერთდახმარების“ ხელშეკრულებას. 5 და 10 ოქტომბერს კრემლი ანალოგიურ ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს ლატვიასა და ლიეტუვასთან, რამაც მოსკოვს საშუალება მისცა სამხედრო ბაზები გაეხსნა ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკაში.

1939 წლის 31 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოლოტოვი განაცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს კრემლი ბალტიისპირა ქვეყნების ოკუპირებას აპირებდა, იყო სრულიად „უსაფუძვლო, მოსკოვისადმი მტრული და ყურით მოთრეული“. კატინის ტრაგედიამდე და ბალტიის რესპუბლიკებში სტალინის ტერორის დაწყებამდე სულ რაღაც ნახევარი წელიღა იყო დარჩენილი...