“პოლიციელები ბავშვებს არწმუნებენ, დანაშაული თავის თავზე აიღონ”

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) დღეს გამოაქვეყნა გამოკვლევაქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში”. სხვა სოციალურ საკითხებთან ერთად გამოკვლევაში აღწერილია, თუ რა გზით შოულობენ ბავშვები ფულს და როგორია მათი ქუჩის ცხოვრება.

გამოკვლევის თანახმად, ხშირად ქუჩაში მომუშავე ბავშვების საქმიანობა ისეა ორგანიზებული, რომ დანაშაულს უმცროსი ასაკის ბავშვები ჩადიან, ხოლო უფროსი ბავშვები სადარაჯოზე დგანან და უმცროსებს მათთვის ნაძარცვი მოაქვთ. როგორც გამოკვლევაშია ახსნილი, უფროსი ბავშვები ამ ხერხით სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილებას ცდილობენ, რადგან იციან, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება..

კვლევის პრეზენტაცია

​“როგორც ჩანს, პოლიცია იყენებს სამართლებრივი დევნისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკს (14 წელს), რაც ქუჩაში ბავშვთა ჯგუფებში “უპირატესი სტატუსის” მქონე ბავშვებს სტიმულს უქმნის, კრიმინალური მიზნებისთვის უმცროსი ასაკის ბავშვები გამოიყენონ: ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაპატიმრების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ხშირად ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვს დანაშაული თავის თავზე აიღოს. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებას და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან”, - ნათქვამია UNICEF- ის კვლევაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი მელიქაძე იმ გავრცელებულ პრაქტიკაზე ლაპარაკობს, რომელსაც 14 წლამდე ასაკის ბავშვების კრიმინალური მიზნებით გამოყენება ჰქვია.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთი მელიქაძე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ

მაია მგელიაშვილი, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი, ამბობს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ძირითადად მოწყალების თხოვნით, წვრილმანი ნივთების გაყიდვით ან კრიმინალური საქმიანობით არიან დაკავებულნი..

World Vision- ის წარმომადგენლები კვლევის პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი) ხვდებოდნენ ბავშვებს, მათ მშობლებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ პირებს.

Your browser doesn’t support HTML5

მაია მგელიაშვილი კრიმინალთან კავშირში მყოფი ბავშვებისთვის საჭირო პროგრამაზე საუბრობს

შსს- მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ იზიარებს კვლევის იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიცია უფროს ბავშვებს სტიმულს აძლევს კრიმინალური მიზნებისთვის უმცროსი ასაკის ბავშვები გამოიყენონ:

“ეს პრობლემა დღეს შსს-ში არ არსებობს. ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და გარკვეული კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, 14 წლამდე პირების უკან ხომ არ დგანან კრიმინალური დაჯგუფებები ან სრულწლოვნები. ესენი არიან ძირითადად 14 წელს მიღწეული პირები, 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც 14 წლამდე პირებთან ერთად დანაშაულს სჩადიან და როგორც კი ამ ადამიანების იდენტიფიცირება ხდება, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ტარდება გამოძიება ამ მოზარდების მიმართ და სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება. 14 წლამდე პირებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობდით, იმიტომ რომ ასაკის დაწევა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება 14 წლამდე პირებისთვის არ არის ადეკვატური პასუხი, რომელიც სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შესთავაზოს მოზარდებს. შესაბამისად, რეფერირების მექანიზმზე მუშაობა დასრულდა და უახლოეს დღეებში ეს უკვე კანონპროექტის სახეს მიიღებს”.

კვლევას საფუძვლად დაედო საქართველოში სოციალურ მუშაკთა დაკვირვებები ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებს შორის გარკვეულ ცვლილებებზე. ამ დაკვირვებების შედეგად დაგეგმილი კვლევა გულისხმობდა თვისებრივი შესწავლის მიზნით საქართველოსა და აზერბაიჯანში საველე სამუშაოების განხორციელებას, სამუშაოებისა, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ბავშვები, მშობლები, ოჯახები, სოციალური მუშაკები და რესურსპერსონალი.