„არ ვიცოდი, პოლიცია მაკავებდა თუ კრიმინალებმა გამიტაცეს“ - პოლიცია სამოქალაქო ტანსაცმლით

საპროტესტო აქციების მონაწილეებს, აქტივისტებს, რომლებსაც სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ედავებიან, ხშირად აკავებენ პოლიციელები, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ.

„მეგობრებო, გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველიდან, ჩატენეს მანქანაში“... ეს პოსტი სოციალურ ქსელში 18 იანვრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

იმ დღეს დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში ნიღბებით გამოვიდნენ და ამ ფორმით გააპროტესტეს კანონი, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებზე ნიღბების ტარებას კრძალავს.

მალევე გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ზანდუკელის ქუჩაზე, „ჰიუნდაის“ ტიპის ავტომობილს, რომელსაც არ აქვს სტანდარტული ქართული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, გადაჰყავს დაკავებულები. მანქანას კი წინ უდგას ახალგაზრდა ქალი და ითხოვს პასუხს კითხვაზე: „სად მიგყავს?“

უკვე მოგვიანებით გაირკვა, რომ „უცნობი პირები“, რომლებმაც ორი ახალგაზრდა „გაიტაცეს“, სამართალდამცავები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

როცა „უფორმო“ პოლიციელი გადაგეღობება

მოქალაქეებს, მაგალითად, საპროტესტო აქციების მონაწილეებს, აქტივისტებს, რომლებსაც სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ედავებიან, ხშირად აკავებენ პოლიციელები, რომლებსაც არც ფორმები აცვიათ და არც სხვა რაიმე ნიშნები აქვთ იმისა, რომ ისინი ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან და არა, მაგალითად, ე.წ. ტიტუშკები - ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეთა თუ ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და ხშირად მათ ფიზიკურად უსწორდებიან.

"ტიტუშკა" - ეს ტერმინი უკრაინაში, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა. 2013 წელს, კიევში საპროტესტო აქციებისას, სპორტსმენი ვადიმ ტიტუშკო ფიზიკურად დაუპირისპირდა ოპოზიციას და ჟურნალისტებს. ის დააკავეს, თუმცა პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ნიღბიან, აგრესიული ჯგუფებს "ტიტუშკებს" ეძახიან.

სწორედ ამიტომ, მათ, ვისაც „უფორმო“ პოლიციელები აკავებენ, ან მოქალაქეებს, რომლებიც ასეთ დაკავებას შეესწრებიან ხოლმე, უჩნდებათ განცდა, რომ მათ აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები უზღუდავენ თავისუფლებას.

ვინ არიან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები?

ისინი ძირითადად შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და, როგორც წესი, მუქი ფერის ტანსაცმელი, შავი მაისური თუ ქურთუკი და ლურჯი ჯინსი აცვიათ.

სხვა საქმიანობასთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ძებნილებისა თუ დამნაშავეების დაკავება; დანაშაულის პრევენცია; საგამოძიებო დავალებების შესრულება.

საპატრულო პოლიციისგან განსხვავებით, რომელთა უნიფორმაც ადვილად აღსაქმელია მისი მკაფიო ფერების გამო, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ასეთი ფორმა არ აქვთ. მათი უნიფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია მუქი ზედატანი გულზე მცირე ზომის ინგლისურენოვანი წარწერით „Central Criminal Police Department“ და ასეთივე წარწერა, შეიძლება ლოგოც ქურთუკსა ან ჟილეტზე.

თუმცა, დეპარტამენტის თანამშრომლები, ისინი, ვინც მოქალაქეებს საპროტესტო აქციებსა თუ აქციების დასრულების შემდეგ აკავებენ, ხშირად არც ამ ფორმებს ატარებენ ხოლმე.

მართალია, კანონმდებლობა არ ავალდებულებს პოლიციელს, რომ მოქალაქის დაკავებისას აუცილებლად ეცვას უნიფორმა, თუმცა, „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილში წერია, რომ პრევენციული ღონისძიებისას და სამართალდარღვევაზე რეაგირებისას, პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.

„გასულ გაზაფხულზე სწორედ ასეთი ნიღბიანი პირები ჩამისაფრდნენ სახლთან“

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია, რომელიც გასული წლის დეკემბერში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ნიღბიანმა პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძვლით, კოსტავას ქუჩაზე მიმავალი დააკავეს.

მათ უმრავლესობას ეკეთა ნიღბები და ნიკო მანაგაძეს გაუჩნდა განცდა, რომ მას ტიტუშკები გადაეღობნენ.

მით უმეტეს, რომ ნიკო მანაგაძეს უკვე ჰქონდა გამოცდილება, როდესაც ძალადობრივი ჯგუფი ჯერ სახლთან ჩაუსაფრდა, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ფიზიკურად გაუსწორდა:

ნიკო მანაგაძე

„სიცივე იყო, ცხვირ-პირი ჩამალული მქონდა ნიღაბში. ჩამოიწიე, ნიკო ხარო, ხო? კი-მეთქი და გამაქანეს ეგრევე მანქანისკენ. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ თავიდან ტიტუშკები მეგონნენ. შავებში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები და ნიღბები ეკეთათ.

ამ ზაფხულს, სანამ უნივერსიტეტის წინ გამისწორდებოდნენ ფიზიკურად, ზუსტად ასეთი ვიზუალის ტიპები ჩამისაფრდნენ სახლთან. ახლა კი ზუსტად ასეთი ტიპები მაკავებდნენ“, - უყვება რადიო თავისუფლებას ნიკო მანაგაძე, რომელმაც ისიც თქვა, რომ 20 იანვარს მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რომლებსაც უნდა აღებეჭდათ მისი „დაკავება/გატაცების ფაქტი".

„დარწმუნებული არ ვიყავი, პოლიცია მაკავებდა თუ კრიმინალებმა გამიტაცეს“

ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავა, პოლიციამ 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დააკავა. სამართალდამცავებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც სახლთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა. დაკავების მიზეზად კი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დაასახელეს.

სახლში ასვლას აპირებდა, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ექვსი ადამიანის ალყაში აღმოჩნდა.

ვატო ბჟალავა სასამართლო სხდომაზე, 14 დეკემბერი, 2024 წელი

„მითხრეს, პოლიციიდან ვართ და გვაჩვენე შენი პირადობის მოწმობაო. ვაჩვენე. თავად არც საბუთი წარუდგენიათ, არც სახელები უთქვამთ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი ეჩვენებინათ საბუთი, ეთქვათ, რატომ მაკავებდნენ...

ჩამსვეს მანქანაში, რომელსაც ასევე პოლიციის არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა. მანქანაში კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ ეჩვენებინათ პოლიციის დამადასტურებელი მოწმობა. ვუთხარი, რომ ისიც კი არ ვიცოდი დანამდვილებით, პოლიცია მაკავებდა თუ კრიმინალებმა გამიტაცეს.

უსიამოვნო განცდაა, როდესაც აცნობიერებ, რომ სამართალდამცავებსა თუ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის, სამწუხაროდ, მოიშალა განმასხვავებელი ნიშანი და გაჩნდა ტოლობის ნიშანი“.

როგორც ვატო ბჟალავა უყვება რადიო თავისუფლებას, ერთი წუთით ისიც კი დაუშვა, რომ ეს ადამიანები შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ, ვინც მას სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ:

„გულწრფელად რომ გითხრათ, დავუშვი, რომ შეიძლება ეს ადამიანები არ იყვნენ პოლიციელები. რადგან იმ პერიოდში უკვე აქტიურად დაიწყეს გამოჩენა ე.წ. ტიტუშკებმა. ჩემს მიმართ მანამდეც იყო ინტერესი, ბევრი მესიჯი მომდიოდა და მომდის ე.წ ტროლებისგან, რომ ფიზიკურად გამისწორდებიან, მლანძღავენ, რასაც არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ მაინც გამიჩნდა განცდა, რომ შეიძლებოდა ისინიც კი ყოფილიყვნენ“.

საბოლოოდ, უკვე პოლიციის განყოფილებისკენ მიმავალ ვატო ბჟალავას, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა პოლიციელის დამადასტურებელი საბუთი აჩვენა, მეორემ კი ვინაობა დაუსახელა, თუმცა, როგორც გაირკვა, სრულყოფილად ვერც ერთის ვინაობა შეიტყო და ვერც მეორისა:

„ერთმა სამართალდამცველმა ამოიღო საფულიდან მოწმობა, შემახედა, სადაც ეწერა, რომ იყო სამართალდამცავი, მაგრამ ხელი დააფარა ფოტოს და მის სახელსა და გვარს. მეორე პოლიციელმა კი, როგორც აღმოჩნდა, მითხრა არასწორი სახელი და გვარი, რადგან როდესაც სასამართლოზე მოწმის სტატუსით გამოიძახეს, რომ ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სულ სხვა სახელითა და გვარით წარსდგა“.

ასევე ნახეთ ვატო ბჟალავა მოსამართლემ 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

„უფორმო“ სამართალდამცავები - შიშის თესვის მექანიზმი?

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ს იურიდიულ დეპარტამენტში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი აჩერებს მოქალაქეს, მან უნდა წარადგინოს პოლიციელის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაასახელოს თავისი ვინაობა:

„ასეთ დროს სტანდარტი ამბობს, რომ მას აქვს ინფორმირების ვალდებულება, რომ მე, როგორც მოქალაქემ, ვიცოდე, ვისთან მაქვს ურთიერთობა. გადაადგილების შეზღუდვის მომენტიდან, ადამიანი უკვე დაკავებულად ითვლება. ვერ წარმომიდგენია, რა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნებით შეიძლება აიხსნას იმ ინფორმაციის დამალვა, თუ ვინ გაკავებს“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი და ამატებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გაზრდილია შიში, რომ ქუჩაში ე.წ. ტიტუშკები უსწორდებიან ადამიანებს, უფრო მეტი ანგარიშვალდებულება აქვთ სამართალდამცავებს, რომ დაიცვან მოქალაქეებთან ურთიერთობის წესები:

გოგა ხატიაშვილი

„ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ ჩვენ ასეთ შავ ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანების მხრიდან თავდასხმების ფაქტები. გარდა ამისა, როდესაც ასე დაფარულად ხდება პოლიციელთა მხრიდან ღონისძიებების განხორციელება, ჩნდება განცდა, რომ ე.წ. ტიტუშკები არ არიან დისტანცირებულები სამართალდამცავი უწყებებისგან. ამიტომ, თუკი არ უნდა უწყებას რეპუტაციის შელახვა, პირიქით, მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ ეს ღონისძიებები გამჭვირვალედ ჩაატაროს“.

გოგა ხატიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ „უფორმო“ სამართალდამცავების საგამოძიებო მოქმედებები ქვეყანაში შიშის თესვისკენ იყოს მიმართული:

„რეპრესიების მთავარი მიზანიც ხომ ადამიანების დაშინება, საპროტესტო მუხტის ჩაცხრომაა. და თუკი ამ ლოგიკიდან გამოვალთ, არ არის გამორიცხული, რომ ეს განზრახ კეთდებოდეს, რომ ადამიანებში კიდევ უფრო გამძაფრდეს შიში, რომ ქუჩაში ასეთი განუკითხაობაა. ორი დღის წინ, როდესაც რუსთაველის მეტროსთან ახალგაზრდები დააკავეს, მართლაც ყველას ეგონა, რომ ისინი გაიტაცეს“.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება მალავდნენ სამართალდამცავები საკუთარ ვინაობას მოქალაქეების დაკავებისას, ეს არის შემდგომში პასუხისმგებლობისგან თავის არიდება: „რომ არ იცოდეს დაკავებულმა პოლიციელის სახელი და გვარი, რომ შემდგომში გაუჭირდეს ამ პირის წინააღმდეგ ჩივილი“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა

  • როდის და რა სიტუაციაში იღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას, რომ ოპერატიული ღონისძიება განახორციელონ სამოქალაქო სამოსში ჩაცმულმა პოლიციელებმა?
  • საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული კანონდარღვევის საფუძველზე, არის თუ არა იმ ტიპის განსაკუთრებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედება, როდესაც უფრო ეფექტიანი შედეგისთვის, სამართალდამცავები სამოქალაქო სამოსით მუშაობენ და არა უნიფორმით?

უწყებისგან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ინტერნეტში იძებნება 2016 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ოქროპირიძის კომენტარი, სადაც ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცავების მუშაობის პრინციპსა და სტანდარტზე ლაპარაკობს:

„პირდაპირი მკაფიო ჩანაწერები კანონმდებლობაში, რომ მხოლოდ ფორმით უნდა მოხდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება, გათვალისწინებული არ არის. პოლიცია არის, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მორეაგირე ორგანო, მაგრამ ის არის, ამავდროულად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, საპროცესო იძულების ღონისძიების განმახორციელებელი ორგანო და როდესაც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, არ არის, რა თქმა უნდა, ვალდებული, რომ მაინცდამაინც, პოლიციის ტანსაცმლით განახორციელოს.

თუმცა, პოლიციელი ვალდებულია, რომ თითოეული ასეთი ღონისძიების დროს წარადგინოს თავისი ვინაობა, მას აქვს თავისი სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჟეტონი, და აუცილებელია, თავისი ვინაობა წარადგინოს და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს ის ღონისძიება, რომელიც არის გათვალისწინებული პოლიციის კანონით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით“, - ამბობდა ზვიად ოქროპირიძე 2016 წელს.

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში, პროევროპულ აქციებსა თუ მასთან დაკავშირებულ სხვა საპროტესტო ღონისძიებებზე, 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ უმეტესობას სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. დემონსტრანტთა ნაწილი სწორედ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, ნიღბიანმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

ასევე ნახეთ სასამართლო, როგორც კორპორაცია - წვეულება საპროტესტო აქციების დროს