12 სექტემბერს ანაკლიის სანაპიროზე „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გამოაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის - „ლელოს“ შექმნის შესახებ. ეს მოძრაობა ოქტომბერში პოლიტიკურ პარტიად უნდა გადაკეთდეს.
პოლიტიკაში ახლადფეხშედგმული ხაზარაძის თქმით, მისი გუნდი არ განიხილავს კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“. მსგავსი განცხადებების მიუხედავად, მაინც გაჩნდა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ითანამშრომლებს ხაზარაძის პოლიტიკური პარტია. მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ვარაუდით, ხაზარაძე და მისი გუნდი, როგორც კი პარლამენტში მოხვდებიან, „ქართულ ოცნებასთან“ შევლენ კოალიციაში. თავად „ქართულ ოცნებაში“ ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მხოლოდ ის აღნიშნა, ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციამ „ძალიან მდარე შთაბეჭდილება“ დატოვაო. ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებზე ან მომავალში მასთან შესაძლო თანამშრომლობაზე სხვა განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან არ გაკეთებულა.
ხაზარაძე ასეთ ორაზროვან სიტუაციაში თავისი მიუმხრობლობის, ანუ „შუაშისტური“ პოზიციის წყალობით აღმოჩნდა. „შუაშიზმი“ ქართულ პოლიტიკურ ჟარგონზე ორივე მთავარი პარტიისგან მთლიანად გამიჯვნას გულისხმობს. „წმინდა შუაშიზმისგან“ უნდა განვასხვავოთ „ნაწილობრივი შუაშიზმი“, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ახასიათებთ. „ევროპული საქართველო“ აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მასთან კოალიციის შექმნის შესაძლებლობას მაინც უშვებს. „პატრიოტთა ალიანსი“ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ საბოლოო ჯამში მისთვის ივანიშვილის პარტია ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები კატეგორიულად აცხადებენ უარს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“კოალიციაში შესვლაზე, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის იდეალურ „შუად“, ჯერჯერობით, მხოლოდ ხაზარაძე რჩება, თავის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ გუნდთან ერთად. ქვემოთ ვეცდები ამ წმინდა „შუაშისტური“ პოზიციის პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბრო. თავად ხაზარაძის მოძრაობის (და მომავალში - პარტიის) დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს სხვა დროისთვის გადავდებ. ამ სტატიაში მხოლოდ „შუაშიზმის“ მართებულობის საკითხი მაინტერესებს.
„შუაშიზმის“ მთავარი პლუსი ის არის, რომ იგი ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას გვთავაზობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი მმართველობების მანძილზე ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს. ამ შეცდომებს ნაწილობრივ თავადაც აღიარებენ. ის სტრუქტურული მიზეზები, რის გამოც ეს შეცდომები იქნა დაშვებული, დღემდე არსებობს. შესაბამისად, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ამ შეცდომების გამოსწორებას თავადვე შეძლებენ. რომელიმე ახალი ძალა თუ ორივესგან გამიჯვნის ლოზუნგით გამოვა, ამით შეიძლება სხვებზე მეტი ნდობა დაიმსახუროს. რა თქმა უნდა, აქ არ ვამტკიცებ იმას, რომ ხაზარაძე გარანტირებულად არის ასეთი მესამე ძალა, რომელიც ავტომატურად იმსახურებს მხარდაჭერას. ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ რაიმე გადაჭრით ვამტკიცო.
ელექტორალური თვალსაზრისით, „შუაშიზმი“ გამართლებულია იმდენად, რამდენადაც მას შესწევს უნარი ხელისუფლების ყოფილი მხარდამჭერების ნაწილიც გადაიბიროს, ისე, რომ ოპოზიციის ტრადიციულ ამომრჩეველთანაც დაიტოვოს მისასვლელი გზები. ასეთი სტრატეგია განსაკუთრებით გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველთა მიუმხრობელი ნაწილიც წავა არჩევნებზე (როგორც იცით, ეს ნაწილი ტრადიციულად არ დადის არჩევნებზე) და ხმას მესამე ძალებს მისცემს.
„წმინდა შუაშიზმის“ მთავარი მინუსი ის არის, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს გაერთიანება მთავარი საგარეო პოლიტიკური საფრთხის გარშემო. „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლელი ამომრჩევლის ერთი ნაწილის თვალში დისკრედიტირებულია. „ქართული ოცნება“ კი, ფორმალურად პროდასავლურია, მაგრამ საშიშ კომპრომისებზე მიდის პრორუსულ ძალებთან. მაგალითად, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, ისევე, როგორც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. ამასთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებზე სავარაუდოდ მოუწევს კოალიციაში შესვლა „პატრიოტთა ალიანსთან“ - პარტიასთან, რომელიც გამუდმებით ავრცელებს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას. „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს მეტად დაახლოებას რუსეთთან, რაც ჩვენს სიტუაციაში რუსეთზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ზრდას და საბოლოოდ ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვას გამოიწვევს. უფრო მეტიც, ამ პარტიისთვის ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა რუსეთთან მოლაპარაკებაზე გადის. თუმცა გაუგებარია ის, თუ რატომ უნდა წამოვიდეს რუსეთი საქართველოსთან დათმობაზე იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ სრული ერთგულებისა და მონური მორჩილების გარანტიას არ მიიღებს. ახლა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 % აქვს მიტაცებული და ამ საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებაში ცალსახად მომგებიან პოზიციაში იმყოფება.
თუკი „ქართული ოცნება“ შევა კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსთან“, ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება დაპირისპირება პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის. პოლიტიკური გამყოფი ხაზი ნაწილობრივ უკვე გადის ამ დაპირისპირებაზე. მომავალში ეს ხაზი, სავარაუდოდ, უფრო მკვეთრი გახდება. ამ სიტუაციაში, შუაშიზმის ერთ-ერთი სერიოზული მინუსი ის არის, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში პროდასავლურმა პარტიებმა შეიძლება დროულად ვერ შეძლონ პრორუსული საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება. ამგვარი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პროდასავლურმა პარტიებმა ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები არ უნდა დაწვან (მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“). სხვანაირად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ქვეყნის სუვერენიტეტს სერიოზული საფრთხე შეექმნება (გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ამგვარი საფრთხის რეალურობა ცხადად გამოაჩინა).
ელექტორალური თვალსაზრისით, საკითხავია ის, თუ რამდენად მრავალრიცხოვანია ჭეშმარიტად მიუმხრობელი, „შუაშისტი“ ამომრჩეველი. ეს სტატისტიკურ გამოკითხვებში არ ჩანს ხოლმე, რადგან ამ გზით ვერ გავიგებთ იმას, თუ რას მოიმოქმედებს ერთი შეხედვით მიუმხრობელი ამომრჩეველი მაშინ, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდება. ცხადია, ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებს სტატისტიკური გამოკითხვების დროს ხელოვნურად ვერ შევქმნით. სხვანაირად რომ ვთქვათ, სრულიად მიუმხრობელი ამომრჩეველი სინამდვილეში შესაძლოა სულაც არ იყოს ჭეშმარიტად მიუმხრობელი. ასეთ შემთხვევაში „შუაშისტურ“ პროექტს სხვადასხვა ობიექტური მიზეზით გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაცია გადაყლაპავს.
საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ „შუაშიზმს“, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს აუცილებლად სჭირდება, სერიოზული საფრთხეებიც ახლავს თან. ნებისმიერ პროდასავლურ შუაშისტურ პარტიას, იქნება ეს ხაზარაძის პარტია თუ სხვა, ამ საკითხებზე სერიოზულად დაფიქრება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ თავად პოლიტიკური განახლების იდეას შეექმნება საფრთხე და შესაძლოა, ამით პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაზარდოს. „შუაშისტურმა“ პროდასავლურმა ძალებმა უნდა მოიფიქრონ ინოვაციური გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან, ისე, რომ შუალედური პოზიციის მთავარი საფრთხეებიც ეფექტიანად გაანეიტრალონ.