„საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს“ ინიციატივით, 27 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში უნდა აღმართულიყო ფრთოსანი მერნის სკულპტურა, პოლიტიკური ემიგრაციის ხსოვნისა და იმ ადამიანებისადმი მიძღვნილი, რომლებიც1921-1991 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. სკულპტურა შეიქმნა საფრანგეთში მცხოვრები სკულპტორის დარეჯან ბერელაშვილის ავტორობით. თბილისის მერიასთან შეთანხმებით, შეირჩა კონკრეტული ადგილიც, თუმცა პოლიტიკური ემიგრაციისადმი მიძღვნილი ძეგლის მონტაჟი ვერ ჩაჯდა 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნუსხაში. კულტურისა და ძეგლთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტს, რომელიც „საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ“ წარადგინა, დადებითი შეფასება მიეცა და გარკვეული ტექნიკური რეკომენდაციებით დაუბრუნდა ინიციატორებს. საბოლოო ნებართვას ძეგლის განთავსების შესახებ თბილისის მერია გასცემს. არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაიდგმება 27 მაისს პირველი რესპუბლიკის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციისადმი მიძღვნილი ძეგლი. სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მიიღო. როგორც რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუმარტეს, გიორგი მარგველაშვილისათვის ფაქტი ცნობილია და ის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზებს არკვევს.