სექსიზმი და მიზოგინია - პოლიტიკოსების იარაღი ქალი „მტრების“ დასამარცხებლად

ირაკლი კობახიძე და ანი წითლიძე, 20 სექტემბერი, საქართველოს პარლამენტი

„მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“, - უთხრა ჟურნალისტებს 20 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ასე, სექსისტურ კონტექსტში გამოხატა თავისი რეაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკაზე, როდესაც მან კობახიძეს რუსი ჯაშუში და მშიშარა უწოდა.

20 სექტემბერს მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან კიდევ არაერთხელ გაისმა სექსისტური გზავნილები ქალი პოლიტიკოსების მისამართით.

მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლისთვისაც „განსაკუთრებით სამწუხარო“ აღმოჩნდა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების „სამარცხვინო საქციელი“, როდესაც მათ - თინა ბოკუჩავამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და მისი ტრიბუნის წინ გაშალეს „ქართული ოცნების“ დროშა წარწერით, „Русский военный корабль, иди на х*й!“:

შალვა პაპუაშვილი

„სამარცხვინო ინციდენტია და ძალიან ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში. როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსების. ვფიქრობ, ეს ქალი დეპუტატები არიან, რომელიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

არ ჩამორჩა შეფასებებში პარლამენტის თავმჯდომარეს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების საპროტესტო ჟესტს ასე გამოეხმაურა:

თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში და ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების პროტესტი, 20 სექტემბერი

„ეს არ არის რომელიმე ჩვენგანის წინაღმდეგ წარმოებული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და იმ ღირებულებების დასამარცხებლად, გასანადგურებლად, რომელშიც ჩვეულებრივ ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული იმ ქალების გუნდი, რომელიც გარშემო მეხვია. მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. პირველად ქართული აფროსნობის ფედერაციის ისტორიაში, სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა ხუთი ცალი ოლიმპიური ე.წ. ლაზერის კლასის ნავი, რომლითაც შემიძლია, ეს ქალები გავასეირნო. მეტი არ ვიცი, როგორ შეიძლება, ისინი დავაწყნაროთ“.

სექსისტური, მიზოგინური გამონათქვამები და პოლიტიკური ოპონენტების გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ქართულ პოლიტიკაში არცთუ იშვიათი მოვლენაა. პოლიტიკური ოპონენტები მიზოგინიასა და სექსიზმს მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ, დააკნინონ პოლიტიკური „მტერი“ ქალი (და არა მხოლოდ ქალი), ცდილობენ ისინი წარმოაჩინონ არასრულფასოვან, დაბალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებად და ასე შეეცადონ მათ „დამარცხებას“, დისკრედიტაციასა და დამცირებას.

ბოლო წლებში არაერთი სექსისტური განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე ირაკლი კობახიძემ.

მაგალითად, 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს, ირაკლი კობახიძემ მათ „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ უწოდა.

2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, ჰომოფობიური და სექსისტური ეპითეტით მოიხსენია ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამიაც. ირაკლი კობახიძემ მას „ქალაჩუნა“ უწოდა.

ირაკლი კობახიძის სექსისტური და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო, 2022 წლის ივლისში, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განცხადებებიც გაავრცელეს და მოუწოდეს მმართველ გუნდს, „დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მაშინ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“:

ირაკლი კობახიძე

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

ირაკლი კობახიძე ამ გამონათქვამის გამო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააკრიტიკა:

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“ - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილმა.

"მოქმედებს? ალბათ, კი"

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ერთ-ერთია, რომლის მისამართითაც სხვა ქალებთან ერთად, 20 სექტემბერს არაერთი სექსისტური განცხადება გაისმა. „მოქმედებს? კი, ალბათ მოქმედებს“, - მეუბნება ხათუნა სამნიძე, რომლის თქმითაც, გუშინ და დღეს, სოციალური ქსელი სავსეა მის მიმართ გამოთქმული მადისკრედიტირებელი კომენტარებით:

ხათუნა სამნიძე

„როდესაც ბრძოლაში ვარ, არ ვფიქრობ არაფერზე, გარდა იმისა, რომ ჩემი მანდატის ფარგლებში მივაღწიო იმ შედეგს, რისთვისაც ვიბრძვი და მწამს. გუშინ ამ პროცესს მოჰყვა სექსისტური განცხადებები, მაგალითად, კობახიძე ამბობდა, არ შევდივარ ქალებთან პოლემიკაშიო, არადა, პირისპირ მლანძღავდა და აგენტს მეძახდა. ამას მოჰყვა სოციალურ ქსელში სექსისტური და მიზოგინური კომენტარების კასკადი - ქალობადაკარგული, სახე დაკარგე, სარკეში ჩაიხედე... მამუკა მდინარაძემ პირდაპირ მითხრა, ფსიქიატრთან ხარ მისასვლელიო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეურაცხყოფის ფონზე, ისევ ის ვარ და იმას ვფიქრობ, რასაც აქამდე, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება, იქნებ გადავამეტე-მეთქი.

დღეს ეს ვუთხარი საკუთარ თავს და ჩემს რამდენიმე ახლობელსაც, რომლებმაც მითხრეს, რომ ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის, თუმცა, რამდენიმე მათგანს სხვა რეაქცია ჰქონდა. ჩემზე არ მოქმედებს, რას მეტყვის და რას დამიძახებს პოლიტიკური ოპონენტი, ჩემზე უფრო მეტად მოქმედებს, როგორ აისახება ეს ყველაფერი ახლობელ ადამიანებზე“.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ დღეს, პოლიტიკური ოპონენტები ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სექსისტურ, მოზოგინურ და მადისკრედიტირებელ გამონათქვამებს როგორც იარაღს და ინსტრუმენტს ისე იყენებენ: „ახლა სახელისუფლებო არხების მთელი პროპაგანდა აწყობილია იმაზე, რომ ჩვენ ვართ „სახედაკარგული ქალები“ და ასე ცდილობენ ჩვენი და დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას“.

„დაბალი პოლიტიკური კულტურა“ და „ქართულ საზოგადოებაზე მცდარი წარმოდგენა“, - ასე აფასებს მმართველი გუნდის პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ოპონენტების მიმართ სექსისტურ გამონათქვამებს „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) ხელმძღვანელი და „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე.

თვლის, რომ, ერთი მხრივ, მსგავსი აგრესიითა და ლაპარაკის მანერით, მმართველი გუნდი ცდილობს თავი მოაწონოს ფუნდამენტალისტ მხარდამჭერებს, რომლებიც გაჟღენთილნი არიან სექსიზმით და, მეორე მხრივ, ცდილობენ გადაფარონ ის მნიშვნელოვანი მოვლენები და პრობლემები, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას:

ლევან ცუცქირიძე

„გუშინ ეს თავდასხმები იყო ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ ამ საკითხებზე დაგვეწყო ფიქრი და კამათი, დავშვებულიყავით მათ დონეზე და აღარ გვეფიქრა იმ პრობლემებზე, რასაც პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლა ჰქვია, ან ამერიკის მიერ დასანქცირებული, რუსი აგენტის ოთარ ფარცხალაძის გარშემო განვითარებული მოვლენები. და გადაწყვიტეს, მოდი, ახლა ავაფეთქოთ ახალი ბინძური ნაღმი საზოგადოებაში, გავსვაროთ ყველა და სამაგიეროდ, აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ჩვენ გვაზარალებს. ეს არის მდაბიო პოლიტიკური სტანდარტი, რაზეც ისინი დგანან და უნდათ, რომ იქ ჩაგვათრიონ და ჩვენც ავიტაცოთ მათი ენა და ასე ვილაპარაკოთ.

„ქართულ ოცნებას“ რაც ახლა სჭირს და რასაც თავს ვეღარ დააღწევს, არის ის, რომ ქართული საზოგადოება განვითარების გაცილებით მაღალ ეტაპზეა, ვიდრე „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ დარჩა მდაბიო, რუსულ პოლიტიკურ ჩარჩოში, ვერ გაიზარდა, შევიდა ჩიხში, არც სწავლის უნარი აქვს, არც პოლიტიკური რენესანსის და განწირულია იქ დარჩენისთვის, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება წინ წავიდა და ვითარდება“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

როგორ ებრძვიან პოლიტიკოს ქალებს სოციალურ ქსელში

ჯერ კიდევ 2020 წელს, მედიის განვითარების ფონდმა, კავშირ „საფართან“ ერთად ჩაატარა სექსისტური გამონათქვამების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში.

სამთვიანი დაკვირვების შედეგად, რომელიც ძირითადად სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა, მკვლევრებმა სექსისტური და მიზოგინური გამონათქვამების რამდენიმე ასეული შემთხვევა და მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთეს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ როგორც პოლიტიკური კუთვნილების და ქმედების, ასევე გენდერული იდენტობის გამო.

სოციალურ ქსელებში ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული და ასოცირებული გვერდები, საჯარო ჯგუფები და ინდივიდუალური ფეისბუკანგარიშები.

ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას მორალური კრიტერიუმების საფუძველზე აყენებდნენ, რომელსაც თითქმის თანაბარი სიხშირით გონებრივი შესაძლებლობების და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა მოსდევდა.

სოციალურ ქსელში სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

პოლიტიკოსი ქალების მიმართ გამოყენებული ტერმინოლოგია კი ნორმატიულ ლექსიკასა და უხამსობას შორის მერყეობს: „ბერწი ძუკნა, შეურაცხადი ქალები, თახსირი, ზნეობისგან გამოცლილი, სტაჟიანი ლეზბიანკა, შხუილას ქალი უკრაინაში, ქუჩაში „სვისტოკით“ მორბენალი ქალი, ვერელი ფლამინგო, დედაკაცები, ჩვენი რძალი, არაპოლიტიკური მანდილოსანი, უსახური, საქონელი“...