დამკვირვებლები აფასებენ, ამომრჩეველი გადაწყვეტს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა; აგრესიული კამპანია გამოიხატებოდა როგორც კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებსა და წინასაარჩევნო რეკლამებში, ისე სოციალურ მედიაში; კამპანია უპრეცედენტოდ დაძაბულ და დარღვევებით მრავალფეროვან ატმოსფეროში წარიმართა - მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - ზოგადი შეფასება.

სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:

„თუ საქართველოში არჩევნების გამოცდილებას ავიღებთ, შესაძლოა, ეს არ ყოფილა ყველაზე ცუდი წინასაარჩევნო კამპანია, უფრო დაძაბული და უფრო ცხელიც გვინახავს, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. მაგრამ რეალურად თუ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ეტაპობრივად საარჩევნო გარემო უნდა უმჯობესდებოდეს, არჩევნები უკეთეს პირობებში უნდა ტარდებოდეს, ბოლო წლების მაგალითზე ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო საარჩევნო გარემო.წინასაარჩევნო კამპანია იყო მძიმე, ნეგატივზე ორიენტირებული და კანდიდატები ცდილობდნენ ესაუბრათ, რატომ არ უნდა დაუჭირო მხარი სხვა კანდიდატს, იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მათგან ყოფით ნიადაგზე მოხდა, მან მაინც დააზიანა საარჩევნო გარემო“.

მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი:

„მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები არ გამართულა. შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხილა და მოესმინა საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ დისკუსია და თემატური მსჯელობები. ამის ნაცვლად, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიული რიტორიკის და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების მომსწრე გახდა“.

ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი:

„პირველ და მეორე ტურს შორის მთავრობის რამდენიმე ინიციატივა იყო, რომელიც შეეხებოდა სოციალურად დაუცველი და ცუდ პირობებში მყოფი ადამიანების სოციალურ დახმარებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პროგრამები მიმდინარეობდეს ქვეყანაში, თუმცა ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამების ინიცირება წინასაარჩევნო პერიოდში იყო საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა და გაკეთებული იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანებისგან ხმები მიეღოთ. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა“.

საარჩევნო გარემო - ძირითადი დარღვევები:

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში არსებული პრობლემური ტენდენციების მასშტაბის გათვალისწინებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო საიამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ერთობლივი განცხადებით შეაფასეს. გამოიკვეთა დარღვევების შემდეგი ძირითადი ჯგუფები:

  • ძალადობრივი ინციდენტები: პირველი ტურისგან განსხვავებით, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების არაერთ შემთხვევას, ძალადობრივი ინციდენტები განხორციელდა ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე.
  • ზეწოლა: მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს, სოციალურად დაუცველ და წარსულში ნასამართლევ ადამიანებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ და ემუქრებოდნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო.
  • მუქარა: დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარისა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებიც. სიცოცხლის მოსპობის მუქარას ჰქონდა ადგილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართაც.
  • ამომრჩევლის მოსყიდვა: სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, მეორე ტურის წინ გაიზარდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტების რაოდენობა. რაც შეეხება მოსყიდვის ფორმებს, ადგილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის მიზნით გარკვეული თანხების შეთავაზებას; პირადობის მოწმობების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ იმ პირებსაც, ვინც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერად ითვლებოდა; მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას დაურიგეს საკვები პროდუქტები; ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ფაქტად იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 600 000 მოქალაქისთვის, ჯამში, მილიარდ-ნახევარი ლარის ოდენობის საბანკო ვალის „განულების“ შესახებ დაპირება.
ასევე ნახეთ ვალების განულება ხმების სანაცვლოდ?
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გახდა ცნობილი, სავარაუდოდ, საარჩევნოდ მოტივირებული ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ხელფასებისა და სოციალური დახმარებების გაზრდა, ცალკეული ჯგუფების საცხოვრებლით უზრუნველყოფა; გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებაც, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
  • კამპანიის დაფინანსება: 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ორმა საარჩევნო სუბიექტმა, ჯამში, 4 489 303 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თანხის 85 პროცენტი - სალომე ზურაბიშვილმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე ძირითადად არაეფექტური იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს დამაზიანებელ ისეთ გარემოებებზეც, როგორიც იყო პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით პოლარიზებული მედია, მმართველი პარტიის განცხადებები მეორე ტურის შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულების შესახებ, ცალკეული საზოგადოებრივი მოძრაობების გააქტიურება და ეჭვები, რომ ისინი შემოწირულებებს ახორციელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად; არამართებულად იქნა შეფასებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შუა კვირაში დანიშვნისა და უცხოეთში საარჩევნო პროცესის 24 საათამდე გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და სხვა. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციები აღნიშნავენ იმასაც, რომ მეორე ტურის კამპანიაში კვლავ აქტუალური იყო ხელისუფლების მიერ მათი დისკრედიტაციის კამპანია, ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით. 28 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურს 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო მონიტორი დააკვირდება.