„სილამაზე და სასოწარკვეთა“ - პირველი ქართველი ფოტოგრაფის მძიმე ცხოვრება

ალექსანდრე როინაშვილის მირ გადაღებული ფოტოები: „გაბრაზებული ქალის“ პორტრეტი კუმუხში, დაღესტანი. და დაღესტნელი ჯუჯა

1880 წელს, ალექსანდრე როინაშვილმა თბილისის მტვრიან გარეუბანში ეტლი გააჩერა და თავის ახალგაზრდა ცოლს მიუბრუნდა. „დღეიდან ცოლ-ქმარი აღარა ვართ“, - უთხრა.

როდესაც გაოგნებული ქალი ეტლიდან ჩახტა, როინაშვილმა გზა დღევანდელი აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელა. თან ეტლით ფოტოაპარატურას მიაჯაყჯაყებდა.

ალექსანდრე როინაშვილი: 1846-1898

უიღბლო ქორწინების დასრულების შემდეგ როინაშვილს ოჯახის შექმნა აღარ უცდია. მთელი თავისი ენერგია კავკასიის ქვეყნების პეიზაჟებისა და კულტურის, საყვარელი საქართველოს დოკუმენტირებას მოახმარა.

ურემი თბილისში

ალექსანდრე როინაშვილი 1846 წელს დუშეთში დაიბადა. მამა ჯერაც ყმაწვილმა დაკარგა და თბილისში ისე გადავიდა, წესიერად არც კი იცოდა იქ რა უნდა ეკეთებინა.

ანანურის ციხე-სიმაგრე

თბილისში თავისი გზა იპოვა. ახალი ხელობა ფოტოგრაფია შეისწავლა და რუსულ სტუდიაში თანაშემწედ დადგა.

სტუდიური ფოტო - ქართველები ჯაჭვის პერანგში

მალე საკუთარი საქმე წამოიწყო. ის იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი.

სპარსი დერვიში გველით ხელში. ითვლებოდა, რომ სუფი მუსლიმები მისტიკურ ძალას ფლობდნენ.

სტუდია, სადაც ის პორტრეტებს იღებდა პოპულარული გახდა. მაგრამ როინაშვილი მალე დაეუფლა ახალ ტექნოლოგიას, რომლითაც დაპყრობილი სამშობლოს ფოტოდოკუმენტირება შეეძლო.

თბილისთან ახლოს, ქვათახევის მონასტერთან მგზავრები სადილობენ. ქალები და კაცები ცალ-ცალკე სხედან.

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, რომელიც 150 წლისაა, რადიო თავისუფლებას ნება დართო, არქივში როინაშვილის რამდენიმე ფოტო ენახა.

მტკვრის ვიწროში გადებული ავლაბრის ხიდი. ახლა ამ ადგილას საბჭოთა პერიოდში აშენებული მეტეხის ხიდია.

მაღალი რეზოლუციის ფოტოებზე მომხიბვლელი, საოცარი კავკასია ჩანს, რომელიც მაშინ რუსეთის მმართველობის ქვეშ იყო.

დღესასწაული თბილისთან ახლოს, ნორიოში.

ქართველი ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როინაშვილი გამორჩეული იმანაც გახდა, რომ ის საზოგადოების მაღალ ფენაში გაერია.

გერგეთის სამება თითქმის დაუსახლებელ პლატოს გადაჰყურებს. დღეს იქ ტურისტული ქალაქი სტეფანწმინდაა.

„როინაშვილი წარმომავლობით გლეხი იყო და წარმატებას საკუთარი ნიჭით მიაღწია“, - ამბობს ჯავახიშვილი.

თბილისის ცენტრი - დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული. საბჭოთა მმართველობისას, 1930-იან წლებში სანაპიროებზე ინფრასტრუქტურა მოშალეს და მტკვარი ქვაყრილებით შეზღუდეს, რომ მის ორივე ნაპირას ასფალტი დაეგოთ.

ისტორიკოსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 1880 წელს ცოლი გზაზე დატოვა, როინაშვილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ის რამდენიმე წლის განმავლოაბში დაღესტანში მოგზაურობდა და ფოტოებს იღებდა.

დაღესტნელი ჯუჯა

მე-19 საუკუნის ერთი ქართული გაზეთი წერს, რომ დაღესტანი როინაშვილს ძალიან იზიდავდა, ის „კავკასიის მთებში ისტორიის დაკარგულ არტეფაქტებს ეძებდა“.

ხუნძახის ციხე, რუსული ფორპოსტი დაღესტანში. სამხედრო ბაზა 1867 წელს, მაჰაჩყალიდან 80 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით ააშენეს. ციხის შიგნით აგებული ტაძარი, 1880-იან წლებში, ამ ფოტოს გადაღებიდან მალევე დაანგრიეს.

ფოტოგრაფის დაღესტნური ექსპედიცია მომგებიანი უნდა ყოფილიყო.

წყლის წისქვილი დაღესტანში

რუსეთის საზოგადოება მონუსხული იყო დაღესტნით. ის კრემლმა 1864 წელს დაიპყრო, მთის ტომებთან ათწლეულებით გაგრძელებული სისხლიანი ბრძოლების შემდეგ.

„გაბრაზებული ქალის“ პორტრეტი კუმუხში, დაღესტანი.

„მე-19 საუკუნის რუსეთისთვის კავკასია იყო ეგზოტიკური, მშვენიერი და, ამავდროულად, ზარდამცემი ადგილი“, - ეუბნება ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას.

უცნობი ხიდი დაღესტანში.

მაშინ, როცა როინაშვილი ამ რეგიონში კამერით დადიოდა, „რუსეთის საზოგადოება კავკასიას მხოლოდ ლიტერატურიდან და ნახატებიდან იცნობდა“, - ამბობს ჯავახიშვილი.

ტაშკაპური, მთიანი სოფელი დაღესტანში

ფოტოგრაფმა დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იმოგზაურა.

მთის ებრაელები. ფოტოს გადაღების ადგილი უცნობია.

მოგზაურობისას როინაშვილმა უამრავი არტეფაქტი შეაგროვა, სურდა ქართული კულტურის მუზეუმი დაეარსებინა.

სომხეთის ტათევის მონასტერი. ფოტო 1880 წელს არის გადაღებული. მას შემდეგ ეს ადგილი მნიშვნელოვნად შეიცვალა, მათ შორის სამრეკლო, რომელიც ფოტოს ცენტრში ჩანს, უკვე აღარ არსებობს.

„რუსეთის იმპერიაში თითქმის არც ერთი ერი არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი, ანუ მუზეუმი არ ჰქონდეს,- წერს როინაშვილი, - ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებითა, ხელოვნებითა, მწიგნობრობითა, აზრადაც არ მოგვდის რომ დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი. რათა დაინახოს მომავალმა თაობამ, თავისი წარსული, თავისი დიდება”.

ყარსი, დღევანდელი აღმოსავლეთი თურქეთი. უკან მე-10 საუკუნის სომხური ეკლესიაა. ის ბევრჯერ და ბევრნაირად გადააკეთეს, ჯერ ოტომანურ მეჩეთად, შემდეგ რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრად, მერე ისევ სომხურ ეკლესიად. 1993 წელს, თანამედროვე თურქეთში ის ისევ მეჩეთად იქცა.

„ამ ჩვენის ოდესმე დაუძინებელის მტრებისაგან შევიძინე ხუთასამდე ნივთი და ჩამოვიტანე ჩვენს დედა-ქალაქში იმ განზრახვით, რომ გადამეცა ჩვენის ერისათვის, დასაარსებლად ქართული ეროვნული მუზეუმისა“, - წერდა როინაშვილი თავისი სიცოცხლის ბოლოს.

„აი, ექვსი წელიწადი სრულდება, რაც ჩამოვიტანე ეს ნივთები და, ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდლამდე ვერ ვპოვე ვერც ერთი დაწესებულება ჩვენში, რომ შეეძლოს და შეინახოს, თუნდ დროებით დაქირავებულს სახლში“.

გზა სიონის გავლით, საქართველოს ჩრდილოეთით, მთებში. ამ გზის გაყოლებაზე, რამდენიმე კილომეტრში დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარია.

1898 წლის მაისში ალექსანდრე როინაშვილი მოულოდნელად 52 წლისა გარდაიცვალა. მთელი თავისი ქონება, მათ შორის ის საგანძურიც, რომელიც მოგზაურობისას შეაგროვა, საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

მოქეიფეები თბილისთან ახლოს, დღესასწაულზე

მასზე წერდნენ: „მან ჩვენ ქართველებს გვაჩვენა თუ რა შეუძლია ერთ კაცს, თუკი ის გარემოებას არ შეუშინდება. ალექსანდრე როინაშვილმა დაიმსახურა, რომ მისი ხსოვნა მარად იყოს მის ქვეყანაში“.