პირველი რუსული სმარტფონი ჩინური აღმოჩნდა

ვლადიმირ პუტინი სმარტფონის ეკრანზე. ილუსტრირებული ფოტო

ინტერნეტში გამოჩნდა რუსული სმარტფონის Р-ФОН(Rosa Mobile)-ის პირველი ფოტოები და ტექნიკური მონაცემები. Р-Фон-ის შემქმნელები სიამაყით ამბობენ, რომ ეს „რუსულ ოპერაციულ სისტემაზე შექმნილი პირველი სმარტფონია“, თუმცა როგორც ირკვევა, მახასიათებლების მიხედვით, Р-Фон-ი თითქმის არაფრით განსხვავდება ჩინურ Tecno Pova 5-ისგან, რომლის ღირებულება დაახლოებით სამჯერ ნაკლებია „რუსულ სმარტფონზე“.

სოციალურ ქსელებში ირონიულად შენიშნეს ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა, Р-Фон-ი (Rosa Mobile) არის „პირველი მთლიანად რუსული სმარტფონი ტაივანური MediaTek Helio G99 პროცესორით, რომელიც დამზადებულია ჰონკონგში ყაზახეთისთვის ნაკლებად ცნობილი კომპანიის, Bopel Mobile Technology Co Limited-ის მიერ“.

Р-ФОН-ის ფოტოები პირველმა გამოაქვეყნა ვლადიმირ ზიკოვმა - სოციალური ქსელების და მესინჯერების პროფესიონალ მომხმარებელთა რუსეთის ასოციაციის (APPSIM) ხელმძღვანელმა, რომლის თქმითაც, მოწყობილობა 40 ათასი რუბლი (დაახლოებით 400$) ეღირება და სამომხმარებლო ბაზარზე 2024 წელს გამოვა.

„გასაგებია, რომ ზოგიერთი დეტალი რუსეთში ვერ დამზადდება, მაგრამ ამგვარი ლოკალიზაციით რუსეთში სმარტფონი აქამდე არასოდეს დამზადებულა“, - თქვა ზიკოვმა, რომლის თქმითაც, ტელეფონს აუცილებლად ექნება წარწერა „Made in Russia“.

ტექნიკური მონაცემები:

  • დისპლეი 6.7 ინჩი
  • ოპერატიული მეხსიერება 8 GB
  • მეხსიერება 128 GB
  • მთავარი კამერა 50 MP
  • ბატარეა 5000 mAh
  • სლოტი ორი SIM ბარათისთვის
  • თითის ანაბეჭდის სენსორი
  • WiFi
  • NFC
  • Bluetooth

რამდენად ასახავს წარწერა Made in Russia სინამდვილეს?

ამის შესამოწმებლად არსებობს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის დაშიფვრის (კრიპტოგრაფიული) საშუალებებისა და მათი შემცველი საქონლის მახასიათებლების შესახებ ნოტიფიკაციების ერთიანი რეესტრი, რომლის მონაცემებიდან იოლია იმის დადგენა, რომ „ახალი რუსული სმარტფონი“ დამზადებულია Bopel Mobile Technology Co Limited-ის მიერ, რომლის სათავო ოფისი ჰონკონგში მდებარეობს.

კომპანია Рутек-მა, როგორც რეესტრიდან ჩანს, ნოტიფიკაცია დაარეგისტრირა არა რუსეთში, არამედ ყაზახეთში. ვებსაიტ Mobiltelefon.ru-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს გაკეთდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისათვის გვერდის ავლის მიზნით.

Р-Фон-ი უნდა აწარმოოს კომპანია Рутек-მა, რომლის მფლობელი რუსეთის კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი ლეონიდ რეიმანია. რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ცნობით, რეიმანის ქარხანა ზელენოგრადში რუსული არმიისათვის აწარმოებს პორტატიულ რადიოსადგურებს, თავად რეიმანის გვარი კი არაერთ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.

როგორც The Wall Street Journal-ი 2007 წელს წერდა, ლეონიდ რეიმანი, რომლის კომპანია „რუტეკმა“ უნდა აწარმოოს Р-ФОН-ი (Rosa Mobile), ფიგურირებდა გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების გამოძიებაში, რომელიც შეეხებოდა Siemens-ის მიერ, სარფიანი კონტრაქტის მიღების მიზნით, რუსი პარტნიორების მოქრთამვის საქმეს. „ატკატების“ მიმღებთა შორის იყო რეიმანის ოფშორული IPOC ფონდი, რომელიც ფლობდა მნიშვნელოვან წილს მობილურ ოპერატორ „მეგაფონში“. რეიმანი ასევე ხელმძღვანელობდა „სვიაზინვესტის“ დირექტორთა საბჭოს, რომელმაც 2002 წლის მაისში გააფორმა კონტრაქტი Siemens-თან დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდებაზე. Siemens-მა უარყო როგორც რაიმე კავშირი რეიმანთან, ასევე ოფიციალური პირების მოსყიდვის ბრალდებები.

Р-ФОН (Rosa Mobile)-ის შემქმნელების თქმით, სმარტფონი რუსულ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, თუმცა Рутек-შიც კი არ მალავენ, რომ ის დაფუძნებულია ყველასთვის ხელმისაწვდომ ღია კოდის Linux-ის ოპერაციულ სისტემაზე რომელიც თავსებადია Android აპლიკაციებთან.

დეველოპერული კომპანიის РОСА (Rosa)-ს ხელმძღვანელის, ოლეგ კარპიცკის თქმით, Rosa Mobile-ის დიზაინი შეიქმნა კომპანია 65apps-თან თანამშრომლობით.

„ჩვენ ვცდილობდით Android-ისა და iOS-ის მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილების ინტეგრირებას ჩვენს სისტემაში, რათა მომხმარებელს, რომელიც ამ ოპერაციულ სისტემებს არის მიჩვეული, არ მოუწიოს რაღაცის ხელახლა შესწავლა, - ამბობს კარპიცკი, - ROSA-მ შეიმუშავა ყველა საინჟინრო გადაწყვეტა, მაგალითად, მთლიანად გადაწერა დრაივერები მოწყობილობის კომპონენტებისთვის: Wi-Fi მოდული, კამერა.“

Rosa Mobile-ის შექმნისას არ გამოუყენებიათ ანდროიდის კომპონენტები, რამაც უნდა დაიცვას მოწყობილობა Google-ის მხრიდან გათიშვის ან ფარული ფუნქციების გააქტიურებისგან, თუმცა შესაძლებელია სმარტფონზე მრავალი Android აპლიკაციის გაშვება. პირველ ეტაპზე, Rosa Mobile-ზე იმუშავებს ყველა აპლიკაცია, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა სჭირდება: ბანკი, ონლაინმაღაზიები, საჯარო სერვისები.

ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტების თქმით, რუსულ ბაზარზე ზუსტად იმავე მახასიათებლებისა და მსგავსი პროცესორის მქონე სმარტფონი თითქმის სამჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე Р-Фон-ი: მაგალითად, ჩინური მოწყობილობა Tecno Pova 5, რომელიც განსხვავდება „რუსული ტელეფონისგან“ მხოლოდ იმით, რომ აქვს უფრო ტევადი ბატარეა და თითქმის სამჯერ იაფი, 14 470 რუბლი ღირს.

Rosa Mobile-ის სამომხმარებლო ბაზარზე გატანა 2024 წლისთვის იგეგმება. კორპორაციული სექტორისა და სამთავრობო მომხმარებლებისთვის სმარტფონი 2023 წელს გამოვა.

დმიტრი მედვედევი და სერგეი ჩემეზოვი

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა ინტერნეტში რუსული სმარტფონის (Р-ФОН - Rosa Mobile) პირველი ფოტოების გამოჩენისას გაიხსენეს 2014 წელი, როცა რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, დმიტრი მედვედევს კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა საზეიმოდ აუწყა პირველი რუსული სმარტფონის YotaPhone-ის დამზადების ამბავი.

„ეს არის YotaPhone - 100%-ით რუსული გამოგონება“, - უთხრა მაშინ ჩემეზოვმა მედვედევს.

„დეტალებიც?“ - დაინტერესდა მედვედევი.

„სამწუხაროდ, დეტალები იმპორტულია და აწყობითაც სინგაპურში ვაწყობთ, მაგრამ ჩვენ უკვე შევარჩიეთ ერთ-ერთი საწარმო... მთავარია, რომ მთელი ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის რუსეთს“, - განაცხადა მაშინ „როსტეხის“ ხელმძღვანელმა, რომლის პასუხადაც მედვედევმა იკითხა: „ჩვენი სმარტფონის შემდეგ Apple ხომ არ დაიძაბა?“

რამზან კადიროვი Yotaphone-ით

პუტინის რუსეთი და „სამამულო“ ციფრული ტექნოლოგიები

  • რუსეთში, ბოლო რამდენიმე წელია, იქმნება მობილური მოწყობილობების ოპერაციული სისტემა სახელწოდებით Аврора. თავდაპირველად, სისტემა ეკუთვნოდა ფინურ კომპანია Jolla-ს, მაგრამ მოგვიანებით ამ კომპანიის საკონტროლო წილი შეიძინა ЕСН-ისა და РБК-ის ჯგუფის მფლობელმა გრიგორი ბერეზკინმა, ხოლო 2020 წლისთვის ოპერაციული სისტემის უფლებების მთავარი მფლობელი გახდა კომპანია Ростелеком-ი.
  • 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურ პირებს დაავალა, გადასულიყვნენ „ავრორას“ სმარტფონებზე, თუმცა პროექტი შეჩერდა, მათ შორის სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
  • 2020 წლის ნოემბერში პუტინმა გამოსცა „სამამულო ოპერაციული სისტემის“ გამოყენების მორიგი განკარგულება, რომლითაც სარგებლობა სავალდებულო გახდა სამედიცინო დაწესებულებებისა და სკოლებისათვის.
  • 2021 წელს „ავრორაზე“ დაფუძნებული პლანშეტები გამოიყენეს საყოველთაო აღწერის დროს.
  • 2022 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის მთავრობამ როსტელეკომის პროექტი შეიტანა „ახალი საერთო-სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების საგზაო რუკაში“, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისთვის რუსული ეროვნული მობილური ეკოსისტემის შექმნას ოპერაციულ სისტემა „ავრორაზე“ დაყრდნობით.