პირველადი დახმარება ბრძოლის ველზე - სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021

28 ივლისს, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართველი და ამერიკელი სამხედროები, იმიტირებულ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წვრთნა მრავალეროვანი სწავლების Agile Spirit 2021 წლის ფარგლებში გაიმართა. ნატოს 12 წევრისა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, ესპანეთი, კანადა, იტალია და ლიეტუვა) და 3 პარტნიორი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი) სამხედროები 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე შეეცდებიან ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობა გააუმჯობესონ.

ამერიკელი სამხედროები თავდასხმისთვის ემზადებიან.

ქართველ და ამერიკელ სამხედროებს ერთმანეთისგან გორაკი ჰყოფდა. ორმხრივი სროლა დილის 10:30 საათზე დაიწყო. სცენარის მიხედვით, ქართულმა რაზმმა წინააღმდეგობს გაწევის შემდეგ საკვამლე კოჭები ისროლა და მწვანე კვამლის ფონზე უკან დახევა დაიწყო, რადგან მოწინააღმდეგე რაოდენობით მეტი აღმოჩნდა.

ქართველმა სამხედროებმა გაისროლეს საკვამლე კოჭები და იწყებენ უკან დახევას.

ამერიკელ სამხედროებს გორაკის მეორე მხრიდან ქართველი სამხედროები უტევენ.

მრავალეროვანი სწავლების დასრულებამდე სამხედროები არაერთ სცენარს გაითამაშებენ, რომელშიც გამოიყენებენ სხვადასხვა სამხედრო ტექნიკასა და ბრძოლის ტაქტიკას.

სცენარის მიხედვით ამერიკელ სამხედროებს ჰყავთ ერთი დაჭრილი.

ამ სწავლებაში პირველად გამოიყენეს "დელტას" მიერ წარმოებული „დიდგორი მედევაკის“ ჯავშანმანქანა. ჯავშანმანქანით, იმიტირებული ბრძოლის დროს დაჭრილი ამერიკელი სამხედრო საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაჭრილს აწვენენ საკაცეზე და პირველად სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

ეს ერთგვარი სასწრაფო დახმარებაა ომში. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.

ადგილზე მიდის „დიდგორი მედევაკი", რომელმაც დაჭრილი საველე ჰოსპიტალში უნდა წაიყვანოს.

"დიდგორი მედევაკი" აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ტექნიკით.

წვრთნის ბოლოს დაგეგმილი იყო საველე ჰოსპიტალის ტერიტორიიდან ვერტმფრენით ევაკუაციაც, თუმცა ძლიერი წვიმის გამო ეს მანევრი აღარ შესრულდა.

ჩასაფრების ოპერაცია.

სამხედრო სწავლების ვაზიანის მიმართულების ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ რომან სანიკიძის თქმით ოპერაციამ ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით წარმატებით ჩაიარა.

საველე ჰოსპიტალში დაჭრილ ჯარისკაცს ელოდებიან.

„ეს სწავლება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქართველი და ამერიკელი სამხედროები ხვეწენ უნარ-ჩვევებს, როგორც საველე ტაქტიკურ პირობებში, ასევე სხვადასხვა კომპონენტებში", - თქვა პოლკოვნიკმა სანიკიძემ სამხედრო ოპერაციის ბოლოს.

ასე გამოიყურება საველე ჰოსპიტალის რეანიმაცია.

სცენარის მიხედვით ქართველი და ამერიკელი ექიმები დაჭრილს უკეთებენ ოპერაციას.

"ფართო სპექტრის სამედიცინო შესაძლებლობების" გამო მედივაკი ამერიკელმა სამხედროებმაც მოიწონეს.

ამერიკელი სამხედროები საველე ჰოსპიტალთან, ვაზიანში.

მრავალეროვანი სწავლებას Agile Spirit 2021 ერთობლივად ატარებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის არმიის სარდლობა ევროპასა და აფრიკაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, წლევანდელი სწავლება ხუთ ადგილს ტარდება - სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე.

სცენარი მოიცავს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებითა და საჰაერო-სადესანტო ოპერაციებით.