ცენზურის ისტორია პარადოქსების ისტორიაა.
ასე, მაგალითად, რელიგიის თავგამოდებული დაცვის მიზნით ერთხელ სწორედ რელიგიასვე მიაყენეს დიდი შეურაცხყოფა და ზიანი.
რელიგიის საკითხების განმკარგავმა უმაღლესმა ორგანომ მაინცდამაინც იმ ტექსტს გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, საიდანაც სწორედ ეს რელიგია იყო აღმოცენებული.
მათი აზრით, ამ წიგნის წაკითხვა - დიახ, სწორედ წაკითხვა - დიდი და ავტორიტეტული შუამავლების გარეშე (რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მეტისმეტად თავისუფლად ეკიდებოდნენ ინტერპრეტაციის საკითხებს... რომ არ ვთქვა, ამახინჯებდნენ-მეთქი), არათუ მხოლოდ საფრთხის შემცველ, არამედ რელიგიურად დანაშაულებრივ აქტად უნდა ჩათვლილიყო და ვინც ხელს შეუწყობდა ამ "საშიში" ტექსტის გავრცელებას, რელიგიურ-სადამსჯელო სასამართლოს წინაშე მოუხდებოდა წარდგომა, რაც უთუოდ აკრძალულ წიგნთან ერთად დაფერფვლით დასრულდებოდა საინკვიზიციო კოცონზე, რადგან ამ წიგნის წაკითხვა უკანონობა იყო და ეშმაკთან გარიგებას ნიშნავდა.
მაგრამ, ცენზურის მიუხედავად, ზოგიერთები (არცთუ ცოტანი) თავდაჯერებული გამბედაობით განაგრძობდნენ საკრალურ დიდმოხელეთა დოგმების იგნორირებას და თავიანთ მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ ტექსტს, რის გამოც უშუალოდ ცენზორთა გარეშე იაზრებდნენ, რა ედო მათ რწმენას საფუძვლად.
Your browser doesn’t support HTML5
წიგნის მთლიანად განადგურება ძნელი აღმოჩნდა, რაკი, ამკრძალავთა საუბედუროდ, ეს იყო მსოფლიოში პირველი წიგნი, რომელიც შორსმჭვრეტელმა იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა თავის სტამბაში.
ეს იყო მთავარი ქრისტიანული ტექსტი, სახარება, რომელიც უმსხვილესი პოლიტიკურ-რელიგიური ინსტიტუციის - კათოლიკური ეკლესიის მიერ აიკრძალა.
შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული ძალაუფლების მთავარმა ცენტრმა ქრისტიანობის საფუძველთ საფუძველი - ბიბლია - ჩათვალა საფრთხედ.
მაღალიერარქებმა დაუშვებლად მიიჩნიეს, რომ ქრისტიანს თავის მშობლიურ ენაზე ეკითხა ახალი აღთქმა (ამ შემთხვევაში, გერმანელს გერმანულად), რადგან, ერთი ცნობილი ლიტერატურული ინკვიზიტორის მსგავსად, ახლა აღარც მათ სჭირდებოდათ ცოცხალი ღმერთი, რაკი თავად ქცეულიყვნენ მატერიალურ ღმერთებად.
კითხვა სახიფათო იყო, რადგან მკითხველი ცენზორთაგან დამოუკიდებლად შეძლებდა ფიქრსა და განსჯას, რაც სრულიად შეუძლებელი იქნებოდა უამრავი არამკითხველისთვის, რომლებიც ოდითგანვე ტრადიციულ ნორმად მიიჩნევდნენ პოლიტ-რელიგიური დიქტატორების დოგმა-ბრძანებებით ცხოვრებას, ანუ იმგვარ პირობებში არსებობას, როცა არა თავად, არამედ სისტემა ფიქრობდა მათ ნაცვლად, რაკი, როგორც იცოდნენ, თვითონ არც თავისი სული ეკუთვნოდათ და არც ტვინი.
რახან განსჯისა და ფიქრის ჩვევა უმაღლესი ავტორიტეტებისთვის ჰქონდათ გადაბარებული, თავად ჯოგური ცნობიერებით უწევდათ ცხოვრება - ბრბოს ინსტინქტებით, რადგან ბრბო, რაკი მასში ინდივიდუალობაა ჩაკლული, ინსტინქტებით ფუნქციონირებს და არა აზროვნებით.
ბრბო ყოველთვის ბრძანების შესაბამისად მოქმედებს, როგორც უსულო ზომბი, როგორც სულწართმეული კოლექტიური ანტი-მე, რომელსაც ეუბნებიან, რომ რწმენა უნდა ჰქონდეს, ცოდნა კი არა, შინაარსს ვერ ჭვრეტდეს და ხედავდეს მხოლოდ ყალბ კერპებს, ფეტიშებს, რომელთაც ღმერთი დილეგში ჰყავთ გამომწყვდეული და აღარ ახსოვთ, რა იყო დასაწყისში...