პერსონაჟი: აგამემნონი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და რთულ, შეიძლება ითქვას, ამბივალენტურ პერსონაჟზე, ბერძენთა წინამძღოლზე ტროის ომში – აგამემნონზე. აგამემნონი ე.წ. „დაწყევლილი გვარის“ წარმომადგენელია, რომელსაც წარსულდან მოჰყვება ღალატის, გაუტანლობისა და სისხლის კვალი: აგამემნონის პაპის, პელოფსის, ძეებს, ატრევსსა და თიესტესს შორის სამეფო ტახტის გამო დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ძმამ ძმას ცოლი შეუცდინა და მისგან, როგორც დღეს იტყვიან, არაპროპორციული პასუხი მიიღო – აგამემნონის მამამ, ატრევსმა, საკუთარ ძმას შვილები დაუხოცა და სუფრაზე მათი ხორცით გაუმასპინძლდა. ასე გაუჩნდა აგამემნონს პირველი დაუძინებელი მტერი, გადარჩენილი ბიძაშვილის, ეგისთოსის, სახით. მეორე მტერი აგამემნონმა მაშინ შეიძინა, როდესაც, საერთო ბერძნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქალღმერთ არტემისს საკუთარი ქალიშვილი, იფიგენია, შესწირა; ეს ნაბიჯი მას მეუღლემ, კლიტემნესტრამ, არ აპატია. როგორც ხდება ხოლმე, მტრებმა ერთმანეთი იპოვეს: კლიტემნესტრა და ეგისთოსი საყვარლები გახდნენ და საძულველი კაცის მკვლელობა განიზრახეს. ასე რომ, როდესაც ტროის ომში გამარჯვების შემდეგ აგამემნონი შინ ტრიუმფით დაბრუნდა, იგი უკვე განწირული იყო. როგორი მხედართმთავარი იყო აგამემნონი, რატომ და როგორ დაუპირისპირდა იგი ბერძენთა მთავარ გმირს, აქილევსს; როგორ აცდუნა მეუღლემ და, ღმერთების დარად, როგორ გაატარა წითელ ხალიჩაზე; როგორ გაგრძელდა შურისძიებათა უსასრულო რიგი აგამემნონის სიკვდილის შემდეგ და, ბოლოს და ბოლოს, როგორ შეძლეს ადამიანებმა და ღმერთებმა ამ მკვლელობის მანქანის გაჩერება – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.