„პატრიოტთა ალიანსი“ NDI-ისა და IRI-ის წინააღმდეგ
Your browser doesn’t support HTML5
„პატრიოტთა ალიანსი“ სრულ უნდობლობას უცხადებს NDI-ისა და IRI-ის კვლევებს. პარტია ავტორიტეტიან ამერიკულ ორგანიზაციებს კორუფციაში სდებს ბრალს და საქართველოდან მათ გაძევებას ითხოვს. 26 იანვარს აქცია ამერიკის საელჩოსთან გაიმართა. ითქვა, რომ NDI-ისა და IRI-ის მიერ მონაცემების გაყალბება მიხეილ სააკაშვილისთვის („ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ბოკერიასთვის („ევროპული საქართველო“) მაღალი მაჩვენებლების დაწერას ისახავს მიზნად.
ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 212 ათასი ადამიანი გამოვკითხეთო - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსი“: გამოკითხულთა 77% სამხედრო მიუმხრობლობას (ნატოში არშესვლას) უჭერს მხარს, ხოლო NDI-ისა და IRI-ის მხოლოდ 3,1% ენდობაო. პარტიის განცხადებით, კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით გამოკითხვა 27 იანვარს თბილისშიც დაიწყება და რესპონდენტებს ანკეტების შევსების დამადასტურებელი ფოტოების გადაღებაც ევალებათ. აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს იმით, რომ NDI-ს ბოლო კვლევით „პატრიოტთა ალიანსს“ მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. NDI-ისა და IRI-ის კვლევებს საქართველოსა და ამერიკის ინტერესების დამაზიანებლად თვლის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც. ამ კონტექსტში ტელეკომპანია „იმედთან“ ის ლაპარაკობდა პრეზიდენტ ტრამპისთვის წერილის მიწერის განზრახვაზეც.