ინტერესს ამძაფრებდა საპატრიარქოს მიერ მანამდე გამოქვეყნებული ორი განცხადება, რომლებიც ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდება. თუკი პირველი სრულად იმეორებს ხელისუფლების პოზიციას; მეორე - მნიშვნელოვნად შერბილებულია.
გაერთიანების აუცილებლობა, მშვიდობისთვის ლოცვა, სინანულისა და სიმართლის ძალა - წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში, ძირითადი აქცენტების მიღმა, მინიშნებების ამოკითხვაც შეიძლებოდა.
რა წერია, რა იგულისხმება
„საინტერესო ფრაზაა ტექსტში, სადაც ნათქვამია, რომ იდუმიელ [გაარაბებული ებრაელი] მეფე ჰეროდეს ტანჯავდა ტახტის დაკარგვის შიში და ამიტომაც ვერ დაინახა ქრისტეში ჭეშმარიტება. საკითხი დგას შემდეგნაირად - ეს ფრაზა შეგნებულად მოხვდა ეპისტოლეს ტექსტში თუ შემთხვევით?“, - ჩვენთან საუბრისას შეკითხვას სვამს თეოლოგიის დოქტორი, მირიან გამრეკელაშვილი და თავადვე უპასუხებს: - „თეოლოგიაში შემთხვევითობის ცნება საერთოდ არ არსებობს და თუკი ეს ფრაზა ვინმეს გაეპარა - ეს საღმრთო განგებულებაა მაშინ“.
„შემდეგ არის [ეპისტოლეს ტექსტში] სასამართლოს კრიტიკაც, რომ მიწიერი სასამართლო ყოველთვის ამოდის მიწიერი განზომილებებიდან და დიდი, საყოველთაო ჭეშმარიტების დანახვა უჭირს“, - ასევე შენიშნავს გამრეკელაშვილი.
გამრეკელაშვილი, რომელიც თანამედროვე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის იდენტობას იკვლევს, კარგად იცნობს საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს. გვეუბნება, რომ თუკი საპატრიარქოს ცალკეული განცხადებები შესაძლოა გამოქვეყნდეს უშუალოდ პატრიარქის მხრიდან კონტროლის გარეშე, საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეების გამოქვეყნება მისი უშუალო ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია.
ფრაგმენტები ეპისტოლედან:
- „სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში [ქრისტეში] ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართალს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ“.
- „პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდნენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას - ჯვარს ეცვათ იგი“.
კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, ტრადიციულად, სააღდგომო ლიტურგიის დროს წაიკითხეს. სიონის ტაძარში. ლიტურგიას ესწრებოდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მთავრობის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ფოტოებზე პრეზიდენტი არ ჩანს.
ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში სიტყვა პოლიტიკა მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები:
„ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა“.
ეპისტოლეს ტექსტში პირდაპირი პოლიტიკური შეფასებები არ იყო. მათ შორის, არც ხელისუფლების პოლიტიკის გამართლება „აგენტების კანონთან“ და მის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით. ამას თეოლოგები არც მოელოდნენ.
- გაერთიანების აუცილებლობა, მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის ლოცვა, სინანულისა და სიმართლის გამარჯვების მიმართ რწმენა - კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს არათეოლოგიურ აქცენტებს ნეიტრალური ტონი ჰქონდა.
- მასში არ იყო გამოყოფილი სოციალური თუ ეკონომიკური საკითხები, რომლებიც წინა წლის ეპისტოლეებში მოხვდა: სოფლის მეურნეობაზე, კაზინო-ტოტალიზატორებზე, ახალგაზრდების უცენზურო ლექსიკაზე, სუროგაციასა თუ ხელოვნური ინტელექტის საფრთხეზე.
„პატრიარქს აქვს სასწაული ყნოსვა, გრძნობს და ზუსტად აღიქვამს - რა ხდება და შეუძლია, ზუსტად თქვას ის, რაც უნდა თქვას. მართალია, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ეს ყველაფერი არის მანიპულირება და მანევრები, მაგრამ ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეების გაკრიტიკება და ხელისუფლების დაცვა წამგებიანი გახდა საპატრიარქოსთვის“, - გვეუბნება თეოლოგი გოჩა ბარნოვი და სწორედ ამით ხსნის განსხვავებებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 27 აპრილსა და 1 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებებს შორის.
ორი განცხადება ოთხ დღეში
„საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის“, - ეს არის ციტატა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 27 აპრილის განცხადებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ სათქმელთან იკვეთება.
- „ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით“.
- „მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება“.
- „წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად“.
- „აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას“.
გოჩა ბარნოვის შეფასებით, 27 აპრილის განცხადება ცალსახად - ანტიდასავლურ მესიჯებს აერთიანებს და რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები, რაც, მისი აზრით, სინამდვილეში პრორუსული პოზიციის გამოხატულებად შეიძლება შეფასდეს.
ექსპერტისთვის აშკარაა, რომ ტონი შეიცვალა 1 მაისის განცხადებაში, რომელიც ძირითადად მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„დღეს საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს“, - წერია 1 მაისის განცხადებაში.
„მათ [საპატრიარქომ] ნახეს, 28 აპრილს რამხელა საპროტესტო აქცია იყო - 120 ათასი ადამიანი გამოვიდა და ნახეს ასევე ხელისუფლების კონტრაქცია, 29 აპრილს - ადამიანი იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე - ძალით ჩამოყვანილი ხალხი იყო ამ აქციაზე... ისინი ყოველთვის უყურებენ, საით გადაიხრება სასწორი და ისე ცვლიან განცხადებებს“, - ტონის შერბილებას ასე ხსნის გოჩა ბარნოვი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისგან, ანდრია ჯაღმაიძისგან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე - ვის ეკუთვნის, ან ვისთან შეთანხმდა 27 აპრილის განცხადების ტექსტი.
„ის განცხადება [27 აპრილის] გააკეთა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ, რომელსაც ხელმძღვანელობს უშუალოდ შიო მუჯირი [პატრიარქის მოსაყდრე]. ის რუსული ფორმაციის კაცია და საკუთარ თავს აღიქვამს სახელმწიფოს მსახურად“, - გვეუბნება მირიან გამრეკელაშვილი. მისი შთაბეჭდილებით, „ეპისტოლესა და მეორე განცხადების [1 მაისის] ავტორთა შორის რაღაც კავშირი არსებობს“.
ასევე ნახეთ "აგენტების კანონი" და საპატრიარქო - სინოდის სამი წევრი წინააღმდეგიაფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გროგოლმა [ბერბიჭაშვილი] სოციალურ ქსელში, 1 მაისს დაწერა, რომ - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 27 აპრილის განცხადება სინამდვილეში არის „საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება“ და „არა საპატრიარქოს განცხადება“ და „არც კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, და, მით უმეტეს, არც წმინდა სინოდის განცხადება, რომელიც აყალიბებს ეკლესიის კრებსით აზრს და პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“.
მიტროპოლიტი გრიგოლი თავად წმინდა სინოდის წევრია, ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სამ სასულიერო პირს შორის, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „აგენტების კანონის“ მიმართ. დანარჩენი ორიც სინოდის წევრია.
„ჩვენი ქრისტიანობა ფარისევლობა იქნება, თუკი არ შევეხებით იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება“, - თქვა 5 დღის წინ, ქადაგებისას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ [ინწკირველი], რომელიც ასევე „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა სამეულშია.
ქადაგებისას ის გმობს ძალადობასა და შეურაცხყოფას ორივე მხრიდან, თუმცა მკაფიოდ ამბობს, რომ რაც ხდება, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და „არ შეიძლება, რომ პოლიციელმა ახალგაზრდა გოგოებს მუშტები ურტყას“.
ეპისკოპოსი სამშობლოს ღალატზეც ლაპარაკობს:
- „რაც არ უნდა იყოს, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ დაშავდეს ჩვენი შვილები. სამწუხაროდ, ეს არის ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის და არა ქრისტიანული დამოკიდებულება, ერთმანეთისადმი არა სიყვარულის გამოხატულება და სამშობლოსთვის ღალატი - დიახ, პირდაპირ ვიტყვი.
- ჩვენი წინაპრების მოწოდება ყოველთვის იყო, რომ სადაც მონობაში ვიყავით საუკუნეების განმავლობაში, იქიდან თავი დაგვეღწია და არავის არ უნდა, თუნდაც მივემსგავსოთ იმ ქვეყანას [რუსეთს - რ.თ.], სადაც არის ტირანია, სადაც ადამიანებს თავისუფლება არ გააჩნიათ, სადაც ჟურნალისტებს ხოცავდნენ, სადაც სასულიერო პირები, რომლებმაც ხმა ამოიღეს უკრაინის ომის წინააღმდეგ - განკვეთეს, დევნეს".
16 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში, ეპისკოპოსმა „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დამაზიანებელ საფრთხეებს დაუკავშირა, ახალგაზრდების პროტესტს ჯანსაღი უწოდა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს „თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი“.
მირიან გამრეკელაშვილს „მკაფიოდ პროდასავლურ ფლანგზე“ ბევრად მეტი სასულიერო პირი ეგულება, მათ შორის - სინოდშიც.
თეოლოგი მათ შორის არ გულისხმობს ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს, რომელმაც 6 მაისის ქადაგებისას თქვა, რომ ქართველმა ხალხმა არა უნდა უთხრას, რუსეთთან ერთად, ყველა დამპყრობელს.
„არა არცერთ დამპყრობელს, ვინც არ უნდა იყოს რა, რა ერისაც არ უნდა იყოს - რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, „არცერთმა ერმა არ დაიბრალოს ჩვენი ნათესაობა, ჩვენც ნუ დავაბრალებთ ვინმეს, რომ გადაგვარჩინა“, „წინა საუკუნეშიც გვიღალატეს, ყოველთვის გვღალატობენ და ისე უნდა იყოს, რომ ვფიქრობდეთ ქართველები, თუ რა არის ჩვენი მომავალი“, „რაც არ უნდა კავშირებში შეხვიდე, თუ ღმერთი მიატოვე, უვარგისი ხარ. ამიტომ ვეცადოთ, რომ ღმერთი არ მოვატოვოთ და საუკეთესო კავშირებში ვიყოთ. ვინ გვიშლის?!“, „არა იმ ხალხს, ვინც ქრისტესთან დაშორებას გადაგვაწყვეტინებს“, - ასეთია მთავარეპისკოპოსის მესიჯები სიღნაღის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებული ქადაგებიდან.
„ძალიან ცუდად ვიქცეოდით დიდ მარხვაში, ყველანი, ალბათ რა, ყველანი... არ გეგონოთ, რომ ვიღაცას, რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ვამბობ“, - ესეც მისი სიტყვებია.