პატიმართა „მმართველობა“: არსებობს თუ არა ,,კრიმინალური სუბკულტურა“ ციხეში?

რა ხდება ციხის შიგნით, ეს ყველაზე კარგად მათ იციან, ვინც იქ ერთხელ მაინც მოხვედრილა. თუმცა ყოფილი პატიმრების დათანხმება მოყვნენ საქართველოს ციხეებში მოქმედ დაუწერელ კანონებსა და წესებზე რთული ამოცანაა - ერთმა ყოფილმა პატიმარმა ადვოკატის პირით შემოგვითვალა, “ძლივს იქედან თავი დავაღწიე და არც კარგის და არც ცუდის თქმა არ მინდაო.” არც ანონიმურობის დაცვით - არც ხმის შეცვლით, არც სიბნელეში გადაღებით.

გვაინტერესებდა, ის თუ დამდგარა იმ სირთულეების წინაშე, რასაც ამ ათიოდე დღის წინ სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და ციხეებში არსებულ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის მიერ ციხის მართვასა და ადმინისტრაციასთან შეთანხმებული პოლიტიკის შესახებ მკაცრი განცხადებებიც გააკეთა.

ერთი პატიმარი მეგულებოდა, რომელიც წლებია ქსნის ციხეში იხდის სასჯელს (რამდენჯერმე გამოუშვეს და ხელახლა ჩადენილი დანაშაულის გამო უკან შეაბრუნეს). მასთან დალაპარაკება მამამისის საშუალებით ვცადეთ - ვუთხარით, რომ იმ პატიმრების პრობლემებზე ვამზადებდით მასალას, ვისაც ე.წ. ციხის მაყურებლების მხრიდან წნეხის ქვეშ უწევდა სასჯელის მოხდა.

რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ პატიმრის მამამ გვითხრა, რომ მის შვილს, ამ ერთი შეხედვით უხილავ იერარქიაში, სულაც არ ეკავა ჩაგრულის პოზიცია.

პატიმარი #797: „ზონიდან“ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში

პატიმარი, პირობითად #797, სასჯელს ასევე ქსნის ციხეში იხდიდა. სასჯელაღსრულების ეს დაწესებულება ნახევრად ღია ტიპისაა - სხვანაირად მას „ზონას“ უწოდებენ.

პატიმრებს იქ მეტი თავისუფლება აქვთ და თუ არა რაიმე გაუსაძლისი მიზეზი, გამორიცხულია ვინმემ იქიდან მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანა მოითხოვოს. #797 კი უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.

ის პატიმრების იმ ნაწილს მიეკუთვნება, ვინც ციხის საყოფაცხოვრებო ნაწილში მომსახურე პერსონალად მუშაობს. მუშაობის დროს ადმინისტრაციის მხრიდან პრობლემას წააწყდა (იდენტიფიკაციის შიშით ამ მიზეზზე საუბარი მას დღეს არ სურს) და პროტესტი არ დაუმალავს - ჯერ ადმინისტრაციის სახელზე დაწერა განცხადება, შემდეგ სახალხო დამცველსაც მიმართა.

მისმა ადვოკატმა გვიამბო, რომ ადმინისტრაციამ საქმის მშვიდად მოგვარება და საჩივარზე უარის თქმა ურჩია - „სროკის ბოლომდე პრობლემა არ შეგექმნებაო“ დაპირდნენ.

მაგრამ გავიდა ცოტა დრო და პატიმარზე ზეწოლა, პირიქით, გაიზარდა. მეორედ რომ სცადა ჩივილი - „მაყურებლებმა“ სწორედ მაშინ დაიბარეს და უთხრეს, „ასე საქმეები არ გვარდება, ჯერ ჩვენთან უნდა მოსულიყავიო“. რადგან საჩივრის დაწერა ამგვარი „მოლაპარაკებით“ ვერ გადააფიქრებინეს, სიტყვიერ ზეწოლას ისიც დაემატა, რომ ხან კამერაში ხვდებოდნენ, ხან სხვაგან და გამუდმებით ემუქრებოდნენ. ადვოკატი არც ფიზიკურ ზეწოლას გამორიცხავს.

პატიმარ #797-ს იმაზეც კი მოუწია ბრძოლა, რომ ნახევრად ღია დაწესებულებიდან, სადაც გარეთ გასვლა და ჰაერის ჩასუნთქვა მაინც შეეძლო, დახურულ დაწესებულებაში გადაეყვანათ. ასეც მოხდა.

ეს მხოლოდ ერთი პატიმრის ამბავია. თუმცა ამ მასალაზე მუშაობისას ჩვენ დაახლოებით შვიდ ადვოკატს ვესაუბრეთ, რომლებიც, სხვადასხვა დროს, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, პატიმრების უფლებებს იცავდნენ.

ზოგიერთი მათგანი “პრევენციის ეროვნული მექანიზმის” მონიტორინგის ჯგუფის წევრიც ყოფილა. ჩვენთან პირად საუბრებში ყველა ადასტურებს, რომ ციხეს დიდწილად პატიმრები მართავენ.

დიმიტრი ნოზაძე (ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ადვოკატი), რომელმაც პატიმარ # 797-ის ამბავი მოგვითხრო, ადვოკატია. მას ვკითხეთ - რას იღებენ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის წევრები იმის სანაცვლოდ, თუ ციხის ადმინისტრაციას ზედმეტ თავის ტკივილს ააშორებენ და მაგალითად პატიმრებს საჩივრებზე უარს ათქმევინებენ?

შეღავათებს - გვპასუხობს დიმიტრი ნოზაძე:

ეს შეიძლება იყოს ტელევიზორი საკანში, გადაადგილების შეუზღუდავი უფლება, ტელეფონი, ინტერნეტთან წვდომაც კი.

„ზოგიერთი „მაყურებელი“ კამერაში არ ატარებს იმდენ დროს, რამდენსაც დირექტორის და მისი მოადგილის კაბინეტში“.

რას იგებს ადმინისტრაცია? იმას, რომ რაც ციხის შიგნით ხდება ციხეშივე რჩება.

„პატიმარს არ უღირს სიტუაციის გართულება. არც ზედმეტად გულის გადაშლა. ამას ჩვენთანაც კი ერიდება, რადგან ის შიგნით რჩება, მე კი, მისი ადვოკატი უკან ვბრუნდები. მან იცის, რომ თუ მოინდომებენ, ძალიან მარტივად უპოვიან საკანში რომელიმე აკრძალულ ნივთს და სასჯელს დაუმატებენ. ამიტომ, ბევრი პატიმარი გაჩუმებას არჩევს, რომ ციხიდან ცოცხალი და დაუსახიჩრებელი გამოვიდეს“ - ეუბნება დიმიტრი ნოზაძე რადიო თავისუფლებას.

ომბუდსმენის განგაში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები და ადვოკატებიც აცხადებდნენ, უპრეცედენტოდ მკაცრი იყო 20 იანვრის ბრიფინგზე - მან პირდაპირ თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციისა და "მაყურებლებისგან" მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად ესხმიან თავს. და ამით ისიც თქვა, რომ ციხეში კრიმინალური სუბკულტურა ისევ მძლავრია.

მისმა მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს 9000-მდე პატიმრის ნახევარი, სასჯელს ე.წ. ზონებზე ანუ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში იხდის - სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც არის ფესვგადგმული ე.წ. კრიმინალური სუბკულტურა და ე.წ. „მაყურებლების“ სისტემა.

ამ დაწესებულებებიდან პატიმრები ფაქტობრივად საჩივრებს არ აგზავნიან.

„საჩივარი, ცხადია, ციხეში არსებულ პრობლემებს ეხება. რაც ნაკლები საჩივარი გამოვა ციხიდან, მით ნაკლები პრობლემა ექნება დაწესებულებას და შეიქმნება მოჩვენებითი სიმშვიდე“.

საჩივრების შემცირების პარალელურად, გიორგი ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ თითქმის შეუძლებელი ხდება ციხეში პრევენციული ვიზიტები. შედეგად კი, სახალხო დამცველს აღარ რჩება სამართლებრივი ბერკეტი პატიმრების უფლებების დასაცავად. არ არის საჩივარი - არ არის პრობლემა.

როდის დაეჭვდა სახალხო დამცველი?

2020 წელს სახალხო დამცველმა ციხეებიდან 1400-მდე განცხადება მიიღო, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ამ საჩივრების მხოლოდ 56 ანუ სულ 4% იყო გამოგზავნილი ე.წ. ზონებიდან. ამ საჩივრების დიდი ნაწილი ეხებოდა ექსტრადირებას ან ისეთ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ ციხეში არსებულ პრობლემებს არ ასახავდა.

წარმოუდგენელი იყო, რომ პატიმრები არ ჩიოდნენ, მაგალითად ჯანდაცვის საკითხებზე, რაც ისევ და ისევ პრობლემაა და წელიწადში, ციხეებიდან, 500 განცხადება მაინც მისდით მხოლოდ ამ საკითხზე.

არავინ იწერებოდა არც პატიმართა შორის ძალადობაზე ან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებზე - ეს უჩვეულო სიჩუმე იყო.

ამას ისიც დაემატა, იხსენებს გიორგი ბურჯანაძე, რომ უცებ, საიდანღაც გამოჩნდნენ სახალხო დამცველის მიმართ უკმაყოფილოდ განწყობილი პატიმრები, რომლებიც, უარს აცხადებდნენ ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობაზე.

ერთ-ერთი ვიზიტის დროს, როცა მონიტორინგის ჯგუფსა და კონკრეტულ პატიმარს შორის მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე დიალოგი უნდა დაწყებულიყო, იქვე მდგომმა სხვა პატიმარმა მას თვალით რაღაც ანიშნა - პატიმარი უცებ დადუმდა და მერე თქვა:

„არა, არა, არაფერი, შემეშალა“.

თქვენ ვინ ხართ? ვკითხეთ ჩვენ პატიმარს - გვიყვება გიორგი ბურჯანაძე.

მე ამის მეგობარი ვარ, - გვიპასუხა და მერე პატიმარს მიუბრუნდა - წინააღმდეგი ხომ არ ხარ აქ რომ ვიყო?

არა, რა თქმა უნდა. - იყო პასუხი.

ამის შემდეგ საუბარი შეწყდა.

სახალხო დამცველს ჰქონდა ინფორმაცია, თუ ვინ ითვისებდა ე.წ. „მაყურებლის“ როლს ზონებზე. მათი კეთილმოწყობილი საკნების მონახულების შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ იქ ჩვეულებრივი პატიმრები არ ცხოვრობდნენ.

უშედეგო ხმაური - რა ეწერა ომბუდსმენის ანგარიშში ჯერ კიდევ 2019 წელს?

2019 წლის სპეციალურ ანგარიშში მითითებული იყო კონკრეტული დაწესებულებები და კონკრეტული ამბებიც კი, რაც მკაფიოდ მიანიშნებდა ერთი მხრივ, ზონებზე ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობას და მეორე მხრივ, ადასტურებდა ადმინისტრაციასთან მათ უსიტყვო შეთანხმებას.

აი, რამდენიმე მაგალითი, რომელიც, ხშირად, მრავალგვერდიან ანგარიშებში ჩაიკარგება ხოლმე:

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულება

ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან ციხის ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ე.წ ციხის მაყურებლები სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრის დახმარებით აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს. ამისთვის აქვთ სპეციალური ჟურნალები, სადაც მითითებულია პატიმრის სახელი და გვარი, ბარათის შემოწმების დრო და ბარათზე დარიცხული თანხის ოდენობა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ასეთი ჟურნალები ერთ-ერთ კორპუსში აღმოაჩინეს.

N8 დაწესებულება

ამ ციხეში არიან პრივილეგირებული პატიმრები, რომელთაც ადმინისტრაცია ეხმარება საკნების გარემონტებაში, რთავს ნებას იქონიონ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც სხვა პატიმრებისთვის არაა დაშვებული, ითვალისწინებს მათ სურვილს მეგობრებთან ერთად განაწილდნენ საკნებში, ეხმარება დროული სამედიცინო მომსახურების მიღებაში.

N14 და N15 დაწესებულებები

ახლად შეყვანილ მსჯავრდებულთან მიდის კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენელი და უმასპინძლდება ყავით/ჩაით, შოკოლადით და სიგარეტით. საცხოვრებელ კორპუსში გადასვლის შემდეგ ამ მსჯავრდებულს ეუბნებიან, რომ ამიერიდან მანაც უნდა შეიტანოს წვლილი, რათა ახალ შემოსულ, უქონელ მსჯავრდებულებს ისევე დაეხმარონ, როგორც მას დაეხმარნენ.

და ეს, „არაფორმალური მმართველობის“ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული მაგალითია.

შესაბამისი უწყებისგან კონკრეტული რეაგირება, როგორც გიორგი ბურჯანაძე იხსენებს, არც ამ ანგარიშს მოჰყოლია.

„სამ წელში არც ერთი საჩივარი?! ეს დაუჯერებელია!

ციხე და იქ, სავარაუდოდ, დღემდე არსებული „ქურდული სამყარო“ და დაწესებული იერარქიები დეტალურად არის შესწავლილი, გამოკვლევაში, „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე“. მისი ერთ-ერთი ავტორი, ტატო ქელბაქიანი, რომელიც ბოლო წლებია ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ რამდენიმე წლის წინ თავად მუშაობდა პენიტენციურ სისტემაში (2009-2012 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 2012-2013 წლებში არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი), გვიზიარებს აზრს, რომ არსებობს ამ პრობლემის მოუგვარებლობის ობიექტური მიზეზებიც: მაგალითად, პატიმართა დიდი რიცხვი და ცოტა თანამშრომელი, დიდი ზომის დაწესებულებები.

თუმცა მისი აზრით არსებობს სუბიექტური მიზეზიც. სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად კი, ციხის ადმინისტრაციის დამოკიდებულება.

„სახელმწიფო გვეუბნება, რომ არანაირი სუბკულტურა იქ არ არსებობს, რაც სასაცილოა, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ციხე, სადაც ეს პრობლემა არ დგას. მთავარია, ეს სუბკულტურა [ციხის] მართვაზე ახდენს თუ არა გავლენას. ჩვენთა სწორედ ამის მკაფიო ნიშნებს ვხედავთ“, - უთხრა ტატო ქელბაქიანმა რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ "პატიმრისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მასზე ვინ ძალადობს"

2014-2017 წლებში, რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან არც ერთი ისეთი საჩივარი არ გაგზავნილა, რომელიც ადმინისტრაციას რამენაირად შეეხებოდა.

„ასეთი რამ, უბრალოდ არ არსებობს! სამ წელში არც ერთი საჩივარი. როგორ დავიჯეროთ, რომ 2000 პატიმრიდან არავის არ გაუჩნდა არანაირი პრეტენზია?“.

კვლევაში ყოფილი პატიმრები და ასევე, ციხის ყოფილი თანამშრომლები, მართალია, ანონიმურად, მაგრამ მაინც, დეტალურად ყვებიან ციხის შიგნით არსებულ „წესრიგზე“.

„ეს სუბკულტურა ყოველთვის არის მძლავრი მაშინ, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არის სუსტი“ - გვეუბნება ტატო ქელბაქიანი და იხსენებს ერთი პატიმრის მონათხრობს, თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად პატიმართა ჯგუფი ერთ პატიმარს, ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი შორიახლოდან ადევნებდნენ თვალყურს. ისინი მხოლოდ მაშინ ჩაერივნენ,როცა მიხვდნენ, რომ, შესაძლოა, პატიმარი შემოკვდომოდათ.

ერთი შეხედვით უხილავი იერარქია

ამ კვლევაში მისი ავტორები გვაჩვენებენ ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანუ ე.წ. ზონებში არსებულ იერარქიის მოდელს, სადაც ე.წ. „მაყურებელს“ ანუ „პალაჟენეცს“ ჰყავს დამხმარეებიც.

ამ სქემის მიხედვით, „მაყურებელი“ ყველაფერს აგვარებს.

თუმცა მას ჰყავს ხელქვეითებიც სფეროების მიხედვით.

  • ე.წ. „კორპუსის მაყურებლები“,
  • „რეგიონის მაყურებლები“,
  • „მაყურებელი“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის
  • „თამაშების მაყურებელი“,
  • „ბალნიჩკის“ მაყურებელი“,
  • „ვახტის მაყურებელი“,
  • „დაჩკების მაყურებელი“ და ა.შ.

იერარქიის ქვედა საფეხურზე დგანან „პატიოსნები“

მათ ქვემოთ მოდის ე.წ. „მასა“ – „პეხოტა“ ამ ჯგუფს „მაყურებლების“ დავალებების შესრულება ევალება.

შემდეგ მოდის „აბსლუგა“, „რაბოჩი“ - ეს არის სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრები. იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ისინი ციხეში, მათ ასე მოიხსენიებენ:

„დაჩკიორი“, ლარიოჩიკი“, „ბალანდიორი“.

თავიანთი „ბრიგადირი“ ე.წ. „აბსლუგასაც“ ჰყავს.

ამ ჯგუფს სხვანაირად „კაზიოლებსაც“ უწოდებენ.

ეს არის ჯგუფი, რომელიც მუშაობს და ადმინისტრაციისგან ხელფასს იღებს.

იერარქიულ კიბეზე ცალკე ჯგუფია ე.წ. „გაქცეულები“, „გადაკეტილები“, „ნაბოზვრები“, რომლებმაც, როგორც წესი, ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც მიუღებელია კრიმინალური სუბკულტურის არაფორმალური წესებით და ამის გამო იძულებულნი გახდნენ სხვა პატიმრებისგან განცალკევებით მოეხადათ სასჯელი.

ამ იერარქიაში ცალკე დგანან ე.წ. „ყაჩაღები“, „განგსტერები“, „ბანდიტები“.

ეს ჯგუფი ვერ ეწერება ტრადიციულ ე.წ. „ქურდულ“ იერარქიაში. ამ ჯგუფს არ აინტერესებს ე.წ. „ქურდული ტრადიციები“.

ამ ყველაფერზე თავად ყოფილი პატიმრები და ყოფილი თანამშრომლები ლაპარაკობენ.

ციხიდან გამოტანილი ამბები (სტილი დაცულია)

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი პატიმრების მონათხრობი

ყოფილი პატიმარი: …ადმინისტრაცია და ისინი ჩახუტებულები არიან. ადმინისტრაცია უწყობს ხელს რომელიმეს დაწინაურებას „მაყურებლად“, ადმინისტრაციას აწყობს სიწყნარე რომ იყოს და რომელსაც მეტი ავტორიტეტი აქვს, უწყობენ ხელს, რომ იმან მართოს, ამისთვის რაღაც პრივილეგიებს უკეთებს. დავუშვათ, შემოიტანონ სიგარეტი, ან გახსნან პაემანი, დიდ რაოდენობაზეა სიგარეტის საუბარი, მერე გარეთ აგზავნიან, იცვლება ფულში და მთელი ამბებია“.

ყოფილი თანამშრომელი: „რომ შევედი სართულზე, ამათი საკანი დამხვდა ღია, ჩაკეტილი არ იყო, მიხურული იყო, ეს პატიმარიც გამოდიოდა, მიდიოდა, რეკავდა, ნებართვის გარეშე და რომ ვიკითხე ესენი ასე რატომ დადიან მეთქი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა კრიმინალური ავტორიტეტიაო“.

ყოფილი პატიმარი: „შეიძლება [მინდა] ბოტასის შემოტანა და არ მინდა ადმინისტრაციასთან თხოვნა და ხვეწნა-მუდარა და მირჩევნია ვუთხრა ე.წ. „მაყურებლებს“ და ის მივა და ეტყვის, აი, პატიმარს უნდა ამა და ამის შემოტანა და მივცეთ უფლება“.

ყოფილი თანამშრომელი: „თავისუფლად დადიოდნენ, მოძრაობდნენ, ახალი მისული რომ ვიყავი, ძალიან რთულად გავერკვიე ვინ პატიმარი იყო და ვინ თანამშრომელი, იმ დონემდე იყვნენ ადმინისტრაციაში შემოსული“.

ყოფილი პატიმარი: „ესენი ადმინისტრაციას კი არ ეხმარებიან, ჩვენთვისაც კარგი იყო, რაღაც რომ გვჭირდება, ეგენი აკეთებენ ყველაფერს. მოვიდა შენი პატრონი და რაღაც უნდა მოგაწოდოს, რომელიც არ არის დაშვებული, მანამდე უკვე მოგვარებულია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დაუშვებენ, აბა რას იზამენ, რაში აწყობთ პატიმარი აჯანყდეს ორი კილო ხორცის გულისთვის“.

ხელისუფლება: რა კრიმინალური სუბკულტურა! რა სისულელეა!

„არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები“, - ასე უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის კრიტიკულ განცხადებას.

უწყებამ უარყო ინფორმაცია, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი "არაფორმალური მმართველები“ პრობლემებს უქმნიან. ხოლო საჩივრების შემცირების ფაქტი - ომბუდსმენის აპარატისადმი პატიმრების განწყობით ახსნა.

ამ საკითხზე შესაბამისი უწყებიდან უფრო კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ - გვირჩიეს, რომ ოფიციალური განცხადებით გვესარგებლა, სადაც “ყველაფერი იყო ნათქვამი”.

სწორედ ციხეებში არსებული ვითარება გახდა გარდამტეხი მოვლენა წინა ხელისუფლებისათვის, ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი „ციხის კადრებს“ თავის წინამორბედს ხშირად უხსენებს ჩვენ ვეცადეთ მმართველი გუნდის წევრების პოზიციაც მოგვესმინა სახალხო დამცველის მწვავე განცხადებაზე.

გიორგი ვოლსკიმ, რომელიც კითხვის გაგების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წამით შეყოვნდა, ასე გვიპასუხა:

Your browser doesn’t support HTML5

გია ვოლსკი ციხეებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის შესახებ

„არა, რა სუბკულტურა ციხეში. სირცხვილია რა ეგეთი განცხადების გაკეთება. რასაკვირველია არ არსებობს ეგეთი რამე“.

„მოგონილი თემა“ - უწოდა ე.წ. ზონებზე ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობას მამუკა მდინარაძემ:

Your browser doesn’t support HTML5

მამუკა მდინარაძე ციხეებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის შესახებ

„თუ ვინმეს მაგის სურვილი აქვს შიგნით, სახელმწიფოს მხრიდან სულ იქნება მაგის პრევენციაზე მუშაობა, დანარჩენი მოგონილია“.

უფრო ვრცელი ინტერვიუ მოგვცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომლის სიტყვებით, სავარაუდოდ, აქა-იქ იარსებებს გარკვეული კრიმინალების მხრიდან იერარქიების დამკვიდრების მცდელობები, განსაკუთრებით, ნახევრად ღია დაწესებულებებში, მაგრამ „ეს არ არის ადმინისტრაციის შემოქმედება. უსაფუძვლოა განცხადება, რომ დღეს ციხეში ამ პროცესს ადმინისტრაცია ქმნის“.

ე.წ. კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის მაგალითად კი, სარჯველაძეს მოჰყავს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტრატეგია და მის მიხედვით გადადგმული ნაბიჯები. , მაგალითად მცირე ზომის დაწესებულებების შესაქმნელად, რაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმრებს ძალაუფლებით სარგებლობის არეალს უსპობს.

მიხეილ სარჯველაძისთვის ის გასაგებია, თუ რატომ შეიძლება არ ენდობოდეს ომბუდსმენს პატიმართა ერთი ჯგუფი. მაგალითად ერთ-ერთ მიზეზი რითაც ის ასეთი დამოკიდებულების ახსნას ცდილობს ამნისტიის კანონპროექტზე ომბუდსმენის არცთუ მკაფიო პოზიციას.

რით აიხსნება საჩივრების შემცირების ფაქტი? ვკითხეთ მიხეილ სარჯველაძეს.

აქაც „ქართული ოცნების“ წევრი ფიქრობს, რომ არც ეს არის საკმარისი წინაპირობა ციხეებში „კრიმინალურ სუბკულტურის“ არსებობაზე სალაპარაკოდ.

  • როდესაც 4000 საჩივრიდან მათი მხოლოდ 4% მოდის ე.წ. ზონებიდან, ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავთ?
  • ასე ხელაღებით დასკვნების საფუძველი არ არსებობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად დადარაჯებული არ უნდა ვიყოთ. კონტროლი უნდა იყოს მკაცრი. მოკლედ, იმას ვამბობ, რომ შესაძლოა არსებობდეს მცდელობები, მაგრამ ეს არ არის დამკვიდრებული კულტურა.

მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ომბუდსმენის განცხადების მსგავსმა პოზიციამ, რომ თითქოს ციხეები კრიმინალური სუბკულტურის მეშვეობით იმართება, შესაძლოა ეს ჯგუფი წაახალისოს კიდეც.

„ამიტომ ვახსენებ ხშირად სიტყვა კონტროლს - ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონტროლის ამ მექანიზმში მე სახალხო დამცველის კონტროლის მექანიზმსაც მოვიაზრებ“, - უთხრა მიხეილ სარჯველაძემ რადიო თავისუფლებას.

სად არის გამოსავალი - თუნდაც იდეის დონეზე?

  • დიდი ციხეების გაუქმება.
  • ციხის თანამშრომლების გაზრდა.
  • მკაცრი კონტროლი.
  • პატიმრების რიცხვის შემცირება.

ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ რამდენიმე ვერსიაა, რაზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ.

ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ სუბკულტურა ერთი ხელის მოსმით ვერ აორთქლდება, მაგრამ შესაძლებელია ციხის მართვაზე მისი გავლენის შემცირება. ოღონდ ეს რომ მოხდეს, ჯერ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პრობლემა ისევ არსებობს.