პატი სმითი: ცა თუ ჩამოიქცა, შეგიძლია თქვა - რა ლამაზია!

პატი სმითი

მას ხშირად იხსენიებენ მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს მუსიკოსებს შორის. ის ამავე დროს მხატვარი, პოეტი, ფოტოგრაფი და მწერალიცაა. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, „უბრალოდ ბავშვები“, სადაც ფოტოგრაფ რობერტ მეპლთორპთან ურთიერთობაა ასახული, შარშან ქართულ ენაზეც გამოვიდა.

პატი სმითი და Soundwalk Collective საქართველოში Rooms Hotels-ის ორგანიზებით ჩამოვიდნენ. სასტუმროში ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი იდგა, რათა ლეგენდარულ მუსიკოსს პატი სმითს ამ წიგნზე ხელი მოეწერა.

არტისტები თბილისის მეთოთხმეტე ფოტოფესტივალზე ერთობლივი პროექტით CORRESPONDENCES წარდგნენ. 10 წლის წინ დაწყებული ეს პროექტი „იკვლევს ისტორიისა და აწმყოს მიერ დატოვებულ ხმოვან ნაკვალევს. ადგილებს, რომლებსაც პოეტებმა, რეჟისორებმა, მეამბოხეებმა და კლიმატის ცვლილებამ კვალი დაამჩნიეს“.

პატი სმითი რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ნიკო ნერგაძეს ესაუბრა ამ ადგილებზე, ქართველი ახალგაზრდების ჩაცმის სტილზე, ასაკით დამსახურებულ იარებზე, შთაგონების წყაროებზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ სიბნელეს თან იმედიც ახლდეს.

ინტერვიუს სრული აუდიოვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ "ნიკოს პოდკასტში", ქართულ და ინგლისურ ენებზე.

უბრალოდ მიხარია, რომ ცოცხალი ვარ.

პატი სმითი: მინდა, რომ სიხარულიც ვაჩვენო და დარდიც. მინდა, რომ ეს რაღაც სახით ჩაქსოვილი იყოს სიმღერაში. როდესაც ვინმეს კარგავ, გაჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის შენთვის, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მაგრამ, ამავე დროს, ხედავ, თუ რამდენად მშვენიერი იყო, რომ მას იცნობდი. იცით, მართლა არ მაინტერესებს ისეთი ბნელი სიმღერების წერა, რომ ამოსუნთქვის ან იმედის საშუალება არ მოგცეს. ადამიანებს ეს ყოველთვის სჭირდებათ. ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იყო, ეს ყოველთვის აუცილებელია.

რადიო თავისუფლება: რადგან შეიძლება ცა იქცეოდეს, მაგრამ...

პატი სმითი: კი, ცა შეიძლება ჩამოიქცეს, მაგრამ შეგიძლია თქვა: აი, ცა იქცევა. რა ლამაზია.

რადიო თავისუფლება: დღეს ალბათ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა? ამდენ ნეგატიურ ამბავს ვიგებთ, უკრაინას შეეხება ეს, შუა აღმოსავლეთს, ირანსა თუ ამერიკას - გრძელი სიაა და ძალიან იოლია, ცინიკური გახდე და იმედი დაკარგო. თქვენი შემოქმედების ნაწილი სწორედ ამ იმედის გაზიარებას ეძღვნება, მაგრამ თავად ეს იმედი საიდან მოდის? როგორ უნდა შეინარჩუნო?

პატი სმითი: მე მგონი ისიც მეხმარება, რომ ძალიან ავადმყოფი ბავშვი ვიყავი. მშობლებმა რამდენჯერმე გადამირჩინეს სიცოცხლე ძალიან ცუდი სნეულებებისგან. უბრალოდ მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. უამრავი მეგობარი დავკარგე. ჩემი ძმა, მეუღლე, მშობლები ცოცხლები აღარ არიან. ჩემი კატაც, რომელიც 22 წლისა იყო, რამდენიმე თვის წინ მოკვდა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიყვარდა, გარდაცვლილია.

მაგრამ მე თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. რაც არ უნდა სასოწარკვეთილად ვგრძნობდე თავს, ვიცი, რომ ბევრს საქმე გაცილებით უარესად აქვს.

გული მიკვდება, როდესაც ვფიქრობ საცხოვრებელ პირობებზე, მაგალითად, ღაზაში. ვფიქრობ ხოლმე, რომ აი, ახლა ამ წყალს ვსვამ და უამრავ ადამიანს ამ წუთას წყალი არა აქვს, არც თავისთვის, არც შვილებისთვის.

საჭმელად გავდივარ და ვფიქრობ, რომ ამდენი ადამიანია, ვთქვათ, სომალიში, ვინც შიმშილობს.

გონებაში კარგ რამეებს მუდამ ვუპირისპირებ ხოლმე სხვა ადამიანების უბედურებას, სხვების გასაჭირს. მაგრამ ეს ყველაფერი მუდამ მადლიერებას მასწავლის.

მადლიერი ვარ, რომ ეს წყალი მაქვს და ვცდილობ, რომ ორივე შევინარჩუნო - იმის გაცნობიერებაც, რომ სხვა ადამიანები იტანჯებიან და იმის მადლიერებაც, რომ კარგად ვარ. სხვა მხრივ სულ სევდიანი ვიქნებოდი. მუდამ გულგატეხილი ვიქნებოდი და ამას ვერ ვიზამ, რადგან შვილები მყავს. ხალხი მყავს, ვისაც ჩემი იმედი აქვთ. ჩემი საქმე მაქვს. ჩემი მოწოდება. ასე რომ, ბევრი რამ მაქვს, რისთვისაც შემიძლია მადლიერი ვიყო.

რადიო თავისუფლება: ხშირად გიხსენებიათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომა შემოქმედების პროცესში, რომ მხოლოდ შთაგონება საკმარისი არ არის. საჭიროა იჯდე და აკეთო. თქვენ ამდენ სხვადასხვა სფეროში მიაღწიეთ წარმატებას - პოეზია იქნება ეს, მუსიკა, ფოტოგრაფია თუ კიდევ ამდენი რამ... რა გიბიძგებთ, რომ კიდევ იშრომოთ?

პატი სმითი: უბრალოდ, მიყვარს მუშაობა. ჩემთვის ყოველდღიური შრომა, არ ვიცი, პურივითაა. ცხოვრება ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი. 1995 წელს დავქვრივდი, ბავშვები მყავდა და ჩემი დღის დიდი ნაწილი მუშაობას ეძღვნებოდა.

ცხადია, მეგობრებიც მყავს, ოჯახიც მაქვს, მაგრამ საქმე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია.

ეს წარმოსახვის გამოხატვაა, ხედვის, რომელიც გინდა, რომ სხვებს გაუზიარო. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია მას შემდეგ, რაც თორმეტის გავხდი. რამდენი გამოდის? 60-65 წელი? 65 წელია ყოველდღე ვმუშაობ, თუ შემიძლია.

ახალგაზრდობას გინარჩუნებს. ყოველდღე თუ იმუშავებ, ახალგაზრდად დარჩები.

პატი სმითი რუსული პანკ-ბენდის, Pussy Riott-ის მაისურით. ოსლო, 2012

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთ ინტერვიუში აღწერდით პერიოდს, როდესაც შემოქმედებითად აქტიური არ იყავით და ბედნიერებას პატარა რამეებში პოულობდით: მეუღლეს პერანგზე ღილს უკერებდით, ბატს წვავდით...

პატი სმითი: კი, ასე იყო. სარეცხსაც ვრეცხავდი.

რადიო თავისუფლება: და ეს ძალიან შთამაგონებელი იყო. თქვენ ხომ მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვენით, მთელი ცხოვრება ხელოვანების წრეში გაატარეთ და მაინც ახერხებდით, რომ ყოველდღიურობაშიც დაგეჭირათ ხელოვნება.

პატი სმითი: ესეც იმის შეგრძნება იყო, რომ რაღაცას მიაღწიე. იმ პერიოდში, 16 წლის განმავლობაში, როდესაც თვალს ვიყავი მოშორებული, ყოველდღე ვსწავლობდი. ადრე ვიღვიძებდი და ყოველდღე ვწერდი. ყოველდღიურად ვმუშაობდი. რამდენიმე საათი მაინც მქონდა, როდესაც ყველას ეძინა და ეს ჩემი დრო იყო. მართლაც მიხაროდა პატარა რამეები.

მსხლის ხე გვქონდა. წლები გავატარე ნიუ-იორკში, ახლა კი მსხლის ხე მქონდა. სარეცხს ვფენდი თოკზე, მზეს რომ გაეშრო და ხელში მსხალი მივარდებოდა. ესეც ხომ წარმატებაა? პატარა წარმატება. თან ეს დედაჩემთან მაკავშირებდა.

ორი შვილი მყავს. დედას ოთხი ჰყავდა, თან მიმტანად მუშაობდა. მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მუდამ ოპტიმისტურ ენერგიას ასხივებდა. როდესაც სარეცხს ვფენდი, მახსენდებოდა, როგორ ვაშრობდით სარეცხს ერთად და ეს მასთან და მის ბედნიერებასთან მაკავშირებდა. მზე პირსახოცებს და ზეწრებს თეთრად ანათებდა... ულამაზესი კავშირია. ძალიან მარტივი, მაგრამ პირდაპირი.

თან ვფიქრობდი, ესეც ხომ ცხოვრების ნაწილია. ყოველდღე ვსწავლობ და ვმუშაობ. სხვათა შორის, სულ არ ვარ კარგი დიასახლისი. არა ვარ. ვცდილობ, როგორც შემიძლია, მაგრამ ზოგი რამის კეთება მომწონდა და ზოგი რამ კი არ გამომდიოდა. ღილს კარგად ვერ ვაკერებდი. მაგრამ მაინც ვაკეთებდი და ვფიქრობდი - აი, კარგი შესახედავი არაა, მაგრამ ხომ მივამაგრე. ასე რომ, დღეს ამას მივაღწიე.

მგონია, რომ დავიმსახურეთ ასაკის იარები

პატი სმითი: მომწონდა, როდესაც შავი თმა მქონდა. ახლა ვერცხლისფერი თმა მაქვს. ესეც ასაკის საჩუქარია.

რადიო თავისუფლება: გარეგნობას ბევრ დროს უთმობთ? წიგნში წერთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია წინააღმდეგობები და თქვენც თითქოს ასეთი ხართ: ერთი მხრივ, სტილის ლეგენდა ხართ, მაგრამ, ამავე დროს, ისე ჩანს, თითქოს ამას ყურადღებას არ უთმობთ და ეს თავისთავად ხდება.

პატი სმითი: ერთგვარი უნიფორმასავით მაცვია ხოლმე. მოდა მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა. მოდის ჟურნალებს ვათვალიერებ ხოლმე, რომ ვნახო, ხალხი როგორ იცვამს. სხვათა შორის, ქართველებს სტილის კარგი გრძნობა აქვთ. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. ძალიან მომწონს, როგორც აცვიათ - ჩემი თავი მახსენდება 1970-იანებში და ეს ძალიან მაგარია.

საკუთარი თავის აღქმა გამაჩნია, მაგრამ შიში არა მაქვს. არაფერზე ვღელავ. მომწონს, როდესაც პრეზენტაბელურად გამოვიყურები, ისე, როგორც მე მომწონს, მაგრამ ასაკის ან დაბერების არ მეშინია. არასოდეს გავიკეთებდი რამეს, რაც უფრო ახალგაზრდად გამომაჩენდა.

მგონია, რომ დავიმსახურეთ ასაკის იარები. მომწონდა, როდესაც შავი თმა მქონდა. ახლა ვერცხლისფერი თმა მაქვს. ესეც ასაკის საჩუქარია. ასე რომ, ვამბობ: კარგი, იყოს ასე. ჩემთვის შინაგანი სამყარო, წარმოსახვის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობაზე ღელვა.

რადიო თავისუფლება: შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შემოქმედება, 70-იანებიდან, 80-იანებიდან, შემდეგაც გარკვეულ სცენას, კულტურას წარმოადგენს. ნიუ- იორკის სცენას. გიკვირთ, რომ ის დღემდე მთელ მსოფლიოში პოულობს გამოძახილს? აი, გარეთაც რამხელა რიგია ახალგაზრდების, ბევრს ოციც არ შესრულებია, უნდათ, რომ წიგნზე ხელი მოუწეროთ, დაგინახონ...

პატი სმითი: არასოდეს აღვიქვამდი თავს ნიუ-იორკელ ხელოვანად. სამხრეთ ჯერსის პატარა ქალაქიდან ვარ. ნიუ-იორკში ჩამოვედი, აქ მივაღწიე წარმატებას, ბენდი აქ ჩამოვაყალიბე და კლუბ CBGB-ში გამოვდიოდით და ნამდვილად საინტერესო სცენის ნაწილი ვიყავით.

მაგრამ შემდეგ მოგზაურობა დავიწყე და საკუთარ თავს ყოველთვის აღვიქვამდი როგორც უფრო გლობალურ ადამიანს, რომელსაც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდები აინტერესებს. მათ ჯერ კიდევ 1970-იანებში ამას ვეუბნებოდი ხოლმე - მეტყოდნენ: „აი, ჩვენ არა გვაქვს... შენ გაგიმართლა. ნიუ-იორკიდან ხარ. იქ CBGB გაქვთ“.

ჩემთვის კი CBGB უფრო გონების მდგომარეობაა. ისე კი უბრალო ბინძური კლუბია. შეგიძლია რაიმე ადგილი გამონახო და შენად აქციო. მთავარია ხალხი. მთავარია საქმე. შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო.

მე არსაიდან მოვედი და ამიტომ ბევრი რამ არ ვიცოდი. არავინ მიცნობდა. წიგნის მაღაზიაში ვმუშაობდი. სხვებსაც ამას ვეუბნები: შეგიძლია შენც ასე მოიქცე. ადექი და ბენდი შექმენი. თავი გამოხატე. შემოქმედებითად ან პოლიტიკურად. როკენროლი სახალხო ხელოვნებაა, ხალხისთვისაა. ახალგაზრდებს მუდამ ვეუბნები - ნუ შეგეშინდება და ხელში ელექტროგიტარა დაიჭირე.

ყველაზე უფრო ამაღელვებელია ერთი სრულყოფილი წინადადების დაწერა

პატი სმითი და დალაი ლამა, გლასტონბერის ფესტივალი, 2015

რადიო თავისუფლება: თქვენ ალბათ წარმოადგენთ, როგორც უწოდებენ ხოლმე, „მაღალ ხელოვნებას“. მაგრამ ის, ამავე დროს, გასაგებიცაა. შეიძლება მასების გართობას არ ცდილობდეთ, მაგრამ მისი დაფასება და მისით ტკბობა ჩემნაირ უბრალო მოყვარულსაც შეუძლია. არადა, ხშირად ეს ორი ძალიან არის ხოლმე დაშორებული ერთმანეთს და ეს „მაღალი ხელოვნება“ თითქოს მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ამის დაფასება უსწავლია.

პატი სმითი: მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც უფრო მაღალი შევქმნა, იქნება ეს წერისას თუ სიმღერისას. ვცდილობ, რომ დავწერო სიმღერები, რომლებიც ერთგვარ პოეტურ თვალსაზრისს წარმოადგენს.

ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი ნამუშევარი ყველასთვის არის. ჩემი პოეზიის ნაწილი ასეთია. შეიძლება ზოგიერთი ჩემი ფოტო უფრო ეზოთერული ან ბუნდოვანი იყოს. მაგრამ, როდესაც მუსიკას ვწერ ან ვასრულებ, როდესაც სიმაღლეებისკენ მივისწრაფვი, როდესაც, მაგალითად, Soundwalk-თან ვმუშაობ, რაც ძალიან მაღალ დონეზე ხდება, მაინც ვცდილობ, რომ შესრულების დროს ეს ხალხისათვის გასაგები იყოს. ვცდილობთ, რომ ეს მოვახერხოთ, რადგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს მისატანი კლიმატის ცვლილების შესახებ, იმიგრაციის შესახებ, ომის შესახებ, ხელოვნების შესახებ - ამ ყველაფერს ბევრი დონე გააჩნია და სტეფან [კრაშნენსკისთან] და Soundwalk-თან ერთად ბევრი ამ დონის მიღწევა შეგვიძლია.

შეიძლება ფილოსოფოსი იყო, ან მეცნიერი, ან აქტივისტი, ან ხელოვანი, ან სკოლის მოსწავლე - იმედი გვაქვს, რომ შენთვის რაიმე კარი გაიღება. როდესაც სიმღერებს ვწერ, მათ ნამდვილად ხალხისთვის ვწერ. ზოგჯერ შეიძლება ლექსი დავწერო, რომელსაც, მგონია, რომ მარტო მე გავიგებ, მაგრამ, როდესაც სიმღერებს ვწერ, ამას ხალხისთვის ვაკეთებ.

რადიო თავისუფლება: გუშინდელ პერფორმანსზე მინდა გკითხოთ. ამ პროექტს Soundwalk Collective-თან ერთად უკვე ათი წელია აკეთებთ და სათქმელიც ბევრი დაგიგროვდათ. როგორ მუშაობთ - ჯერ სათქმელი გაქვთ და მერე მას არგებთ პროექტს თუ პირიქით? ვიცი, რომ ამ პროექტში ჯერ ბგერა მოდის და შემდეგ გამოსახულება, მაგრამ სათქმელი როდის ჩნდება?

პატი სმითი: ასე ნამდვილად არ განვიხილავთ ხოლმე. უფრო ორგანული პროცესია. სტეფანი და მე სხვადასხვაგვარად ვმუშაობთ ხოლმე. შეიძლება ყავას ვსვამდეთ და უცებ იოზეფ ბოისზე დავიწყოთ ლაპარაკი. ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და ყავაც კი არ დაგვიმთავრებია, მაგრამ უკვე ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ - ნამუშევარი, რომელიც შეეხება ხელოვნების მეშვეობით ჩვენი სახეობის გადარჩენას.

სტეფანი ერთხელ ეთიოპიაში იყო ჩასული და იქ ჩაიწერა ხმები და მუსიკა, სუფისტ მომღერლებს მოუსმინა, რომლებიც რემბოს შემოქმედებას მოგაგონებდნენ. შემდეგ კი მე ამის ფონზე ვკითხულობდი.

ხანდახან ცალ-ცალკე ვმუშაობთ, ზოგჯერ კი ერთად ვიფიქრებთ რამეს და ნულიდან ვიწყებთ. შეიძლება რამე ჩამომიტანოს - აისბერგის ნატეხი ან ქვა წმინდა გამოქვაბულიდან და ამან შეიძლება იდეები გაგვიჩინოს.

მაგრამ იცით, თავს არ ვიზღუდავთ. საზღვრებს არ ვუწესებთ. იქნება ეს რაიმე ბუნდოვანი და იოლად ხელმისაწვდომი, ის აძვრება უმაღლეს მწვერვალზე თუ მე ჩავალ სიღრმეში, რომ იქიდან ვცადო სულიერების გადმოცემა. რაც შეგვეძლება იმას გავაკეთებთ, რომ რაიმე ახალი შევქმნათ და, იმედია, ხალხსაც რაიმე შთავაგონოთ.

რადიო თავისუფლება: თქვენ ყველას შთაგონება იყავით - მადონა იქნებოდა ეს, კორტნი ლავი თუ მაიკლ სტაიპი. ბობ დილანი დაგეხმარათ პირველი ტურნეს ჩატარებაში. ორი შეკითხვა მაქვს: ჯერ ერთი, თავმდაბლობას როგორ ინარჩუნებთ? თქვენ ხომ ყველაფერი გააკეთეთ და, ამავე დროს, ლამის ყველას იცნობთ, ვისაც რამე გაუკეთებია. თან, ვინმე ვარსკვლავის დანახვა გაოცებთ? თუ მაინც ისეა, რომ აი, ეს ბონოა, ეს ბობ დილანია, ეს ბრუს სპრინგსტინია - უბრალოდ ძმაბიჭები არიან.

პატი სმითი: კი, ისეთი ხალხის დანახვა მიხარია ხოლმე, რომ შეიძლება არც დაიჯეროთ. შეიძლება ეს მათემატიკოსი იყოს, რომელმაც თავის სფეროში ჯილდო მიიღო. კინოვარსკვლავების დანახვა... მეც ხომ ადამიანი ვარ. დროდადრო ავღელდები ხოლმე, ვინმეს რომ დავინახავ.

მაგრამ, საბოლოო ჯამში, მე საქმე მაინტერესებს. ხალხთან შეხვედრა მიყვარს და ისიც მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემმა შემოქმედებამ შთააგონათ. მაგრამ საბოლოოდ ეს საკუთარი თავის აღქმას არ მიცვლის.

თავს მაშინ ვგრძნობ კარგად, როდესაც კარგად ვმუშაობ ან რაიმე კარგ საქმეს ვაკეთებ. როდესაც კარგი დედა ვარ. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ჯილდოებს და მედლებს და ცნობილ ხალხთან შეხვედრას. ეს ყველაფერი საინტერესოა, ამაღელვებელიც, მაგრამ ყველაზე უფრო ამაღელვებელია ერთი სრულყოფილი წინადადების დაწერა.