პასუხი 74 წლის შემდეგ: ამოცნობილი ქართველი ჯარისკაცები ლოუსდენის სასაფლაოდან

ორი კვირის წინ, დაბა ჟინვალში, თამარ ჩოლიაშვილის ოჯახში ჰოლანდიიდან ცნობა მივიდა - ბაბუის, 74 წლის წინ გერმანელების მიერ დახვრეტილი ფიდო ჩოლიაშვილის საფლავის ზუსტი ადგილი დაადგინეს.

ორი წლის წინ გაკეთებულმა დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ჰოლანდიის ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე (ამ ადგილს დიდების საბჭოთა ველსაც უწოდებენ) დაკრძალული 15 ქართველიდან ერთ-ერთი სწორედ ფიდო ჩოლიაშვილია. უკვე ზუსტად იციან კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის, ანტონ ღვინიაშვილის საფლავიც.

ფიდო ჩოლიაშვილის საფლავი

თამარს მეორე მსოფლიო ომში წასული ბაბუის შესახებ მამა მოუთხრობდა ხოლმე. ყვებოდა იმას, რაც ბავშვობიდან ახსოვდა ან მამიდისგან იცოდა გადმოცემით - როცა ფიდო ჩოლიაშვილი ფრონტზე გაიწვიეს, მისი ვაჟი, გურამი მხოლოდ 4 წლისა იყო. გურამ ჩოლიაშვილს მამაზე აღარაფერი სმენია, მხოლოდ ის იცოდა, რომ კუნძულ ტექსელზე დაიკარგა. სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამის ერთადერთი ფოტო კი მთელი ცხოვრება თავის ოთახში, კედელზე ეკიდა.

„პირველად რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, შესაძლოა, ერთ-ერთი საფლავი ბაბუასი იყოსო, მამაჩემმა ტირილი დაიწყო. უკვე თავადაც მოხუცი იყო, მაგრამ ბავშვივით ტიროდა. ორი წლის წინ ნერწყვის დნმ-ის ანალიზი აუღეს და მას მერე ველოდით ახალ ცნობას. და აი, ორი კვირის წინ ვიპოვეთ მისი საფლავი“, - მოგვითხრობს თამარ ჩოლიაშვილი.

ჰოლანდიაში მოხვედრილი ქართველი და სხვა საბჭოთა ჯარისკაცების თავგადასავალს უკვე 20 წელზე მეტია, ჰოლანდიელი ჟურნალისტი და მკვლევარი რემკო რეიდინგი იკვლევს. წლების წინ ყველაფერი მისი რედაქტორის ერთი დავალებით დაიწყო - ლოუსდენის სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების ვინაობაზე სტატია უნდა დაეწერა.

ანტონ ღვინიაშვილის საფლავი

კვლევის პროცესი კი აქამდე მოვიდა - რემკომ მოხალისეების დახმარებით ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლებს საქართველოში მიაკვლია, აქ დნმ-ის ანალიზები აიღეს, იქ კი, ჰოლანდიაში, ადგილობრივი მთავრობისგან 15 ქართველის ექსჰუმაციის ნებართვა აიღო.

ახლა შესაძლებელია, რომ ამ ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე წარწერაუცნობი ჯარისკაციმათი სახელებით შევცვალოთ, – ამბობს რემკო რეიდინგი. ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე სულ 865 ჯარისკაცია დაკრძალული. მათ შორის ერთ მწკრივში მარხია 15 ქართველი ჯარისკაციც.

ზაზა მილაძე, რომელიც რემკო რეიდინგს საქართველოში ამ ჯარისკაცების ოჯახების მოძებნაში ეხმარებოდა, რადიო თავისუფლებას მოუთხრობს, რომ ეს 15 ქართველი, ნაცისტებმა ჰოლანდიელ პარტიზანებთან კავშირისა და მათთვის საბრძოლო მასალის (88 ხელყუმბარის) გადაცემის მცდელობისას დააკავეს და იმავე ღამეს დახვრიტეს ფორტ ბევერვეიკში.

ლოუსდენის სამხედრო სასაფლაო

მისი თქმით, თხუთმეტივე (არსენ ასანიშვილი, ილია ბერუაშვილი, გიორგი გოგია, შალვა გოგნაძე, ანტონ ღვინიაშვილი, სევერიან კანკია, გაბო ნანობაშვილი, ვალერიან ტორონჯაძე, კონსტანტინე სხირტლაძე, აკაკი თხელიძე, მიხეილ ჭუმბურიძე, ფიდო ჩოლიაშვილი, სიმონ ვანიშვილი, მექუდიშვილი, სხირტლაძე, შალვა ჟორდანია, ვალერიან გაბუნია, სერგო რუხაძე, გრიგოლ მშვენიერაძე, ირაკლი მუმლაძე, პეტრე ფიცხელაური, ალიხან ჩინარიშვილი, ივანე ლაშქარაშვილი) - ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის წევრი იყო.

ეს ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე გადასროლილი ის ბატალიონია, რომლის წევრებმაც 1945 წლის აპრილში აჯანყება სცადეს - ისტორიული ცნობების თანახმად, მათ ერთ ღამეში ამავე ბატალიონის წევრი რამდენიმე ასეული გერმანელი დახოცეს.

ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდად მიიჩნევა და მას ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ ხოლმე.

„გადმოცემით ცნობილია, რომ აჯანყების დაწყებისას ბატალიონის გერმანელმა მეთაურმა გაქცევა და კონტინენტიდან მაშველი ძალის გამოძახება მოახერხა. ბრძოლები გაგრძელდა, რომელშიც ქართველების და გერმანელების გარდა, ათობით ადგილობრივი ჰოლანდიელიც დაიღუპა. მათ შორის ისინი, ვინც გადარჩენილ ქართველებს მალავდნენ“, - მოგვითხრობს ზაზა მილაძე.

„ეს არის საშინლად ტრაგიკული და სევდიანი ამბავი“, - გვითხრა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ტექსელის აჯანტების მონაწილე ქართველ სამხედროებზე საუბრისას. მისი სიტყვებით, ტექსელში აჯანყებულებს სურდათ შინ დაბრუნება, თუმცა ეშინოდათ, რომ საბჭოთა ხელისუფლება მათ ადვილად არ აპატიებდა. ნაწილი, ვინც საქართველოში დაბრუნება მოახერხა, გარკვეული დროით ციმბირის გზას მართლაც გაუყენეს.

„მათი აჯანყება ეს იყო სამშობლოში ისე დაბრუნების მცდელობა, რომ როგორმე შეექმნათ სურათი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საბჭოთა ხელისუფლების ერთგულები დარჩნენ. ეს იყო გადარჩენის მცდელობა. მათ სურდათ, მისაღები ყოფილიყვნენ საბჭოთა ხელისუფლებისათვის“, - გვითხრა ლაშა ბაქრაძემ.

ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოს ჰოლანდიაში ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულად უვლის. ყოველი წლის 4 მაისს, ნიდერლანდის გათავისუფლების დღეს სასაფლაოს ყვავილებით ამკობენ.

თამარ ჩოლიაშვილსაც უნდა ერთ დღეს მანაც დადოს ერთი ყვავილი თავისი უცნობი ბაბუის საფლავზე.