პირველი სამი სახარების (მარკოზი, მათე და ლუკა) მიხედვით, იესო ჯვარს ეცვა 15 ნისანს, პასექის დღესასწაულის პირველ დღეს. იოანეს სახარების მიხედვით, იესო ჯვარს აცვეს 14 ნისანს, პასექის დღესასწაულისთვის მომზადების დღეს.
ვინაიდან ჯვარცმის თარიღის სხვადასხვაობა მნიშვნელოვან ისტორიულ პრობლემას წარმოადგენს (ისტორიკოსები დღემდე დავობენ, რომელი თარიღია სანდო), მე ყოველთვის მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ ქრისტიანების პირველი თაობები. ამ გამოცანაზე პასუხს დიდ ხანს ვეძებდი, სანამ არ მივხვდი, რომ მის ამოსახსნელად კითხვა სხვანაირად უნდა დამესვა: როგორ ხსნიდნენ პირველი ქრისტიანები იესოს სიკვდილის პასექთან დამთხვევის ფაქტს?
ებრაული პასექი ერთი კვირა გრძელდება - 14-15 ნისანის ღამიდან 22 ნისანის ჩათვლით - და აღნიშნავს ებრაული ისტორიის ორ ცენტრალურ მოვლენას: 1. ეგვიპტიდან გამოსვლას (გამოსვლა, XII) და 2. აღთქმულ მიწაზე შესვლასა და წინადაცვეთას (იესო ნავეს ძე, IV-V). ამგვარად, პასექს ორი განზომილება აქვს - განთავისუფლება და მისი დაგვირგვინება აღთქმულ მიწაზე წინადაცვეთით.
ანტიკური ეპოქის ებრაული ტექსტები საშუალებას გვაძლევს, ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს, როგორ აღნიშნავდნენ ებრაელები პასექს პირველ საუკუნეში. ებრაული კალენდრის მიხედვით თუ 14 ნისანი პარასკევზე მოდიოდა, მაშინ კრავი უნდა დაეკლათ იერუსალიმის ტაძარში „ექვს საათსა და ნახევარზე“ და შემდეგ შეეწვათ, რათა მზად ყოფილიყო 15 ნისანს პასექის ტრაპეზისთვის. კრავის ტაძარში შეწირვის თარიღი და დრო ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იოანეს სახარების მიხედვით იესო ჯვარს აცვეს „პასექის პარასკევს, ასე, ექვს საათზე“ (იოან. XIX, 4). ანტიკური ხანის „ექვსი საათი“ თანამედროვე შუადღეა. ამგვარად, იოანე გვამცნობს, რომ იესო ჯვარს აცვეს ზუსტად იმ დროს, როცა ებრაელები კრავს სწირავდნენ ტაძარში. ამით მეოთხე სახარების ავტორი ხაზს უსვამს, რომ იესო იყო ადამიანთა ცოდვების გამომსყიდველი ჭეშმარიტი კრავი: „აჰა, ტარიგი ღმერთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოან. I, 29). „ვინაიდან პასექი ჩვენი, ქრისტე, დაიკლა“ - აღნიშნავს პავლე მოციქული (ებრაული სიტყვა „პესახ“, ბერძნულად „პასხა“, ასევე ნიშნავს პასექზე შესაწირავ კრავს).
პირველი სამი სახარების მიდგომა სხვაგვარია - მარკოზი (მკ. XIV, 13-14), მათე (მთ. XXVI, 18) და ლუკა (ლკ. XXII, 10-11) ხაზს უსვამენ, რომ იესო პასექს ჭამს ებრაელთა აღთქმული მიწის ეპიცენტრში.
ამგვარად თუ მეოთხე სახარება აქცენტს აკეთებს ებრაელების განთავისუფლების პირველ ეტაპზე, პირველი სამი სახარება - ამ განთავისუფლების ფინალურ ნაწილზე კონცენტრირდება. ამრიგად, ოთხივე სახარება გვაჩვენებს, თუ რამდენად დაფუძნებულია ქრისტიანული ევქარისტია ებრაულ ტრადიციაზე: სახარებები იღებენ რა საფუძვლად ებრაულ ლიტურგიას, მას ამდიდრებენ და აჩვენებენ, რომ მისი აღსრულება მოხდა. ამ სახეცვლილი ლიტურგიით პირველი თაობის ქრისტიანებს უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ ჭეშმარიტი პასექი არა ებრაელთა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსვლის აღნიშვნა, არამედ იესოს მიერ ადამიანთა განთავისუფლებაა.
აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ჯვარცმის სხვადასხვა თარიღი არანაირ კითხვებს არ აჩენდა პირველი თაობის ქრისტიანებში, რადგან მათ არა ისტორიული მოვლენის ქრონოლოგია, არამედ მისი შინაარსი აინტერესებდათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირველი თაობის ქრისტიანების მიდგომა იყო დამყარებული არა გამორიცხვაზე (მხოლოდ ერთი თარიღია სწორი), არამედ აკუმულაციაზე - ორივე ვერსია ერთმანეთს ავსებს, რადგან მათ სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მოკლედ, სახარებების ორი ვერსია მიგვანიშნებს იესოს სიკვდილის სხვადასხვა სიმბოლურ მნიშვნელობაზე, როგორც ეს ქრისტიანების პირველ თაობებს ესმოდათ. და ეს ორი მნიშვნელობა ისე განვითარდა ქრისტიანულ ტრადიციაში, რომ მათ წინააღმდეგობრიობაზე კითხვა არ დასმულა.
ებრაულ პასექსა და ქრისტიანულ აღდგომას შორის ამ გენეტიკურ კავშირზე საუბარი სწორედ დღეს, აღდგომის დღესასწაულზე, მიმაჩნია მართებულად, რადგან მეორე საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტიანულმა ტრადიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა გადაეჭრა ეს ჭიპლარი დედა იუდაიზმსა და შვილ ქრისტიანობას შორის.
სხვათა შორის ის ფაქტი, რომ წელს მართლმადიდებლების უდიდესი ნაწილი აღდგომას არა 9 აპრილს, არამედ 16 აპრილს აღნიშნავს, ამ ანტიებრაული ტრადიციის გადმონაშთთან შეიძლება იყოს დაკავშირებული... როგორც მკითხველს ახსოვს, აღდგომის თარიღის დადგენისათვის ორი ორიენტირი არსებობს: გაზაფხულის ბუნიობა და მთვარის ციკლი. აღდგომის თარიღი ემთხვევა სავსე მთვარის შემდგომ პირველ კვირა დღეს, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობას. მკითხველს ალბათ ისიც ახსოვს, რომ გრეგორიანულ კალენდარზე გადასვლამ, რომელსაც ძველი, იულიუსის კალენდარი, 13 დღით ჩამორჩება, კალენდარულად გაყო ქრისტიანული სამყარო. თუმცა, თუ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის დადგომამდე 13 დღეზე მეტია, მაშინ ძველ და ახალ კალენდრებს შორის განსხვავება ბათილდება და აღდგომას ყველა ქრისტიანი ერთად ზეიმობს. წელს, იულიუსის კალენდრის 21 მარტი (რომელსაც ეკლესია გაზაფხულის ბუნიობის თარიღად მიიჩნევს) გრეგორიანული კალენდრით 3 აპრილზე მოდიოდა, ხოლო სავსე მთვარე – 6 აპრილზე. აქედან გამომდინარე, აღდგომის თარიღი 9 აპრილს უნდა ყოფილიყო როგორც გრეგორიანული, ისე იულიუსის კალენდრის მიხედვით.
მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის საქართველოში, აღდგომას ერთი კვირით გვიან აღნიშნავს. ნუთუ 16 აპრილს აღნიშვნის მიზეზი ძირძველი ქრისტიანული ანტიიუდაიზმია? ყოველ შემთხვევაში, როგორც მართლმადიდებლური საიტი გვამცნობს, აღდგომის თარიღის განსაზღვრის ერთ-ერთი პირობაა ებრაულ პასექთან არდამთხვევა წელს კი ებრაელები პასექს 6-13 აპრილს აღნიშნავდნენ...